ბიძინა ივანიშვილის ახალი გზა
26-08-2013
ბიძინა ივანიშვილის ახალი გზა
რას ტოვებს, რატომ მიდის, საით მიდის?!

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადებებს ლამის ყოველდღე აკეთებს. რას ტოვებს, რატომ მიდის  და საით მიდის?! - აი, კითხვები, რომლებიც დღეს საზოგადოებას აღელვებს.

რას ტოვებს?!

ამ გადასახედიდან ივანიშვილის წვლილი ქართულ პოლიტიკაში მხოლოდ სააკაშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორება კი არ არის, არამედ ის, რომ მან, ფაქტობრივად, პოლიტიკური ველი მოასუფთავა და აბსოლუტურად კონკურენტუნარიანი გახადა პოლიტიკური გარემო: ქართულ პოლიტიკურ სივრცეში აღარ არის ისეთი მონსტრი პარტია, როგორსაც ვიყავით შეჩვეული "მოქალაქეთა
კავშირისა" და "ნაციონალური მოძრაობის" სახით, ანუ უალტერნატივო პოლიტიკური ძალა, რომელსაც კონკურენტი არ ჰყავდა არც ფინანსური, არც დასავლეთის მხარდაჭერისა და არც მედიარესურსის ფლობა-კონტროლის კუთხით. მან საკუთარი პარტიაც კი არ გააძლიერა. შეიძლება ბევრი ვიკამათოთ იმაზე, თუ რატომ ვერ შეაგროვა მან ის პოლიტიკური რესურსი, რაც პარტიის გაძლიერებისთვის სჭირდებოდა:
იმიტომ, რომ ის სუსტი პოლიტიკური მენეჯერია თუ იმიტომ, რომ საქართველოში „მონსტრი“ პარტიების არსებობისთვის წერტილი დაესვა. ფაქტი ფაქტად რჩება: დღეს ყველა პოლიტიკურ პარტიას განვითარებისთვის თანაბარი სასტარტო პირობები აქვს და ვინ როგორ ააშენებს საკუთარ პოლიტიკურ მომავალს, ეს მათ ინტელექტუალურ რესურსსა და მარიფათზეა დამოკიდებული. 

რატომ მიდის?

ივანიშვილი ამბობს, რომ მისი მიზანი პასუხისმგებლიანი საზოგადოების აღზრდაა. მისი წასვლა პოლიტიკიდან, რეალურად, ამ გზაზე გადადგმული პირველი ნაბიჯია: საკუთარი თავის იმედად, ერთპიროვნული ლიდერის გარეშე დარჩენილმა საზოგადოებამ უნდა მონახოს თავის თავში რესურსი და შეძლოს თვითრეგულირება. მთავარი ის არის, რომ საზოგადოებამ და მრავალფეროვანმა პოლიტიკურმა სპექტრმა მოახერხონ სტაბილური განვითარებისა და ეკონომიკური წინსვლის უზრუნველყოფა. ივანიშვილი, პოლიტიკური ველიდან გასვლით ამ პროცესის ინსპირირებას იწყებს.

მაგრამ აქ საქმე მარტივად არ არის: თუკი ჭრელი პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება ვერ შეძლებენ თვითრეგულირებას, ხომ არ ჩავიძირებით ისევ "დემოკრატიული ქაოსის" რეჟიმში, როგორც შევარდნაძის მმართველობის ბოლო წლებში, რაც ისევ მკაცრი ხელის მოთხოვნას გააჩენს საზოგადოებაში?! და რა იქნება ამ შემთხვევაში ის ბერკეტი, რითაც საზოგადოება თავიდან აიცილებს მორიგ ავტორიტარულ რეჟიმს? ამიტომ საზოგადოებრივ სექტორში გადანაცვლებული ივანიშვილის პასუხისმგებლობა შეიძლება გაცილებით მეტია, ვიდრე მისი პოლიტიკაში ყოფნისას.

საით მიდის?

ახლა კი ბოლო კითხვაზე პასუხის გაცემის ჯერიც დადგა. 1-ლი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ სამოქალაქო სექტორი გაჯერდა ყოფილი "ნაციონალი" მაღალჩინოსნების მიერ დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაციებით. ბევრი მათგანი გაუსვრელი სახეა და მაღალი კვალიფიკაციითაც გამოირჩევა. დღეს  ისინი ცდილობენ ახალი ხელისუფლების გაკონტროლებასა და მონიტორინგს და საკმაოდ წარმატებულადაც; მათი მონაწილეობით წარმოადგინეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ახალი კანდიდატურაც. მათ პარალელურად აქტიურობს ზოგიერთი ის ორგანიზაციაც, რომლებიც საზოგადოების ზურგს უკან "ნაციონალების" ყველა გაყალბებული არჩევნების გათეთრებას ეწეოდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების თვალში და მხოლოდ 1-ლი ოქტომბრის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყეს ქვეყანაში დაგროვილი რეალური პრობლემების გახმოვანება, რათა საკუთარი მომავალი და იმიჯი“ გადაერჩინათ, რაც, ჯერჯერობით, წარმატებით მოახერხეს კიდეც.

ზემოთ პოლიტიკური პარტიებისთვის თანაბარი სასტარტო პირობების არსებობაზე ვსაუბრობდით. თუმცა, პოლიტიკური მომავლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანური რესურსია. დღეს ყველა პოლიტიკურ ძალას საკადრო შიმშილის პრობლემა აქვს. ერთადერთი, ვისაც  ეს პრობლემა არ ემუქრება, რა გასაკვირიც უნდა იყოს, ისევ სამომავლოდ სახე და სახელცვლილი „"ნაციონალური მოძრაობაა" და მასთან ერთად, ალბათ კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტი. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ დღეს სამოქალაქო სექტორში არსებული ინტელექტუალური რესურსის აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" სახეებად მოგვევლინება.

ამიტომ, როცა ივანიშვილი სამოქალაქო სექტორში გადასვლას და მის გაძლიერებას გეგმავს, მნიშვნელოვანია ის, თუ რომელ სექტორს გულისხმობს. ყოფილი "ნაციონალების" სექტორს? მხოლოდ ისინი უნდა იყვნენ მისი პარტნიორები თუ ახალი საზოგადოებრივი აქტივობების ინიცირებასა და ხელშეწყობასაც აპირებს? დღეს არსებული არასამთავრობო სექტორი ხომ ფაქტობრივად ერთი პოლიტიკური ძალის რესურსია, რომელსაც არანაირი საპირწონე სამოქალაქო სივრცეში არ ეძებნება. გამოდის, უკონკურენციო პოლიტიკური სივრცის ნაცვლად ვიღებთ უკონკურენციო არასამთავრობო სექტორს?

ბევრი რამ ისევ ივანიშვილის არჩევანზეა დამოკიდებული: ის ბუნებრივი გადარჩევის პროცესს მიენდობა და ასეთ შემთხვევაში სამოქალაქო სექტორის შემადგენლობა დარჩება ისეთივე "ელიტური კლუბი", როგორიც დღეს არის, თუ ხელს არ შეუწყობს ამ სივრცეში ახალი სისხლის, ინოვაციური მიდგომების შემოდინებას, კონკურენციული გარემოსა და საბოლოოდ, პასუხისმგებლიანი საზოგადოების ფორმირებას.
manana
17 სექტემბერი 2013 08:33
მოვიდა თავისი ჯავრი იყარა ქართუ ბანკის საქმე მოიგვარა კალაძეს ბიზნესი აუწყო კარგი ფული გააკეთა თავისი რამოდენიმე მილიონიანი ბიზნესი რამოდენიმე მილიარდად გაქყიდა აი ესეც ჩვენი ივანიშვილი როდის იყო მდიდარს ღარიბი ეცოდებოდა
რუსთავი
28 აგვისტო 2013 01:50
ჯერ ახალი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს და მერე წავიდეს თორემ სახელმწიფო იასევ ნაცების ხელში დარჩება ვინაიდან ოცნების მატარებლით ნაციონალებიდან გამოყრილი ძველი ნაცები შევიდნენ და ბრწყინვალედ თანაცხოვრობენ წაგებულ ნაცებთა
vaime.da chvenc
27 აგვისტო 2013 09:35
რაა ძლიერები ვართ კვლევა-ძიება -დასკვნებში!ყველაზე საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა ბ.ბიძინას საბავშვო ბაღის აღმზრდელად დაეწყო მუშაობა,იქიდან დაეწყო საზოგადოების აღზრდა.სულ მაწუხებდა კითხვა:-ნეტა საიდან უნდა დაიწყოს ამ კაცმა?სამწუხაროდ ისევ ეს კითხვა მაწუხებს.ღმერთმა მოგვცეს გული გონიერი.

რედაქტორის რჩევით