უხერხულია, მთავარსარდლად იწოდებოდე!
12-08-2013
უხერხულია, მთავარსარდლად იწოდებოდე!
წარსულის ქილიკით მომავალი არავის აუშენებია

დავითის საფლავზე ფიცის დამდებ მიხეილ სააკაშვილს მედროვეებმა იმდენი უძახეს, აღმაშენებელი ხარო, რომ თავადაც დაიჯერა


გასულ კვირას, 2008 წლის ტრაგიკული მოვლენების გახსენებისას, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ შეეცადა საკუთარი სტრატეგიული ნიჭის წარმოჩენას და მამაცი მთავარსარდლის იმიჯის გამართლებას. ახლო წარსული და თანამედროვე პოლიტიკა რომ სხაპასხუპით მოილია, მერე, როგორც სჩვევია, საუკუნეების მიღმაც გადაიხედა და ქართლის მეფე ვახტანგ VI მსუბუქად შემოექილიკა(!). თავად კი ამბობს, მე არ ვადარებ ჩემს თავს
მეფეებსო, მაგრამ დავითის საფლავზე ფიცის დამდებ მიხეილს მედროვეებმა იმდენი უძახეს, აღმაშენებელი ხარო, რომ თავადაც დაიჯერა. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მოიტანდა ყოვლად უადგილო შედარებებს მეფეთა ცხოვრებიდან და ამით იმ უხერხულობას აირიდებდა, რაც არაერთხელ დასტეხია თავს მატიანედან ამოგლეჯილი მონაკვეთების აწმყოში "ჩაკერებით".


"საქართველოს ახსოვს ბევრი გმირი მეფე, რომლებიც ბევრ
უიმედო ომში ჩაება, მაგრამ მე არ მახსოვს, რომელიმე გმირად გამოეცხადებინოთ, რომელმაც ჩააბარა მტერს ყველაფერი და გაიქცა. ვახტანგ VI, განათლებული კაცი, მაგარი მეფე იყო. უცებ მოჰკიდა თავის ხალხს ხელი და გადაიხვეწა რუსეთში. რაც არ უნდა "ვეფხისტყაოსანი" დაებეჭდა და რაც არ უნდა ლექსიკონები(?!) და კანონები მიეღო, ქვეყანა მიატოვა და წავიდა(!). მე დავდე ფიცი აღმაშენებლის საფლავზე გელათში. ნამდვილად არ ვადარებ თავს დიდ მეფეებს, ქართველ ხალხს ჩემთვის არ მოუცია ნება, რომ მტერს ჩააბაროს ყველაფერი და თუნდაც უიმედო სიტუაციაში სრული კაპიტულაცია გამოაცხადოს... საბოლოო ჯამში, ისტორია განგვსჯის, რადგან ქართული სახელმწიფოებრიობა ჩვენ გადავარჩინეთ".

სააკაშვილის ეს ისტორიული (თუ ისტერიული?!) რაკურსი, განცვიფრების ხარისხით, ახლოს ვერ მივა მის მიერვე წლების წინ წამოსროლილ "გენიალურ" სიბრძნესთან, რომ თურმე, ფერეიდნელები, ვიდრე სამშობლოს დაუბრუნდებოდნენ, 400 წელი მღეროდნენ "სულიკოს", თუმცა ვახტანგ მეექვსის მიერ "მიღებული ლექსიკონებიც" ის "შედევრია", რომელიც მიშამ "უანგაროდ" დაუტოვა ქართველობას კიდევ ერთ "მარგალიტად". ამ ყველაფერს დიდი ხანია მივეჩვიეთ, მაგრამ არსებობს ხალხის კატეგორია, რომელიც ასეთ შედევრებს გაუაზრებლად ყლაპავს და რაც უნდა უმტკიცო, XIX საუკუნის მწერლის, აკაკი წერეთლის "სულიკო", რომელსაც ჰანგი შეუწყო ვარინკა წერეთელმა,”შეუძლებელია, შაჰ-აბასის კარზე ოთხი საუკუნით ადრე ემღერათ ფერეიდნელებს ანდა ვახტანგ VI ლექსიკონების შედგენით არ იყო დაკავებული, მაინც არ დაგიჯერებს, რადგან მათთვის პრეზიდენტი ის კაცი კი არ არის, რომელმაც წაგებული ომის სიმწარე ქართველობას რუსთაველზე ტაშ-ფანდურით გაანელებინა, არამედ "წამებული გმირი", რომელსაც შინა და გარე მტრებმა აღმშენებლობა არ დააცადეს.

ძნელია იმის თქმა, რატომ გამოიყვანა მიშამ ვახტანგ VI იმ მეფედ, რომელმაც "დაკრა ფეხი", მიატოვა საქართველო და გადაიხვეწა, რადგან სააკაშვილის ისტორიული პარალელები იმდენად პარადოქსული თემაა, რომ შეუძლებელია, მისი არსის გაგება. თუმცა, ფაქტია, რომ ამით შეეცადა ერთდროულად რამდენიმე კურდღლის დაჭერას. ერთი: ქართლის მეფე რუსეთს წავიდა დიდი ამალით, მაგრამ დახმარება ვერ მიიღო და იქვე აღესრულა (ეგეც თქვენი ერთმორწმუნე რუსეთი, მიშას მქირდავებო, ხომ გეუბნებოდათ, რუსებს ნუ ენდობითო!), მეორე: ვახტანგ მეფემ მიატოვა ის საქართველო, სადაც საუკუნეების მერე მთავარსარდალმა სააკაშვილმა "გმირულად”იომა" და მტერს არსად გაექცა (თუ გორის მცირე ინციდენტს და ხოხვაში გადატყავებულ ხელ-ფეხს არ გავუხსენებთ) და მესამეც: თითქმის დასრულების სტადიაშია ჩვენი პატრიარქის მიერ რუსეთთან დაწყებული მოლაპარაკება ასტრახანიდან ვახტანგ VI-ისა და თეიმურაზ II-ის გადმოსვენების თაობაზე. სააკაშვილს კი, პერევის შემთხვევიდან მოყოლებული (როცა უწმინდესის თხოვნის საფუძველზე გაყვანილი რუსის ჯარი პრეზიდენტმა ყოვლად უადგილო ნიშნის მოგებით უკანვე შემოაბრუნებინა), არასოდეს მოსდიოდა თვალში ქართველთა სულიერი წინამძღოლის ავტორიტეტი და ეს მისი კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იყო, რათა ეთქვა: - სწორედ ვახტანგ VI-ზე, იმ მეფეზე, რომელმაც მიატოვა ბრძოლის ველი და გაიქცა საქართველოდან, ეხვეწება პატრიარქი რუსებს, მისი სამშობლოში გადმოსვენების ნება დამრთეთო(?!).

ქართველი მეფის ასე ჰაიჰარად განმსჯელ პრეზიდენტს გვინდა შევახსენოთ, რომ მისგან განსხვავებით, ვახტანგ VI, როგორც მეფე და მთავარსარდალი, წინა ხაზზე, პირდაპირ სიკვდილის რკალში, შვილებთან ერთად, ხმალამოღებული იბრძოდა. ეს ქვეყნის მეთაურის უპირველესი ღირსებაა და თუ ეს არ გამოგიცდია, უხერხულია, მთავარსარდლად იწოდებოდე. ისიც უხერხულია, რომ სხვის მიერ მიტოვებულ ომსა და გაქცევაზე საუბრობდე, როცა თავად აგიმტვერებია ზურგში მირტყმული ქუსლებით, ბრძოლის ველს ვინ ჩივის, მისი მისადგომები(!). და მთავარი: ვახტანგ VI-მ მიიღო კანონები, რომლის ძალითაც მოაწესრიგა ქვეყანაში არაერთხელ დარღვეული სამართალი, ლაგამი ამოსდო თავგასულ ფეოდალებს და შვება მისცა ხალხის ქვედა ფენას, რათა მათ შრომისთვის აუცილებელი პირობები ჰქონოდათ და ქვეყანას სრულფასოვნად გამოსდგომოდნენ. ამისთვის მას სჯულმდებელი უწოდეს. ახლა შევადაროთ "გაქცეული"” ვახტანგ VI "დარჩენილ" პრეზიდენტს, რომლის "ფეოდალები" ცოცხებით აწიოკებდნენ და ცხოვრებას უნგრევდნენ ყველას, ვინც კი თვალში არ მოსდიოდათ და სხვა ათას კანონდარღვევას სჩადიოდნენ. ანდა ქილიკი "ვეფხისტყაოსნის"”ბეჭდვაზე რა საკადრისია. იმ დროისთვის სტამბის დაარსება, წიგნების ბეჭდვა და საზოგადოების განსწავლა მართლაც სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმე იყო და არა "ნაციონალური” განათლების რეფორმა", ყველაფერს რომ ასწავლის, გარდა ჭეშმარიტი ქართულისა.

რასაკვირველია, ვახტანგ მეფის ის ნაბიჯი არაერთგვაროვნად აღიქმება. ისტორიკოსთა ერთი ნაწილი რუსეთში ამალიანად წასვლას შეცდომად უთვლის და იქნებ იმ ისტორიულ მონაკვეთში ასეც იყო, მაგრამ ის ბრძოლის ველიდან გაქცეული არავის უნახავს. იბრძოლა, როგორც შეეძლო, უსაშველოდ მოძალებულ მუსლიმანთაგან ქვეყნის ხსნა ერთმორწმუნე რუსების ხელით მოინდომა (ევროპასაც სთხოვა დახმარება, მაგრამ...) და როცა უამრავმა ელჩობამ შედეგი არ გამოიღო, თავად წავიდა პეტერბურგს იმის იმედით, რომ იმპერატორთან შეხვედრა მოაგვარებდა მისი წინამორბედების დაწყებულ საქმეს. ვერ გამოვიდა ისე, როგორც ჩაფიქრებული ჰქონდა და იმედდაკარგული ასტრახანში აღესრულა.

P.S. ისევ სააკაშვილის სიტყვებით დავასრულებ: "საბოლოო ჯამში, ისტორია განგვსჯის, რადგან ქართული სახელმწიფოებრიობა ჩვენ გადავარჩინეთ"... მამაცხონებულო, თუ ისტორიის სამსჯავროს ელოდები, ბოლომდე ენდე და თავად ნუ გამოგაქვს ვერდიქტი. კიდევ საკითხავია, რა გადაარჩინე და რა - არა. უბრალოდ, ისტორიული პარალელების მოყვარულ კაცს, ისტორიული ფაქტების გარდა, ისიც უნდა გახსოვდეს, რომ წარსულის ქილიკით მომავალი არავის აუშენებია. აღმაშენებელზე აღარას ვიტყვი, თუნდაც ვახტანგ VI-ის დარი სახელი რომ შეგრჩეს საუკუნეების მერე, ქვეყნის ჭირისუფალთა ამალაში ბოკერია და თაქთაქიშვილი კი არ უნდა გყავდეს, არამედ სულხან-საბა და გურამიშვილი(!)..

დანარჩენს ისტორია მართლაც თავად განსჯის...
afxazetidan devnili qartveli
17 აგვისტო 2013 16:49
კარგი სტატიაა ნამდვილად. თუმცა, უკვე მერამდენედ, ამ შეშლილი თვითმარქვია პრეზიდენტის "ისტორიულ პარალელებს" უნდა ვუსმინოთ. უბრალოდ, ერთი რამის თქმა მინდა: როდესაც რომელიმე სახელმწიფო მოღვაწე ან თუნდაც საქართველოს ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე ღებულობს რაიმე გადაწყვეტილებას და შემდეგ ეს გადაწყვეტილება აღმოჩნდება არასწორი, ზოგიერთი ისეთ ქოქოლას დააყრის, გადაწყვეტილების მიმღები თუ მკვდარია საფლავიდან ადგება და ცოცხალს კიდე საფლავში უნდება ჩასვლა. რაღა ვახტანგ მეექვსე, გავიხსენოთ უახლესი ისტორია. მიშა 2003 წელს საქართველოში აირჩიეს დიდი უმრავლესობით. ახლა არ გაამართლა და გამოდის ზოგიერთი და იძახის, აი, თქვენ აირჩიეთ სააკაშვილი, თორემ მე სულ არ ამირჩევიაო. შე კაცო, შენ არ აგირჩევია, იმას არ აურჩევია, ის ვიღაც კიდე შენსავით ლაპარაკობს, აბა ვინ აირჩია, მე?! მე ვერ ავირჩევდი იმიტომ რომ 2003 წელს სრულწლოვანიც არ გახლდით რომ არჩევნებში მიმეღო მონაწილეობა. სამაგიეროდ ახლა 1 ოქტომბერს რომ არჩევნები იყო ხომ არ ამირჩევია. რომ მცოდნოდა იმ 2003 წელს, რომ მწამებელი იქნებოდა და ქართული სახელმწიფოს დამაქცევარი, არ ვიქნებოდი ნამდვილად მისი მომხრე. ზოგიერთს საამაყო ჰგონია ის, რომ თავის დროზე მიშა არ აირჩია. თუ იცოდი რომ არანორმალური იქნებოდა, რატომ არ გამოხვედი ქუჩაში და არ დაიწყე ხმამაღლა ყვირილი,ხალხნო, დაფიქრდით ვის ირჩევთო. ახლა მოუნდა ყველას გამოჩნდეს როგორც სწორი გადაწყვეტილების მიმღები. ანალოგიურად ავიღოთ ერეკლე მეფის მაგალითი, ზოგი აძაგებს იმის გამო, გეორგიევსკის ტრაქტატს მოაწერა ხელიო. კი, მოაწერა, რომელმაც 2 საუკუნოვან რუსეთთან მონობას შეუწყო ხელი, მაგრამ ამ მეფემ ხომ არ იცოდა რომ რუსეთი უღალატებდა?! სამაგიეროდ სამშობლოს სიყვარული იცოდა. ან რომც ცოდნოდა ამ მონობაზე, განა სხვა საშველი ჰქონდა?! იმ დროს ხომ საქართველოს წინააღმდეგ არამარტო რუსეთი, მუსულმანებიც იბრძოდნენ. იგივე შემიძლია ვთქვა ვახტანგ მეექვსეზეც, რუსეთში ღალატისთვის კი არ წასულა, რუსეთში საქართველოს სიყვარულით წავიდა. ამ ბედოვლათმა კიდე-აღმაშენებლად რომ წარმოუდგენია თავი, კაცები გააუპატიურა ციხეში და ქალები კიდე საზღვარგარეთ გაყარა რომ ოჯახები არჩინონ და რისი გადატანა არ უხდებათ იმ საწყლებს მანდ. ხოლო მის მიერ ტერიტორიების დაბრუნების ტყუილი დაპირებები ყველას ახსოვს. და სხვათაშორის, სულ ამბობდა, მე თუ ტერიტორიები ვერ დავიბრუნე, ჩათვალეთ არაფერი გამიკეთებიაო. ახლა კიდე 21-ე საუკუნეში დენი რომ გვაქვს იმას გვაყვედრის და სახელმწიფოს აღმშენებლობაზე საუბრობს. ასე რომ,ერთია როცა უშვებ შეცდომას და მეორეა, რა გაშვებინებს ამ შეცდომას - სამშობლოსადმი სიყვარული თუ სამშობლოსადმი ზიზღი.
მართლაც, ისტორია განსჯის ამ ყველაფერს.
datiko48
16 აგვისტო 2013 01:50
lalo-შედი პოლიტიკაზე,ჩაყევი დაბლა და წაიკითხე ჩემი კომენტარი,სტატია-"როცა დუმილი ოქრო არ არის,ანუ 26 მაისი FBI-მ "გააპრავა",და გამოიტან დასკვნას,მე ასე მგონია.
lalo
15 აგვისტო 2013 11:39
ვინ გაგვცემს პასუხს კითხვაზე, როგორ მოექცა სააკაშვილი ქვეყნის სათავეში, თუ მისი ფსიქიკა არ შეესაბამება ნორმალურისას, ან რატომ ვერ ვუმკლავდებოდით რამდენიმე მილიონი ქართველი რამდენიმე კაციან ჯგუფს და თავს ლაფს (სხვა რამეებსაც) ვასხმევინებდით, ან რატომ ვითმენთ დღემდე ისევ იმ რამდენიმე კაციანი ჯგუფის ცინიზმსა და მუქარას? აუუუუ, არის მანდ ვინმე? გამეცით პასუხი!

რედაქტორის რჩევით