მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

შავი ღრუბლები

"ქართული ოცნების" თავზე ნელ-ნელა შავი ღრუბლები იკრიბება. "ოცნება" ჯერ-ჯერობით ხალხისთვის ვერც პურის და ვერც სანახაობის შეთავაზებას ვერ ახერხებს. ეკონომიკაში არცთუ მთლად კარგადაა საქმე, ხოლო ე. წ. სამართლიანობის აღდგენის პროცესი ნელ-ნელა ჩიხში შედის. ახალაიას რამდენიმე ეპიზოდში გამართლებამ მათ მომხრეებში უკვე დათესა იმედგაცრუების მარცვალი. ადამიანები ფიქრობენ, რომ ახალი ხელისუფლებისგან შეიძლება ვერაფერი მიიღონ - დამნაშავეები დაუსჯელი დარჩნენ, ხოლო ეკონომიკური კეთილდღეობა კვლავ შორეულ ოცნებად დარჩეს. ალაპარაკდნენ ხელისუფლების უნიათობაზე. ხალხს მოჰბეზრდა სიტყვა "კოაბიტაცია", პროკურატურის თავის მართლება, სასამართლოს ვითომ დამოუკიდებლობა... ეს ხომ პროკურატურის წაგებული პირველი საქმე არ არის? რამდენიმე კვირის წინ პროკურატურამ ახალციხის სასამართლოშიც წააგო ბორჯომის პოლიციის უფროსის საქმე, რომელსაც ადამიანის წამებასა და სკამის ფეხით გაუპატიურებაში ადანაშაულებდნენ.

ორი საქმე წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე და ორივე წაგებული, - აი, პროკურატურის მონაგარი. არადა, ეუბნებოდნენ არჩილ კბილაშვილს, შეცვალე კადრები, არ გამოგადგება ადეიშვილის დროინდელი პროკურორებიო, მაგრამ ვერაფერი შეასმინეს.

წულუკიანსაც ეუბნებოდნენ, არ გამოვა სასამართლოს რბილი რეფორმაო, მაგრამ... როგორ ფიქრობთ, მოსამართლეები, რომლებიც ამდენი ხანი მონობას იყვნენ შეჩვეული, ახლა უცებ გახდებიან თავისუფალი? გარდა იმისა, რომ მონობაში გადიდკაცებულს ვერაფერი შეცვლის, ამ ადამიანებს იმდენი დანაშაულებრივი გადაწყვეტილება აქვთ მიღებული, რომ მათი დაშანტაჟება ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს ყოველთვის შეეძლებათ. ხელისუფლება ჯერ კიდევ მაშინ უნდა მიმხვდარიყო სასამართლო რეფორმის მარცხს, როდესაც ვითომ თავისუფლებამიცემულმა მოსამართლეებმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ისევ ის ხალხი აირჩიეს, ვინც კუბლაშვილს აწყობდა, შემდეგ კი მათი არჩეული ზაზა მეიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" და ევროპის სახალხო პარტიის ერთობლივ ღონისძიებაზე აღმოჩნდა.

"ოცნებამ" უსუსურად სცადა სიტუაციიდან გამოსვლა: განაცხადეს, ახალაიას საქმემ გამოაჩინა, რომ სასამართლო დამოუკიდებელიაო.

არ მეგონა, ხალხი "ოცნებასაც" თუ სულელი ეგონა. უფრო სწორად, ხალხის ასე გასულელებას თუ გადაწყვეტდნენ. ნეტავ, ვინ მოიფიქრა, რომ ეს უნდა ეთქვათ?

რომელი ჭკვიანის თავში დაიბადა ასეთი გენიალური იდეა?! ნობელის პრემია ეკუთვნის ნამდვილად...

ამას გარდა, ახალაიას გამართლების კვალდაკვალ ხელისუფლებამ დაიწყო ასეთი განცხადებების გაკეთება: უკან ყურებას თავი დავანებოთ და წინ გავიხედოთ, ამდენი დაჭერა საჭირო არ არის, ბიზნესსა და ეკონომიკას სტაბილურობა სჭირდება და ა. შ. ეს რას ნიშნავს, რომ უარს ვამბობთ დამნაშავეების დასჯაზე? რომ ისევ ყველას ყველაფერი უნდა შერჩეს, რათა ახლებმაც იფიქრონ, რომ მათაც შერჩებათ? ჭკვიანმა კაცმა თქვა: იქ, სადაც არ არის სამართალი, არ არის მშვიდობაო, ხოლო მე დავამატებ: სადაც არ არის მშვიდობა, ვერ იქნება ეკონომიკური განვითარება.

P.S. "ნაციონალურმა მოძრაობამ" კი დღეს ორი კურდღელი დაიჭირა: მისი გუნდის წევრი გაამართლეს, ხოლო "ოცნებას" საკუთარი მხარდამჭერები შემოსწყრნენ. ხელისუფლებას ისღა დარჩენია, სასამართლოს "დამოუკიდებლობით" იამაყოს!

კობა

მახსოვს, დავითაშვილი მოსკოვში რომ წავიდა და იქ ჟირინოვსკისთან ერთად სურათი გადაიღო, მწარედ გავაკრიტიკე, თუმცა მერე იგი ჩრდილოეთში სირბილსაც შეეშვა და ქართულ პოლიტიკაში ზედაპირზე ამოტივტივებაც მოახერხა. მართალია, რომ არა ივანიშვილის გადაწყვეტილება, ის საპარლამენტო სიაში ჩაესვა, ამას ვერ იზამდა, მაგრამ კობა მაინც იმსახურებს პოლიტიკაში ყოფნას. ბოლოს და ბოლოს, მემარცხენე ფლანგზე სრული სიცარიელეა - ნათელაშვილი სათვალავში ჩასაგდები აღარაა, ამიტომ დავითაშვილი ქართული პოლიტიკისთვის საჭიროა. მის იდეებს მთლად არ ვიზიარებ, მაგრამ როდესაც "ოცნებას" აკრიტიკებს, შეუძლებელია, არ დაეთანხმო. სწორად მოიქცა თუ არა, კოალიცია რომ დატოვა? ამას დრო გამოაჩენს. იქ ის თავს მაინც უცხოდ გრძნობდა. ამასთან, დღეს ოპოზიციის ფლანგი, ფაქტობრივად, თავისუფალია. "ნაციონალური მოძრაობა" ამ ფუნქციას ვერ ასრულებს, სხვები ვინ იცის, მოახერხებენ თუ არა იმიჯის აღდგენას. ამიტომ, რაც მეტი ძალა გამოჩნდება, მით უკეთესი. კობას წასვლა "ქართულ ოცნებას" არ დააზარალებს, სამაგიეროდ, გააძლიერებს ოპოზიციურ ფლანგს.

კიდევ ერთი კობა

წინა კვირას აქტუალური ორი კობა იყო: თუ ერთი წავიდა, მეორე შეიძლება დაბრუნდეს. ამ შემთხვევაში იოსებ ჯუღაშვილზე მოგახსენებთ. გორში კვლავ მისი ძეგლის დადგმას აპირებენო. რით ვერ მოინელეს ამ გორელებმა ეს სტალინის ძეგლი! ან "ნაციონალებს" რატომ ჰგონიათ, რომ ისინი ებრძოდნენ სტალინიზმს? "ნაციონალებმა" სტალინის დამარცხება საკუთარ თავში ვერ მოახერხეს და იმდენი გამბედაობაც არ ეყოთ, მისი ძეგლი ღამე ქურდულად არ აეღოთ. თუმცა ვერც ქართველმა ხალხმა მოახერხა სტალინის დამარცხება. ისევ ბელადებს ველოდებით და ისევ მოგვწონს მკაცრი ხელი. ამიტომაც გვინდა, ისევ პიედესტალიდან დაგვყურებდეს ბელადი, ამიტომაც ვეძებთ მასში კარგს და ვცდილობთ მის გამართლებას. მთავარი პრობლემა ის კი არ არის, სტალინის ძეგლს მუზეუმში დადგამენ თუ არა, არამედ ის, ვისწავლით თუ არა ისტორიის სწორად შეფასებას. შეძლებს თუ არა ჩვენი საზოგადოება, გამოვიდეს მითების ტყვეობიდან და ავს ავი უწოდოს, კარგს კი - კარგი. მთავარი ის კი აღარ არის, რას იტყვის მიშა, რომელიც სამ სიტყვაში ოთხ ტყუილს ამბობს, რომელიც 2010 წელს თავად უჭერდა მხარს ძეგლის მუზეუმის ეზოში გადატანას და ახლა კიდევ მთელი მსოფლიო შეგვიყარა, ქართველები ძეგლს აბრუნებენო. ძეგლი მთავარ მოედანზე არ უნდა იდგეს და არც ჩვენს გულებში, მუზეუმში - კი ბატონო.