გიგი უგულავა:: "ბაჩო ახალაიასთან პირადად ბევრი კითხვა მაქვს" (ექსკლუზივი)
12-08-2013
გიგი უგულავა:: "ბაჩო ახალაიასთან პირადად ბევრი კითხვა მაქვს" (ექსკლუზივი)
"რომელი ქანთარია მე ვარ, დროშა სადმე ჩამერჭო"

"მე ივანიშვილს რუსულ პროექტს არ დავარქმევდი"

"ამ წინადადებით სააკაშვილმა პუტინს ტესტი ჩაუტარა"

"ჩვენ დროს ასეთი იმბეცილი, ერთუჯრედიანი პროკურორები რომ იყვნენ, იმიტომაც წავაგეთ..."


"არანაირი სამართლიანობის აღდგენა არ მიდის, ეს არის ჩვეულებრივი შურისძიება უმრავლესობის სახელით. ერთი წელია წარსულის ქექვით ვცხოვრობთ", - აცხადებს თბილისის მერი გიგი უგულავა, რომელიც დიდი ხნის შემდეგ "კვირის პალიტრის" სტუმ
არია. როცა "ნაცმოძრაობა" ხელისუფლების სათავეში იყო, მაშინ ქალაქის მერს დაგროვილ კითხვებზე პასუხის გასაცემად არ ეცალა; სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო, ნათქვამია...


- რა ფუნქცია ჰქონდა თბილისის მერს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს?
- სრული აბსურდი და სისულელეა გავრცელებული აზრი, თითქოს მე სამხედრო გადაწყვეტილებებს ვიღებდი. ეს კითხვები, ალბათ, იმიტომ გაჩნდა, რომ ყოველდღე ცხელ წერტილში ვიყავი. აბა, სად უნდა ვყოფილიყავი, როდესაც
მთელი თბილისის სასწრაფო დახმარება და სამაშველო სახანძრო სამსახური საომარ პროცესებს ემსახურებოდა?

- მაშ, რატომ გაახმაურეთ ცნობილი მორატორიუმის ტექსტი, რომელმაც რუსებს მანევრირების საშუალება მისცა?
- არ მაინტერესებს, ვინ რას ლაპარაკობს ამ თემაზე. ეს განცხადება მე კი არა, სანაკოევმა გააკეთა.

- სანაკოევი ეგეთ საკითხებს ვერ გადაწყვეტდა. თქვენ არ გამართეთ ბრიფინგი?
- სანაკოევი ჩემ გვერდით იდგა და ვინაიდან ქართულად ვერ ლაპარაკობდა, რუსულად გააკეთა განცხადება. მე მას მეგობრულად დავეხმარე და იგივე განცხადება ქართულად გავაკეთე. თარჯიმნები უნდა გვეძებნა?

- როგორც ცნობილია, თქვენ საინფორმაციო-პროპაგანდისტულ საკითხებს აგვარებდით. ცხინვალში ყველაფრის დასრულების შემდეგ აქცია უნდა ჩატარებულიყო, რისთვისაც დროშები და პლაკატები ყვითელი ავტობუსებით გქონდათ მობილიზებული.
- ამ სპეკულაციას პირველად ვიგებ თქვენგან. იქ შევსულიყავით და ვისაც უნდა, იმას ჩაეტარებინა აქცია. არ ვიცი, რა გიპასუხოთ, რომელი ქანთარია მე ვარ, დროშა სადმე ჩამერჭო. ეს ჭორია და მეტი არაფერი.

- ავტობუსებსა და პიკაპებში დროშები არ გქონდათ?

- მსგავსი არაფერი ყოფილა. როცა ამხელა ტრაგედიაზე ვლაპარაკობთ, ამაზე კომენტარები არასერიოზულია.

- თქვენი გუნდის წევრებისგან მომისმენია, რომ ცხელ წერტილში მედიის მუშაობას უწევდით კოორდინირებას.
- არა, მე რა შუაში ვიყავი, იქ ძირითადად სხვადასხვა უწყების პრესსამსახურები მუშაობდნენ. გორის მედიაცენტრში მხოლოდ ორჯერ მივედი, რომ ინტერვიუ მიმეცა ჟურნალისტებისთვის.

- ჰქონდა თუ არა საქართველოს საომარი მოქმედებების გეგმა?
- მოდი, ტერმინებს დავაზუსტებ. ომი გლობალური მოვლენაა, როდესაც ქვეყნებსა და ცივილიზაციებს შორის ხდება შეჯახება. მე ამ მოვლენას საბრძოლო მოქმედებებს დავარქმევდი, რომელიც რუსეთ-საქართველოს შორის მიმდინარეობდა ჩვენს ტერიტორიაზე. ახლა რა ვქნათ, თავზე ნაცარი წავიყაროთ და ვიძახოთ, დათვო, ბაბაია, ბაბაიაო?! რა მოაქვს ამას? დღეს რამე შეიცვალა რუსეთთან? ლაპარაკი იმაზე, რომ საქართველომ დაიწყო საბრძოლო მოქმედებები, არათUუ მავნებლობა, არამედ პირდაპირ ქვეყნის ღალატია.

- სააკაშვილი ჯიუტად ამბობს, რომ ივანიშვილი რუსეთის პროექტია. თქვენც ასე ფიქრობთ?

- რაღაც კავშირები რუსეთთან, ალბათ, აქვს და არც მალავს. მე მას რუსულ პროექტს არ დავარქმევდი.

- წინასაარჩევნოდ "ნაციონალური მოძრაობის" მთელი შემადგენლობა ამაზე ლაპარაკობდა.

- წინასაარჩევნო პერიოდს თავი დავანებოთ, მე ვამბობ, დღეს რა არის.

- ტერიტორიების სანაცვლოდ შეიძლება გამართლებულად ჩაითვალოს ნატოსა და ევროპულ ოჯახში გაწევრებაზე უარის თქმა, როგორც ეს სააკაშვილმა განაცხადა?

- ეს შედარება არათანაზომადი და უადგილოა, რადგან ეს საკითხი არ დგას.

- ცდებით, პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს პუტინმა შესთავაზა.
- ნატოში გაწევრება-არგაწევრება არ არის სააკაშვილის, უგულავასა და ივანიშვილის გადასაწყვეტი. თუ პუტინი დათანხმდებოდა რეფერენდუმზე, ხალხი გადაწყვეტდა, რა ჯობდა ქვეყნისთვის. ეს წინადადება სააკაშვილის დიპლომატიური მანევრი იყო. ამით რუსეთს ტესტი ჩაუტარა და საზოგადოებას აჩვენა, რომ პუტინი ამ თემას არც განიხილავს.

- როგორ შეაფასებთ სამართლიანობის აღდგენის პროცესს, რომელიც ქვეყანაში მიდის?
- არანაირი სამართლიანობის აღდგენა არ მიდის, ეს არის ჩვეულებრივი შურისძიება უმრავლესობის სახელით. ერთი წელია წარსულის ქექვით ვცხოვრობთ.

- სამართლიანობის აღდგენა საზოგადოების დაკვეთაა და თუ არ შესრულდება, შესაძლოა ხელისუფლება გადაჰყვეს.
- რატომ გგონიათ, რომ მინდია უგრეხელიძის სამართალი სამართალია და კუბლაშვილისა არა? რატომ გგონიათ, რომ მურთაზ ზოდელავას პროკურატურა არ იყო სამართლიანი და ლაშა ნაცვლიშვილისა არის?! 5 წელი გავა და ვნახავთ, რასაც გააკეთებენ, ამის შემდეგ თავიდან უნდა დავიწყოთ ქექვა? პოლიტიკა რა არის? - არის რაღაცების გაკეთება და რაღაცებზე უარის თქმა. ჩემი აზრით, დღეს მთავარია, მთავრობამ ეკონომიკას მიხედოს.

- თქვენი აზრით, ის ადამიანები უდანაშაულონი არიან, რომლებსაც დღეს პანტაპუნტით ამართლებენ?

- მე მოსამართლე არა ვარ... ნამდვილად არა ვარ ბაჩო ახალაიას ადვოკატი და როდესაც ციხიდან გამოვა, პირადად ბევრი კითხვა მაქვს მასთან. მაგრამ თუ ბაჩო ახალაიას ტარიელ ფოცხვერიას ჩვენებით ასამართლებ ციხის ბუნტზე, ეს სისტემის პრობლემაა. იმიტომ არის თემიდა თვალახვეული, რომ უნდა მოიტანო მტკიცებულება და არ მოიყვანო მოწმეები, რომლებსაც შპარგალკები აქვთ ხელზე დაწერილი.

- პროკურორები, რომლებსაც ახლა აკრიტიკებთ, თქვენს დროს დაინიშნენ თანამდებობებზე.
- სხვათა შორის, ბაჩო ახალაიას პროკურორები არ იყვნენ ჩვენს დროს. ჩემს სასამართლოზე ვინც იყო, ისინი მართლაც ჩვენს დროს დაინიშნენ. ამიტომაც სასამართლოდან გარეთ რომ გამოვედი, ადვოკატს ვუთხარი, ნუთუ ეს იდიოტი პროკურორები ჩვენთან მუშაობდნენ-მეთქი?
ასეთი იმბეცილი, ერთუჯრედიანი პროკურორები რომ იყვნენ, მივხვდი, რატომაც წავაგეთ არჩევნები და ეს ამბავი დაგვემართა.

- ვიდეოფირებზე გკითხავთ. როგორ ფიქრობთ, თქვენც გითვალთვალებდნენ?

- რა ვიცი, როგორც ამბობენ, ჩემზეც აქვთ ვიდეოფირი.

- რომ თქვით, ბაჩო ახალაიასთან კითხვები მაქვსო, ამ საკითხს ხომ არ ეხება?

- ბევრთან შეიძლება მქონდეს კითხვა, მაგრამ როცა კაცი ციხეში ზის, რა კითხვა უნდა დავუსვა.

- მინდა რიყის თემას შევეხო, რომელიც თბილისის მერიამ ჯერ გაყიდა, შემდეგ ორმაგ ფასად უკან შეისყიდა.

- მოდი, მაგ თემაზე მოგიჭრით, ვინაიდან სასამართლო განხილვა მიმდინარეობს, მიზანშეწონილად არ მიმაჩნია ახლა ლაპარაკი. სიმართლეს სასამართლოზე ვიტყვი.

- წინასაარჩევნოდ აქტივისტების დასაქმების სკანდალზე რა კომენტარს გააკეთებთ?
- ესეც სასამართლო დავის საგანია და იქ მობრძანდით.

- კუს ტბაზე, რეკრიაციულ ზონაში რესტორანი რომ შენდება, ეს ხომ არ არის სასამართლოს საქმე?
- ბრალდება, რომ მერია ხეებს ჩეხს, არათუ თითიდან გამოწოვილია, არამედ ამორალურიც. რაც შეეხება ამ შემთხვევას, ტყუილების კასკადზე იყო აწყობილი. ამ ტერიტორიაზე ერთი ხე გადაირგო, იქ საოჯახო ტიპის საბავშვო ცენტრი შენდება, ბუნებრივია, კაფეც იქნება. თუ ხელისუფლება თალიბივით მოიქცევა, ბიზნესი მისი პარტნიორი არასოდეს იქნება.

- ხალხი სამართლიანობის აღდგენას ითხოვს, პრეტენზიები აქვთ თქვენთანაც...

- მე ვაგრძელებ საქმიანობას, ერთი დღე არ შეწყვეტილა არც ერთი პროექტი. თუ იმპიჩმენტზე მეკითხებით, ვერ იქნება, რადგან ეს პრინციპულად რთულია. სტანდარტული იმპიჩმენტი უნდა მოხდეს სასამართლოს თანხმობით და ორმა მესამედმა უნდა გადაწყვიტოს ეს საკითხი. ამ ყველაფრის დაწყება, როცა არჩევნებამდე 8 თვეა დარჩენილი, არასწორია.

- თეთრ სავარძელში რომ შესწორდით, გამახსენდა ის ცნობილი ფოტო, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა, სადაც თქვენ კარგად ნასვამი ხართ სტრიპტიზიორ ქალბატონებთან ერთად.

- რა კომენტარი უნდა გავაკეთო ამ ფოტოზე? მეგობრების წრეში დაბადების დღეზე ვიყავი. რატომ ვიყავი? თუ ნასვამი რატომ ვიყავი, ამაზე გავაკეთო კომენტარი?

- თქვენ საჯარო პირი ხართ, საპასუხისმგებლო თანამდებობაც გიკავიათ. საზოგადოების ნაწილს კითხვები გაუჩნდა, ხომ არ იხარჯება ბიუჯეტის ფული უგულავას "გულაობისთვის"?
- მასპინძელი კი არა, სტუმარი ვიყავი იმ დღეს. ვინ როგორ და სად ისვენებს, ეს მისი საქმეა. თქვენ მეკითხებოდით, ფარულად როგორ უთვალთვალებდნენ ხალხს. რა განსხვავებაა იმ ჩანაწერსა და ამ სურათს შორის, ესეც ხომ პირად ცხოვრებას ეხება? ისიც არასწორია და ესეც.

უტა ბიწაძე
ioseb sharashenidze
14 აგვისტო 2013 02:48
ძვირფასო ნატა, ჯე ერთი, ყვითელ ავტობუსში შესეულებს რომ ეძახით, ესენი ამოწმებენ მგზავრებს, რომ უბილეტოდ არ იმგზავრონ.
მეორეც, მეც ავტობუსით ვმგზავრობ და ძალიან თავაზიანები არიან, ბილეთს თან გიმოწმენენ თან ბოდიშს გიხდიან და თქვენ თუ უბილეთოდ მგზავრობის გამო დაგაჯარიმეს და მაგიტომ ხართ განაწყენებული ეგ სხვა საკითხია. ასე, რომ თქვენი მხრიდან ცოტა უხერხულია ასეთი შეურაწმყოფელი გამონათქვამები იმათ მისამართით ვინც პატიოსანი შრომით ორ კაპიკს შოულობს.
levan
13 აგვისტო 2013 21:53
ივანიშვილს რა ვუთხარი, მაგის ადგილზე სულ მიწაზე გაფორთხიალებდით.  კიდევ აქეთ გადმოდიხარ შეტევაზე?
ნატა
13 აგვისტო 2013 21:51
უგულავა მთელი დღე უნდა ატარო მის მიერ მოწონებული აქოთებული და ვადაგასული ყვითელი ავტობუსებით, რომლებზედაც შესულებია ყვითელი და ლურჯფორმიანი სუბიექტები, რომლებიც შეურაცხმყოფელად ექცევიან მოქალაქეებს და შემდეგ გააკეთოს დასკვნა მის მიერ გაკეთებულ „კეთილ" საქმეებზე.
აჯარიმებენ ვითომ 5 ლარით და საბოოლოოდ 6 ლარს იხდის გაუბედურებული, არაფრის მქონე მოქალაქე, რომელსაც სამგზავრო 50 თეთრი არ გააჩნია და 6 ლარს როგორ გადაიიხდის?

რჩევას ვაძლევ უგულავას: უნდა გაიაფდეს მგზავრობა, როგორც სამარშრუტო, ასევე საქალაქო ტრანსპორტზე.

რედაქტორის რჩევით