"არავის ჩავაყენებ ამ მდგომარეობაში!" - კვირის პალიტრა

"არავის ჩავაყენებ ამ მდგომარეობაში!"

შოთა უტიაშვილი: "თუ ფიქრობთ, რომ ვინმე უსამართლოდ დავიჭირეთ, გამოაქვეყნონ მათი საქმეები, რატომ ადევს გრიფი "საიდუმლო?"

კანონო მოსმენა, ცნობილ ადამიანებზე კომპრომატების მოპოვება, ძალადობა, ღირსების შემლახველი მოპყრობა - ეს ის მცირე ჩამონათვალია, რასაც ადგილი ჰქონდა წინა ხელისუფლების დროს. ხელწერა ყველა სისტემაში ერთნაირი იყო, თუმცა წინა ხელისუფლების მესვეურები მაინც ჯიუტად ამტკიცებენ, რომ ის, რაც ხდებოდა, სისტემური დანაშაული არ იყო. "კვირის პალიტრას" შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი შოთა უტიაშვილი ესაუბრა:

- ვერ ვიტყვით, 24 ათასი ფარული ჩანაწერი ბევრია თუ ცოტა. რაოდენობა არაფერს ნიშნავს, რადგან აუცილებელია, ვიცოდეთ, რამდენია ლეგალური და რამდენი - არალეგალური. შესაძლებელია, ერთ ადამიანზე ყოველდღიურად ას ჩანაწერს აკეთებდნენ. უნდა ვიცოდეთ, როგორ დათვალეს, ერთ პირზეა რამდენიმე ჩანაწერი თუ 24 ათას ადამიანზეა მასალა.

- იცოდით, რომ ქვეყანაში ასეთი რამ ხდებოდა?

- უამრავი ფარული ჩანაწერი კეთდებოდა და რაც ლეგალური იყო, ვიცოდი.

- არალეგალურ ჩაწერას ვინ ბედავდა, ნუთუ მინისტრის გარეშე შეიძლებოდა თვალთვალი და კომპრომატების მოპოვება?

- ისინი, ვის შესახებაც ჩანაწერები არსებობს, მერაბიშვილის მეგობრები არიან. ცხადია, ამის ჩამდენი პირები კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში იყვნენ მოკალათებული. კონკრეტულად ვისი დავალებით კეთდებოდა ეს, არ ვიცი.

ცუდია, როცა შს სამინისტროში არის დანაყოფი, რომელიც უთვალთვალებს მინისტრის უახლოეს გარემოცვას.

- გინდათ თქვათ, რომ ახალაია იდგა ამის უკან? მერაბიშვილი და ახალაიები დაპირისპირებული იყვნენ?

- ამას არ ვადასტურებ. განცხადება რომ გავაკეთო, დაპირისპირებული იყვნენ და ჩანაწერებს ამიტომ აკეთებდნენ-მეთქი, არ ვიქნები მართალი. მტკიცებულებები ხომ უნდა მქონდეს?

- სამეგრელოში აღმოჩენილ ვიდეოფირებზე აღბეჭდილიც სამინისტროში იგეგმებოდა?

- როგორც ირკვევა, ამ საქმეებში მეგის ქარდავაა ბრალდებული. ფირები 2011 წლით თარიღდება. ამ დროს ქარდავა ჯერ სამხარეო სამსახურის უფროსის მოადგილე იყო სამეგრელო-ზემო სვანეთში, მერე კი სამხედრო დაზვერვის უფროსი გახდა.

- თქვენი აზრით, იყო თუ არა ეს სისტემური დანაშაული?

- თუ სამეგრელოს ამბები გაინტერესებთ, გეტყვით, რომ ეს არ არის სისტემური პრობლემა. ჩემი აზრით, მსგავსი უსამართლობა ჩაიდინეს იმიტომ, რომ ვიღაცები სხვების კარგად მუშაობის გამო გაბოროტდნენ. 2008 წლის ომის შემდეგ ტერაქტები გახშირდა, რამდენიმე სამეგრელოშიც მოხდა. თბილისში მომხდარი შემთხვევები გაიხსნა და ჩატარდა გამოძიება. ამის შემდეგ სამეგრელოში ვიღაცამ ჩათვალა, რომ თბილისელები საქმეებს იძიებენ, ისინი კი ვერაფერს აკეთებდნენ... უდანაშაულო ადამიანები დაიჭირეს და აღიარების მოპოვებას ცდილობდნენ. მათთვის ეს არავის დაუვალებია, ამიტომ სისტემურობაზე ლაპარაკი არ შეიძლება.

- ციხეში შექმნილ ვითარებაზე რას იტყვით?

- ჩვენი შეცდომა ის იყო, რომ ბევრი რამ არ გავითვალისწინეთ. მახსოვს, რამდენიმე ხნის წინ ევროკავშირის დელეგაციის წევრები გლდანის ციხეში პატიმრებს შეხვდნენ. ყველა პატიმარი ჯიუტად ამტკიცებდა, რომ ციხეში არაფერი ხდებოდა და კარგი პირობები ჰქონდათ. დელეგაციის მეთაურმა ბოლოს ასეთი დასკვნა გააკეთა - ამ ციხეში ისეთი სიჩუმეა, შეუძლებელია, პატიმრებს არ აწამებდნენო... ხანდახან ეს სიჩუმე უფრო მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია.

როცა ხალხი დუმს, ეს ნიშნავს, რომ რაღაც კარგად არ არის.

- თქვით, რომ მერაბიშვილის გარემოცვასაც უღებდნენ. თუ ეს ფარულად კეთდებოდა, თქვენ არ უნდა გცოდნოდათ? სწორედ ამიტომ მოსაზრება, რომ შს სამინისტროს ძველი კადრები ისევ თქვენთვის მუშაობენ, სარწმუნოდ მეჩვენება.

- სისულელეა! გინდათ თქვათ, რომ მერაბიშვილი მართავს ისევ სამინისტროს? რატომ გააკეთებს ვინმე ასეთ რამეს, გიჟი ხომ არ არის?! მეც არავის დავავალებ, რომ შიგნით ფარულად იმუშაოს, არავის ჩავაყენებ ამ მდგომარეობაში!

- თუ წლების განმავლობაში ბინძურ საქმეს ვაკეთებინებ ვინმეს, მერე დავაშანტაჟებ და ვეტყვი, თუ ისევ ჩემთვის არ იმუშავებ, ყველაფერს გავამჟღავნებ და ციხეში გამოგამწყვდევ-მეთქი...

- ის კი იტყვის, რომ აშანტაჟებენ და ამით ყველაფერი დამთავრდება.

- თუ ის მკვლელობაშია გარეული, ამის თქმა უშველის?

- ეს უკვე შეთქმულების თეორიას ჰგავს... გამორიცხულია, ასეთი რამ ვინმემ გაბედოს.

- მსგავს სისაძაგლეს რომ სჩადიოდნენ თქვენი თანამშრომლები, ამაზე პრესაშიც დაწერილა და უფლებადამცველებსაც აუტეხიათ ხმაური. ერთხელ მაინც არ დაინტერესებულხართ, ეს მართალი იყო თუ არა?!

- როცა დაიწერებოდა, რომ პოლიციელი უკანონოდ ექცეოდა ვინმეს, ან ძალადობას ჰქონდა ადგილი, ყოველთვის ვახდენდით რეაგირებას(!). ვინც აშავებდა, დაუსჯელს არ ვტოვებდით.

- ერთ ფაქტს შეგახსენებთ: სამეგრელოში იყავით რაღაც ღონისძიებაზე. თქვენთან იქაური ჟურნალისტი მოვიდა და გითხრათ, რომ მეგის ქარდავამ და თენგიზ გუნავამ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. საუბრისას მოგიახლოვდათ ქარდავა და გითხრათ, ამ გიჟს რატომ ესაუბრებიო. თენგიზ გუნავამ პოლიციელები გამოიძახა და ჟურნალისტი ძალით გაიყვანეს შეხვედრის ადგილიდან, თქვენ კი არაფერი მოიმოქმედეთ...

- მახსოვს ეგ ფაქტი, მაგრამ არ მახსოვს, ჟურნალისტი მათ შესახებ რას მიყვებოდა... ვინმეს რომ ეთქვა, პოლიციის განყოფილებაში ვიღაცამ ძალადობა ჩაიდინაო, შესაბამის ზომებს მივიღებდი, მაგრამ ვინმე თუ მეტყოდა, ქარდავა ცუდი კაციაო, მხოლოდ სიტყვებზე რეაგირებს ვერ მოვახდენდი.

- თქვენ თვალწინ ჟურნალისტი ჯერ გალანძღეს, მერე გააგდეს... თქვენმა თანამშრომლებმა ამ საქციელით თქვენც შეურაცხყოფა მოგაყენეს...

- შეიძლება ჯერ ჟურნალისტმა მიაყენა შეურაცხყოფა ჩვენს თანამშრომლებს, მერე ქარდავამ და გუნავამ გააგდეს...

- საინტერესოა... როცა ხელისუფლება ვინმეს დაჭერას მოინდომებდა, რატომღაც ყველა რუსეთის აგენტად ინათლებოდა. თუნდაც რეპორტიორების საქმე, რომელზეც უკვე ყველა ამბობს, რომ შეკერილი იყო...

- ე.წ. გახმაურებულ საქმეებზე ერთის თქმა შემიძლია - ჩვენ ეს ხალხი დავიჭირეთ და ახალმა მთავრობამ ისე გამოუშვა, მათი საქმეები არც წაიკითხა. თუ ფიქრობთ, რომ ვინმე უსამართლოდ დავიჭირეთ, გამოაქვეყნონ მათი საქმეები, რატომ ადევს გრიფი "საიდუმლო"? თქვენ ყოფილი პატიმრების მოწოდებულ ვერსიებს ეყრდნობით, ისინი თავს იმართლებენ, მაგრამ არ იცით გამოძიების დეტალები. გამოაქვეყნონ მასალები, ნახეთ და მერე შეაფასეთ.

უტა ბიწაძე