მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები
12-08-2013
მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები
ორი მატყუარა

წლევანდელი წელი წინა წლებისგან იმით განსხვავდება, რომ ჯერ ერთ მატყუარას მოვუსმინეთ, მერე - მეორეს. ჯერ მედვედევმა გვიამბო ომის საკუთარი ვერსია, მერე - სააკაშვილმა. უბრალოდ, შენი მატყუარა მაინც შენია და სხვისას არ უნდა დააჩაგვრინო, მაგრამ ორივეს ტყუილი ქართულ აუდიტორიაზე იყო გათვლილი. მედვედევმა პირველად მისცა ვრცელი ინტერვიუ ქართულ ტელევიზიას. მართალია, განსაკუთრებით ახალი არაფერი უთქვამს, მაგრამ თავად ფაქტი იყო საინტერესო. მან გადაწყვიტა, საქართველოს მოსახლეობას დალაპა
რაკებოდა. მიიჩნია, რომ ამის დრო მოვიდა. რატომ? რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა და რუსებს იმედი აქვთ, ქართველი ხალხი ისევ მათკენ შებრუნდება. მათ დღემდე სჯერათ, რომ ქართველ ხალხს სააკაშვილმა მოახვია თავს დასავლური ორიენტაცია, თორემ ქართველებს ისევ რუსები გვიყვარს. ისე, უცნაური ხალხი ვართ ქართველები - რუსები მაინც გვიყვარს, მაგრამ ორიენტაცია დასავლური
გვაქვს და ნატოში გაწევრებას ხმა სწორედ ჩვენ მივეცით 2008 წლის პლებისციტზე. მედვედევს ამის გაგება, რა თქმა უნდა, გაუჭირდება. მას კი არა, ზოგჯერ ჩვენ არ გვესმის საკუთარი თავის. მედვედევს სახის გამომეტყველება ჰქონდა საინტერესო - ისეთი დარდიანი და კეთილგანწყობილი იყო, იფიქრებდი, ქართველებს ამაზე დიდი გულშემატკივარი არ გვყავს და ომის გამო იმდენს დარდობს, დღე და ღამე არ სძინავს, ეს როგორ მომივიდა, რა მიყო საძაგელმა სააკაშვილმა, არჩევანი არ დამიტოვა, თორემ ჩვენ ისევ გვიყვარს ქართველი ხალხი და მათთვის მხოლოდ სიკეთე გვინდაო.

ჰო, ხმამაღლა კიდევ გვითხრა, ხომ კარგად დაინახეთ, ამერიკა თქვენ გამო თავს არ გამოიდებს და ჩვენთან ომს არ დაიწყებს, როგორც ეს ვიღაცებს ეგონათ თქვენთანო, ამერიკა თქვენი მეზობელი არაა, ჩვენ კიდევ აქვე ვართო, ნატოში ან მიგიღებენ, ან არა, ევრაზიულ კავშირში კი ხელგაშლილები გელოდებითო. მოკლედ, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ჩვენთან გერჩივნოთო.     

სააკაშვილმა ახალი დოკუმენტები ამოალაგა - მედვედევთან მისი მიწერ-მოწერა, თუ როგორ სთავაზობდა უარის თქმას ნატოზე და აფხაზეთის გადანაწილებას. ადრე გიგი უგულავამ რომ უთხრა ერთ-ერთ უცხოურ გამოცემას, მზად ვართ, ნატოზე უარი ვთქვათ, თუ რუსეთი ტერიტორიებს დაგვიბრუნებსო, ნათქვამი უკან წააღებინეს, ახლა კი გაირკვა, რომ მართალი ყოფილა ეს ამბავი. წარმომიდგენია, ეს ბიძინას რომ ეთქვა, სააკაშვილი და მისი გუნდი რა ამბავს ატეხდა, ახლა კი პრეზიდენტმა ამ აღიარებით ივანიშვილსაც გზა გაუხსნა ასეთი პოლიტიკისკენ, თუმცა დღეს ნატოთი ვაჭრობას აზრი არ აქვს და სააკაშვილის შეთავაზებაზეც მათი უარი ლოგიკური იყო. ჩვენთვის ნატო ჯერ ისევ შორეული პერსპექტივაა.

განა მედვედევმა გასაგებად არ თქვა: ნატოში საქართველოს შესვლას ჩვენ ხელს ვერ შევუშლით, მას ხელი თავად ნატოს წევრებმა უნდა შეუშალონო. ის სწორედ იმას გულისხმობდა, რაც ბუქარესტის სამიტზე მოხდა, როდესაც ნატოს წევრებმა მაპის მიღებაში ხელი შეგვიშალეს. ვიდრე რუსეთს იმედი აქვს, რომ ნატოში არიან ქვეყნები, რომლებიც საქართველოს მიღებას მხარს არ დაუჭერენ, შენ რატომ შეგევაჭრება? აი, მაპი რომ მაინც გვეჭიროს ხელში, სულ სხვა საქმე იქნებოდა. ან აფხაზეთის გაყოფას რატომ უნდა დასთანხმებოდა? თქვენ დათანხმდებით იმის გაყოფას, რაც მთლიანად თქვენს ხელშია? მოკლედ, ეს დოკუმენტი მიშამ იმის საილუსტრაციოდ წარმოადგინა, აი, მე ყველაფერი გავაკეთე, რათა ეს კონფლიქტი მშვიდობიანად მომეგვარებინა, მაგრამ რუსეთი არაფერზე დამთანხმდა, თუმცა მეც რომ ვყოფილიყავი რუსეთის ადგილზე, ასე მოვიქცეოდიო.
მთელ ამ ამბავში სააკაშვილის მთავარი პრობლემა ის არის, რომ მას დღეს რუსეთზე მეტად უჭირს იმის დამტკიცება, რომ საბრძოლო მოქმედებები არ დაუწყია. კიდევ ერთი პრობლემაა ის, რომ ამ ომში ის დამარცხდა. მთავარსარდალმა ან ომი უნდა მოიგოს, ან ქვეყანას ომი აარიდოს, მან კი ვერც ერთი მოახერხა და ვერც - მეორე. გამარჯვებულებს არ ასამართლებენ, წაგებულებს კი... სააკაშვილს არც იმდენი სულგრძელობა ეყო, დამარცხების შემდეგ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აეღო და გადამდგარიყო, ამიტომ დღეს თავის მართლება დაგვიანებულია. ის წაგებული ომის მთავარსარდალია, რომელმაც გადადგომაც ვერ გაბედა.

მთავარი კითხვა

ამის შემდეგ მთავარი კითხვა ის კი არ არის, ვინ დაიწყო ომი, ან რატომ წავაგეთ. ეს კითხვები მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი სულ სხვაა. პარასკევს "იმედის" ეთერში ხეობიდან დევნილმა ერთ-ერთმა ქალბატონმა შოთა მალაშხიას ჰკითხა: რატომ გამიხადეთ საქმე ისე, რომ იძულებული გავხდი, შვილსა და მამას შორის არჩევანი გამეკეთებინა, ყველა გამოსვლას ვერ ვახერხებდით და შვილის გადარჩენა ვამჯობინე, მოხუცი მამა კი იქ დავტოვე და დაიღუპა. ეს ცოდვა რატომ ამაღებინეთ, რას გვერჩოდით, რატომ მიგვატოვეთ უპატრონოდო. მთავარი კითხვაც სწორედ ეს არის: რატომ არ გამოიყვანეს მშვიდობიანი მოსახლეობა? ჩვენ ხომ ამ ომში მშვიდობიანი მოსახლე უფრო მეტი დაგვეღუპა, ვიდრე - სამხედრო...

სეპარატისტებმა ომამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყეს ცხინვალიდან ქალებისა და ბავშვების გაყვანა, ჩვენ კი ომის დაწყების შემდეგაც არ გვიფიქრია მათზე.  კოკოითი უფრო გაუფრთხილდა საკუთარ მოსახლეობას, ვიდრე ჩვენ. იმედია, არავინ მეტყვის, კოკოითმა იცოდა, ომი რომ იქნებოდა, საქართველოს ხელისუფლებამ კი - არაო. სააკაშვილი სულ გვიმტკიცებს, ჩანდა, რომ ომი გარდაუვალი იქნებოდაო, ასე რომ, ეს არგუმენტი არ გამოდგება. მახსოვს, რადიო "პალიტრის" ეთერში ეს კითხვა თემურ იაკობაშვილს დავუსვი, მან კი მიპასუხა: ჩვენც რომ კოკოითივით წინასწარ ხალხის გაყვანა დაგვეწყო, მერე ომის დაწყებას ყველა ჩვენ დაგვაბრალებდა, იტყოდნენ, ნახეთ, ქართველებს ხალხი გაჰყავთ, ესე იგი, ომისთვის ემზადებიანო. და განა მაინც ჩვენ არ დაგვბრალდა ომის დაწყება?! ან ეს რა არგუმენტია - ომის დაწყება რომ არ დაგაბრალონ, ხალხი უნდა გაწირო? როგორ ფიქრობთ, ეს ამართლებს ამ გადაწყვეტილებას?

პრეზიდენტო, გაეცი იმ ქალბატონს პასუხი!
13 აგვისტო 2013 15:05
ბატონო მერაბ,წინა კვირისაგან განსხვავებით გასული კვირის ფიქრებს გიწონებთ და გეთანხმებით. მინდა დავამატო ჩემი სუბიექტიური მოსაზრებები: ქართველი ხალხი არასოდეს არ ილტვოდა და არც იყურებოდა, არც დასავლეთისაკენ და არც ამერიკისაკენ. ჩვენი წინაპრები არასოდეს დახარბებულან სხისაზე. მათ ზუსტად ჰქონდათ განსაზღვრული თავიანთი შესაძლებლობები და გადარჩენის საშუალებებსაც შესაბამისად ეძებდნენ. ყველაზე საკვირველი იყო ის, რომ ქართველოამ უმძიმეს პერიოდშიც, გადარჩენისათვის, არც ქამელეონის თვისებაზე თქვა უარი და საბჭოთა სისტემაშიც მოახერხა ის, რომ ყველა სხვა რესპუბლიკებზე (რუსეთის ჩათვლით), უკეთესად მოეწყო ცხოვრება, რა თქმა უნდა კანონდარღვევების ხარჯზე. ასე იყო მანამ, სანამ შევარდნაძე გახდებოდა ცკ-ს მდივანი. დეტალებს აღარ შევეხები და ვიტყვი, რომ ამ "ეპოპეაში" ჩვენი მთავარი ძალა იყო სტუმართმოყვარეობა, მეზობლობის ყადრის ცოდნა და განათლებისაკენ დაუოკებელი ლტოლვა. შევარდნაძის მოსვლის პირველი დღიდან იწყება (არ ვამტკიცებ, რომ პირადად მისი ბრალია) ყველა იმ ფასეულობების ამოშანთვა, რომელზეც უნდა დაშენებულიყო ქართული სახელმწიფოებრიობა. 1970 წელს, რომ ვინმე დამნიძლავებოდა, კომუნისტების განდევნის შემდეგ უფრო ცუდად ვიცხოვრებდით ან დადგებოდა დრო, როცა ქართველი მათემატიკის მასწავლებლების 90%-ზე მეტი ტესტირებაში ჩაიჭრებოდა, საპირისპიროდ სიცოცხლეს ჩამოვიდოდი....ბატონო მერაბ, ვისარგებლე შემთხვევით და თქვენს ფიქრებს ჩემიც მივაყოლე. გმადლობთ.
VEP1963
13 აგვისტო 2013 12:52
მერაბ გაიხარე.ღმერთმა უმრავლოს საქართველოს თქვენისთანა ჟურნალისტები.
mmg
12 აგვისტო 2013 16:09
პრეზიდენტი არა ტოროლა....

რედაქტორის რჩევით