აფხაზეთიდან აფხაზები გამორბიან!.. - კვირის პალიტრა

აფხაზეთიდან აფხაზები გამორბიან!..

"რუსებმა კულტურულ-ეთნიკური მუჰაჯირობა მოგვიწყვეს"

რუსეთის მიერ "დამოუკიდებელ ქვეყნად" აღიარებული აფხაზეთის მკვიდრნი საკუთარ საცხოვრებელ სახლებს ტოვებენ და საქართველოს ხელისუფლებას თავშესაფარს სთხოვენ. ახლახან ასეთმა ათმა მოქალაქემ რუსი მესაზღვრეები მოისყიდა და თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა მოახერხა. ისინი გუდაუთიდან, ტყვარჩელიდან, სოხუმიდან, გაგრიდან და ოჩამჩირიდან არიან.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიამ მათ ლილოს დასახლებაში არსებულ საცხოვრებელ სახლებში ფართი გამოუყო. როგორც შევიტყვეთ, საქართველოს ხელისუფლებისათვის დახმარების თხოვნას სხვა აფხაზებიც აპირებენ. "კვირის პალიტრას" ლილოს ტერიტორიაზე ახლად დასახლებული სოხუმელი აფხაზი  თამაზ კუჩუბერია ესაუბრა.

- იმ დღეს, როცა ჩვენ გადმოვედით, აფხაზეთში არალეგიტიმური არჩევნები ტარდებოდა. იქ ისეთი ვითარებაა, რეალურად აფხაზებს არავინ აღარაფერს გვეკითხება. თანდათან ჩვენთვის შეუძლებელი გახდა იმ ტერიტორიაზე ცხოვრება, რომლის ოკუპაციაც რუსებმა მოახდინეს და აფხაზებს შევიწროება დაუწყეს. იქ ახლა აფხაზები ვერაფერს წყვეტენ.

- ადრე ვერ მიხვდით, რომ ასე იქნებოდა?

- ადრეც ვხვდებოდით, მაგრამ  არც მაშინ გვეკითხებოდნენ არაფერს და არც ახლა. იმას, რასაც…რუსები ჩვენს  წინააღმდეგ აკეთებენ, კულტურულ-ეთნიკური მუჰაჯირობა ჰქვია... შეუძლებელი გახდა ჩვენი იქ დარჩენა და ამიტომაც წამოვედით.

- საქართველოს ხელისუფლებას რას სთხოვთ?

- საქართველოს ხელისუფლებისგან არაფერი მოგვითხოვია.  გვინდა მხოლოდ ისეთი პოლიტიკის განხორციელება, რომლის წყალობით ქართველები და აფხაზები ისევ ერთად, ძველებურად, ძმურად იცხოვრებენ. ვფიქრობ, ეს სავსებით შესაძლებელია. არიან სხვა აფხაზებიც, რომლებიც ასე ფიქრობენ, მაგრამ ჯერჯერობით ისევ რუსების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რჩებიან. თუმცა, მათაც განზრახული აქვთ წამოსვლა.

- ბევრნი არიან?

- დიახ, და დარწმუნებული ვარ, ჩვენს მსგავსად სხვებიც მოსთხოვენ საქართველოს ხელისუფლებას თავშესაფარს.