"საით მიდის გორის გზა?" - ჰკითხა გლეხს შეშინებულმა ბაჩო ახალაიამ და ღობეს გადააფრინდა" - კვირის პალიტრა

"საით მიდის გორის გზა?" - ჰკითხა გლეხს შეშინებულმა ბაჩო ახალაიამ და ღობეს გადააფრინდა"

ეკონომიკური დივერსია - უკრაინაში მცხოვრები ქართველი ქურდებისა და საქართველოს საელჩოს წარმომადგენელთა ხელშეწყობით?!

"საქართველოს დანაწევრების გეგმა, რომელიც რუსეთის წარმომადგენელმა მომაწოდა, გია ბარამიძეს მივუტანე"

"სააკაშვილის მითითებით სოფლებში იარაღი იმალება, რაც კონფლიქტის ზონასთან პროვოკაციის მოსაწყობად არის გამიზნული"

"კვირის პალიტრას" ერედვიდან დევნილი, ორგანიზაცია "7 აგვისტო - 2008 წლის" ხელმძღვანელი კაკო ცოტნიაშვილი ესტუმრა და საინტერესო ინფორმაცია გაგვიმხილა. როდის მიატოვეს ძმებმა ახალაიებმა 2008 წლის ომში ერთმანეთი, რას ითვალისწინებდა საქართველოს დაშლა-დანაწევრების გეგმა და რა პროვოკაციის საფრთხე არსებობს უახლოეს მომავალში? - ამ და სხვა საკითხებზე კაკო ცოტნიაშვილი გვესაუბრა:

- ჯერ კიდევ 7 აგვისტოს მივხვდი, რომ ომი იწყებოდა, ამ დროისთვის ოსებმა თავიანთი მოსახლეობა ცხინვალიდან გაიყვანეს. ჩვენმა ცენტრალურმა ხელისუფლებამ კი ტელევიზიით გადმოსცა, სოფელ დმენისს ქართული მხარე აკონტროლებსო. იცით, სინამდვილეში როგორ იყო? მოსახლეობას დაგვირიგეს იარაღი და გვითხრეს, დმენისი უნდა აიღოთო. წავედით, წარმოიდგინეთ, რუსებმა პოსტზე უპრობლემოდ გაგვატარეს, წინააღმდეგობა არავის გაუწევია, მერე გამოვბრუნდით იქიდან და ამით დასრულდა "დმენისის აღება". ამ დროს თბილისიდან ძმები ახალაიები, გოგი თავთუხაშვილი და "მასტერა", იგივე გია დგებუაძე ჩამოვიდნენ. ისინი დეპუტატ გურამ ვახტანგაშვილის ჯიპით დადიოდნენ ერედვში. თან სამასი სპეცრაზმელიც ჩამოიყვანეს. ახალაიები მოსახლეობას გაუჯავრდნენ, დმენისი აღებული როგორ არა გაქვთო. ამასობაში სოფელში 500-800 კაცამდე რეზერვისტმაც მოიყარა თავი, დაახლოებით 1500 ჯარისკაციც შემოვიდა. ასე, ხუთის ნახევარი იქნებოდა, როცა რუსების თვითმფრინავებმა გადმოიფრინეს და დაიწყეს ერედვის დაბომბვა, 28 კაცი მოგვიკლეს, პირდაპირ სახლებს უშენდნენ ბომბებს. ვახტანგაშვილის ჯიპი, რომელშიც ახალაიებიც ისხდნენ, ახლომახლო ჩამოყრილი ბომბების ძალამ აათამაშა. შეშინდნენ ბიჭები, ჩამოცვივდნენ მანქანიდან და გაიქცნენ. ამას ყველაფერს ტელევიზიები იღებდნენ.

მოკლედ,ვხედავთ, რომ ძმებმა ერთმანეთი მიატოვეს, დათა ახალაია სოფელ დიცისკენ გარბის, ბაჩო კი საპირისპირო მხარეს, ბერუაანთუბნისკენ. რამდენიმე კაცი დავედევნეთ. მივაძახე, ასე ლაჩრებივით როგორ გარბიხართ-მეთქი.

მე ბაჩო ახალაიას ვაგინე კიდეც. მას კი უკან არც მოუხედავს, ისე შევარდა ნოდარ ბერუაშვილის სახლში. "გორის გზა საით მიდის?" - ჰკითხა უცბად შეფეთებულ გლეხს. "შენ ბაჩო ახალაია არა ხარ?" - შეეკითხა გაოცებული ნოდარ ბერუაშვილი. "რა მნიშვნელობა აქვს, ვინა ვარ, საით მიდის გორის გზა?" - გაბრაზდა ახალაია. გლეხმა ხელით მიანიშნა და ბაჩოც გადააფრინდა ღობეს და გაქუსლა. სხვა მაღალჩინოსნებიც მიჰყვნენ... მეთაურები რომ "გაქრნენ", ჯარი გაოგნებული დარჩა. მოსახლეობაში ისტერიკა დაიწყო. მალე რუსებმა გამოგვრეკეს და მოვხვდით კარვების ქალაქში. მე გაზეთების საშუალებით ვამბობდი, რომ ხელისუფლებამ არათუ ვერ შეძლო მოსახლეობის დაცვა, არამედ არც გამოგვიყვანა საფრთხის ზონიდან.

ვინაიდან ბევრი რამეც ვიცოდი, ჩემზე ნადირობა დაიწყეს, მემუქრებოდნენ ხან ჩემი, ხანაც ვაჟიშვილების დაჭერით. მას შემდეგ, რაც ორგანიზაცია "7 აგვისტო - 2008 წელი" შევქმენი, ზუსტად სამ დღეში "ნაციონალური მოძრაობის" წახალისებით დაფუძნდა იმავე სახელწოდების სტუდენტური მოძრაობა. ბავშვებს ფული გამოუყვეს და დარბოდნენ აქეთ-იქით, ხან გორში უშვებდნენ ბუშტებს და ხანაც - თავადაც არ იცოდნენ, რას აკეთებდნენ. ბოლოს მაინც დამაკავეს და გამოაცხადეს, ცოტნიაშვილის სახლიდან ტყვიები ამოვიღეთო. ეს ის ტყვიები იყო, რომელიც თავის დროზე თავად ხელისუფლებამ დაგვირიგა, წადით, სოფელი დმენისი აიღეთო. მოკლედ, 2009 წელს გამასამართლეს, 2000 ლარი ჯარიმა გადამახდევინეს და სამწლიანი პირობითი სასჯელიც მომახდევინეს.

- ბატონო კაკო, თქვენ ადრე საქართველოს დანაწევრების რუსეთის გეგმაზე საუბრობდით. ახლახან ექსპერტმა მამუკა არეშიძემაც განაცხადა, რომ რუსი გენერლები საქართველოს ორად გაყოფის გეგმას განიხილავენ...

- საქართველოს დანაწევრების გეგმა, რომელიც რუსეთის წარმომადგენელმა (ვერ დაგისახელებთ ვინაობას, თუმცა გეტყვით, რომ სამხედრო პირი იყო და მუშაობდა ჩრდილო კავკასიის შტაბში, მას ჯერ კიდევ ყაზახეთში ცხოვრების პერიოდიდან ვიცნობდი) მომაწოდა, გია ბარამიძეს მივუტანე. მან ერთ პოლკოვნიკთან მიმაგზავნა. ამ უკანასკნელმა აქეთ-იქით მატარა, მერე ის გეგმა სადღაც მიაგდო და მიაკარგა. არადა, იქ ეწერა, რაც 2008 წელს მოხდა. კერძოდ, რუსებს ცხინვალიდან გორამდე 30 კმ-იანი მონაკვეთი უნდა გაეკონტროლებინათ, გადაეკეტათ სატრანსპორტო გზა, რკინიგზა, აღმოსავლეთ საქართველო დასავლეთ საქართველოსთვის მოეწყვიტათ. რასაკვირველია, მათ ყოველთვის შეუძლიათ სამხედრო ჩარევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს გაყოფა, თუმცა ეს დამოკიდებულია იმაზე, აშშ დაარტყამს თუ არა ირანს, რომლის მეკავშირეც რუსეთია. თუ ასე არ მოხდა, რუსეთის სამხედრო შემოტევას არ უნდა ველოდოთ და ის უფრო მშვიდობიან გეგმაზე იზრუნებს, რომლის მიხედვითაც ევრაზიული კავშირის შექმნა სურს.

- საზღვრისპირა ზოლთან მუდმივად არის პროვოკაციები. ახლახან რუსმა სამხედროებმა სოფელ ზეღდულეთის სამი მოქალაქე დააკავეს.

- მუდამ ასე იქნება, რადგან რუსეთს საქართველოს მოსატეხად ზეწოლის ბერკეტები სჭირდება. ჩვენმა გლეხებმაც რა ქნან, არ იციან, სად გადის ე.წ. საზღვარი...

ახლა თქვენი ნებართვით, ყურადღება კიდევ ერთ მეტად მნიშვნელოვან ინფორმაციაზე მინდა გავამახვილო, რომელიც, ჩემი აზრით, ეკონომიკური დივერსიის დამადასტურებელია. მთავრობის შეცვლის შემდეგ სამეგრელოსა და აჭარის მოსახლეობა ელოდა, რომ მანდარინი უკეთ გაუსაღდებოდათ, მაგრამ რუსეთის ბაზარი არ გაიხსნა. ამიტომ გლეხები იმედს ისევ უკრაინულ ბაზარზე ამყარებდნენ. ბოლო დროს ქართული მანდარინი სწორედ იქ გადიოდა. ციტრუსის გატანის თაობაზე საქართველოსა და უკრაინას შორის ხელშეკრულებაც გაფორმდა, რომლის თანახმადაც, ყველა ხარჯი (საბაჟოს, ფიტოსამსახურის და ა.შ.) 400 დოლარს არ აღემატებოდა. უკრაინის საბაჟოზე სპეციალურად შექმნილი შპს-ები ამ თანხის გადახდასა და პროდუქტის გადატანას აკონტროლებდნენ. მთავრობის ცვლილების შემდეგ რატომღაც ეს ფასი 1.200 დოლარამდე გაიზარდა, რაც, ჩემი ინფორმაციით, უკრაინაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებისა და ამავე ქვეყანაში მცხოვრები ქართველი "კანონიერი ქურდების" "ჩარევამ" განაპირობა. მათ, ფაქტობრივად, ეკონომიკური დივერსია მოუწყვეს ქართველ გლეხებს. ახლა გაიძახიან, ადრე თუ პროდუქტის გადატანა უკრაინის საზღვარზე 400 დოლარი ღირდა, ეს "ნაციონალური მოძრაობის" დამსახურება იყოო.

- თქვენ ეს ინფორმაცია საიდან გაქვთ?

- ბიზნესმენებისგან, რომლებიც უკრაინაში საქმიანობენ. მე ერთი რამ მინდა ვთქვა: ვიდრე "ნაციონალური მოძრაობა" როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია არსებობს, კიდევ ბევრი დივერსიის და საფრთხის შემცველი მოქმედების მომსწრენი გავხდებით.

- რას გულისხმობთ?

- თუნდაც იმას, რომ სააკაშვილის დავალებით ცხინვალის მიმდებარე ქართულ სოფლებში გადამალულია იარაღი, რომელიც შესაძლოა პროვოკაციის მოსაწყობად გამოიყენონ. თუკი "ნაციონალური მოძრაობა" მომავალ არჩევნებსაც წააგებს და ყველაფერს დაკარგავს, უკან აღარაფერზე დაიხევს. შეგახსენებთ იმასაც, რომ უკვე პრემიერიც ამბობს და არ გამორიცხავს სააკაშვილის გასამართლებას. ბევრი ვარაუდობს, რომ პრეზიდენტს საერთაშორისო ტრიბუნალზე გასამართლებაც არ ასცდება. ასეთ სიტუაციაში ვითომ რატომ არის გამორიცხული პროვოკაციის მოწყობა? ამისთვის ბევრიც არაფერია საჭირო - ხუთიოდე კაცი აიღებს იმ იარაღს და გაიშვერს იქით, სადაც რუსები დგანან. ომის დაწყებას ბევრი არაფერი უნდა.

- როგორ აფასებთ იმ ფაქტს, რომ სააკაშვილმა ბობოყვათის რეზიდენცია ომის დროს დაღუპულთა ოჯახებს დაუთმო?

- აქამდე რატომ არ დაუთმო? რაღა ახლა გააკეთა ეს? მისი საქციელი ნორმალურობის ფარგლებს დღითი დღე სცილდება.