"პროექტ "სააკაშვილი-ნაციონალური მოძრაობის" ავტორი მაკკეინია" - კვირის პალიტრა

"პროექტ "სააკაშვილი-ნაციონალური მოძრაობის" ავტორი მაკკეინია"

"აშშ-ში ვიზიტისას კბილაშვილმა  წარადგინა დამამტკიცებელი საბუთები, რომ ჟვანიას მკვლელობაში უშუალოდ სააკაშვილია დამნაშავე"

"კონდოლიზა რაისი შესაძლოა საქართველოს მთავრობის მრჩეველი გახდეს"

შოკის მომგვრელი იყო, რომ სააკაშვილის განცხადება, FBI-ს წარმომადგენლები მონიტორებზე აკვირდებოდნენ 26 მაისს აქციის დაშლას და სპეცრაზმის მოქმედება დადებითად შეაფასესო, თითქმის დაემთხვა მთავარი პროკურორის აშშ-ში ვიზიტს და FBI-ს წარმომადგენლებთან შეხვედრას (ითქვა, რომ კბილაშვილი FBI-ს ჟვანიას მკვლელობის საქმეზე ესაუბრა). ამ დამთხვევაში ლოგიკურ ჯაჭვს ხედავს ექსპერტი მამუკა არეშიძე:

- საქმე ის არის, რომ ბოლო დროს მოულოდნელად გააქტიურდა კონდოლიზა რაისი. მას საინტერესო შეხვედრა ჰქონდა ქართული დეპუტაციის წარმომადგენლებთან და გახმაურდა ცნობა, რომ შესაძლოა საქართველოს მთავრობის მრჩეველი გახდეს...

ჟვანიას გარდაცვალების საქმის იმ დასკვნით, რომელიც FBI-ს თანამშრომლებმა თავიდანვე არასწორად შეადგინეს, არც მწვადი დაწვეს და არც შამფური... (რამდენიმე ხნის წინ FBI-ს ერთმა წყარომ დაასახელა FBI-ს იმ თანამშრომლის გვარი, რომელმაც შეცვალა დასკვნა). შემდგომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა დასკვნის ის ნაწილი შეცვალეს, სადაც ლაპარაკი იყო ჟვანიას გაზით გაგუდვაზე. ქართულ თარგმანში ტექსტის შეცვლა ბოკერიას დაჰბრალდა. ჩემი აზრით, ჟვანიას საქმის გამოძიება კარგა ხანია დამთავრებულია, ვიზიტის მიზანი იყო, კბილაშვილს წარედგინა დამამტკიცებელი საბუთები, რომ ჟვანიას მკვლელობაში უშუალოდ სააკაშვილია დამნაშავე. აშშ-ის ზოგიერთ წრეში თავგამოდებით იცავენ სააკაშვილს. არ უნდათ, თავიანთი პროექტი კრახით დამთავრდეს და სურთ სააკაშვილი, რომელიც მათ თვალშიც დისკრედიტირებულია, მშვიდობიანად წავიდეს პოლიტიკიდან, რომ ამ პროექტის ამერიკელ ავტორებს საყვედური არავინ უთხრას. ის პირები, რომელთათვისაც მნიშვნელოვანი იყო პროექტი: "სააკაშვილი - "ნაციონალური მოძრაობა", კბილაშვილის ამ ვიზიტის შემდგომ ძალიან გააქტიურდნენ. კონდოლიზა რაისის გააქტიურებაც ამის მანიშნებელია.

- კონდოლიზა რაისი შეიძლება ჩავთვალოთ თქვენ მიერ ნახსენები პროექტის ერთ-ერთ ავტორად?

- ეს იყო მაკკეინის პროექტი, რომელშიც ისეთი გავლენიანი ფიგურა მონაწილეობდა, როგორიც იყო აშშ-ის თავდაცვის მინისტრი დიკ ჩეინი. სიტუაციაში გასარკვევად მნიშვნელოვანია აგვისტოს მოვლენების სწორი ახსნა. ის, რომ თეთრი სახლი პრეზიდენტ ბუშის ხელმძღვანელობით და კონდოლიზა რაისის წარმომადგენლობით სააკაშვილს ყოველნაირად ხელს უშლიდნენ, რომ ეს ავანტიურა წამოეწყო, ეჭვს არ იწვევს. აშშ-ის ხელისუფლების იმ ნაწილმა, რომელიც თეთრ სახლს წარმოადგენს, პატიოსნად თქვა სიმართლე აგვისტოს ომის წინა დღეებშიც და შემდგომაც, მაგრამ არსებობდა სხვა უწყებები, სადაც დიდი გავლენა ჰქონდათ ნეოკონსერვატორებს, რომელთაც უარყოფითი როლი ითამაშეს აგვისტოს ომის დროს. სააკაშვილი ნეოკონსერვატორებმა შეაგულიანეს. ეს ჩემი დასკვნაა და არ მომდინარეობს რაიმე სხვა ინფორმაციისგან. არ არის სააკაშვილი ის პირი, ვინც კონდოლიზა რაისის ნათქვამს გადავიდოდა, რომ არ ჰქონოდა ნეოკონსერვატორებისა და მაკკეინის მხარდაჭერა. არის მეორე ვარაუდიც, სააკაშვილი და მისი გარემოცვა რუსეთთან იყვნენ გარიგებული...

როდესაც კბილაშვილმა უტყუარი მტკიცებულებები წარადგინა ჟვანიას მკვლელობაში სააკაშვილის მონაწილეობაზე, ნეოკონსერვატორები აფორიაქდნენ, ვინ შეიძლებოდა ქართული მხარისთვის მიეგზავნათ და კონდოლიზა რაისი შეარჩიეს.

მრჩება შთაბეჭდილება, რომ რაისმა ქართულ დელეგაციას გადასცა ამერიკული პოლიტიკური ინსტებლიშმენტის გზავნილი. ხელისუფლება სააკაშვილს ვერ მისცემს მშვიდად ყოფნის საშუალებას. აქედან გამომდინარე, შეთანხმდებიან განსაზღვრულ ჩარჩოებში მოქმედებაზე. სააკაშვილი დაისჯება, მაგრამ როგორ, არ ვიცი.

- რას ემსახურებოდა პრეზიდენტის განცხადება, რომ  FBI-მ მოიწონა 26 მაისის სპეცოპერაცია?

- სააკაშვილმა კონტრსვლა გააკეთა და აშშ-ის ადმინისტრაციას გზავნილი გაუგზავნა, თუ არ დამიცავთ, შემიძლია ისეთი რამ ვთქვა, რაც აშშ-ის ყოფილ და დღევანდელ ადმინისტრაციას ჩირქს მოსცხებსო. ამის გამო უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა აშშ-ის ელჩი ნორლანდი, რადგან მისმა წინამორბედმა ბასმა 26 მაისი უარყოფითად და ძალის გადამეტებად შეაფასა. ამ დროს სააკაშვილი ამბობს, ეს შეფასება სინამდვილეში თვალთმაქცობა იყოო. მისი ეს სვლა ამერიკელებისთვის მოულოდნელი იყო, მაგრამ საპასუხოდ სხვა რამ მოჰყვება, - ამერიკელებს მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქვთ იმ მოვლენებზე, რაც საქართველოში ხდებოდა.

FBI-ს მასალები აქვს ჩვენს ტერიტორიაზე იარაღის, ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს კი ნარკოტიკების ტრანზიტზე, აქვთ ასევე ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა დარგში ტრანსსახელმწიფოებრივ გარიგებებზე.

რომ საქართველოს დელეგაციები ხშირად სტუმრობდნენ დუბაიში იმ შენობას, სადაც იარაღის ცნობილი მოვაჭრის, ვლადიმირ ბუტის ოფისიც არის, ეს ამერიკული წყაროებიდან ვიცი. საქართველოს ხელისუფლების წევრები, მათ შორის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები, ამ შენობაში უნახავთ, ეს კეზერაშვილის მინისტრობის დროს ხდებოდა.

- ამ კონტექსტში საინტერესოა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისთვის პუტინის ნათქვამი, რომ დევნილების დაბრუნებას ხელს შეუწყობს.

- პატრიარქმა პუტინს უთხრა, თქვენ პირობა მომეცით, რომ დევნილები დაბრუნდებოდნენ და როგორ აპირებთ ამ პირობის შესრულებასო, რაზეც პუტინმა უპასუხა, ყველა პირობას შევასრულებთო. ამ საუბარს მართლმადიდებლური ეკლესიის 14 მაღალი რანგის წარმომადგენელი ესწრებოდა.

- რამდენად რეალურია პუტინის ნათქვამი?

- მე ასე გავშიფრე მისი გზავნილი: ამ ნაბიჯს გადავდგამ მაშინ, როცა ამის დრო მოვაო. რუსეთის ხელისუფლება დღეს ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოს მთავრობას რუსეთთან ურთიერთობაში განსაკუთრებული აქტიურობა აიძულოს. საქართველოს ხელისუფლება კი ამას არ აკეთებს. მოსკოვისთვის ძალიან საინტერესოა, რატომ არ ხვდება ივანიშვილი არა მხოლოდ რუსეთის, არამედ აშშ-ის ხელმძღვანელობას. ივანიშვილი წონის ასეთი შეხვედრების პოლიტიკურ სარგებელს და ამიტომაც არ ჩქარობს. მოლოდინის რეჟიმი კი მეორე მხარეს ააქტიურებს. ამიტომაც აკეთებს მოსკოვი გზავნილებს. გზავნილია ისიც, რომ სამაჩაბლოში მავთულხლართებს აკეთებენ. ეს არის რუსეთის მათრახისა და თაფლაკვერის პოლიტიკა. ამ ვითარებაში ლოგიკურია დევნილების დაბრუნებაზე ლაპარაკი, რაც თითქოს სატყუარაა, მაგრამ ამით რუსეთი ისეთ რამეში ყოფს თავს, საიდანაც გამოსვლა გაუჭირდება.

- ასეთ ვითარებაში ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა ხომ არ გაართულებს ვითარებას?..

- ივანიშვილის წასვლა არ შეიძლება. ხალხმა მხარი ივანიშვილის დაპირებებს დაუჭირა და არა "ქართულ ოცნებას".

დღეს ქვეყანა დუნედ მიმდინარე ქაოსის მდგომარეობაშია და თუ ივანიშვილი წავა, აშკარა ქაოსს მივიღებთ.