"იცის ვინმემ, შვედეთიდან კანადისკენ იახტით მიმავალი 16 ქართველი არალეგალი ემიგრანტი ოკეანეში რომ ჩაიძირა?" - კვირის პალიტრა

"იცის ვინმემ, შვედეთიდან კანადისკენ იახტით მიმავალი 16 ქართველი არალეგალი ემიგრანტი ოკეანეში რომ ჩაიძირა?"

"ეს ფაქტი პოლონეთის საემიგრაციო ისტორიაში უპრეცედენტო გახდა"

ეკატერინე ლემონჯავა: "უსამართლობას და სადიზმს სამშობლოდან გავექეცი და შუაგულ ევროპაში ავიტანდი?"

"ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რა უმძიმეს მდგომარეობაში უწევთ ყოფნა ემიგრანტებს, განსაკუთრებით არალეგალებს. რამდენი ადამიანი იღუპება ისე, რომ მათი ასავალ-დასავალი არავინ იცის. მსოფლიომ უნდა გაიგოს, რომ ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანაში ემიგრანტებს ახალ საკონცენტრაციო ბანაკებში ამწყვდევენ და აწამებენ. ეს ყველაფერი საკუთარ თავზე ვიწვნიე პოლონეთის ერთ-ერთ საიმიგრაციო ბანაკში, სადაც სამი საშინელი თვე გავატარე", - იხსენებს ეკატერინე ლემონჯავა, რომელიც ქართველმა საზოგადოებამ 2012 წლის იანვრის ბოლოს გაიცნო, როდესაც მერაბიშვილის უწყება შიშის ზარს სცემდა ქვეყანას. სწორედ მაშინ გახმაურდა ამბავი ქალისა, რომელმაც სპეცსამსახურები ძალადობაში ამხილა. ამის შესახებ "კვირის პალიტრა" შარშან 6 თებერვალს წერდა. სპეცსამსახურის თანამშრომლებმა მუქარითა და ძალადობით სცადეს რუსთაველის გამზირზე მდებარე როკკლუბის ხელმძღვანელის, ეკატერინე ლემონჯავას გადაბირება, თუმცა ამაოდ - მან თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი კი მოაწერა, მაგრამ თავს გადახდენილი ამბავი დაუყოვნებლივ ამცნო საზოგადოებას.

კუდ-ის ოფისი და როკკლუბი ერთ შენობაში იყო, კლუბი - სარდაფში, ოფისი - მეოთხე სართულზე. ერთ დღეს ლემონჯავას კუდ-ის თანამშრომლებმა აუხსნეს, რომ დაინტერესებული არიან იმ ხალხით, ვინც მის კლუბში დადის და მათზე ინფორმაციის მიღება სურთ, მაგრამ შეცდომა დაუშვეს - ლემონჯავასგან აგენტი არ გამოვიდა. ეკატერინემ მოძალადეები ამხილა... ამის შემდეგ პროკურატურაშიც იჩივლა. თუმცა, იმ დროს ადეიშვილის კონტროლირებად ორგანოში თავი არ შეუწუხებიათ დამნაშავეების დასჯით. ეკატერინეს თქმით, დამნაშავეები დღესაც დაუსჯელი დადიან. მეტიც, ისინი ისევ იქ მუშაობენ, საიდანაც ხალხს აშანტაჟებდნენ.

სკანდალის გახმაურების შემდეგ, ძალიან მალე, ეკატერინემ საქართველო დატოვა.

- კლუბთან სულ პოლიცია ტრიალებდა, დროდადრო პატრული გვაკითხავდა, ვითომ შემთხვევით. შემეშინდა, გირგვლიანის ოჯახს რაც დამართეს, იმის შემდეგ გასაკვირი არაფერი იყო. იძულებული გავხდი, მიმეტოვებინა სამშობლო და პოლიტიკური თავშესაფრის საძებნელად ევროპას მივაშურე, სადაც ჩემი ახალი თავგადასავალი და უსამართლობასთან ბრძოლის უმძიმესი ეტაპი დაიწყო, - ამბობს ამჯერად თბილისში დაბრუნებული ეკატერინე, რომელმაც პოლონეთში საიმიგრაციო, დახურული ტიპის ბანაკში ემიგრანტების აჯანყება მოაწყო, რასაც 2012 წლის შემოდგომაზე პოლონეთიდან ქართველ ემიგრანტთა დეპორტაცია მოჰყვა.

ეკატერინე ლემონჯავა: - 2012 წლის 24 სექტემბერს პოლონელმა მესაზღვრეებმა საჰაერო სივრცის არალეგალურად გადაკვეთის ბრალდებით დამაკავეს. ისე მექცეოდნენ, როგორც კაციჭამიას, მკვლელს, საშიშ რეციდივისტს. დაკავებიდან ათი საათის შემდეგ განმიმარტეს ბრალდება. ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, შუაგულ ევროპაში, სასაზღვრო სამსახურში არ ჰყავთ ინგლისურად და რუსულად მოლაპარაკე. დღის ბოლოს ძლივს მოიყვანეს თარჯიმანი. სასამართლომ, იმის გამო, რომ საზღვარგარეთის პასპორტი არ მქონდა, საშიშად მიმიჩნია და ბანაკში გამამწესეს, მავთულხლართებიან ციხეში, რომელიც მხოლოდ იმით განსხვავდება კრიმინალების სამყოფლისგან, რომ საკნის კარს არ გიკეტავენ.

გაჭმევენ იმდენს, რომ არ მოკვდე. როგორც კი უკმაყოფილებას გამოხატავ, გცემენ. იქაური ბადრაგი ჯერ ელექტროშოკით აწამებდა ემიგრანტებს, შემდეგ პარალიზებულს მკლავებსა და ფეხებში მოჰკიდებდნენ ხელს, დერეფანში ბურთივით ისროდნენ და ბოლოს რეზინის ხელკეტებით მისდგებოდნენ.

ასეთ ყოფას რომ ვერ უძლებდნენ, ბიჭები შიმშილობას იწყებდნენ. მათ კარცერში კეტავდნენ. კარცერში გამოკეტილი ერთი ქართველი 37 კგ-ს იწონიდა და იძულებული გახდნენ, აპარატზე შეეერთებინათ. გაოცებული ვკითხულობდი, რატომ არის ეს ქვეყანა ევროკავშირის წევრი? ჩემ გვერდით ცხოვრობდნენ ადამიანები, რომლებსაც 7-8 თვე ციხეში ყოფნის გამო ნევროზი ჰქონდათ. იყვნენ ინვალიდები, ბავშვები და მეძუძური დედები, ავადმყოფი, რომელიც სისხლს ახველებდა და საჭმელს არ აჭმევდნენ. მე რომ მიმიყვანეს, იმ დღეს განრიგით საჭმელი არ მეკუთვნოდა, არადა 24 საათის განმავლობაში მშიერი ვიყავი. თბილისელმა ცოლ-ქმარმა მოითხოვა, ჩვენს ლუკმას გავუყოფთო. ხალხი შვილებს ართმევდა ლუკმას და მე მაძლევდა. ეს იყო უმძიმესი სურათი. ვერ წარმომედგინა, რომ ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდებოდა. თუ ემიგრანტები უკმაყოფილებას გამოხატავდნენ, დაცვის თანამშრომლები საკუთარ ქვეყანაში დეპორტით აშინებდნენ. ვიყავით ირანელები, სირიელები, პალესტინელები, ქართველები, ჩეჩნები - მაგრამ იმ კედლებში ეროვნება, სახელები და გვარები არ არსებობს, მხოლოდ ნომრები გვქონდა.

- უფლებადამცველებს ხმა როგორ მიაწვდინე?

- საბედნიეროდ, შეგეძლო გესარგებლა ტელეფონით, რომელსაც ფოტოკამერა არ ჰქონდა. აბა, რას იფიქრებდნენ, რომ ციხეში საკუთარი ნებით შეიყვანეს "ბომბი," რომელიც სიმართლისთვის იბრძოლებდა. უსამართლობას და სადიზმს სამშობლოდან გავექეცი და შუაგულ ევროპაში ავიტანდი? ციხიდან დავურეკე გაეროს ლტოლვილთა საბჭოს წარმომადგენლობას პოლონეთში, ომბუდსმენებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და შემდეგ, ერთ-ერთი ფრანგული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის რჩევით, დავუკავშირდი პოლონეთის სხვა საიმიგრაციო ბანაკებს, სადაც ემიგრანტები ასევე უმძიმეს დღეში იყვნენ. 2012 წლის 16 ოქტომბერს პოლონეთის ოთხი ციხიდან (დახურული ბანაკიდან) ბევრმა "ნომერმა" ერთდროულად შიმშილობა გამოვაცხადეთ (პოლონეთში ასეთი ექვსი დაწესებულებაა. ოთხთან შევძელი დაკავშირება). მოშიმშილეები მხოლოდ ერთმანეთის და ერთადერთი არასამთავრობო ორგანიზაციის იმედად ვიყავით, რომელიც გვეხმიანებოდა და გვამხნევებდა. შიმშილობის შემდეგაც კარგა ხანს არ ვიცოდით, რომ პოლონეთსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ჩვენი მხარდამჭერი აქციები იმართებოდა. ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში მოეწყო საპროტესტო გამოსვლები, რისი ამსახველი უამრავი მასალა არსებობს. იტალიაში კათოლიკე ბერებიც კი გამოვიდნენ ჩვენი დაცვის მოთხოვნით.

- ადამიანის უფლებათა დამცველ ევროპაში რატომ არავინ იცოდა ემიგრანტების უმძიმესი მდგომარეობის შესახებ?

- არასამთავრობო ორგანიზაციებს ვეკითხებოდი, რატომ არ ატეხეს განგაში, რომ შუაგულ ევროპაში თანამედროვე საკონცენტრაციო ბანაკებია გახსნილი... ისინი მპასუხობდნენ, რომ მათ რაპორტს დახურული ბანაკების შესახებ ყურადღებას არავინ აქცევდა. გესმით? საქართველოდანაც რამდენი ასეთი რაპორტი მიდიოდა ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ! ესე იგი, არც მათ აქცევდნენ ყურადღებას?! გამოდის მთელ მსოფლიოში არსებობს რაღაც კასტა, რომელიც ქსელურად მართავს სამყაროს და მათი ხელის აქნევაზეა დამოკიდებული, რაზე განაცხადებენ საერთაშორისო ორგანიზაციები პროტესტს და რაზე - არა.

შიმშილობის აქციას, რომელმაც მასმედიის და პოლონეთის მთავრობის ყურადღება მიიპყრო, დაემატა ჩემი სტატია ერთ-ერთ რეიტინგულ პოლონურ გამოცემაში "ვბორჯა", ეს გახდა საპროტესტო ტალღის აგორების მიზეზი. მასმედიამ ხმაური ატეხა, შსს-მ კომისია შექმნა, აღიძრა ორი სისხლის სამართლის საქმე (ერთი ჩემი სტატიის საფუძველზე მესაზღვრეების წინააღმდეგ, სადაც დაზარალებული მხარე მე ვიყავი და მეორე - ბიალასტოკში ბიჭების ცემის ფაქტზე), შესაბამისმა უწყებებმა გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ცამეტ წლამდე ბავშვები და ფეხმძიმე ქალები ბანაკებში აღარ მოხვდებიან. გადაწყვიტეს მუშაობა ახალ კანონპროექტზე ემიგრაციის შესახებ. ეს ფაქტი პოლონეთის საემიგრაციო ისტორიაში უპრეცედენტო გახდა.

სამწუხაროდ, ადამიანებს უფლებებისთვის ბრძოლა მხოლოდ სამშობლოდან გაქცევა ჰგონიათ. მე კი სიტყვა მივეცი პოლონეთს, ვიბრძოლებდი უკეთესი პოლონეთისთვის, ემიგრანტებისთვის, რომლებიც სიცოცხლის უფლების მოსაპოვებლად ბევრ შეურაცხყოფას იტანენ.

- ვიცი, ახლა უმუშევარი ხარ. რას აპირებ?

- უმუშევარი ვარ და მეგობრის სახლში შეფარებული. არც პროკურატურაში განმიახლებია საჩივარი. აზრი არ აქვს, რადგან ხელისუფლება კი შეიცვალა, მაგრამ საზოგადოების ცნობიერება არ შეცვლილა. ხალხს არ აქვს სურვილი, განაგდოს საბჭოური, ტოტალური ძალაუფლების წყურვილი. ვფიქრობ, აუცილებელია დოკუმენტური ფილმის გადაღება, რომელიც წარმოაჩენს პრობლემის არსს, თავშესაფრის მაძიებლების ძირითად პრობლემებს.

იცის ვინმემ, შვედეთიდან კანადისკენ იახტით მიმავალი 16 ქართველი არალეგალი ემიგრანტი ოკეანეში რომ ჩაიძირა? ან ნავის ამოტრიალების შედეგად დაღუპული ხუთი ბიჭის ამბავი იცის ვინმემ?

ათასობით ადამიანის სათქმელს ვიტყვით... ჩვენ ერთად შეგვიძლია, სამყარო უკეთესი გავხადოთ. ამის რესურსი არსებობს - ეს რესურსი ჩვენ თვითონ ვართ და არის ქართული მარადისობის კანონიც - როდესაც ერთმანეთს ვეხმარებით სიმძიმის ტარებაში...