"სახალხო აჯანყებაზე ხელისუფლებამ იდარდოს"
19-08-2013
"სახალხო აჯანყებაზე ხელისუფლებამ იდარდოს"
"არ ვიცი, რამდენად მომზადებული იქნება ვანოს სასამართლოზე ბრალდების მხარე"

"პრეზიდენტი თანამდებობიდან მიდის და საჭიროდ მიიჩნევს, ყველაფერი მოუყვეს ქართველ საზოგადოებას"


გასულ კვირას მიხეილ მაჭავარიანმა "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ციხეში მოინახულა და სწორედ ამ თემით დავიწყეთ მასთან საუბარი:

- ვანო მერაბიშვილს 2 თვეში 15 კილოგრამი აქვს დაკლებული. გულიც აწუხებს, თუმცა თავს მხნედ გრძნობს. 

- ალბათ, უჭირს პარტიის ხელმძღვანელობა ციხიდან, ახალი გენერალური მდივნის არჩევას ხომ არ აპირებთ?
- არ ვაპირებთ ვანოს გადარჩევას. საარჩევნო
კამპანიისა და არჩევნების შედეგებისთვის კარგი არ არის, რომ პარტიის გენერალური მდივანი ციხეშია. საქმის გამოძიება დასრულებულია, უკვე სასამართლოშია და არანაირი აუცილებლობა არ არსებობს იმისა, რომ ვანო მერაბიშვილი ციხეში იყოს. მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებისა და გელა ხვედელიძის საქმეზეც იყო პრეცედენტები, დაკავებულები გირაოთი გაათავისუფლეს,  ჩვენი
პარტიის გენერალური მდივანი კი ისევ ციხეშია. როგორც ჩანს, ვანოს საქმეს სხვაგვარად უდგებიან. თუმცა ველოდებით, რომ 26 მაისთან დაკავშირებული კომპანია "დენსუს გრუპის" დასკვნა  მნიშვნელოვანი არგუმენტი იქნება მის გასათავისუფლებლად.

- ითქვა, რადგან ეს კომპანია საქართველოს მთავრობას უწევდა კონსულტაციას, მისი დასკვნა ვერ ჩაითვლება ობიექტურადო.
- ეს არის აშშ-ის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით მომზადებული დასკვნა და ამის შესახებ საქმის კურსშია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი. რა არგუმენტიც უნდა მოიყვანოს მოწინააღმდეგე მხარემ, ამ დასკვნის გაბიაბრუება არ გამოვა. დასკვნა ძალზე გავლენიანი ექსპერტების მომზადებულია. Aამ კომპანიის მომსახურებით სარგებლობენ  FBI-ც და სხვა ორგანიზაციებიც.

- საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის გამაღიზიანებელი აღმოჩნდა "დენსუს გრუპის" დასკვნაში ჩაწერილი შეფასება: "საქართველოს პოლიცია ქებას იმსახურებს იმის გამო, რომ კარგად გაართვა თავი ამგვარ გამოცდას და რთულ ვითარებას". არადა, აქციის დაშლისას ხალხი დაიღუპა.
- ამავე დასკვნაში ისიც წერია, რომ პოლიციის ზოგიერთმა თანამშრომელმა სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა, რაზეც მათ პასუხი უნდა აგონ. ეს დასკვნა ჩვენ არ მოგვიძებნია, დაცვის მხარეს პროკურატურამ მიაწოდა.

- პროკურატურამ ისიც თქვა, რომ ეს დასკვნა არ გამოდგება 26 მაისს ჩადენილი ქმედებების გასამართლებლად.
-  პროკურატურის ეს განცხადება კი არასწორად მიმაჩნია. უნდათ საზოგადოებას დაანახონ, რომ ეს დასკვნა არაფერია, რეალურად კი ეს ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნაა და მას სასამართლო იგნორირებას ვერ გაუკეთებს.

- ითქვა, რომ ვანო მერაბიშვილის გათავისუფლება გადაწყვეტილი აქვს სასამართლოს.
- პროკურატურა უკეთესად რომ მომზადებულიყო და მოწმეები ხელზე დაწერილი "შპარგალკებით" არ მოეყვანა ბაჩო ახალაიას პროცესზე, მოწმეების გატაცება და მათზე ძალადობა რომ არ ყოფილიყო, შეიძლება ისიც არ გაემართლებინა სასამართლოს. წინასწარ არ ვიცი, რამდენად მომზადებული იქნება ვანოს სასამართლოზე ბრალდების მხარე.

- "სახალხო კრების" თავმჯდომარე ნონა გაფრინდაშვილი აცხადებს, თუ მერაბიშვილი გამოუშვეს, სახალხო აჯანყებას მოვაწყობთო.

- სახალხო აჯანყებაზე ხელისუფლებამ იდარდოს. აზრის გამოთქმის უფლება ყველას აქვს.

- გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ 27 ოქტომბერს კოაბიტაცია დასრულდება. რა ელის "ნაციონალურ მოძრაობას"?

- გიორგიმ, ეტყობა, ეს იმიტომ თქვა, რომ "ქართულ ოცნებაში" ვერ ჩამოყალიბდნენ, რა პოლიტიკა გაატარონ. ხედავენ, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში კარგია კოაბიტაციის თემის წამოწევა, მაგრამ იმავდროულად, ეშინიათ, რომ ამ ვითარებაში ძლიერდება ნინო ბურჯანაძე, რომელიც გარშემო იკრებს "ოცნების" მხარდამჭერების რადიკალურ ნაწილს. მარგველაშვილის ეს განცხადება იყო გზავნილი "ოცნების" მხარდამჭერი რადიკალური ნაწილისთვის, - არ წახვიდეთ, ჩვენც ბურჯანაძესავით რადიკალური ვართო.

- საზოგადოების ნაწილი მართლაც უკმაყოფილოა ხელისუფლების "ნაციონალურ მოძრაობასთან" კოაბიტაციის გამო.

- ერთი ნაწილი მართლაც ამის გამოა უკმაყოფილო, ზოგი კი იმის გამო, რომ სისხლის გუბეებს ვერ ხედავს. უფრო მეტი კი უკმაყოფილოა იმით, რომ სამუშაო ადგილები არ იქმნება, შემოსავალი არ ეზრდებათ.

- ხელისუფლება აცხადებს, რომ არის ეკონომიკის 3,5%-იანი ზრდა და დათო ბაქრაძის მცდელობა, რჩევები მიეცა ეკონომიკის მინისტრისთვის, მარცხით დამთავრდა - შეხვედრა ჩაიშალა.

- გიორგისგან არ ველოდი, რომ  სურვილს, შეხედულებები გაგვეზიარებინა მისთვის, პიარაქციად მონათლავდა. თუ არ უნდათ ჩვენი გამოცდილების გაზიარება, რას ვიზამთ.

- რამდენიმე დღის წინ დათო ბაქრაძეს სამეგრელოში ქვების სროლით შეხვდნენ.

- ასე მოქმედებს რევანშისტების ერთი ჯგუფი. მათი ქმედებების გამო კი ჩვენი მომხრეები უფრო მოტივირებულები ხდებიან. პოლიტიკაში ხან იმარჯვებ და ხან აგებ. დღეს ხომ არ მთავრდება ყველაფერი?

- პრეზიდენტი სააკაშვილი ბოლო დროს გულახდილ ინტერვიუებს იძლევა და ზოგჯერ დაუჯერებელ რამეებსაც ჰყვება... ნატოზე უარის თქმას ვაპირებდი, აფხაზეთის გაყოფას ვფიქრობდიო...

- პრეზიდენტი თანამდებობიდან მიდის და საჭიროდ მიიჩნევს, ყველაფერი მოუყვეს ქართველ საზოგადოებას.

ნატოს თემა პროვოცირებულად შევუგდეთ რუსებს, რადგან ლაპარაკი იყო, რად გვინდა ნატო, თუკი აფხაზეთს დაგვიბრუნებენო. ეს თემა მოვსინჯეთ, მაგრამ Gგაირკვა, რომ რუსებს ნატო კი არა, საქართველო აინტერესებდათ. მზად ვიყავით, მიგვეღო შტაინმაიერის აფხაზეთთან დაკავშირებული გეგმა, მაგრამ ეგეც არ გამოვიდა. შტაინმაიერი დიდად კეთილგანწყობილი არ იყო  საქართველოს მიმართ (გერმანიას ლომის წილი ედო იმაში, რომ საქართველოს მაპ-ი არ მისცეს ბუქარესტის სამიტზე) და მიშას მაინც დაუფარავად უთხრა, ომისთვის მოემზადეო. პრეზიდენტს ეს ყველაფერი უნდა ეთქვა პრეზიდენტობის პერიოდშივე, რომ მერე არ ეთქვათ, აქამდე სად იყავიო.

- ამბობენ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები \აღარ ეკონტაქტებიან პრეზიდენტსო.

- ორი კვირის წინ ფრაქციის სხდომა იყო, ერთი კვირის წინ კი ვიწრო ჯგუფი შევიკრიბეთ მასთან. ყოველდღიური შეკრებები ნამდვილად არა გვაქვს.
giorgi
25 აგვისტო 2013 19:50
რა სახალხო აჯანყება? ყველა გრუზინი ოცნებობს რუსეთის უკანალში თბილათ ყოფნას, რაის აჯანყება რის აჯანყება.... მოსწონს ხალხს ეს გაყნათლებელი რუსეთუმე მექრთამე ოცნება და რა ქნას...
თელა
24 აგვისტო 2013 15:28
პირველ რიგში ქვეყნის გამყიდველებს,მოღალატეებს,მექრთამეებს,მკვლელებს ანუ ნაცებს გეტირებათ დედა
Nona
23 აგვისტო 2013 22:35
ხანდახან მაინც არ გეშინია? ოღონდაც ჯერ გულზე ხელი დაიდე...

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები