უხერხულია, მთავარსარდლად იწოდებოდე! - კვირის პალიტრა

უხერხულია, მთავარსარდლად იწოდებოდე!

წარსულის ქილიკით მომავალი არავის აუშენებია

დავითის საფლავზე ფიცის დამდებ მიხეილ სააკაშვილს მედროვეებმა იმდენი უძახეს, აღმაშენებელი ხარო, რომ თავადაც დაიჯერა

გასულ კვირას, 2008 წლის ტრაგიკული მოვლენების გახსენებისას, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ შეეცადა საკუთარი სტრატეგიული ნიჭის წარმოჩენას და მამაცი მთავარსარდლის იმიჯის გამართლებას. ახლო წარსული და თანამედროვე პოლიტიკა რომ სხაპასხუპით მოილია, მერე, როგორც სჩვევია, საუკუნეების მიღმაც გადაიხედა და ქართლის მეფე ვახტანგ VI მსუბუქად შემოექილიკა(!). თავად კი ამბობს, მე არ ვადარებ ჩემს თავს მეფეებსო, მაგრამ დავითის საფლავზე ფიცის დამდებ მიხეილს მედროვეებმა იმდენი უძახეს, აღმაშენებელი ხარო, რომ თავადაც დაიჯერა. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მოიტანდა ყოვლად უადგილო შედარებებს მეფეთა ცხოვრებიდან და ამით იმ უხერხულობას აირიდებდა, რაც არაერთხელ დასტეხია თავს მატიანედან ამოგლეჯილი მონაკვეთების აწმყოში "ჩაკერებით".

"საქართველოს ახსოვს ბევრი გმირი მეფე, რომლებიც ბევრ უიმედო ომში ჩაება, მაგრამ მე არ მახსოვს, რომელიმე გმირად გამოეცხადებინოთ, რომელმაც ჩააბარა მტერს ყველაფერი და გაიქცა. ვახტანგ VI, განათლებული კაცი, მაგარი მეფე იყო. უცებ მოჰკიდა თავის ხალხს ხელი და გადაიხვეწა რუსეთში. რაც არ უნდა "ვეფხისტყაოსანი" დაებეჭდა და რაც არ უნდა ლექსიკონები(?!) და კანონები მიეღო, ქვეყანა მიატოვა და წავიდა(!). მე დავდე ფიცი აღმაშენებლის საფლავზე გელათში. ნამდვილად არ ვადარებ თავს დიდ მეფეებს, ქართველ ხალხს ჩემთვის არ მოუცია ნება, რომ მტერს ჩააბაროს ყველაფერი და თუნდაც უიმედო სიტუაციაში სრული კაპიტულაცია გამოაცხადოს... საბოლოო ჯამში, ისტორია განგვსჯის, რადგან ქართული სახელმწიფოებრიობა ჩვენ გადავარჩინეთ".

სააკაშვილის ეს ისტორიული (თუ ისტერიული?!) რაკურსი, განცვიფრების ხარისხით, ახლოს ვერ მივა მის მიერვე წლების წინ წამოსროლილ "გენიალურ" სიბრძნესთან, რომ თურმე, ფერეიდნელები, ვიდრე სამშობლოს დაუბრუნდებოდნენ, 400 წელი მღეროდნენ "სულიკოს", თუმცა ვახტანგ მეექვსის მიერ "მიღებული ლექსიკონებიც" ის "შედევრია", რომელიც მიშამ "უანგაროდ" დაუტოვა ქართველობას კიდევ ერთ "მარგალიტად". ამ ყველაფერს დიდი ხანია მივეჩვიეთ, მაგრამ არსებობს ხალხის კატეგორია, რომელიც ასეთ შედევრებს გაუაზრებლად ყლაპავს და რაც უნდა უმტკიცო, XIX საუკუნის მწერლის, აკაკი წერეთლის "სულიკო", რომელსაც ჰანგი შეუწყო ვარინკა წერეთელმა,”შეუძლებელია, შაჰ-აბასის კარზე ოთხი საუკუნით ადრე ემღერათ ფერეიდნელებს ანდა ვახტანგ VI ლექსიკონების შედგენით არ იყო დაკავებული, მაინც არ დაგიჯერებს, რადგან მათთვის პრეზიდენტი ის კაცი კი არ არის, რომელმაც წაგებული ომის სიმწარე ქართველობას რუსთაველზე ტაშ-ფანდურით გაანელებინა, არამედ "წამებული გმირი", რომელსაც შინა და გარე მტრებმა აღმშენებლობა არ დააცადეს.

ძნელია იმის თქმა, რატომ გამოიყვანა მიშამ ვახტანგ VI იმ მეფედ, რომელმაც "დაკრა ფეხი", მიატოვა საქართველო და გადაიხვეწა, რადგან სააკაშვილის ისტორიული პარალელები იმდენად პარადოქსული თემაა, რომ შეუძლებელია, მისი არსის გაგება. თუმცა, ფაქტია, რომ ამით შეეცადა ერთდროულად რამდენიმე კურდღლის დაჭერას. ერთი: ქართლის მეფე რუსეთს წავიდა დიდი ამალით, მაგრამ დახმარება ვერ მიიღო და იქვე აღესრულა (ეგეც თქვენი ერთმორწმუნე რუსეთი, მიშას მქირდავებო, ხომ გეუბნებოდათ, რუსებს ნუ ენდობითო!), მეორე: ვახტანგ მეფემ მიატოვა ის საქართველო, სადაც საუკუნეების მერე მთავარსარდალმა სააკაშვილმა "გმირულად”იომა" და მტერს არსად გაექცა (თუ გორის მცირე ინციდენტს და ხოხვაში გადატყავებულ ხელ-ფეხს არ გავუხსენებთ) და მესამეც: თითქმის დასრულების სტადიაშია ჩვენი პატრიარქის მიერ რუსეთთან დაწყებული მოლაპარაკება ასტრახანიდან ვახტანგ VI-ისა და თეიმურაზ II-ის გადმოსვენების თაობაზე. სააკაშვილს კი, პერევის შემთხვევიდან მოყოლებული (როცა უწმინდესის თხოვნის საფუძველზე გაყვანილი რუსის ჯარი პრეზიდენტმა ყოვლად უადგილო ნიშნის მოგებით უკანვე შემოაბრუნებინა), არასოდეს მოსდიოდა თვალში ქართველთა სულიერი წინამძღოლის ავტორიტეტი და ეს მისი კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იყო, რათა ეთქვა: - სწორედ ვახტანგ VI-ზე, იმ მეფეზე, რომელმაც მიატოვა ბრძოლის ველი და გაიქცა საქართველოდან, ეხვეწება პატრიარქი რუსებს, მისი სამშობლოში გადმოსვენების ნება დამრთეთო(?!).

ქართველი მეფის ასე ჰაიჰარად განმსჯელ პრეზიდენტს გვინდა შევახსენოთ, რომ მისგან განსხვავებით, ვახტანგ VI, როგორც მეფე და მთავარსარდალი, წინა ხაზზე, პირდაპირ სიკვდილის რკალში, შვილებთან ერთად, ხმალამოღებული იბრძოდა. ეს ქვეყნის მეთაურის უპირველესი ღირსებაა და თუ ეს არ გამოგიცდია, უხერხულია, მთავარსარდლად იწოდებოდე. ისიც უხერხულია, რომ სხვის მიერ მიტოვებულ ომსა და გაქცევაზე საუბრობდე, როცა თავად აგიმტვერებია ზურგში მირტყმული ქუსლებით, ბრძოლის ველს ვინ ჩივის, მისი მისადგომები(!). და მთავარი: ვახტანგ VI-მ მიიღო კანონები, რომლის ძალითაც მოაწესრიგა ქვეყანაში არაერთხელ დარღვეული სამართალი, ლაგამი ამოსდო თავგასულ ფეოდალებს და შვება მისცა ხალხის ქვედა ფენას, რათა მათ შრომისთვის აუცილებელი პირობები ჰქონოდათ და ქვეყანას სრულფასოვნად გამოსდგომოდნენ. ამისთვის მას სჯულმდებელი უწოდეს. ახლა შევადაროთ "გაქცეული"” ვახტანგ VI "დარჩენილ" პრეზიდენტს, რომლის "ფეოდალები" ცოცხებით აწიოკებდნენ და ცხოვრებას უნგრევდნენ ყველას, ვინც კი თვალში არ მოსდიოდათ და სხვა ათას კანონდარღვევას სჩადიოდნენ. ანდა ქილიკი "ვეფხისტყაოსნის"”ბეჭდვაზე რა საკადრისია. იმ დროისთვის სტამბის დაარსება, წიგნების ბეჭდვა და საზოგადოების განსწავლა მართლაც სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმე იყო და არა "ნაციონალური” განათლების რეფორმა", ყველაფერს რომ ასწავლის, გარდა ჭეშმარიტი ქართულისა.

რასაკვირველია, ვახტანგ მეფის ის ნაბიჯი არაერთგვაროვნად აღიქმება. ისტორიკოსთა ერთი ნაწილი რუსეთში ამალიანად წასვლას შეცდომად უთვლის და იქნებ იმ ისტორიულ მონაკვეთში ასეც იყო, მაგრამ ის ბრძოლის ველიდან გაქცეული არავის უნახავს. იბრძოლა, როგორც შეეძლო, უსაშველოდ მოძალებულ მუსლიმანთაგან ქვეყნის ხსნა ერთმორწმუნე რუსების ხელით მოინდომა (ევროპასაც სთხოვა დახმარება, მაგრამ...) და როცა უამრავმა ელჩობამ შედეგი არ გამოიღო, თავად წავიდა პეტერბურგს იმის იმედით, რომ იმპერატორთან შეხვედრა მოაგვარებდა მისი წინამორბედების დაწყებულ საქმეს. ვერ გამოვიდა ისე, როგორც ჩაფიქრებული ჰქონდა და იმედდაკარგული ასტრახანში აღესრულა.

P.S. ისევ სააკაშვილის სიტყვებით დავასრულებ: "საბოლოო ჯამში, ისტორია განგვსჯის, რადგან ქართული სახელმწიფოებრიობა ჩვენ გადავარჩინეთ"... მამაცხონებულო, თუ ისტორიის სამსჯავროს ელოდები, ბოლომდე ენდე და თავად ნუ გამოგაქვს ვერდიქტი. კიდევ საკითხავია, რა გადაარჩინე და რა - არა. უბრალოდ, ისტორიული პარალელების მოყვარულ კაცს, ისტორიული ფაქტების გარდა, ისიც უნდა გახსოვდეს, რომ წარსულის ქილიკით მომავალი არავის აუშენებია. აღმაშენებელზე აღარას ვიტყვი, თუნდაც ვახტანგ VI-ის დარი სახელი რომ შეგრჩეს საუკუნეების მერე, ქვეყნის ჭირისუფალთა ამალაში ბოკერია და თაქთაქიშვილი კი არ უნდა გყავდეს, არამედ სულხან-საბა და გურამიშვილი(!)..

დანარჩენს ისტორია მართლაც თავად განსჯის...