ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი - კვირის პალიტრა

ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი

სახელმწიფო თანამდებობა: პოლიტიკური ნადავლი თუ პროფესიონალთა ნიშა

ურეფორმობის პირობებში ხელისუფლება სახელმწიფო ანუ საჯარო სამსახურის რეფორმის ინიციატივით გამოდის. ბევრმა შეიძლება იფიქროს: ეკონომიკური და სოციალური სტაგნაციის, მოუწესრიგებელი განათლებისა და ჯანდაცვის სისტემების პირობებში რითი აღმოჩნდა პრიორიტეტული მაინცდამაინც საჯარო სამსახურის რეფორმის თემა. თუმცა, რეალურად, არაკვალიფიციური საჯარო მოხელეები და სახელმწიფო თანამდებობების დანაწილება პოლიტიკური ნადავლის პრინციპით ბევრი პრობლემის სათავეა.

საუბარია იმაზე, რომ უნდა შეიქმნას მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალ სახელმწიფო მოხელეთა კლასი, რომელთა მოხსნა-დანიშვნა არ იქნება გამოყენებული პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად.

დღემდე თანამდებობები სახელმწიფო სამსახურებში იყო ის პოლიტიკური ნადავლი, რომლის გასანაწილებლადაც მოდიოდა ხელისუფლებაში ესა თუ ის პარტია, მასზე მიწებებული ათასი ჯურის ავანტიურისტით თუ ნულოვანი კვალიფიკაციის მხარდამჭერით. ანუ ფაქტობრივად, პოლიტიკურ ძალას და მისი მომხრეების უდიდეს ნაწილს ხელისუფლებაში მოსვლა უნდოდა არა ქვეყნის განვითარების საკუთარი ხედვის და რეალური ცვლილებების განსახორციელებლად, არამედ მაღალხელფასიანი სახელმწიფო თანამდებობების სხვისთვის წასართმევად და დასაკავებლად. მათ უმეტესობას, ვინც რევოლუციის გზით მოვიდა ხელისუფლებაში, სახელმწიფოს მართვის, ადმინისტრირების გამოცდილება არ ჰქონდა. ასე ხდებოდა კომუნისტებიდან ზვიადის, ზვიადიდან - შევარდნაძის, შევარდნაძიდან - სააკაშვილის და სააკაშვილიდან „"მეოცნებეების"“ ხელში ხელისუფლების მიტაცებისა თუ გადასვლის დროს: იცვლებოდა ხელისუფლება და მასთან ერთად დაბალი, საშუალო თუ მაღალი თანამდებობის ათიათასობით საჯარო მოხელე. მათ ადგილს კი იკავებდა უმეტესად ნულოვანი კვალიფიკაციის ნუვორიში, რომელსაც მხოლოდ იმიტომ ჰქონდა პრეტენზია თანამდებობაზე, რომ სხვაზე მაღლა ეჭირა დროშის ტარი ან სხვაზე მაგრად შეეძლო ეთავაზა მუშტი განსხვავებულად მოაზროვნისთვის. მერე კი ეს დროშის ტარი საზოგადოებას ხან სად ხვდებოდა და ხან - სად!

თანამდებობებზე შემთხვევით მოხვედრილი საჯარო მოხელეები კი იმ საკითხს, რაზეც უნდა იმუშაონ, სწავლობენ სკამზე მოსვლის შემდეგ. ამიტომაა, რომ მუდმივი ექსპერიმენტების პირობებში ვცხოვრობთ: ერთ არაკვალიფიციურ სახელმწიფო მოხელეს  და უნაყოფო რეფორმას ცვლის მეორე და ა.შ. სწორედ მაშინ, როცა ეს საჯარო მოხელეები ცოდნასა და გამოცდილებას იძენენ და გარკვეულ კვალიფიკაციას აღწევენ, მოდის ახალი ხელისუფლება დამშეული და თანამდებობას დახარბებული მომხრეებით, ანაცვლებს ძველს და ექსპერიმენტების მორიგ წრეზე მივდივართ. სხვა თუ არაფერი, ვინმეს დაუთვლია, ბოლო 20 წლის მანძილზე რა თანხაა დახარჯული საჯარო მოხელეების გადამზადებაზე?! იცვლებოდა მთავრობა და იცვლებოდნენ გადამზადებული მოხელეებიც. ამიტომაც იცავდნენ ეს საჯარო მოხელეები კბილებით ხშირად არა სახელმწიფოს, არამედ იმ პარტიის ინტერესებს, რომელმაც ისინი თანამდებობაზე მოიყვანა. იმიტომაც მონაწილეობდნენ ასე აქტიურად არჩევნების გაყალბებაშიც, რომ მათი ბედი არა კანონის მიერ გაცემულ გარანტიებზე, არამედ პარტიული ბოსების კეთილგანწყობაზე ეკიდა.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს სახელმწიფო მართვის ისტორია ბოლო ოცი წლის მანძილზე რამდენჯერმე დაიწყო ნულიდან, როცა ხელისუფლებაში მოდიოდნენ მართვაში სრულიად გამოუცდელი პიროვნებები. საუბარია არა პოლიტიკურ თანამდებობებზე, არამედ იმ პირებზე, რომლებიც ყოველთვის წარმოადგენდნენ სახელმწიფო დაწესებულებების ხერხემალს  - საშუალო თუ მაღალი რგოლის საჯარო მოხელეებზე. თუ გვინდა მათი გათავისუფლება პოლიტიკური ზეწოლისგან და თუ გვსურს, ისინი არა პარტიულ, არამედ სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებს ემსახურებოდნენ, ჯერ საზოგადოებამ უნდა დაიცვას მათი ინტერესი - შეიმუშაოს იმგვარი კანონმდებლობა, რომ სახელმწიფო მოხელის ინტერესს და ამა თუ იმ საჯარო პოზიციაზე მათ ყოფნა-არყოფნას არა თავქეიფა პარტიული ბოსი, არამედ კანონი იცავდეს.