მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

პრეზიდენტობის ციებ-ცხელება

ამერიკაში ოქროს ციებ-ცხელება იყო, საქართველოში - პრეზიდენტობისაა. თუ ამერიკაში ხალხს ოქროს მოპოვება ეგონა გამდიდრების ყველაზე მარტივი საშუალება, აქ ასეთ საშუალებად, ეტყობა, პრეზიდენტობა მიაჩნიათ. ან არადა, ერთობიან უბრალოდ.  აქაოდა, ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტს ბევრი არაფერი საქმე ექნებაო, ყველას მოუნდა. არა, ადრეც კი უნდოდათ, მაგრამ ამდენს - არა. ახლა კი... ვის არ ნახავთ კანდიდატთა შორის: პოლიტიკოსებს, მომღერალს და მრავალშვილიან დედასაც კი... გელა სალუაშვილი სულაც უფლის სახელით მოდის. მის პროგრამას ასეც ჰქვია: "უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველო". ბესიკ ადამია აცხადებს, კეთილთვისებიანი სტალინი ვიქნებოდიო (ეტყობა, ამას სტალინი სიმსივნე ჰგონია), გემს ავაშენებდი, დამნაშავეებს იქ შევყრიდი და დავარქმევდი "ციხე-გემ ლაზიკასო". მანვე პრესკონფერენციაზე აპარატი წარმოადგინა, რომელიც, მისი თქმით, დენის წყაროში შეერთების შემთხვევაში დენის მოხმარებას 30 პროცენტით ამცირებს (ე, ბიჭო, ასეთი რაღაცები თუ იცი, მაინცდამაინც პრეზიდენტად უნდა აგირჩიოთ, რომ გვასწავლო?!). პრეზიდენტობის კანდიდატი ასმათ მაჭავარიანი შვიდი შვილის დედაა. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კანდიდატია ნიკოლოზ გორგიჯანიძე. ჩემი კონკურენტი მხოლოდ სატანააო. პენსია 300 დოლარი იქნება, დიასახლისებს 200 დოლარი ექნებათ, ხოლო უსაქმურებს - 150 დოლარიო.

ახლა ამბობენ, მომღერალი გია სურამელაშვილიც აპირებს პრეზიდენტობასო. იმდენი თაყვანისმცემელი მყავს, ხმებს როგორ ვერ მოვაგროვებო (მისი და ნინო ბურჯანაძის დებატები იქნება საინტერესო, რომ უმღერებს: "ნინიკო, ნინიკო, ნინიკოოო"). ამის შემხედვარე ერთ სკანდალურად ცნობილ ქალ მსახიობს, იუნა შაფათავასაც გასჩენია ასეთი სურვილი. მე ვისზე ნაკლები ვარო და სოციალურ ქსელში დაწერა, თუ მე გავხდები პრეზიდენტი, საჭმელიც ოხრად გექნებათ და სექსიცო.

მართალია, თითოეულმა ამ ადამიანმა, საბოლოოდ არჩევნებში მონაწილეობის უფლება რომ მისცენ, 26 ათასი ხელმოწერა უნდა შეაგროვოს, მაგრამ უკვე ხომ დაირქვეს კანდიდატები, ჰოდა, ვისი დაპირებაც მოგწონთ, მოუწერეთ ხელი. მოკლედ, არჩევანი ოხრადაა. გააჩნია, თქვენთვის რა არის პრიორიტეტი: რელიგია, პენსიები, დენის ეკონომია, სიმღერები, ჭამა თუ სექსი. თუმცა მე მაინც ვფიქრობ, ეს არ არის საკმარისი.

ჩვენ კიდევ უნდა მოვიზიდოთ პრეზიდენტობის კანდიდატები და მათი რაოდენობით მსოფლიო რეკორდი დავამყაროთ. ამით მაინც ვიყოთ გამორჩეული!..

ამიტომ შევქმნათ სპეციალური სლოგანები და მოწოდებები, რომლითაც ხალხს საპრეზიდენტო მარათონში ჩართვის სურვილს გავუჩენთ. რამდენიმე სლოგანი უკვე მოვიფიქრე: "ყველანი კანდიდატებად!" "პრეზიდენტობის კანდიდატობა - საკუთარი თავის შეხსენების საუკეთესო საშუალება... გახდი კანდიდატი და გეშველება!" "გინდა ხალხმა შენზე ილაპარაკოს? დაიწყე წინასაარჩევნო კამპანია და დაწვი ზედმეტი კალორიები!" "მოიყვანე დამატებით ერთი კანდიდატი და მიიღე, ორმაგი რაოდენობის უფასო საეთერო დრო!.." გაგრძელება და უკეთესების მოფიქრება თქვენთვის მომინდვია.

ონავრები და სკანდალი გემბანზე

მიშას და ბიძინას ერთად ყოფნა არ შეიძლება. მეტისმეტად ონავრები ხდებიან და შეიძლება რამე გააფუჭონ. ამჯერად მათმა ძიძამ, რიჩარდ ნორლანდმაც კი ვერ უშველა საქმეს. წინა კვირას ამერიკულ სამხედრო გემზე ბიძომ და მიშიკომ ამერიკელებთან თავი მოგვჭრეს, ხოლო ელჩი ნორლანდი კინაღამ დიპლომატიურ სკანდალში გახვიეს. რა ექნა კაცს, ეცინებოდა ამათ შემხედვარეს. ჯერ ბიძინა ცდილობდა, მიშა ინგლისურად გაეღადავებინა: ხან ის უთხრა ამერიკული გემის კაპიტანს, ეს ვადას რომ მორჩება, შეგიძლიათ,  თან წაიყვანოთო, ხან - ეს ზღვა შავი იმიტომ არის, ჩვენმა პრეზიდენტმა გააშავაო. ამერიკული გემის კაპიტანმა ვერც ერთი ხუმრობა ვერ გაიგო, ნორლანდს კი გაეცინა, რადგან მეტ-ნაკლებად იცნობს აქაურ სიტუაციას.

მოკლედ, ივანიშვილის ამ ღადაობებზე სააკაშვილმა გამოსვლისას ივანიშვილის კრიტიკა დაიწყო. იქამდე მივიდა, რომ საკუთარი ქვეყნის პრემიერს მიმართა: იმედი მაქვს, მტერთან შეკრული არ ხარო. ბიძინამ უთმინა, უთმინა და მერე ერთი-ორი რეპლიკა ესროლა უკნიდან. ნორლანდს, ბუნებრივია, გაეღიმა. სხვა რა უნდა ექნა, ასე საჯაროდ ჭკუის დარიგებას ხომ არ დაუწყებდა ამხელა ხალხს. ჰოდა, ატყდა ამბავი: როცა პრეზიდენტი ომში დაღუპულებზე საუბრობდა, ამერიკის ელჩს ეღიმებოდაო. ძლივს გადარჩა კაცი სკანდალს. საქმე იქამდე მივიდა, რომ თავის მართლებამ მოუწია. მერე რომელიღაცა ამერიკულმა გაზეთმა დაწერა, ნორლანდი მოვალეობას თავს ვერ ართმევსო. მოკლედ, უზრდელი სააკაშვილის და თავშეუკავებელი ივანიშვილის გამო ისევ მას მოხვდა. ამას ჰქვია, ნორლანდის შარო, საიდან მოდიხარო...