"თუ საქართველო რუსეთის ჩექმის ქვეშ დაბრუნდება, გიორგი აბაშიძეს მართლაც აქვს შანსი, აჭარის ლიდერი გახდეს" - კვირის პალიტრა

"თუ საქართველო რუსეთის ჩექმის ქვეშ დაბრუნდება, გიორგი აბაშიძეს მართლაც აქვს შანსი, აჭარის ლიდერი გახდეს"

"გამიკვირდებოდა, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ასლან აბაშიძეს და მის ვაჟს არ მისცემოდათ საქართველოში დაბრუნების შესაძლებლობა", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა კობა ხაბაზმა, რომელიც წლების განმავლობაში ებრძოდა ასლან აბაშიძეს:

- დაბრუნების შანსი მისცეს ყველას, ვინც სახელმწიფოს საწინააღმდეგო ქმედებებში იყვნენ მხილებული. მეტიც, ამ ხელისუფლებამ საპატიმროებიდან გამოუშვა ყველა, ვინც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში იყო ბრალდებული. ჯაშუშობის ერთი საქმეც არ გაუხსნიათ. ხელისუფლების ქმედებებიდან გამომდინარე ან ის უნდა ვიფიქროთ, რომ რუსეთს საქართველოში ჯაშუშები არ ჰყავს, ან ისეთი ხელისუფლება მოვიდა, რომელიც ანგარიშვალდებულია რუსეთთან და მხოლოდ ჯაშუშებს კი არ გამოუშვებს, არამედ საქართველოში დააბრუნებს ყველა იმ პირს, ვინც სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედებებშია ბრალდებული.

- გიორგი აბაშიძეზე საქმე არ აღძრულა.

- მაშინ ჩამოსულიყო, ვინ უშლიდა?

- რადგან საქართველოში ჩამოსვლით დიანა აბაშიძეს პრობლემები შეექმნა, ჩანს, აღარ გარისკა.

- ე.ი. ჰქონია სამართლებრივი პრობლემები. თუ გიორგიზე საქმეები არ არის აღძრული, ეს ჩვენი ხელისუფლების მინუსია, კარგად ვიცით, ვინ რას აკეთებდა აჭარაში.

- აჭარის რევოლუციამდე გიორგი აბაშიძეს მართლა შესთავაზეს, ასლანი წავიდეს და შენ დარჩი მის ადგილზეო?

- აბსურდია! ხელისუფლებას ასეთი ოფიციალური პოზიცია არ ჰქონია. თუ ვინმე საკუთარი ინიციატივით ცდილობდა გიორგის გამოყენებას, არ ვიცი...

- გიორგი აბაშიძის თქმით, ვიღაცებმა მაგული გოგიტიძის საფლავის ამოთხრა სცადეს.

- ჩვენი ხელისუფლებიდან არავინ აპირებდა აბაშიძის მეუღლის საფლავის ამოთხრას. რომ გვნდომოდა, ვერ მოვახერხებდით? ასლან აბაშიძე ცდილობდა საქართველოს დანაწევრებას. 2002-2003 წლებში ჩოლოქზე სასაზღვრო-გამშვები პუნქტის არსებობა ვერანაირად ვეღარ იქნებოდა "მხედრიონისა" და გვარდიის თარეშის გამოძახილი.

- ასლან აბაშიძეც აპირებს დაბრუნებას. თუმცა, რამდენადაც ვიცი, ის დღემდე ძებნილია...

- კიტოვანი თუ ჩამოვიდა და იგორ გიორგაძეც აპირებს ჩამოსვლას, ასლან აბაშიძის დაბრუნება რატომ გამიკვირდება? ბევრი ძებნილი დაბრუნდა, რომელთაც ბრალდებები მოუხსნეს. ასლანი ჩამოვა, თუ წინასწარ მიიღებს გარანტიებს ხელისუფლებისგან. სიმბოლურად შეიძლება დააკავონ, მაგრამ მალევე გაათავისუფლებენ.

- ერთ-ერთი ვერსიით, შეიძლება გიორგი აბაშიძე აჭარის ლიდერადაც მოგვევლინოს.

- თუ საქართველო რუსეთის ჩექმის ქვეშ დაბრუნდება, გიორგი აბაშიძეს მართლაც აქვს შანსი, აჭარის ლიდერი გახდეს.

- გაქცეულები თქვენს ხელისუფლებასაც ბლომად ჰყავს. ალბათ, ამ ხალხმა იფიქრა, ისეთი დანაშაულები ჩავიდინეთ, რის გამოც დავისჯებითო.

- ისინი ხომ რუსეთში არ იმალებიან? განსხვავება დიდია, როდესაც ოკუპანტი ქვეყნის ტერიტორიაზე მიდიხარ და როცა მიდიხარ ავსტრიაში ან ისრაელში. ზოგი მზად არის რეპრესიულ მანქანას ებრძოლოს და ციხეში ჩაჯდეს, ზოგს ეს არ შეუძლია, მაგრამ არ ნიშნავს, რომ დანაშაული ჩაიდინეს. უბრალოდ, მზად არ არიან გაუძლონ პოლიტიკურ დევნას...

- წარმოგიდგენიათ, რომ თქვენი ხელისუფლების დროს ბაჩო ახალაიას რანგის ჩინოვნიკი სასამართლოს გაემართლებინა?

- ახალაიას რანგის ჩინოვნიკი ოქრუაშვილი დააკავეს და მეორე დღეს სატელევიზიო აღიარება გააკეთა. მაშინდელი ოპოზიცია ამ ფაქტს ასე ხსნიდა, ფსიქოლოგიურ ზეწოლას ვერ გაუძლოო.

- ეტყობა, ბაჩო ახალაიაზე არ ხდება ზეწოლა და ამიტომაც დღემდე არ არსებობს მისი აღიარებითი ჩვენება.

- მომხრე ვარ, რომ ბაჩოზეც იყოს ზეწოლა. მაინტერესებს, რამდენად გაუძლებს. ნუთუ საქართველოს ორი ისეთი თავდაცვის მინისტრი ჰყავდა, რომლებიც ფიზიკურ კი არა, ფსიქოლოგიურ ზეწოლასაც ვერ უძლებენ? ოქრუაშვილი ტყვედ რომ ჩავარდნოდა ოსებს, მოეფერებოდნენ? ზეწოლას მოახდენდნენ და ისიც მთელ სახელმწიფოებრივ საიდუმლოს გათქვამდა! ახალაია მონსტრად დახატა მაშინდელმა ოპოზიციამ და რაზე ასამართლებენ დღეს? ჯარისკაცები წელს ზევით გახდილები ავარჯიშა თოვლში, როცა ჯარისკაცმა შეაგინა, ახალაიამ დანის ტარი ჩაარტყა თავში, "კანონიერი ქურდებისგან" არ აიღო "ობშჩიაკი" და მისი შეგროვება აკრძალა - ამისთვის ასამართლებენ და სად არის მტკიცებულებები იმ დანაშაულებზე, რასაც ყოფილი ოპოზიცია უყენებდა? დღევანდელი ხელისუფლება საკუთარი სიტყვების ტყვეა. არჩევნებში წაგებისა და ქვეყანაში არეულობის მოწყობისთვის ემზადებოდნენ და ყველაფერს კადრულობდნენ, რაც ენაზე მოადგებოდათ.

რატომ არ დაიკლო ბენზინის ფასმა? სად არის 240-ლარიანი პენსია? სად არის უფასო განათლება და 2%-იანი იპოთეკური სესხები?

სხვა ბანკები თუ არ არიან თანახმა, ივანიშვილს ორი საქართველოს ბიუჯეტისოდენა ფული აქვს და თავისი ბანკიდან გასცეს 2%-იანი სესხები. წამგებიანია? მაშინ რატომ ჰპირდებოდა ხალხს?!

- პრეზიდენტმა განაცხადა, ამერიკელები ომის დროს მეუბნებოდნენ, გაგიყვანთ ქვეყნიდან და საქართველოში რაც იქნება, იქნებაო.

- უთხრეს, გაგიყვანთ ქვეყნიდან და თქვენს უსაფრთხოებას უზრუნველვყოფთო. იქ მყოფი რამდენიმე კაცი მიშას ეუბნებოდა, უნდა წახვიდეო, მაგრამ კატეგორიული უარი თქვა. მეტიც, ოღონდ თბილისი არ გაენადგურებინათ, მზად იყო, პირადად წასულიყო მოლაპარაკებაზე, რომელიც, დარწმუნებული ვიყავით, მისი დაპატიმრებით დასრულდებოდა.

- მაინც სად მიდიოდა სააკაშვილი?

- გორში ჩასვლას და საქართველოში შემოჭრილ სამხედროებთან აპირებდა ლაპარაკს... მაშინდელმა ოპოზიციამ დაამკვიდრა ფრაზა, ასზე მეტი სოფელი დაიკარგაო, ამით ცდილობენ ვითარების დამძიმებას, მაგრამ რა მივიღეთ ამ დანაკარგის ნაცვლად? რუსები აღარ არიან მშვიდობისმყოფლები, მსოფლიომ აღიარა ოკუპაცია, ეთნოწმენდა და თუ რამე პრობლემა აქვს დღეს რუსეთს, საკუთარი აღიარების უკან წაღება და ამ ტერიტორიებიდან თავისი შეიარაღებული ძალების გაყვანაა.