"შევცდით, რომ ამ ხალხს ბოლომდე ვერ ამოვხადეთ სული" - კვირის პალიტრა

"შევცდით, რომ ამ ხალხს ბოლომდე ვერ ამოვხადეთ სული"

"ბურჯანაძეს რომ უღებდნენ, უსმენდნენ და ყველაფერს რომ შვრებოდნენ, მიხაროდა"

"რუს გენერლებს ვუთხარი, ამ ქალაქს რომ ბომბავთ, სტალინის ძეგლიც დაანგრიეთ-მეთქი"

ამბობენ, ვინც საქმეს აკეთებს, შეცდომებსაც ის უშვებსო, თუმცა შეცდომა, რომელიც ქვეყანას საფრთხეს უქმნის, უპატიებელია. მუდმივი საომარი რიტორიკა და მოქალაქეებზე ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობა გახდა იმის მიზეზი, რომ ხელისუფლებაში ზარ-ზეიმით მოსული "ნაციონალური მოძრაობა" მოსახლეობის დიდმა ნაწილმა უარყო. გვესაუბრება "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, პარლამენტარი გივი თარგამაძე:

- აგვისტო დადგა და ინტერვიუ 2008 წლის ომის გახსენებით მინდა დავიწყო. ტალიავინის კომისიამ პასუხისმგებლობა ომის დაწყებაზე თქვენს ხელისუფლებას დააკისრა.

- 2008 წლის ივლისში კონდოლიზა რაისი იყო ჩამოსული. მაშინ ვუთხარით, რომ რუსები ომისთვის ემზადებოდნენ. იმ დღეს, როცა ის თბილისში იყო, რუსულმა თვითმფრინავებმა თბილისის თავზე გადაიფრინეს. სამწუხაროდ, კონდოლიზას პოზიცია მაინც არაადეკვატური იყო. გვეუბნებოდა, პარანოიაში ნუ გადახვალთ, გელანდებათ, რუსები ომს ვერ გაბედავენო.

- მაშინ ითქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუს სამხედროებს ფული გადაუხადა, რომ კონდოლიზას ვიზიტის დღეს საქართველოს საჰაერო საზღვარი დაერღვიათ და კოდორის ხეობაც დაებომბათ.

- ჩვენთვის ასეთი ექსპერიმენტი თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა. შეცდომა ის იყო, რომ ოლიმპიადის მომენტს ყურადღება არ მივაქციეთ. იმ დღეებში ჩვენთვის ვის ეცალა? ამიტომაც აღმოვჩნდით რუსებთან პირისპირ, ეს მომენტი არ გაუშვეს ხელიდან. ამერიკის ოფიციალური პირების განცხადებამდე რომ გაგვეძლო რუსების შემოტევისთვის, კარგი იქნებოდა. ვერ შევძელით და ამერიკელებმაც დაიგვიანეს.

- რატომ წამოეგეთ რუსების პროვოკაციას და რატომ ჩაერთეთ ამ უთანასწორო ბრძოლაში? სამხედროები ქართულ სოფლებში ჩაგეყენებინათ, დაუცველი მოსახლეობა გამოგეყვანათ კონფლიქტის ზონიდან...

- არ ვიზიარებ აზრს, რომ პროვოკაციას წამოვეგეთ. როგორ უნდა დაგვეცვა ქართული სოფლები, როცა ცხინვალიდან განუწყვეტლივ ისროდნენ? ამიტომაც გადავწყვიტეთ ცხინვალში შესვლა. რუსების გეგმა იყო, კოკოითის დაეწყო სროლა, ქართული სოფლები გაეწმინდა ქართველებისგან და მერე შესულიყვნენ სამშვიდობო ძალები. ყველაფერი კოკოითის დაჰბრალდებოდა, რუსები დამატებით ტერიტორიებს დაიკავებდნენ, შეინარჩუნებდნენ სამშვიდობოების სტატუსს და ოკუპანტის სახელიც არ ექნებოდათ.

- წლების განმავლობაში არ აღიზიანებდით რუსებს თქვენი კრიტიკული განცხადებებით? თქვენ ისიც გაქვთ ნათქვამი, რომ საქართველოში რუსი სამხედროებისთვის საფლავები უკვე მზად იყო.

- არ მახსოვს, მსგავსი რამ მეთქვას, მაგრამ რუსებს მხოლოდ მკაცრი ტონი ესმით. ჩვენ უნდა გვქონოდა მტკიცე პოზიცია და თუ ვინმე იარაღით დააპირებდა შემოსვლას, უნდა სცოდნოდა, რომ ყვავილებით არ დახვდებოდნენ საქართველოში.

- იმ პერიოდში მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისი იყო და ბევრი ქვეყნის ეკონომიკა ჩამოიშალა. ჩვენ ომიც ვაწარმოეთ და ხუთი მილიარდიც ვიშოვეთ. ხომ არ გადაარჩინა ომმა სააკაშვილის ხელისუფლება სრულ კრახს?

- კრიზისს ვერავინ აიცილებდა და ეს ფული დაგვეხმარა, რომ არ ჩამოვშლილიყავით, მაგრამ ის აზრი, რომ ომის შემდეგ მილიარდები გვექნებოდა, არავის მოსვლია. ხუთი მილიარდი ერთიანად არ წამოსულა და არავის ჩაუდვია ჯიბეში. ხუთი მილიარდი ავიღეთ და გავიქეცით? თანხა სრულად დღემდე არა აქვს მიღებული საქართველოს.

- მართალია, რომ რუსებს 50.000 დოლარი შესთავაზეთ სტალინის ძეგლის დასანგრევად?

- რუს გენერლებს ვუთხარი, ამ ქალაქს რომ ბომბავთ, სტალინის ძეგლიც დაანგრიეთ-მეთქი. ვინ დაგაცალა 50.000-ზე ლაპარაკი? წამოხტა სამი გენერალი, ეგ ერთი გყავდათ ქართველებს და სტალინზე ასე უხეშად როგორ ლაპარაკობო? მაშინ 50.000-ს მოგცემთ და დაცვა დაუყენეთ, არავინ ააფეთქოს და მე არ დამბრალდეს-მეთქი.

- პრეზიდენტი გორში კუშნერისა და მსოფლიოს დასანახავად რომ დაფრთხა და გაიქცა, უხერხულობას არ იწვევდა თქვენში?

- არანაირი სურვილი არ მქონდა, მიშას იქ უაზრო ვაჟკაცობა გამოეჩინა და რაკეტა თავში გაერტყათ. კუშნერს რომ მეორე მსოფლიო ომის დროს გამოჰკიდებოდა გერმანელების თვითმფრინავი, რას იზამდა?

- ქურდულ სამყაროსთან თქვენს კავშირზე ბევრს საუბრობენ. გქონდათ ურთიერთობა საქართველოდან გაქცეულ ავტორიტეტებთან?

- რატომ უნდა მქონოდა, როცა ბავშვობიდან ვერ ვიტანდი ამ სამყაროს? მათი რომ არ მეშინოდა, არ ნიშნავს იმას, რომ ვმეგობრობდი. ერთხელ დონეცკის მერს შევთავაზე, თუ ქართველი კრიმინალები გაწუხებენ, გეტყვით, რომელი სად ცხოვრობს და დავიჭიროთ-მეთქი. არ მოინდომეს.

- საზარელი ვიდეოფირი, რომელიც გავრცელდა, იყო თუ არა სისტემური დანაშაული?

- ეს იყო ერთი ჯგუფის ავადმყოფ თავში დაბადებული სისასტიკე და არა სისტემური პრობლემა. ბოლო ორი ჩანაწერი და ციხის ვიდეოფირი განსხვავდება. ციხის ვიდეოფირი არადამაჯერებელი, დადგმული იყო. ყველაფერი მეგის ქარდავამ და მისმა ჯგუფმა გააკეთეს. როცა ქარდავა  ციხეში მუშაობდა, ბაჩო ახალაიამ სისასტიკის გამო გაათავისუფლა. ჩვენი დანაშაულია, რომ ისევ სისტემაში დავაბრუნეთ.

- იცოდით, პოლიტიკოსებს რომ უღებდნენ? იქნებ თქვენც იყავით მათი სამიზნე?

- რომ მცოდნოდა, ვინმე მიღებდა, ხომ მოვკლავდი. მაგრამ ნინო ბურჯანაძეს რომ უღებდნენ, უსმენდნენ და ყველაფერს რომ შვრებოდნენ, მიხაროდა. ეს ხალხი ქვეყნის მტერია, ბურჯანაძის რეიტინგით ბორისოვიც კი დაინტერესდა გორში ყოფნისას. როცა ამდენი მოღალატე გვყავს ქვეყანაში, მთავრობაშიც და სამღვდელოებაშიც, ეს საფრთხე არ არის?!

- სამღვდელოებაში პატრიარქსაც ხომ არ გულისხმობთ?

- ვაცხადებ, არ მომწონს პატრიარქის ვიზიტი რუსეთში, ეს მძიმე საყურებელია.

- პატრიარქი ცდილობს ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის ორგანიზება შეძლოს.

- ჩვენი ქვეყნის დაუძინებელ მტერთან დიალოგის დაწყებას რომ ცდილობენ, ეს მაშინებს ზუსტად.

- ვის ეკუთვნოდა თქვენი სიტყვები, როცა სულის ამოხდით იმუქრებოდით?

- ეს ფრაზა კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი. მე ვთქვი, არ დავუშვებთ რევანშს, საქართველოში რუსული დროშების ფრიალს, დავიცავთ თბილისსა და საქართველოს. ბოლოს მოვაყოლე, სულს ამოგხდით ყველას-მეთქი. ჩვენი შეცდომა ის იყო, რომ ამ ხალხს ბოლომდე ვერ ამოვხადეთ სული... სულის ამოხდაში ფიზიკურად განადგურებას არ ვგულისხმობდი(?!).

უტა ბიწაძე