"მე რუსეთს ვთავაზობ - საქართველო გინდათ? მაქსიმუმი გადაიხადეთ!"
20-08-2013
"მე რუსეთს ვთავაზობ - საქართველო გინდათ? მაქსიმუმი გადაიხადეთ!"
"მე დაკეტილი კარების გაღება მეხერხება, ღია კარების არაფერი გამეგება"

"კოლინ პაუელსაც კი დავარეკვინე შევარდნაძესთან, მაგრამ ვერ დავიყოლიე"

"ბევრი კოზირი მიჭირავს და დავიჯერო, ღმერთი ერთ ჯოკერს არ მოაყოლებს?"

"ყველაფერს ვიფიქრებდი, მაგრამ იმ კაბინეტიდან თუ ადეიშვილი გამაცილებდა, ვერ წარმოვიდგენდი..."

"ბარამიძე შს მინისტრად რომ აირჩიეს, მოსალოცად გადაფსკვნილი ვიტალი ხაზარაძე ძლივს ავაწიწკნეთ"


საქართველოში პოლიტიკური მარათონი გახსნილად გამოცხადდა - საპრეზიდენტო არჩევნები 27 ოქტომბერს დაინიშნა. ჰოდა, მოსკოველმა "გრუზინებმაც" გაიღვიძეს, ზოგმა (პრეზიდენტობის ამბიციით შეპყრობილმა) საარჩევნო "ხვანცალი" დაიწყო,
ზოგმაც პოლიტიკური სტარტი არცთუ შორეული საპარლამენტო არჩევნებისთვის აიღო. ამ უკანასკნელთა რიცხვშია ჩვენი დღევანდელი სტუმარი, უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანიაც, რომელიც საქართველოს მომავალს რუსეთთან მეგობრობაში ხედავს...


- განაცხადეთ, რომ ქართულ პოლიტიკაში აპირებთ მოსვლას. ამის ამბიცია რატომ გაგიჩნდათ?
- მე ყველაზე მძიმე, რუსული ვექტორის თემით შემოვედი, ფაქტობრივად,
საკუთარი თავი სალანძღავად გავიმეტე. საქართველოში დასავლური ვექტორი ძალიან მოდურია, რამაც ეროვნული ფასეულობები ჩაკლა. რუსული ვექტორი ქვეყანაში პოლიტიკურ კონკურენციას შექმნის. დღეს დასავლეთი საქართველოში აუცილებელ მინიმუმს აკეთებს. მე რუსეთს ვთავაზობ - საქართველო გინდათ? მაქსიმუმი გადაიხადეთ!

- პატრუშევის გარდა, რომელიც დღეს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეა, ვის ესაუბრებით?

- ამაზე მეტს ვიღას უნდა ვესაუბრო? ვხვდები პოლიტოლოგებს, დუმის წევრებს...

- როდისთვის გეგმავთ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბებას?
- საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გამორიცხულია, ადგილობრივი არჩევნებისთვის ვგეგმავდი, მაგრამ ამ დროში ფინანსური და ადამიანური რესურსების მობილიზებას ვერ შევძლებთ, უფრო საპარლამენტო არჩევნებისთვის.

- ვინ შეიძლება ვიხილოთ თქვენ გვერდით?
- ისინი, ვინც პრორუსულ ძალად მოიაზრებიან. თუმცა ჯერჯერობით პოლიტიკურად პრანჭიაობენ და ვნახოთ..

- თქვენს პარტიაში შეიძლება ოქრუაშვილიც ვიხილოთ?
- არა მგონია. ვფიქრობ, ოქრუაშვილმა პოლიტიკური კარიერა დაასრულა.

- განაცხადეთ, რომ ბურჯანაძესა და კუკავასთან ითანამშრომლებდით. როგორც ვიცი, მათ უარი განაცხადეს.
- კუკავა ჭკვიანი ბიჭია, კარგი ორატორი, და რაც მთავარია, პრორუსია.

- ბურჯანაძე და კუკავა რომ აცხადებენ, პრორუსები არა ვართო?
- დიახ, თუმცა კუკავა დღესაც ფიქრობს... აქაურ ქართველებთანაც მაქვს მოლაპარაკება, რაც ყველაზე რთული პროცესია, რადგან ცნობილი "ფეისების" უმეტესობა სააკაშვილთან თანამშრომლობდა.

- თუ იცნობთ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს?

- ლევან სანიკიძის სიტყვებს მოვიშველიებ, ერთხელ ვკითხე, ამას და ამას თუ იცნობ-მეთქი? მე არ ვიცნობ, მაგრამ ის ხომ მიცნობსო... ასეა ჩემი საქმეც.

- რახან სანიკიძეები ახსენეთ, აქვე გკითხავთ, ვინ იყო ის "კანონიერი ქურდი", ვის დახმარებასაც თავის დროზე გუბაზი გთხოვდათ?

- გუბაზი ჩემი შვილის ნათლიაა, ერთზე მთხოვა დახმარება, თუმცა იმ საკითხის გადაწყვეტა სამართლებრივად ვერ მოხერხდა.

- ვინ იყო ის, "კანონიერი ქურდი"?
- მას გარკვეული სტატუსი აქვს, მოსკოვში სამართლებრივი პრობლემა შეექმნა და მე, როგორც ადვოკატის სტატუსის მქონე, ისევე როგორც სხვა ქართველებს, მასაც მინდოდა, დავხმარებოდი.

- უახლეს ისტორიასაც გადავავლოთ თვალი. რა მოხდა 2003 წლის 23 ნოემბერს, გაუღეთ თუ არა კარი სააკაშვილს?
- ჩემგან მტრის ხატი იმათ შექმნეს, ვინც მიშასა და მის გუნდს გაუღეს კარი.

- ყველა ერთმანეთისკენ როგორ იშვერთ ხელს? ვის გულისხმობთ, დაასახელეთ.
- ხელისუფლების იმ ნაწილს, ვინც იმ დროს ამინდს ქმნიდა. ვგულისხმობ შევარდნაძეს, ჯორბენაძეს, რომელსაც დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი არ აღმოაჩნდა, და "მოქკავშირს," რომელიც რეალობას იყო მოწყვეტილი.

- თქვენ, ანუ ძალოვან უწყებებს ვგულისხმობ, უდანაშაულონი იყავით?

- ბრალი ძალოვანებსაც მიგვიძღვის. იმ არჩევნებში სააკაშვილმა რეალურად 36 ადგილი აიღო, რაც პროპორციული სისტემით დაახლოებით პირველ-მეორე ადგილს ნიშნავდა. მაშინ ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანი მხოლოდ ზაზა შენგელია აღმოჩნდა, რომელიც ჩემს პოზიციას იზიარებდა. ვამბობდი, მოდი, დავუთმოთ "ნაციონალებს" პროპორციულში პირველი-მეორე ადგილი-მეთქი, ჯამში 36 მანდატზე იყო ლაპარაკი. სამაგიეროდ, მაჟორიტარები ვერ გაჰყავდათ, რადგან უპირატესობა "მოქალაქეთა კავშირმა" (87 მანდატი) აიღო. ამაზე მიშა ერთი პირობით გვთანხმდებოდა, ბურჯანაძე-ჟვანიას პარტია პარლამენტში არ უნდა შესულიყო, როცა თავად რეალურად 7-8%-იანი ბარიერი ძლივს გადალახეს. მაშინ "მემარჯვენეებიც" პარლამენტს გარეთ დარჩნენ. სიტუაცია მოგვარებულივით იყო, მაგრამ აბაშიძე გამოვიდა "დიდ ფოსტას", უფრო მეტი მანდატი მოითხოვა. ამან განაპირობა "ნაციონალების" აყვირება. ნანა დევდარიანმა შედეგები ერთი თვე არ გამოაცხადა და სიტუაციის კონტროლი გვიჭირდა. ვიხვეწებოდით, გამოაცხადეთ შედეგები, პროცესები უმართავი გახდება-მეთქი!

- რა ხდებოდა, ხელოვნურად ჭიანურდებოდა?
- ვაჭრობა მიდიოდა... 6 კაცის მანდატს გადააყოლეს ყველაფერი. "ნაციონალებიდან" დაწყებული, "ლეიბორისტებით" დამთავრებული, ადგილები ყველას გაყიდული ჰქონდა და მანდატები არ ჰყოფნიდათ!

- რა ღირდა ერთი სადეპუტატო მანდატი?
- 250.000 დოლარი. 

- მაჟორიტარობაც?
- თანხა საარჩევნო ოლქის მიხედვით განისაზღვრებოდა. 350.000 დოლარიდან იწყებოდა. ჩემი მინისტრობის დროს სამინისტროს მუშაობა მართლაც გამჭვირვალე გავხადე. ამათ შენობები რომ გახადეს გამჭვირვალე, ეგრე კი არ იყო! ჟურნალისტებისთვის მიუწვდომელი მინისტრი არ ვყოფილვარ. დღეს კი იმას მედავებიან, რატომ არ ისროლეთ და კარი რატომ გაუღეთო?

მე კარი არ გამიღია, უკნიდან მაწვებოდნენ...

- ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ალბათ, რადიკალური ზომებიც უნდა მიგეღოთ.

- სად იყო ქვეყნის ინტერესები, ან ვინ იცოდა, ქვეყნის ინტერესებისთვის დაიღვრებოდა თუ არა ქართველი ბიჭების სისხლი, მაშინ როცა ვაჭრობა მიდიოდა ორ პოლიტიკურ ძალას შორის? სისხლის ღვრის ფასად არც ერთი ხელისუფლების შენარჩუნება არ ღირს, მით უმეტეს, ის ხელისუფლება ამად ნამდვილად არ ღირდა. ყველამ ის მიიღო, რასაც იმსახურებდა!

"'ნაციონალურ მოძრაობას" ყველაზე მეტად ვალერი ხაბურძანიასი ეშინოდა, რადგან საჯაროდ არასოდეს ვიმუქრებოდი და ტაქტიკურად ვმოქმედებდი. დღეს შევარდნაძე მედავება, კარი შენ გააღეო! ყველაზე კარგად მან იცის, კარი ვინ გააღო! კოლინ პაუელსაც კი დავარეკვინე მასთან, რათა არჩევნების შედეგები გაეუქმებინა, მაგრამ ვერ დავიყოლიე.

- არჩევნების გაუქმებით რას მივიღებდით?

- მე პოლიტიკური საქმიანობისთვის მზად ვიყავი. მზად იყვნენ ე.წ. "საჯაიას ბიჭებიც". კერძოდ,
სულხან მოლაშვილს შანსი ჰქონდა, პოლიტიკური პარტიის ლიდერი გამხდარიყო.
რუსეთიც მხარს გვიჭერდა.

- რუსების ერთგული დარჩით?

- მე ჩემი ქვეყნის ერთგული ვიყავი და ვიქნები ყოველთვის. მინდა რუსეთი საქართველოს საკეთილდღეოდ გამოვიყენოთ.

- ეს ავტომატურად ნატოზე უარის თქმას ნიშნავს...
- ერთხელ უსუფაშვილმა იკითხა, ნატოს კარი ღიაა და შემოვიდეთო? წლებია, ღია კარში ვერ შევდივართ და...

- მერე თქვენ ხომ კარის გაღების სპეციალისტი ხართ?
- მე მხოლოდ დახურულ კარს ვუხსნი საქართველოს, რასაც რუსეთი ჰქვია და  ამიტომ ვთავაზობ მასთან ერთად სამხედრო-პოლიტიკურ ერთიანობაში გაწევრებას, რაც დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების ერთადერთი შანსია. აქვე მინდა ვთქვა, რომ 2011 წლამდე საქართველოში ვიყავი და რუსეთში ორი წლის წინ ჩამოვედი. სხვებივით არ გავქცეულვარ.

- ჰოდა, მიშამ, რომელსაც თქვენი ყველაზე მეტად ეშინოდა, რატომღაც არ დაგიჭირათ.
- ხელმოსაჭიდი არაფერი დავუტოვე და... პარალელურად, იმიჯიც მქონდა, თითქოს ამათი მომხრე ვიყავი და სიტუაცია საჩემოდ გამოვიყენე.

- რატომ თითქოს? თქვენ არ იყავით "ვარდოსნების" პერიოდში მინისტრი?
- ისევე როგორც შევარდნაძის თითქმის ყველა მინისტრი, რადგან კონსტიტუციით 45 დღე მინისტრის მოვალეობას ვასრულებდით. შევარდნაძის პარლამენტმა მიშას ახალი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებას კენჭიც კი უყარა, არ გახსოვთ? ბარამიძე შს მინისტრად რომ აირჩიეს, მისალოცად გადაფსკვნილი ვიტალი ხაზარაძე ძლივს ავაწიწკნეთ. ჩემი შეცდომა ის იყო, რომ ოქრუაშვილს გავყევი გენპროკურატურაში. ამას მოჰყვა "კარის" თემის დაუსრულებლად ტრიალიც.

ერთი კურიოზი გამახსენდა: მინისტრობის პირველი დღეა, ცხონებულმა საჯაიამ წარმადგინა. შევედი კაბინეტში და ვიწყებ გარემოსთან ადაპტირებას. უცებ გავიფიქრე, ნეტავ ჩემი მინისტრობის ბოლო დღე როგორი იქნება-მეთქი. ყველაფერს ვიფიქრებდი, მაგრამ იმ კაბინეტიდან თუ ადეიშვილი გამაცილებდა, ვერ წარმოვიდგენდი. დავრჩი მარტო ჩემს კაბინეტში, კაციშვილი არ შემოდის, დავაჭირე ღილაკს და მდივანს ვეუბნები, ისე მაინც შემომხედეთ, ბოლოს და ბოლოს, მინისტრი ვარ თუ არა-მეთქი. შემოვიდა სამეურნეო ნაწილის უფროსი და მომიტანა იარაღი, რომელიც ჩემზე გააფორმეს. ცოტა გულზე მომეშვა. მივხვდი, რომ აშკარად მინისტრი ვხდებოდი... გავიდა რაღაც პერიოდი და ისევ არავინ შემოდის. კიდევ გამოვიძახე მდივანი, ვარ თუ არა მინისტრი-მეთქი, კი, ბატონო, ხართო და შემომიტანეს სამი ყვითელი საქაღალდე, რომელსაც "დელო" ეწერა. ვიფიქრე, აი, დადგა ნანატრი წუთებიც, აგენტურული სია შემომიტანეს, რომელიც მხოლოდ მინისტრების ხელიდან ხელში გადადის-მეთქი. რაღაც აქტზე მოვაწერე ხელი, რომ ჩავიბარე, სულ გავიბადრე, თანდათან ვაცნობიერებდი, რომ უშიშროების მინისტრი ვიყავი. საქაღალდეს დავხედე, სადაც ინაურიდან დაწყებული, ქუთათელაძით დამთავრებული, ყველას ხელმოწერებია დაფიქსირებული და ამ ფაქტმა საერთოდ დამარწმუნა, რომ სწორედ ის სია იყო, მაგრამ, აბა, თუ გამოიცნობთ, რა იყო ამ საქაღალდეში? - უშიშროების სამინისტროს მობილიზაციის გეგმა ატომური ომის შემთხვევაში. ასეთივე პომპეზურობით შემომიტანეს უშიშროების სამინისტროს სამოქმედო გეგმა და პოლიტიკურ პარტიებში ე.წ. ჩანერგილების სია. რომელსაც ხელი არ მოვაწერე და მერე პარლამენტში ერთი ამბავი ამიტეხეს.

- პოლიტიკურ პარტიებში ბევრი აგენტი გყავდათ ჩანერგილი?
- პოლიტიკურ პარტიებთან მხოლოდ ჩემი კონტაქტებით ვმუშაობდი, რადგან საპარლამენტო მდივანი ვიყავი, ნაცნობ-მეგობრები მყავდა.

- და მაინც, ბევრი გყავდათ აგენტი?

- არც ისე. ჩემს მისვლამდე ლამის კვირაში ორ აგენტს იბირებდნენ, გეგმა გვაქვს გაწერილიო. მე გავაუქმე რაოდენობრივი და სამუშაოებრივი გეგმაც.

- სატელეფონო მოსმენებს ხომ საფუძველი თქვენს დროს ჩაეყარა? მახსოვს, პირველად ჯემალ გოგიტიძემ იყვირა, ჩემს მობილურს უსმენენო.
- ის აპარატურა, რაც დამხვდა, ტელეფონს კი არა, ახლო მანძილიდანაც კი ვერ იწერდა. ერთ დღეს წითელი აგურის ნატეხი შემომიტანეს, მოსასმენი აპარატურააო. იმას "ბლიადსკი ბაღში" თუ გამოიყენებდით, რადგან წითელი აგურების ნაფშხვენები იქ ყრია და ეს "ჟუჩოკი აგური" ყურადღებას არ მიიქცევდა. იმხელა ნატეხი იყო, ასფალტზე რომ დაგეგდოთ, არათუ ყურადღებას მიიქცევდა, კისერსაც კი მოიტეხდა კაცი. ამ "ჟუჩოკის" ნახვის შემდეგ ვიკითხე, მოსასმენი დანადგარები სად არის-მეთქი? ხვალ მოვიტანთო. მეორე დღეს მივედი სამსახურში და რას ვხედავ?

"ხლებავოზკები" რომ იყო, გახსოვთ? ის მანქანაა, რომელიც "ჟუჩოკიდან" 20 მეტრის რადიუსში უნდა დაგეყენებინა, სხვა შემთხვევაში ვერ ჩაიწერდა. იყო 18-ბაბინიანი მაგნიტოფონი, რომელიც ქალაქის ტელეფონს უსმენდა. ასეთი აღჭურვილი დამხვდა უშიშროების სამინისტრო.

ჩემი მინისტრობის დროს ამერიკელებმა და რუსებმა მოსასმენი აპარატურით მოგვამარაგეს. მაშინ მხოლოდ "ჯეოსელის" აბონენტების მოსმენა შეგვეძლო, ისიც "ჯეოსელის" ოფისში უნდა მიგვეტანა კონკრეტული აბონენტის მოსმენაზე გაცემული სანქცია, რადგან მაშინ აპარატის მოსმენაზე ჩართვა ტექნიკურად შეუძლებელი იყო. "მაგთიმ" მოსმენებზე უარი გვითხრა.

- ვის უსმენდით?

- ძირითადად, ტერორისტებს. ჩემს დროს პოლიტიკური მოსმენა, ფაქტობრივად, არ ყოფილა. 2003 წელს, როცა "ნაციონალები" მოვიდნენ, პირველი ნანა კაკაბაძის მობილურის მოსმენა მოითხოვეს. ერთი გავიგოთ, ვის ელაპარაკება, ნერვებს გვიშლისო.

- დღეს რა ვითარებაა?
- სადაც მიშამ ეფ-ბი-აიზე განაცხადა, რაღა არის გასაკვირი...

- განაცხადეთ, რომ ჩემს დროსაც ისხდნენო. აქამდე რატომ დუმდით?

- არ დამიჯერებდნენ. აბდიკაციის (ე.წ. ვარდების რევოლუციის) დროს ჩემს კაბინეტში თითქმის ყოველდღე აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს რეზიდენტი იჯდა და მაკონტროლებდა აბდიკატორთა (რევოლუციონერთა) სასარგებლოდ, სამინისტროს ამერიკული ფრთა (იყო ასეთი) მას მხარს უჭერდა. ისე, ალბათ, მიშას დროსაც ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო იყო და არა ეფ-ბი-აი. მათ ქვეყნის გარეთ ამის კანონიერი უფლება არა აქვთ.

- რას ითხოვდა თქვენგან, ან რას აკეთებდნენ?
- დემონსტრანტებს უჭერდნენ მხარს და მეუბნებოდნენ, რომ მე, როგორც უშიშროების მინისტრს, უფლება არ მქონდა ჩავრეულიყავი პოლიტიკურ პროცესებში. იმავეს ამბობდა ამერიკის მაშინდელი ელჩი და კარის გაღებას მე მაბრალებთ? კარი ამერიკელების "მოწოლის" შედეგად გაიღო.

- დღეს ვინ გაწვებათ?
- მხოლოდ ჩემი თავი და სხვა არავინ.

- რუსეთის ხელისუფლებისგან მხარდაჭერა არა გაქვთ?
- აქ არ არსებობს ერთი მთლიანი ხელისუფლება, ყველას თავისი განშტოებები აქვს. ეს მიშა იყო ერთ უბანში ქურდად მომჯდარი...

- ცოტა ხნის წინ სააკაშვილმა განაცხადა, ხაბურზანიას თანამდებობაზე დატოვებას პუტინი მთხოვდა და ამიტომ გავათავისუფლეო...
- აბსოლუტური სიცრუეა. ოქრუაშვილი მომიგზავნა, რომელმაც მითხრა, კარგი იქნება, მიშას მოსკოვში ვიზიტის დროს შენზე რამე დადებითს თუ ეტყვიანო. მეც ავდექი და პატრუშევს დავურეკე. ვთხოვე, მიშასთვის ეთქვათ ის, რასაც ჩემზე ფიქრობდნენ. მართლაც პუტინმა მიშასთან საუზმისას მახსენა. უთქვამს, ხაბურზანია კარგი მინისტრი იყო და სპეცსამსახურებს შორის თანამშრომლობის ის დონე შევინარჩუნოთ, როგორიც მისი მინისტრობის პერიოდში იყოო. მოგვიანებით ოქრუაშვილმა მითხრა, პუტინმა მიშა შეჭამა, 7-ჯერ გახსენა და სააკაშვილი ძალიან გაბრაზდაო... მივხვდი, რა თამაშიც წამოიწყეს, მაგრამ თანამდებობიდან უკვე გადაყენებული ვიყავი, რის შესახებაც მიშამ ჯერ კიდევ მოსკოვში გაფრენამდე, ტრაპზე განაცხადა.

- ამ ნაბიჯით მიშამ რა გაითამაშა?
- ღვარძლი და მავნებლობა. ჯერ ერთი, მაშინ გარკვეული რეიტინგი მქონდა და ჩემს მოსაშორებლად მიზეზებს ეძებდა. მეორეც, გენპროკურორის მოადგილედ გადაყვანას მიპირებდა - რუსებს ეტყოდა, რაღაც თანამდებობაზე ხომ დავტოვეო, თან მოსინჯავდნენ, რა შესაძლებლობები მქონდა... აინტერესებდათ, პუტინს მივაწვდენდი თუ არა ხმას, რამდენად საშიში ვიყავი და სხვ.

- სააკაშვილს და პუტინს როგორი ურთიერთობა ჰქონდათ?

- მიშა მომაბეზრებელი ადამიანია. თავი პუტინსაც მოაძულა, ლანდივით უკან დასდევდა, სულ რაღაცებს ეხვეწებოდა და სანაცვლოდ სულ რაღაცებს ჰპირდებოდა. მაგრამ, როგორც გაირკვა, ატყუებდა. მაგალითად, რუსებს ბაზების გაყვანა დააჩქარებინა, სანაცვლოდ კი ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნას დაჰპირდა. როგორც კი რუსებმა ბაზები დაჩქარებულად გაიყვანეს, მიშამ გადააგდო.

- რას გულისხმობთ?
- ცენტრის შექმნაზე უარი უთხრა. ამ თემაზე ფსბ-ს დირექტორის მოადგილე კომოროვი მუშაობდა, რომელიც მერე მიშამ პერსონა ნონგრატად გამოაცხადა. თანაც ჯაშუშური სპექტაკლები მოაწყო...

- სააკაშვილი პუტინს რას სთხოვდა?
- მიშას ტერიტორიული მთლიანობის კუთხით რაღაც წარმატება სჭირდებოდა და ამის წარმოსაჩენად ყველაფერს დათმობდა. ამ თემაზე რამდენიმე დღის წინ ინტერვიუშიც კი დასცდა და წერილიც გვაჩვენა, სადაც გალში გაეროს ადმინისტრაციაში შესასვლელად მისთვის სანუკვარ "ნატოს"”თმობდა, მაგრამ რუსებმა უკვე იცოდნენ, მიშა გადამგდები რომ იყო.

- საბოლოოდ როდის დაეძაბათ ურთიერთობა?
- ალბათ, 2006 წელს, როცა მიშა პუტინის პირად შეურაცხყოფაზე გადავიდა და ჯაშუშური სპექტაკლები მოაწყო.

- გამოდის, სააკაშვილი თავიდან რუსული პროექტი იყო...
- თავიდანვე რუსული ან თავიდანვე ამერიკული პროექტი არ არსებობს. თუ მაინცდამაინც ვინმეს პროექტს უნდა მივაწეროთ, ამერიკული უფროა, ვიდრე რუსული. ისე, ეს ბოროტი ფენომენი, რომელსაც "ვინმეს პროექტი" ჰქვია, ქართულ სინამდვილეში აღმოცენდა და ამაზე პასუხისმგებლობა მთელმა საზოგადოებამ უნდა ავიღოთ...

- თქვენს წილ პასუხისმგებლობას თუ იღებთ?
- რა თქმა უნდა, მაგრამ "ჯოკრის" სათამაშო ტერმინს გამოვიყენებ და გეტყვით: მე ხშირად "ვინუჟდენში" ვიყავი.

- იმავე ტერმინებით გკითხავთ - თქვენი ქმედებებით "წაგეგლიჯათ" თუ "შეგეტენათ"?
- რადგან ხშირად ვიყავი "ვინუჟდენში", ზოგი "წამეგლიჯა", ზოგიც "შემეტენა". პანკისის თემა "წამეგლიჯა" (ყველა იბრალებს, არა მე გავაკეთე, არა - მეო); კარის გაღება კი "შემეტენა"...

- იმედია, სამომავლოდ აღარ მოგიწევთ რაღაცების "ვინუჟდენი" გაკეთება?
- კარტს თუ ხელს აღარ მოვკიდებ, მხოლოდ ამ შემთხვევაში, მაგრამ ისევ პოლიტიკისკენ მივიწევ, რაც ძალიან ჰგავს "ჯოკრის" თამაშს.

- მოგეხსენებათ, ქართულ პოლიტიკაში ორი ჯოკერი თუ არ გიჭირავთ, გადაგიჯოკრავენ...
- ბევრი კოზირი მიჭირავს და დავიჯერო, ღმერთი ერთ ჯოკერს არ მოაყოლებს?

- დღევანდელ ხელისუფლებაზე რას იტყვით?
- ბიძინა ივანიშვილს 2003 წელს შევხვდი. ერთადერთი მინისტრი ვიყავი, რომელმაც ვნახე. შევარდნაძისგან მოდიოდა მისი ნახვის აკრძალვის განკარგულება. მე ჩემით მოვახერხე... მკითხა, რამე ხომ არ გინდაო? არაფერი-მეთქი და წამოვედი...

- დღეს რომ გკითხოთ, რას სთხოვდით?

- ერთადერთ რამეს, - რუსულ ვექტორს ხელი შეუწყოს.

თეა ღვანია
მოსკოვი-თბილისი
maxo
24 აგვისტო 2013 21:04
იმ ქვეყანას რა ვუთხარი დეპუტატის მანდატი 250 000 დოლარად რომ ეღირება.ამის მერე რაზეა საუბარი.
თელა
24 აგვისტო 2013 16:08
თურქეთი თუ ირანი?რუსეთი თუ ამერიკა?ეს იყო მოღალატეთა თავსატეხი;სამშობლო თითქმის ყველას ავიწყდება
თერგდალეული
24 აგვისტო 2013 00:39
და ამ ყველაფრის შემდეგ საზოგადოება და ქართველი ხალხი კიდევ იმედით ცხოვრობს? ამათი იმედით???
ხაბურზანიასთანებისგან ქვეყნის ამშენებლობას ელთ ხალხო?
გაყიდე–მიყიდეზე და ფულის კეთებაზე იყო თითქმის მთელი პოლიტ–ელიტა გადასული დაწყებული შევარდნაძის დროიდან და დამთავრებული ივანიშვილამდე!
ყველა ერთმანეთს ლანძღავს ეხლა და თავს მამა აბრამის ბატკნად ასახებენ, მაშინ როდესაც ნამუსის ნატამალი არ გააჩნდათ და არც დღეს გააჩნიათ!
ყველა გამყიდველმა და მოღალატემ წამოყო თავი და ყველაფრის დამღუპველად მიშა უნდათ გამოიყვანონ??
ეს ქათმის გამონათქვამს უფრო მაგონებს, რომელმაც დაიჩივლა: ძროხა დაკლეს–მე დამაკლეს, ღორი დაკლეს–მე დამაკლეს, ინდაური დაკლეს და ისევ მე დამაკლეს და ნუთუ ეს არის სამართალიო!!!
აი ასე ვაკეთებთ ეხლა ჩვენ ხალხო რუსეთის წაქეზებით: გამსახურდიამ შესცოდა –მიშაა დამნაშავე, შევარდნაძემ მოაოხრა ქვეყანა–კვლავ მიშაა დამნაშავე, ივანიშვილს ქვეყნის მართვის ტრაკი არა აქვს და ბოროტების წყარო კვლავ მიშააო!!!!! რა ხვალ მიშა რომ ხატზე გავაკრათ ქრისტესავით– ქვეყანა სამოთხეს დაემსგავსება და გაერთიანდება?????
იოცნებეთ და იყბედეთ ნამუსგარეცხილებო–ოცნებას და ტყუილს კაცი არ მოუკლავს, მითუმეტეს ს აქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი!

რედაქტორის რჩევით