"რუსეთმა ასლან აბაშიძეს საქართველოს ორად გაყოფის გეგმა შესთავაზა"
19-08-2013
"რუსეთმა ასლან აბაშიძეს საქართველოს ორად  გაყოფის გეგმა შესთავაზა"
"ავჭალის კოლონიის დირექტორს თემურ ტაბაღუას, ვიდრე მამა ნიკოლოზი გახდებოდა, პელმენების ბიზნესი ჰქონდა"

"ქალაქის მერი კაიფსა და კაზინოებში სიარულში რომ ხარჯავდა ფულს, განა ეს არავის ახსოვს?"

"ახალაიას მამა ნიკოლოზზე, იმავე თემურ ტაბაღუაზე, კომპრომატები აქვს"

"გირგვლიანის მკვლელებმა ციხეში ტაბაღუას იარაღი დაადეს"


აჭარელი უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია "ჩვენი უფლებებისთვის" თავმჯდომარე  თამაზ ბაკურიძე  "კვირის პალიტრის" გასულ ნომერში გიორგი აბაშიძესთან გამოქვეყნებულ ინტერვიუს ეხმაურება. რა ახალი მოძრაობები ყალიბდება ასლან აბაშიძის სახელით აჭარაში და არის თუ არა არეულობა
მოსალოდნელი ამ რეგიონში, ამის შესახებ თამაზ ბაკურიძე სკანდალურ განცხადებებს აკეთებს. აჭარელი უფლებადამცველი ავჭალის კოლონიაში გატარებულ პერიოდსაც იხსენებს და მამა ნიკოლოზის შესახებაც გვესაუბრება, რომელიც ორიოდე წლის წინ ამავე კოლონიის დირექტორი იყო:


- თქვენთან ერთ-ერთ ინტერვიუში განვაცხადე, თუკი ასლან აბაშიძე საქართველოში დაბრუნდება, აუცილებლად დაიჭერენ-მეთქი. ამ ინტერვიუს არაერთგვაროვანი
რეაქცია მოჰყვა, ზოგიერთმა "ჭკვიანმა" დაასკვნა, რომ აბაშიძის აჭარაში დაბრუნებას ვეწინააღმდეგები. არადა, პირიქითაა, ვინც კი საქართველოდან წავიდა, დაბრუნების მორალური უფლება ყველაზე მეტად ასლან აბაშიძეს აქვს. უპირველესად იმიტომ, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან დროს საქართველოს მთლიანობას დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ შემთხვევაში, აჭარის რევოლუცია მშვიდობიანად არ ჩაივლიდა, მით უმეტეს, რუსეთი დახმარებას სთავაზობდა.

- აბაშიძეს ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა გავლენიან რუსულ პოლიტიკურ წრეებთან. ახლა საქართველოში პოლიტიკური ლანდშაფტი შეიცვალა და იქნებ რუსეთმა ისევ სცადოს აბაშიძის გამოყენება?

- ვერ ვიტყვი, რომ აბაშიძეს მხოლოდ რუსეთის პოლიტიკური წრე სცემდა პატივს. ერთხელ ავად გახდა და სამკურნალოდ სტამბოლის ერთ-ერთ პრესტიჟულ კლინიკაში მოათავსეს, სადაც თურქეთის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა მოინახულეს. სხვათა შორის, სააკაშვილს არ რგებია ასეთი პატივი, როცა თურქეთში ყოფნისას ხელი მოიტეხა... აბაშიძე შევარდნაძემ კონფლიქტების მოგვარების საკითხში პირად წარმომადგენლად დანიშნა. პირადად ვახლდი აჭარის მმართველს მოსკოვში, როცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ იგორ ივანოვს შეხვდა. შეხვედრის დასასრულს აბაშიძემ მითხრა: რუსებმა იცი, რა შემომთავაზეს? დასავლეთ საქართველო შენ ჩაიბარე, აღმოსავლეთ საქართველო კი შევარდნაძის იყოსო. ისიც კი უთხრეს, თუკი დასავლეთ საქართველოს გააძლიერებ, აღმოსავლეთ საქართველოს თვითონ  მოუნდება შენთან შემოერთებაო, მაგრამ აბაშიძე არ დათანხმდა.

- რა სტატუსით უნდა ყოფილიყო ასლან აბაშიძე დასავლეთ საქართველოს მმართველი?

- დეტალები ჩემთან არ განუხილავს.

- გამოდის, რუსეთი მის გამოყენებას საქართველოს დაყოფის მიზნით ცდილობდა.
- კი, ასე იყო... რუსეთი ისევ გააქტიურდა კავკასიის რეგიონში და ცხადია, მისთვის საინტერესოა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი აჭარა. ყალიბდება ახალ-ახალი პოლიტიკური მოძრაობები, რომლის მთავარი სლოგანია "აჭარა თურქეთის გარეშე". ამ მოძრაობის მესვეურები თავს ივანიშვილის ან აბაშიძის მომხრეებად ასაღებენ, "აღორძინების" ყოფილ წევრებს უხმობენ, რომლებსაც იმედი ვერც "ნაციონალებმა" და ვერც "ქართულმა ოცნებამ" გაუმართლეს. ვფიქრობ, აბაშიძეს პოლიტიკა აღარ აინტერესებს. რაც შეეხება ივანიშვილს, ალბათ, აწუხებს, რომ აჭარაში "ქართული ოცნების" რეიტინგი დღითი დღე ეცემა. ამდენად, რაღაც ახალი უნდა შესთავაზოს მოსახლეობას. მოსახლეობის დიდ ნაწილს აღარ მოსწონს თურქეთის ინტერესების ასეთი ზრდა რეგიონში. ასეა თუ ისე, ვითარება ნამდვილად იძაბება. ბოლოს და ბოლოს, თურქ ბიზნესმენებს პირდაპირ ხომ ვერ გავყრით სარფის საბაჟოდან? პასუხად ხომ თურქეთიდან გამოყრილ ქართველებს მივიღებთ. ცხადია, ამას არეულობა მოჰყვება. ყველას მოვუწოდებ: ნუ გავიჭყლიტებით ორი მეზობელი სახელმწიფოს ჭიდილში და ნურც ყარსის ხელშეკრულება დაგვავიწყდება, რომლის თანახმადაც, აჭარაში არეულობის შემთხვევაში, თურქეთს ბათუმის პორტის დაკავების უფლება აქვს. არჩევნები ახლოვდება და ვნებათაღელვა მატულობს. ამ ვითარებაში აბაშიძის რეიტინგი საგრძნობლად გაიზარდა აჭარაში.

- გიორგი აბაშიძემ განაცხადა, რომ ასლან აბაშიძემ სამსახურიდან ფულის გაფლანგვის გამო დაგითხოვათ.

- მე ვამხელდი მის ვაჟს, გიორგი აბაშიძეს, და ცოლისძმას, სოსო გოგიტიძეს, რომლებიც გავლენის სფეროებს ვერ იყოფდნენ ბათუმში. ერთ-ერთი პრესკონფერენცია აბაშიძის რეზიდენციის წინ გავმართე და განვაცხადე, ბატონო ასლან, გღალატობენ-მეთქი. ამას უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა მოჰყვა, სადაც სასწრაფოდ გამომიძახეს. ის დღე ისედაც ტრაგიკული იყო ჩემთვის, ძმა სახლში მესვენა, მე კი აბაშიძის  მოთხოვნით უშიშროების სხდომაზე მივედი. ვხედავ ასლანი ზის, რაღაც ფურცლები უჭირავს და მეუბნება: ეს რა გაგიკეთებია! ყოველთვის გენდობოდი, ჩემს კაბინეტში რომ შემოსულიყავი და  მილიონი გენახა, ხელს არ მოჰკიდებდი, შენ კი ბიუჯეტიდან ფული გაგიზიდავს. ტელევიზიით გამოვალ და აჭარაში რაც ავტორიტეტი გაქვს, წამში ნაცარტუტად გიქცევ, თუკი მილიონ შვიდასი ათასს უკან არ მოიტანო. ამას რომ ამბობდა, უცბად სისხლი წამსკდა ცხვირიდან, ასლანი  წამოხტა  და გაიქცა. უკან გავყევი  და დავიყვირე: ძალიან კარგად ვიცი, ფინანსების გაფლანგვა არაფერ შუაშია. ვიღაცამ დაგარწმუნათ, რომ თქვენს წინააღმდეგ გადავდგი ნაბიჯი და რადგან ასეა, ფეხის დამდგმელი თქვენთან აღარ ვარ-მეთქი.

საერთოდ, ასლანს არ ჰქონდა წესად მასთან დაახლოებული პირების დაჭერა. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი იყო ბიზნესმენი ზვიად ცეცხლაძე, ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის დირექტორი, რომელიც ასლანმა დაიბარა და უთხრა, ფული გაქვს წაღებული და უკან უნდა დააბრუნო, ხოლო შენი ძვირფასი სასტუმრო ჩემს შვილს, გიორგის უნდა გადაუფორმოო. ცეცხლაძე ასეც მოიქცა... ჩემზე პროკურატურამ საქმე აღძრა. ამ დროს პოლიტიკური მოვლენები ელვისებურად განვითარდა, ასლანი გაიქცა, მე კი სააკაშვილის სასამართლომ გამასამართლა. ასლანი მედავებოდა, თითქოს ორი სატელევიზიო მოძრავი სადგურის ნაცვლად ერთი ვიყიდე. სააკაშვილის სასამართლომ ბრალდებები რომ ვერ დაადასტურა, მერე  ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროები იმაზე მომედავნენ, რომ დიდი ოდენობით პრემიებს ვუწერდი თანამშრომლებს. ამის გამო ოთხწელიწად-ნახევარი მაყურყუტეს ციხეში... გიორგი აბაშიძეს ენა როგორ უბრუნდება, რომ ამბობს, თითქოს მამამისს ფული მოვპარე. სჯობია, ის გაიხსენოს, სად გაფლანგა ის თანხა, რომელიც ასლან აბაშიძემ მისცა ბათუმის სტადიონის ტაბლოს შესაძენად? ქალაქის მერი კაიფსა და კაზინოებში სიარულში რომ ხარჯავდა  ფულს, განა ეს არავის ახსოვს? დედის დაკრძალვაზეც კაიფში იყო. ამ ამბიდან რამდენიმე დღეში გიორგიმ და მისმა ძმაკაცებმა ბათუმის ერთ-ერთი მოქალაქე ცემით სიკვდილის პირას მიიყვანეს (მიზეზი, თუ არ ვცდები, მანქანით გადასწრება იყო).  ამ ამბავმა ისე გაამწარა ასლანი, რომ მისი შვილის ძმაკაცები დააჭერინა და კარგა ხანს აყურყუტა ციხეში. გიორგის ალბათ,  ისიც დაავიწყდა, მისი მეგობრები პოსტასლანისტური პერიოდისთვის როგორ ემზადებოდნენ, ამბობდნენ, ბაბუ მალე წავა და აჭარა ჩვენ დაგვრჩებაო.

ასლან აბაშიძისთვის ნამდვილი ტრაგედიაა ასეთი შვილის ყოლა.
თქვენთან გიორგი აბაშიძემ ისიც კი თქვა, ნარკოტიკი ცხოვრებაში არ გამისინჯავსო. გაცილებით უკეთესი იქნებოდა, ეთქვა, ახალგაზრდობაში ყველა უშვებს შეცდომას, არც მე ვიყავი გამონაკლისი და მერე გამოვსწორდიო.

- დასასრულ, რას გვეტყვით თემურ ტაბაღუაზე, იმავე მამა ნიკოლოზზე, რომელმაც ახლახან პროკურატურა დაადანაშაულა, ცრუ ჩვენების მიცემას მაიძულებდნენ ახალაიაზეო. რომელსაც კარგად უნდა იცნობდეთ?
- სასჯელს ავჭალის კოლონიაში ვიხდიდი, სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული პირების მეზობელ საკანში. თემურ ტაბაღუა მაშინ ამ დაწესებულების დირექტორი იყო. იმ პერიოდში ციხიდან უკანონოდ გაჰყავდათ გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდადებულები, კერძოდ, გერონტი ალანია, მიხეილ ბიბილურიძე, ავთანდილ აფციაური და ალექსანდრე ღაჭავა... არის ვერსია, რომ გირგვლიანის მკვლელები ჟვანიას მკვლელობაშიც მონაწილეობდნენ. როცა გირგვლიანის მკვლელები პრეზიდენტმა შეიწყალა, ტაბაღუას შეეშინდა, რომ ოდესმე პასუხი მოეკითხებოდა და ეკლესიას მიეკედლა. გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდადებულებს თუ არ მოესურვებოდათ, ტაბაღუა მათ საკანში ვერც შევიდოდა. ერთხელ შევიდა და  ერთ-ერთმა იარაღი მიადო შუბლზე. გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულებმა მასხრად აიგდეს, ერთიმეორეს ეუბნებოდნენ, მოდი, დავრეკოთ და ვთქვათ, ტაბაღუა მძევლად გვყავს აყვანილიო. ამ უკანასკნელმა ძლივს დააღწია იმ დღეს თავი გირგვლიანის მკვლელებს. სამაგიეროდ, ხელისუფლებისგან პრივილეგიებსაც იღებდა, პელმენების საწარმოო ბიზნესი ჰქონდა.

- როგორ გახდა სასულიერო პირი?
- ვფიქრობ, ის გავლენიანი სასულიერო პირები დაეხმარნენ, რომლებიც გირგვლიანის მკვლელებთან ხშირად დადიოდნენ.

- რატომ შეცვალა თემურ ტაბაღუამ ახალაიას საქმესთან დაკავშირებული ჩვენება?
- დარწმუნებული ვარ, წინასწარ ჰქონდა განზრახული, რომ ჯერ სიმართლე ეთქვა და მერე ჩვენება შეეცვალა. ეჭვი არ მეპარება, ახალაიას მასზე კომპრომატები აქვს. ის ახლაც ძველი ხელისუფლების ნარჩენების სურვილების უსიტყვო შემსრულებელია.
aslana
28 აგვისტო 2013 02:41
მე ბრიუსელში ვცხოვრობ, აქ ცხოვრობდნენ ცნობილი ქურდები:პაატა გვარი არ მახსოვს, ბერემენა და ხმელო ხანდახან ჩამოდიოდა,სამივე ბარიგობდა წამლით, ჩეჩნებთან ერთად ყიდდნენ ჰეროინს. ავიწროვებდნენ საცოდავ ქარტველებს, რომლებსაც ართმევდნენ ისედაც ცოტა სოციალურ დახმარებას... მე ტავად ვარ მომსწრე როგორ მოპარა ბერემენამ ტავის მასპინძელს ცოლის საქორწილო ბეჭედი და დუბლიონკა რის შემდეგაც ის ცემეს და ბრიუსელიდან გააძევეს .აქედან გამომდინარე მე არ შევხვედრივარ ნორმალურად მოაზროვნე კანონიერ ქურდს, ისენი მდაბალი სულის და მხდალი გონების დეგრადირებული არსებები არიან
aslana
28 აგვისტო 2013 02:41
ასლანას რომ ქვეყნის ბედს ჩააბარებ იმ ქვეყნის საქმე წასულია და ასეც მოხდა, ეს არაკაცები, მე მახსოვს თქვენი პარპაში, სარფიდან ჩოლოქამდე გაცილება რომ გჭირდებოდა და 100 დოლარს იხდიდი, არაკაცებო არ დაგვიწყებია თქვენი ბოგინი აჭარაში, ტქვე უნამუსოებო, თქვე მონებო!!!
lali
22 აგვისტო 2013 08:31
ბატონო თამაზ , გულწრფელად მიხარია რომ კვლავ აქტიურად ხარტ ჩარ
ტული ხალხისა და საზოგადოების საკეტილდგეოთ, გმერთი ტქვენსკენ

რედაქტორის რჩევით