ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი
12-08-2013
ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი
საქართველო და აზერბაიჯანი რუსული იერიშის მოლოდინში?!

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა აზერბაიჯანელი დეპუტატის, აზერბაიჯანის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ერთ-ერთი წევრის ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თურქეთმა და აზერბაიჯანმა დაიწყეს ერთობლივი არმიის ფორმირება. ეს ინფორმაცია ათვალსაჩინოებს იმ საფრთხესა და პერსპექტივას, რომელიც კავკასიის რეგიონს და მათ შორის, საქართველოს ელოდება.

მიუხედავად იმისა, რა შედეგამდე მივა ეს პროცესი, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია იმ მიზეზების განხილვაც, რამაც აზერბაიჯანი ამ იდეამდე მიიყვანა. ერთ-ერთი უმთავრესი ამ მიზეზთა შორის უდავოდ იქნება
რუსეთის უპრეცედენტოდ გაძლიერებული ზეწოლა აზერბაიჯანის ხელისუფლებაზე საბაჟო კავშირში გაწევრების მოთხოვნით.  პარალელურად, რუსეთი აქტიურად ამზადებს ალიევების ხელისუფლების შემცვლელს და ამისთვის რუსეთში მცხოვრებ დიდი ფინანსური რესურსების მქონე აზერბაიჯანელებს აერთიანებს. როგორც ჩანს, ეს რეალური საფრთხეა ალიევების ხელისუფლებისთვის ოქტომბერში დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების წინ და ერთიანი თურქულ-აზერბაიჯანული არმია, რა თქმა
უნდა, რეალური ფარია რეგიონის ყველა ქვეყნის გადამეტებული ამბიციის წინააღმდეგ. მაგრამ ამ იდეის რეალობად გადაქცევა ხანგრძლივი და წინააღმდეგობებით სავსე პროცესია, რუსეთის მასშტაბური ზეწოლა აზერბაიჯანის საკუთარი გავლენის სფეროში დასაბრუნებლად კი - უახლოესი თვეების საქმე.
საზოგადოდ, ნატოს წევრი თურქეთისა და დსთ-ის წვერი აზერბაიჯანის არმიების შესაძლო გაერთიანება საინტერესო პრეცედენტია, რაც ფაქტობრივად, აზერბაიჯანში ნატოს ჯარის განლაგების ტოლფასია. იქნებ ამ იდეის უკან ნატოს ახლებური ტაქტიკა დგას; თავი აარიდოს რუსეთის გაღიზიანებას ნატოს შემდგომი გაფართოებით და კავკასიის და უფრო ფართოდ, კასპიის ზღვის რეგიონის გაკონტროლებას ასეთი, ერთი შეხედვით, ნაკლებად მასშტაბური და რეზონანსული ნაბიჯებით აპირებს. თანაც, აზერბაიჯან-ირანის საზღვართან, ფაქტობრივად, ნატოს არმიები იქნებიან განლაგებული.

ამასთან, ეს იდეა კარგად ეწერება ამერიკის პოლიტიკური ელიტის ერთ ნაწილში, - ამ პოპულარული ხედვის თანახმად, აშშ-ის რესურსები ამოწურვადია. ამიტომ, საკუთარი რესურსების დაზოგვის მიზნით, აშშ-მა მისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონები უნდა გააკონტროლოს პარტნიორი ქვეყნების მეშვეობით. ანუ შეირჩეს ამა თუ იმ რეგიონში აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, ამ შემთხვევაში თურქეთი, და მისი მეშვეობით განახორციელოს სასურველი აქტივობები.

თუმცა, ერთიანი აზერბაიჯანულ-თურქული არმიის იდეას რუსულ მედიაში უკვე მოჰყვა მძაფრი გამოხმაურებები და შეფასდა როგორც საფრთხე, რომ პერსპექტივაში რუსეთი დაკარგავს კონტროლს შავ და კასპიის ზღვებზე. რუსების ეს შეფასება მიგვანიშნებს იმაზეც, რომ ის საქართველოს ამ ალიანსის არაფორმალურ წევრად მოიაზრებს. რეალურადაც, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გარეშე დასავლეთის ენერგეტიკული პოლიტიკა შავი და კასპიის ზღვების რეგიონში დიდი სირთულეების წინაშე დადგება, ისევე როგორც აზერბაიჯან-თურქეთის ნებისმიერი სახის ალიანსი. ამიტომ რუსეთი შეეცდება დასწრებაზე ითამაშოს და მანამდე შეცვალოს თავისდა სასიკეთოდ ვითარება აზერბაიჯანში, სანამ ბაქო რუსეთისგან თავდაცვის ეფექტურ ფარებს აიფარებს.

მაგრამ ყველაზე სუსტ რგოლად ამ თამაშში ისევ საქართველო რჩება - ისევე როგორც 2008 წლის აგვისტოში ნატოს შემდგომი გაფართოების შესაჩერებლად,  როგორც თავად რუსეთის პრემიერი და პრეზიდენტი აღიარებენ, სამაგალითოდ დაისაჯა საქართველო. ახლაც ნატოს სამხრეთ კავკასია-კასპიის ზღვის რეგიონის გაკონტროლების ახალი ტაქტიკის შესაჩერებლად და მადის დასაკარგად რუსეთისთვის ყველაზე იოლ ნაბიჯად საქართველოზე თავდასხმა რჩება. თავდასხმაში არ იგულისხმება მაინცდამაინც რუსეთის სამხედრო შენაერთების შემოსვლა საქართველოს ტერიტორიაზე. სურვილის შემთხვევაში რუსეთს საქართველოში დესტაბილიზაციისა და მართვადი ქაოსის მოწყობის არაერთი რესურსი აქვს. მით უმეტეს, რომ რუსეთს უკრაინისა და სომხეთის საბაჟო კავშირში დამკვირვებლის სტატუსით შეყვანის შემდეგ, პოსტსაბჭოთა სივრცეში გასანეიტრალებელი საქართველო და აზერბაიჯანი დარჩა.
ზურაბ წოწორია
12 აგვისტო 2013 11:46
ძალიან მაინტერესებს ქალბატონო ხათუნა, თქვენ თუ ხედავთ ამ მძიმე პერსპექტივაში, როგორც ერთი მოქალაქე საკუთარ წვლილს? თუ ვერ ხედავთ შემიძლია დაგეხმაროთ. რაც ეხლა ხდება ამის შესახებ პროგნოზები გაკეთებულია 2005 წელს ტელეკომპანია კავკასიის ეთერში. ამას გარდა არის შეთავაზება ქართული საზოგადოებისათვის, თუ რა სტრატეგიით უნდა გვემოქმედა. ნუთუ ეს მარტო მე მოვისმინე? სიყრუე ქალბატონო ხათუნა თავგანწირული სიყრუე აი მიზეზი. მთელი ქვეყანა დაავადებულია და ვეღარ ამჩნევს. წერას აუტანია ხალხი წერენ და წერენ თუ რა ჭკვიანური აზრები მოსდით თავში და ერთობიან ნარცისიზმით. ნუთუ მარტო მე უნდა ვეხმარებოდე ამ ადამიანს, რომ საზოგადოებრივი ყურადღების ღირსი გახდეს? კი ბატონო განუხორციელებელმა იდეებმა წალეკა საქართველო, მაგრამ საგარეო საფრთხეების თავიდან არიდების შესაძლებლობაზე არავის არანაირი იდეა არ გააჩნია, თუ ცდები?.. ეს ნაწილი პრობლემატიკისა აბსოლუტური ყამირია და როგორ ახერხებთ ამ თემაზე საუბარს თავის არიდებას? გამაოგნებელი სიყრუეა.

რედაქტორის რჩევით