"ჰააგის პროკურორი შემპირდა, რომ მიშა სააკაშვილი ციხეში წავა" - კვირის პალიტრა

"ჰააგის პროკურორი შემპირდა, რომ მიშა სააკაშვილი ციხეში წავა"

"ქართული ოცნების" ღირსების საქმეა წართმეული ქონების დაბრუნება"

"დღეს "ნაციონალებზე" მეტად მოსამართლეები არიან საფრთხის ქვეშ, რომ ხალხმა ქვებით არ ჩაქოლოს"

ბიზნესმენმა და პოლიტოლოგმა მერაბ რატიშვილმა რომანების წერა ციხეში დაიწყო, მაგრამ ციხის პერიოდზე არაფრის დაწერას არ აპირებს. ის, რაც ციხეში ნახა, ქართველი კაცის დეგრადაციის მაგალითად მიაჩნია. ამჟამად ფილმის სცენარზე მუშაობს, რომელსაც ჰოლივუდში გადაიღებენ. მართალია, საპყრობილე უკან დარჩა, მაგრამ ყოფილი პატიმრის დღევანდელი ყოფიდან მისი კვალი მაინც ძნელად იშლება.

საკანში გამოხდილი არაყი

- შვეიცარიის კლინიკაში გამოკვლევა ჩავიტარე. შვეიცარიელმა მედიკოსებმა სკანირება ჩამიტარეს და როგორც აღმოჩნდა, 2008 წლის იანვარში (ციხეში ყოფნისას) ჩ ჰეპატიტითა და ტუბერკულოზით ჩემი ინფიცირების მცდელობა ყოფილა. მათ დამისახელეს დროც და ეს დაემთხვა გლდანის დაწესებულებაში ჩემი ყოფნის პერიოდს. კარანტინის დროს გარედან საკვების მოწოდება აკრძალული გვქონდა. საჭმელს დაწესებულების ადმინისტრაცია გვაძლევდა. დღეში 4-ჯერ სიგარეტს გვაძლევდნენ. მოგვიანებით გავიგე, რომ ჩემს საკანში მყოფი 10 პატიმრიდან 2 ტუბერკულოზით ყოფილა დაავადებული. ეტყობა, მაშინ სცადეს ჩემი დაინფიცირება. კარანტინის დროს სიგარეტს კი გვაძლევდნენ, მაგრამ არ გვაძლევდნენ ასანთს.

საკანში რადიოს ხაზი შემოდიოდა, სადენს მავთულს ვაცლიდით, ბალიშიდან ავიღებდით ცოტაოდენ ბამბას და ვახვევდით სადენის შუა ნაწილზე. სადენის ბოლოებს ვაერთებდით დენის წყაროში და მაგრად რომ დაიბუთქუნებდა, ბამბას ცეცხლი ეკიდებოდა. ამ გზით ვუკიდებდით სიგარეტს. ჩ ჰეპატიტით ჩემი დაავადება, ალბათ, იმიტომ უნდოდათ, რომ ამით უფრო ადვილად დაემტკიცებინათ ჩემი ნარკომანობა (მერაბ რატიშვილი სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შენახვა-მოხმარებისთვის იხდიდა), მაგრამ ძლიერი ორგანიზმი აღმომაჩნდა. ერთხელ ადვოკატთან რომ გამიყვანეს, დერეფანში სისხლის გუბე დავინახე. ამ დროს დერეფანში ციხის დირექტორმა თამაზ მელაძემ გამოიარა, თამაზ, ეს რა არის-მეთქი. ვიღაც გიჟია და ვერაფრით ვერ დავაწყნარეთ, სანამ არ სცემესო. თუ გიჟია, აქ რატომ გყავთ, სხვაგან გადაიყვანეთ-მეთქი. ვითხოვ, მაგრამ არ გადაჰყავთო.

გლდანის დაწესებულებას ცხვრების საპარსი ფაბრიკა დავარქვი. იქ ადამიანებზე ისეთი ზეწოლა ხდებოდა, იძულებული იყვნენ, ყველაფერზე მოეწერათ ხელი, რასაც მათგან ითხოვდნენ. თუ ვინმეს ხატს უპოვიდნენ, სცემდნენ და ხატებს ფეხით თელავდნენ. პატიმარზე ზეწოლის ერთ-ერთი მეთოდი იყო მუქარა, შიდსიანის ნემსს გაგიკეთებთო. რადგან ამას ვაპროტესტებდი, იმიტომ გაითამაშეს სპექტაკლი, ვითომ საკანი დაშალეს. სინამდვილეში კი შუაღამისას მხოლოდ მე გადამიყვანეს ორთაჭალის ციხეში. ციხის უფროსმა მელაძემ მითხრა, "პალაჟენიას" მიფუჭებდი და ამიტომ გადაგიყვანეთო. ორთაჭალიდან რუს¬თავის მე-6 დაწესებულებაში გადამიყვანეს. სწორედ იქ ბრაგისგან გამოვხადეთ არაყი. არყის გამოსახდელად გამოვიყენე ვედრო და მადუღარას დეტალი ბრაგის ასადუღებლად. ვედროს ზემოდან ცელოფანი გადავაფარეთ, მის ქვემოთ კი მოვათავსეთ ჯამი, სადაც არაყი წვეთავდა. თუ წაგვასწრებდნენ, ყველაფერს ჩემს თავზე ვიღებდი. ჩემი თანასაკნელები მაგარი ბიჭები აღმოჩნდნენ, არ გამყიდეს.

როდესაც ხალხს მოლოდინს შეუქმნი და მერე იმედს წაართმევ, არ გაპატიებს. რატომ ეზიზღებათ დღეს სააკაშვილი? იმიტომ, რომ შექმნა მოლოდინი, რომ საქართველოში სამართლიანობა და ქვეყნის აღმშენებლობა იქნებოდა, ყველაფერი კი პირიქით მოხდა. "ნაციონალურ ჯოჯოხეთში" 350 ათასმა კაცმა გაიარა სხვადასხვა სახის სამართლებრივი დევნა. 200-ზე მეტი ადამიანი პოლიტპატიმრად იქცა. ვსვამ კითხვას: ის პროკურორები, გამომძიებლები და მოსამართლეები, ვინც XXI საუკუნეში ამდენი ადამიანი პოლიტპატიმრად აქცია, არ უნდა დაისაჯონ? ჩემი პროკურორი ისევ თანამდებობაზეა. მოსამართლე ჯორბენაძე, რომელმაც 9 წელი სიცილ-სიცილით მომისაჯა, ისევ მოსამართლეა. მხოლოდ ჩემი საქმის შეკერვაში 22 სხვადასხვა თანამდებობის პირი მონაწილეობდა. ჩემი კუთვნილი ლიცენზიები ოქროსა და სპილენძის მოპოვებაზე სააკაშვილის ოჯახის ახლობლების ხელშია. ჩემს ცოლს და პარტნიორს დაემუქრნენ, თუ გინდათ, მერაბს ციხეში არაფერი მოუვიდეს, ქონება დათმეთო და გადაიფორმეს ლიცენზიები. წამართვეს მიწა მცხეთაში, სადაც გოლფის მოედანს ვაშენებდი. ამ მიწას ბეჟუაშვილებს სთავაზობდნენ, მაგრამ მათ ჭკუა ეყოთ და არ იყიდეს. ეს მიწა დღემდე სახელმწიფოს საკუთრებაა. "ქართული ოცნების" ღირსების საქმეა წართმეული ქონების დაბრუნება. ოფიციალური ინფორმაციით, 7 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ქონებაა წართმეული, მაგრამ რეალურად 10 მილიარდზე მეტიც იქნება.

დაკავებული ვანო მერაბიშვილი თავხედურად ითხოვს მინდობილობის გადაფორმებას თავისი მეუღლის, თაკო სალაყაიას სახელზე, რომ საზღვარგარეთ არსებული ანგარიშები მართოს. ქართული კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, რომ სახელმწიფო მოხელეს საზღვარგარეთ ანგარიშები ჰქონდეს. როგორც ხედავთ, "ნაციონალური დაჯგუფების" ხერხემალი მხოლოდ კუდუსუნის ძვალი აღმოჩნდა. ასეულობით მილიონი აქვს გატანილი სააკაშვილის ხელისუფლებას ქვეყნიდან და სადმე ამოტივტივდა ეს ანგარიშები? ამ პროკურატურით და სასამართლოთი სამართლიანი ქვეყანა ვერ აშენდება. ბიძინა ივანიშვილს ძალიან უნდა, დაპირება შეუსრულოს მოსახლეობას, მაგრამ მასზე ძალიან დიდი ზეწოლაა გარედან. დამისახელეთ ერთი ცივილიზებული ქვეყანა, სადაც რომელიმე ქვეყნის ელჩი ყველა საკითხზე კომენტარს აკეთებდეს და ყოველდღე გვერდით ედგეს პრემიერს, თავდაცვის ან შინაგან საქმეთა მინისტრებს. ეს სტრატეგიულ პარტნიორობას კი არა, კონტროლს ჰგავს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევისას რაც მოხდა, არის ნელი მოქმედების ნაღმის ჩადება როგორც თვითონ სასამართლო სისტემაში, ასევე ქვეყანაში. ეს ნაღმი დღეს თუ ხვალ აფეთქდება, რადგან საზოგადოება ამ სასამართლოს ვერ მოითმენს. როდესაც კუბლაშვილის სასამართლო ხვალ ბრალდებებისგან გაათავისუფლებს იმ თანამდებობის პირებს, რომელთაც მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული აქვთ ჩადენილი, ხალხი ქუჩაში გამოვა. დღეს "ნაციონალებზე" მეტად მოსამართლეები არიან საფრთხის ქვეშ, რომ ხალხმა ქვებით არ ჩაქოლოს.

ბიძინას 1996 წლიდან ვიცნობ. ვიცი, რომ მტკიცე ხასიათი აქვს, მაგრამ ძალიან დიდი მოთმინებაც აღმოაჩნდა. ჩემი და, ალბათ, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის თხოვნა იქნება, არსად წავიდეს. ბიძინა ქვეყანას დღეს იქ სჭირდება, სადაც არის. რადგან საზოგადოება უკმაყოფილოა პროკურატურით, კარგი იქნება, შეიქმნას ფედერალური გამოძიების ბიურო. დღეს დაახლოებით 15-მდე სტრუქტურას აქვს გამოძიების უფლება, რაც დაუშვებელია. საქვეყნო მნიშვნელობის დანაშაული ფედერალური გამოძიების ბიურომ უნდა გამოიძიოს, პროკურატურას კი ზედამხედველობის უფლება უნდა დაუტოვონ. პროკურორები და მოსამართლები, რომლებიც უდანაშაულოებს დამნაშავეებად აცხადებდნენ, მკვლელებს კი უდანაშაულოებად, მერწმუნეთ, ვერ გაკეთილშობილდებიან, რადგან ბევრი დანაშაული თვითონვე აქვთ ჩადენილი. ისინი როგორ მოაწერენ დღეს ხელს საკუთარი დანაშაულების გამოძიებას?

პოლიტიკაში ჩარევა არ მინდა მაგრამ თუ დავინახე, ქვეყანა სხვა მიმართულებით წავიდა, ჩემს გასაკეთებელს გავაკეთებ. ვხედავ, რომ ზოგიერთი საქმის გამოძიება ვიღაცების ჩარევის გამო ხელოვნურად ფერხდება. ასეთია ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმეც. ვფიქრობ, ზურა სააკაშვილთან ყოფნის დროს მოკლეს. ამ საქმეში გარეული არიან სააკაშვილი, მერაბიშვილი და შეიძლება ბოკერიაც. ოქტომბრის მერე სააკაშვილი მხოლოდ თანამდებობიდან არ წავა, ის ციხეში წავა. ამას შემპირდა ჰააგის პროკურორიც. ბიძინა რომ სამოქალაქო სექტორში გადავიდეს, ეჭვი მეპარება, ისევ შეძლოს ხელისუფლების გაკონტროლება. სამოქალაქო საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული - არ არსებობს საზოგადოებრივი ინსტიტუტები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოურ გრანტებზე არ არიან დამოკიდებული. საინტერესოა, როგორ მოექცევიან ისინი ბიძინას, თუ ის დატოვებს პოლიტიკას. ბატონი ბიძინა არ არის ისეთი ადამიანი, ჩრდილოვანი კაბინეტი შექმნას და გარედან მართოს მთავრობა. სხვანაირად კი ვერ გააკონტროლებს პოლიტიკაში დარჩენილ თანაგუნდელებს. სანამ ვადამდე საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება, სანამ არ გაიწმინდება სასამართლო, პროკურატურა და შს სამინისტრო, თვითონ ბიძინა არ წავა. ის დაუმთავრებელ საქმეს სხვებს არ შეატოვებს.

ციხის საკნიდან ჰოლივუდისკენ

ახლა ფილმის სცენარზე ვმუშაობ, რომელსაც ჰოლივუდი გადაიღებს. რეჟისორი ნიკა ხომასურიძე, ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა კაცი, რამდენიმე წელია ჰოლივუდში მუშაობს. ნიკა მალე გინესის რეკორდსმენი გახდება, რადგან 105-წუთიანი ფილმი "დაკარგული მეფე" გადაიღო უწყვეტი კადრით. ჩემი რომანი "ჯუღა" წაუკითხავს და ჯერ კიდევ ციხეში ყოფნისას მომაწვდინა ხმა. როცა ციხიდან გამოვედი, შევხვდით და მითხრა, "ჯუღას" მიხედვით მინდა ჰოლივუდში ფილმი გადავიღოო. "თეთრი ლამა" წაიკითხე და მერე გადაწყვიტე-მეთქი. წაიკითხა და მითხრა, ჯერ "თეთრ ლამას" გადავიღებ და მერე "ჯუღასო". ეს იქნება ფილმი იმაზე, თუ ვინ ვართ ქართველები, საიდან მოვდივართ, ვისი შთამომავლები იყვნენ იბერიელები და კოლხები, რომელთაც ქართველი ერის ფენომენი და ქართული სახელმწიფო შექმნეს. ამ ფილმში ბევრი ამერიკელი მსახიობი ითამაშებს. საქართველოს გარდა გადაღებებს ვაპირებთ ტიბეტში, ბრაზილიაში, ეგვიპტესა და გერმანიაში. კმაყოფილი ვარ, რომ საკანში დაწერილმა ჩემმა წიგნებმა ჰოლივუდი დააინტერესა.