რატომ ბრუნდება გიორგი აბაშიძე საქართველოში? (ექსკლუზივი)
რატომ ბრუნდება გიორგი აბაშიძე საქართველოში? (ექსკლუზივი)
ექსკლუზიური ინტერვიუ

"მოგვიანებით მამაც ჩამოვა, ჯერ მე მოვდივარ"

"მამაჩემი აფხაზეთში მძევლად მგზავნიდა"

"დედის საფლავის ამოთხრადაიწყეს..."

გიორგი აბაშიძე ოჯახის შექმნას გეგმავს...

"უშეცდომო ვინ არის, მაგრამ მე ისეთი დანაშაული არ ჩამიდენია, რომ საკუთარ ქვეყანაში ამდენ ხანს არ ჩამოვეშვი..."

"ჩემზე ფეხის დაბიჯებას ბაკურაძე კი არა, ვერავინ გაბედავდა..."

"თბილისიდან მაღალჩინოსნები, გვარებს არ დავასახელებ, ჩამოვიდნენ, შემომთავაზეს, ასლანი წავიდეს და შენ დარჩი მის ადგილზეო"


როგორც იცით, უნეტარესი და უწმინდესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II რუსეთში ვიზიტისას
ასლან აბაშიძის ოჯახის წევრებს შეხვდა. ამ ფაქტმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. საზოგადოების ნაწილმა პოლიტიკური კონტურები დაინახა და ეჭვი გამოთქვა, რომ გიორგი აბაშიძე მალე პოლიტიკოსის ამპლუაში მოგვევლინება. ასეა თუ ისე, ფაქტია, 9 წლის განმავლობაში პატრიარქი მხოლოდ ახლა შეხვდა აბაშიძეებს... ამ და სხვა თემებზე სასაუბროდ "კვირის პალიტრამ"
რუბრიკის სტუმრად გიორგი აბაშიძე შეარჩია.

აბაშიძეების ინტერვიუებით ქართველი საზოგადოება განებივრებული არასოდეს ყოფილა და შესაბამისად, ბევრი კითხვა დაგროვდა. სამწუხაროდ, ყველა თემას ერთ ინტერვიუში ვერ ამოვწურავდით, ამიტომ ყველაზე საჭირბოროტო საკითხებს შევეხეთ:


- პატრიარქი დედაჩემის გარდაცვალების მეათე წლისთავზე ბათუმში ჩასულა და საფლავზე პარაკლისიც გადაუხდია. ამ ამბის  მერე სულ ვცდილობდით მადლობის გადახდას, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. ახლა კი შეხვედრის საშუალება მოგვეცა...

- რაზე ისაუბრეთ?
- დაინტერესდა, როგორ ვართ, რას ვაკეთებთ, საზოგადოდ, ცხოვრებისეულ თემებზე ვისაუბრეთ. სხვა არაფერზე... მამაჩემისთვის უთქვამს, გიორგის წავიყვანო (იცინის).

- სად მიჰყავდით?
- საქართველოში...

- აპირებთ ჩამოსვლას?
- დიახ, თუმცა რაიმე კონკრეტული გეგმით არ მოვდივარ. 9 წელია საქართველოში არ ვყოფილვარ, ძალიან მენატრება იქაურობა. დღეს ჩამოსვლის რეალური შანსი გამიჩნდა, მოტივებსა და სამოქმედო გეგმებზე ნაკლებად ვფიქრობ. თუმცა საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, ჩემი შესაძლებლობის მაქსიმუმს ყოველთვის გამოვიყენებ.

- დროებით აპირებთ ჩამოსვლას?

-  ჯერ ჩამოვიდე და მერე ვნახოთ.

- თქვენი და, დიანაც ჩამოდის?
- დიანა იტალიელი გახდა (იღიმის). სამშობლო ძალიან ენატრება, მაგრამ სამსახური აქვს, ბავშვებიც იქ  დადიან სკოლაში.  ალბათ, ცოტა ხნით ჩამოვა, მაგრამ  დასარჩენად, არა მგონია. თანაც, ბოლო ჩამოსვლამ მასზე ცუდად იმოქმედა.
მოგვიანებით მამაც ჩამოვა, ჯერ მე მოვდივარ.…

- დიანამ ჩვენებაც მისცა გამოძიებას?

-  დიახ. დეტალები არც კი მახსოვს.

- თქვენს 35 ფირმას გადასახადების თავის არიდებაში ედავებოდნენ. რეალურად რა ხდებოდა?
- ვიცით? კაციშვილს არანაირი საბუთი არ გამოუგზავნია. როგორ ფიქრობთ, რამე სერიოზული რომ ყოფილიყო, დიანას ვინმე გამოუშვებდა უკან?

- ამბობდნენ, ფული გადაიხადეს, რომ გაეშვათო?
- არა! ცოტა აწვალეს და ბოლოს გამოუშვეს. ეტყობა, დიანა ტელევიზიით რომ გამოვიდა, აღარ მოუნდათ ხმაურის ატეხა.

- სამშობლოში ჩასვლა ახალ ხელისუფლებასთან შეთანხმებული გაქვთ, ანუ მორიგ გაუგებრობაში არ გაეხვევით?

- იურიდიულად პრობლემა არც მაშინ მქონდა. ჩემზე სისხლის სამართლის საქმეც არ აღძრულა. ადრეც ვაპირებდი ჩამოსვლას, მაგრამ ჩემი დის მაგალითმა მიმახვედრა, რომ ეს არ უნდა გამეკეთებინა, რასაც  დედის საფლავზე მომხდარი ფაქტიც დაემატა.

- ითქვა, რომ საფლავის ქვა მოიპარეს...

- კი არ მოიპარეს, საფლავის ამოთხრა დაიწყეს... როცა  მამამ  სასაფლაო გააკეთა, ორადგილიანზე გათვალა და ზემოდან ბეტონის ფილებიც დაადო.  ჰოდა,  თხრა რომ დაიწყეს, ბეტონი შეხვდათ და თავი დაანებეს. მე კი მიპატიებია თითოეული მათგანისთვის, მაგრამ ღმერთი აუცილებლად მოჰკითხავს!

- ვის შეეძლო ეს გაეკეთებინა? ეჭვი თუ გაქვთ ვინმეზე?
- არა, საიდან? ჭორი გაავრცელეს, საფლავის ამომთხრელები გარდაცვლილები იპოვესო თუ რაღაც მსგავსი...

- სისხლის სამართლის საქმე არ აღუძრავთ, თუმცა თქვენს სახელზე არსებული ქონების კონფისკაცია მაინც მოხდა. აპირებთ დავას?

- 7 წელია ევროსასამართლოში სარჩელი გვაქვს შეტანილი. იქაც საინტერესო ფაქტი მოხდა, - სარჩელებს 2 წელიწადში განიხილავენ და ჩვენს საქმეზე კი 7 წელია ხელი არავის  მოუკიდია. აშკარად ზეწოლის გამო.

- ფიქრობთ, რომ საქართველოდან?
- ალბათ.

- საბანკო ანგარიშებიც დაყადაღებული გაქვთ?

- პირადად მე ანგარიშზე თანხა არ მქონდა.

- საქართველოში მიმდინარე მოვლენებს თვალყურს ადევნებთ?

- სამწუხაროდ, არა.

- დაგიჯეროთ?
- დიახ, სამწუხაროდ, ქართულ არხებს არ ვუყურებ, არც მაქვს.

- დღევანდელ ხელისუფლებაზე რას იტყვით?

- ბიძინა ივანიშვილის მიმართ სიმპათიით ვარ განწყობილი და მჯერა, რომ საქართველოსთვის ყველაფერს გააკეთებს.

- მოსკოვში რას საქმიანობთ?
- რომ ჩამოვედი, პატარ-პატარა საქმეები წამოვიწყე, რომელიც არ გამომივიდა. ამ ქალაქში რამის წამოწყება ძნელია. საბოლოოდ, მაინც მოვახერხე და დღეს უკვე ჩემი ბიზნესი მაქვს. საქართველოში მამაჩემისთვის ფული არ მითხოვია, საკუთარი ქარხანა მქონდა და პირადი შემოსავალიც.  

- ქარხანაო, რომ ამბობთ, მამათქვენის წყალობით არ გქონდათ?

- სწავლის დამთავრების შემდეგ ინგლისიდან რომ ჩამოვედი, მამას ვუთხარი, ბიზნესის დაწყება მინდა, იდეები მაქვს-მეთქი. ყველაზე ოპტიმალურზე შევჯერდით - გერმანელებისგან სამშენებლო ქარხნის აშენებაზე ბიზნესწინადადება გვქონდა და დავთანხმდით.

- პოლიტიკაში ხომ არ აპირებთ მოსვლას?

- პოლიტიკის გაგონება აღარ მინდა! ცუდი მოგონებები მაქვს და ჩემში ცუდ ასოციაციას იწვევს... ნამდვილად არ ვაპირებ.

- ყველაზე ცუდად რომელი ეპიზოდი გახსენდებათ?
-  საშინლად მახსოვს ის დღე, როდესაც მამას ესროლეს. მეც იქ ვიყავი, ყველაფერი ჩემ თვალწინ მოხდა. დღეს კი ბათუმში ამ კაცის სახელობის ქუჩა არსებობს და მისი ქალიშვილი მიშას დროინდელ  პარლამენტში დეპუტატად იჯდა.

- ნოდარ იმნაძეს გულისხმობთ, რომლის მკვლელობასაც მამათქვენს აბრალებდნენ და ამისთვის 2007 წელს დაუსწრებლად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს?

- დიახ. იმნაძეს ვგულისხმობ.

- რა მოხდა მაშინ, ისინი ხომ მეგობრები იყვნენ?
- მაშინ, მგონი, საჩხერეში (ზუსტად აღარც მახსოვს) მიწისძვრა მოხდა. ჩემებმა გადაწყვიტეს, მახინჯაურში წავსულიყავით, რადგან ბათუმში მე-4 სართულზე ვცხოვრობდით და განმეორებითი ბიძგების შეეშინდათ. უზენაეს საბჭოსთან მე, დედა და ბებია მივედით, მანქანას ველოდებოდით. სწორედ ამ დროს მანქანებიდან გადმოცვივდნენ კბილებამდე შეიარაღებული ადამიანები, მათ შორის იმნაძე და მისი ქალიშვილიც, ორივეს იარაღი ჰქონდა გადაკიდებული. გოგოს ორი პისტოლეტი ჰქონდა, ერთი მაშინდელი აჭარის შს მინისტრის სახელზე რეგისტრირებული ტაბელური იარაღი იყო. უზენაესი საბჭოს შენობასთან პოლიციელებიც იდგნენ, რომელთაც რამდენიმე ტიპმა თავზე იარაღი დაადო, დანარჩენები კი შენობაში შეცვივდნენ. ამ დროს თბილისიდან მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მურმან ომანიძე იყო ჩამოსული, ჰუმანიტარულ ტვირთს გზავნიდნენ და მამას კაბინეტში ამ საკითხს ერთად განიხილავდნენ. მაშინ დაცვა მამას არ ჰყოლია, ამ ფაქტის მერე აიყვანა. იმ დროს კი დაცვა ომანიძეს ახლდა... ესენი რომ დავინახე, დედაჩემისკენ გავიქეცი, ისიც იქვე იდგა და მივაძახე, იმნაძე მოვიდა-მეთქი... ამ დროს გასროლის ხმაც გაისმა. ცოტა ხანში ფანჯრის მტვრევის ხმა გავიგონე და რას ვხედავ, მესამე სართულიდან ომანიძის დაცვის წევრები ერთიმეორის მიყოლებით გადმოხტნენ და გაიქცნენ. ამას შენობაში ავტომატის ჯერის ხმაც მოჰყვა. ვიფიქრე, მორჩა, მამა მომიკლეს-მეთქი. ეს იყო ყველაზე საშინელი განცდა ჩემს ცხოვრებაში, მაშინ დაახლოებით 14-15 წლის ვიქნებოდი. ამ ამბებიდან ძალიან მალე ბებია სისხლის ჩაქცევით გარდაიცვალა. პირველი ტყვია ომანიძეს ფეხში მოხვდა...

- ასლან აბაშიძესა და იმნაძეს კონფლიქტი ჰქონდათ?
- მამას ადგილას ეგ რომ არ დანიშნეს, ამაზე დაბოღმილა. თან იმ დღეს ნასვამიც ყოფილა...

- ამბობენ, ასლან აბაშიძეს სააკაშვილზე მაკომპრომეტირებელი ფირები აქვსო?
- მე არ მინახავს, თუმცა მსმენია, ოღონდ რამდენად მართალია, არ ვიცი (იღიმის).

- როგორ, არ დაინტერესებულხართ? თან უშიშროების მინისტრი ხომ ბიძათქვენი, სოსო გოგიტიძე იყო?

- ჰოდა, მას ჰკითხეთ. მე ვიცი, რომ სპეცსამსახურები ყოველთვის მაღალ დონეზე მუშაობდნენ.

- სხვა ცნობილ პირებზეც ამბობდნენ, რომ ვიდეოჩანაწერები არსებობსო?

- მიშაზე გამიგია, სხვებზე ვერაფერს გეტყვით, თუმცა მე ამგვარი ჩაწერების წინააღმდეგი ვარ!

- აჭარის პრინცს გეძახდნენ...

- მართლა? არ გამიგია.

- მე გეუბნებით... კარგი იყო პრინცობა, ფერარებითა და ლამბორჯინებით სიარული?
- ფერარი არ მყოლია, ლამბორჯინი, კი ბატონო (იცინის). თუმცა ისიც ჩემს მეგობართან, ლევანთან იყო საზიარო...

- თქვენი არ იყო?

- ჩემი და ჩემი ბავშვობის მეგობრის იყო.

- აბა, ქართველებში მანქანა და ცოლი საერთო არ მოსულაო?
- (იცინის). ნამდვილად არ მოსულა, მაგრამ ჩვენ ბავშვობიდან ერთად გავიზარდეთ და ჩემი-შენი მანქანებზე არ გვქონია.

- დღეს რა მანქანით დადიხართ?
-  S -კლასის მერსედესით.

- ლამბორჯინი აღარ გყავთ?
- სამწუხაროდ, არა.

- დღევანდელი ბათუმი მოგწონთ?
- (იცინის) ფოტოებზე რასაც ვხედავ, რაღაცები მომწონს, რაღაცები - არა. დანარჩენს, რომ ჩავალ, მერე შევაფასებ.

- რა არ მოგწონთ?
- ჩემს დროს სანაპირო ზოლის გასწვრივ მაღალსართულიანი ნაგებობის აშენება არ შეიძლებოდა, რაც ქალაქის კლიმატის შეცვლას იწვევდა. ახლა ეს სტანდარტი თუ შეიცვალა, არ ვიცი...

- აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის საკითხს როგორ აფასებთ?

- ახლაც შენდება?

- ჯერჯერობით მშენებლობა არ დაწყებულა, მაგრამ ამაზე სიტყვიერი თანხმობა არსებობს.

- ხელები ამიწევია... ამაზე რა უნდა ვთქვა?

- თქვენს დროს თურქული მხრიდან მსგავსი წინადადება ან ულტიმატუმი თუ ყოფილა?
- მოგეხსენებათ, ბათუმი მრავალეთნიკური ქალაქია. მეჩეთი იყო, მაგრამ მინარეთი არ ჰქონდათ (კოშკი მეჩეთთან, საიდანაც მოლა ლოცულობს. - ავტ.) და ამის დამტკიცების ნებართვა ითხოვეს, რაზეც მამა დათანხმდა. თუმცა ამ ფაქტმა მოსახლეობაში უკმაყოფილება გამოიწვია და მალევე გააუქმეს.

- თურქულმა მხარემ ითხოვა თუ მოითხოვა? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ სააკაშვილის გადაწყვეტილება მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით "ქართულმა ოცნებამ" გააპროტესტა. მეტიც, ივანიშვილმა განაცხადა, რომ მშენებლობას აუცილებლად შეაჩერებდა, თუმცა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ასე არ მოხდა...

- ჩვენ ულტიმატუმის ენით არ ვსაუბრობდით. როგორც ჩანს, სააკაშვილმა  გარკვეული ვალდებულებები აიღო, რაც ალბათ, ბიძინამ ვერ გამოასწორა. დიდი ალბათობით ამ თემის წამოწევაც ამან განაპირობა. როგორც ვიცი, 130-ათასიან ბათუმში 35 ათასი ქართული პასპორტი თურქეთის მოქალაქეზეა გაცემული და, ალბათ, ამან განაპირობა...

- რას ნიშნავს ეს ყველაფერი?

- 35 ათასი ძალიან დიდი ციფრია.  ყველა თუ ბათუმში ცხოვრობს, მეჩეთის მშენებლობის შეწყვეტის შემთხვევაში პროტესტის რომელიმე ფორმას მიმართავდნენ და  ხელისუფლება ხმაურს მოერიდა...

- აბაშიძეების პერიოდი ჩოლოქზე საპასპორტო რეჟიმთანაც ასოცირდება. მახსოვს, ჩოლოქზე არ მატარებდნენ, რადგან პასპორტში - თბილისი მეწერა. რამდენად მისაღები იყო ეს ან რაში გჭირდებოდათ?
- გეთანხმებით. საკუთარ ქვეყანაში მსგავს პრობლემას არ უნდა აწყდებოდე, მაგრამ ეს ყველაფერი საქართველოს იმდროინდელ რეალობას ასახავდა. გახსოვთ, ალბათ, აფხაზეთის ომი, "მხედრიონისა" და გვარდიის ეპოქა? ყოველივე ეს ამან განაპირობა. ერთადერთი რეგიონი აჭარა იყო, სადაც "მხედრიონი" ვერ შემოვიდა. აფხაზეთის ომის დროს ერთხელ მამამ მითხრა, მე და არძინბა შევთანხმდით, რომ ამიერიდან სამშვიდობო მოლაპარაკებებს აჭარაში ჩავატარებთო. შენ კი გაემზადე აფხაზეთში წასასვლელად, მძევალი იქნებიო (იცინის); ანუ მე ვიქნებოდი სოხუმში და არძინბა ჩამოვიდოდა შევარდნაძესთან ბათუმში მოსალაპარაკებლად.

- გამოდის, პაატაც ყოფილხართ?
- დაახლოებით. მაგრამ გადავრჩი (იღიმის), რადგან ამ ფორმატს შევარდნაძე არ დაეთანხმა.

- მოდი, ცოტა არასასიამოვნო თემებზეც გადავიდეთ. თქვენზე ამბობდნენ, რომ მკვლელიც იყავით, მავნე ჩვევებიც (ნარკოტიკს ვგულისხმობ) გქონდათ და სხვ.

- სამწუხაროდ, მსგავსი სიბინძურე თავში მხოლოდ ბინძურ ადამიანებს მოსდის. აბა, ვინც მე მიცნობდა, ამას არასდროს იტყვის...  მავნე ჩვევას რაც შეეხება, მხოლოდ სიგარეტს ვეწევი.

- თამაზ ბაკურიძეზე მინდა გკითხოთ. ცოტა ხნის წინ თქვენი მოსკოვში ჩასვლის დეტალები არცთუ კარგ კონტექსტში გაიხსენა და განაცხადა, რომ...
- (მაწყვეტინებს) ეს ის თამაზაა ხომ, მე რომ მოსკოვში მასეირნებდა?  (ხარხარებს). არ მინდა შევეხო მაგ ადამიანს... მისი ოჯახი ჩემებთან ახლობლობდა. პირადად მე მასთან ერთხელ მქონდა შეხება, ისიც მოსკოვში რომ "ჩამომიყვანა" (იცინის)...

- სწორედ ამას ჰყვება...
- ფეხს რომ მაბიჯებდა, ხო? მაგას შემოევლოს ჩემი თავი (ხარხარებს). ჩემზე ფეხის დაბიჯებას ბაკურაძე კი არა, ვერავინ გაბედავდა...

- ვაფხიზლებდიო...
- ვიდეოფირი არსებობს და ნახეთ!

- ამბობს, რუსულ ტელევიზიებს სიუჟეტის დაბლოკვაც ვთხოვე და ეთერში არ გავაშვებინეო?

-  არსებობს და ნახეთ...

- ფეხის დაბიჯებას რატომ ვერ გაგიბედავდათ?
- თავისი ხასიათიდან და პიროვნებიდან გამომდინარე... სხვათა შორის, მამამ სამსახურიდან  ფულის გაფლანგვის გამო გაუშვა და სწორედ ამ ფაქტზე დაიჭირა სააკაშვილმაც. ალბათ, მამაჩემს არ უნდა შესცოდებოდა და პასუხისგებაში უნდა მიეცა.

- და მაინც, რას გერჩით?
- შეიძლება ვიღაცის დაკვეთას ასრულებს. არ ვიცი, ვერ გეტყვით...

- 24 წლის ბიჭის მერობა რამდენად გამართლებული იყო?
- მერის არჩევნებში მონაწილეობაზე მამას წინააღმდეგობა არ გავუწიე, რადგან ვგრძნობდი, რომ დასაყრდენი არავინ ჰყავდა, ვისაც ქალაქის მერობას ანდობდა, თორემ 24 წლის ბიჭს ქალაქის მერობა კი არა, ბიზნესი, მოგზაურობა და მეგობრებთან ყოფნა მერჩივნა (იცინის). მე კი არა, ამერიკასაც არ უნდოდა ჩემი მერობა, 2001 წლის 11 სექტემბერს კაბინეტში ჩემი შესვლა და ამერიკის ტერაქტი ერთი იყო (იცინის).

- ბოლოს და ბოლოს, სიმართლე მითხარით, ლუჟკოვს აჭარაში ბიზნესინტერესები ჰქონდა?

- არა. ეს ჭორი განაპირობა იმან, რომ ჩვენ დროს მოსკოვის ფირმამ დაიწყო კორპუსის მშენებლობა, რომელიც ჩვენი წამოსვლის შემდეგ დამთავრდა და გაყიდულა კიდეც.

- ყველაზე მეტად რა მოგენატრათ?

- მენატრება მეგობრები, ნათესავები და საზოგადოდ, ქართველებთან ურთიერთობა. დღეს ქართველების უმეტესობა საქართველოში ბრუნდება...  

- საქართველოს მოქალაქე ხართ?
- ვიყავი და თუ ჩამომართვეს, არ ვიცი, რომ ჩავალ, აუცილებლად გავარკვევ. თუმცა დღეს რუსული პასპორტი მაქვს. უშეცდომო ვინ არის, მაგრამ მე ისეთი დანაშაული არ ჩამიდენია, რომ საკუთარ ქვეყანაში ამდენ ხანს არ ჩავეშვით. ეს წლების განმავლობაში მაწუხებდა და მთრგუნავდა. დღეს ცხოვრების ხალისი დამიბრუნდა, რადგან საქართველოში ჩასვლის შანსი გამიჩნდა...

- გავიხსენოთ აჭარის ე.წ. რევოლუციის დღეები... რა მოხდა, ივანოვი რატომ ჩამოვიდა?
- მთავრობა შეიცვალა, ბუნებრივია, ახალ ხელისუფლებას თავისი პოზიციის გამყარება აჭარის რეგიონშიც უნდოდა. ეს იყო და ეს... გარკვეულწილად კადრებმაც განაპირობა, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში ყოველთვის იყო და არის კადრების პრობლემა, მით უმეტეს, პატარა აჭარაში და ამ პატარ-პატარა უკმაყოფილებებმა საბოლოოდ დიდი როლი ითამაშა, თუმცა იმ დროისთვის საქართველოში შექმნილი პოლიტიკური რეალობა აღმოჩნდა გადამწყვეტი... იყო უკმაყოფილო ხალხიც, რომლის მობილიზება შეძლეს და მერე მოწოლაც არ გასჭირვებიათ (იცინის). ხელისუფლების შენარჩუნების გამო მამამ სისხლი არ დაღვარა! წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში კი აფხაზეთი განმეორდებოდა.

- იყო შეიარაღებაც...

- შს სამინისტროს ჰქონდა შეიარაღება, სხვა შეიარაღებული პირები არ ყოფილან. სხვათა შორის, ერთი საინტერესო ფაქტიც მოხდა: იმ დაძაბულ დღეებში თბილისიდან მაღალჩინოსნები, გვარებს არ დავასახელებ, ჩამოვიდნენ, შემომთავაზეს, ასლანი წავიდეს და შენ დარჩი მის ადგილზეო.

- რატომ არ დათანხმდით? მამის მემკვიდრეობასაც უმტკივნეულოდ გადმოიბარებდით?
- ჯერ ერთი, ეს "ნაციონალების" სატყუარა იყო და მეორე, სულ რომ 100%-იანი ხელშეუხებლობის გარანტია მქონოდა, მაინც არ ვიზამდი.

- რატომ?

- მამაჩემი გაეგდოთ და სანაცვლოდ მე თანამდებობაზე დავრჩენილიყავი? ბევრმა გვიღალატა სამწუხაროდ... და საერთოდ, ცხოვრებამ საკმაოდ შემოგვცხო...

- მოსკოვში ერთიმეორის მიყოლებით მოკლეს აჭარის ყოფილი მაღალჩინოსნები -  დუმბაძე, გოგიტიძე, ჯინჭარაძე, რატომ?
- მათთან არაფერი მაკავშირებდა და ვერ გეტყვით. ჯინჭარაძე "ნაციონალების" მხარეს გადავიდა და უკმაყოფილებაც იქიდან დაიწყო. დანარჩენებზე ვერაფერს გეტყვი.

- აჭარის რევოლუციის დღეებში ჯემალ გოგიტიძესა და ცოტნე ბაკურიასთან გიჩხუბიათ, მართალია?
- ფიზიკურად არავის შევხებივარ.

- არა?
- არა, არასდროს. ქუჩაში და მოსწავლეობისას მიჩხუბია, მაგრამ, სამსახურში ვინმე რომ გამომეძახა და ხელი გამერტყა, არასდროს! ისე, ბაკურიამ ამერიკიდან გააკეთა განცხადება, აბაშიძემ ატომური ბომბი ირანს მიჰყიდაო... აჭარას სად ჰქონდა ატომური ბომბი?

- რაში დასჭირდა ამის გაკეთება?
- ინტერვიუმდე დარეკა და გვითხრა, მაიძულებენ, ეგეთი რამე ვთქვა და ინტერვიუ უნდა მივცეო. ჩვენც ვუთხარით, როგორც გინდა, ისე მოიქეცი-თქო.

- ვინ აიძულებდა?
- ვინ და რატომ აიძულებდა, არ ვიცი...

- ყველაზე მეტად რაზე გწყდებათ გული?

- საკუთარ ქვეყანაში რომ არ შემიშვეს, ყველაზე მეტად ამაზე დამწყდა გული.

- ყველაზე დიდი შეცდომა რა იყო თქვენს ცხოვრებაში?
- საკუთარი ოჯახი რომ არა მყავს. თუმცა გამოსწორებას ვგეგმავ (იღიმის).

- არსებობს ისეთი ადამიანი, ვისთანაც ოჯახის შექმნას გეგმავთ?

- არსებობს... - მეტს ვერ გეტყვით!

P.S. ვნახოთ, რას და როგორ გადაწყვეტს უმცროსი აბაშიძე... შემოვა "დიდ ავიაციაში"? გააგრძელებს მამის გზას და მართლაც მოგვევლინება აჭარის ახალ მეფედ? ამ კითხვებს პასუხი უახლოეს მომავალში გაეცემა, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, მოვლენების განვითარებას მშვიდად ვადევნოთ თვალყური.

თეა ღვანია
მოსკოვი-თბილისი
kobra
31 იანვარი 2016 22:43
tamar ....
Hen tamari xar tu vigacaxar ro iilanzgebimak chamotreulebio gguriiidano iimeretioda kaxetio hen saidan xar hamotreuli an vin mogca upleba maseti laparakis? Atarlebi ramdenia chasaxlebuli kvela raionhi vinme gakidebia ? Gasagdebi da gadasagdebi hen xar saertod sakartvelodan kvelani kartvelebi vart da chven tu ar gavitanet ertmaneti. Ki emsaxurebi turkebs da tadi mattan da sheicvale erovneba . Hen kartveli arkopilxar arasodes . Gasagebia?
kobra
31 იანვარი 2016 22:17
Ratomac ar unda hamovides mogalate vin iko moikitxet batumi magati gaketebulia mere nacistma mishikom miisakutra me gavaketeo koveltvis simhvide kondat im areulobis dros xalxs xelpasi da pensia droulad kondat danarhen regionebhi ro himhilobda xalxi arc turki iko da arc mongoli batumhi magat dros exla kide turkebi batonoben
tamila
02 ივნისი 2014 19:21
მე კი მგონია კარგი ტუ ცუდი ეს გვინდა ტუ არა კველამ ტავის სამსორლოს უნდა დაუბრუნდეს

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები