"ხარატიშვილი იყო "ნაციონალური მოძრაობის" შავი ბუღალტერი" - კვირის პალიტრა

"ხარატიშვილი იყო "ნაციონალური მოძრაობის" შავი ბუღალტერი"

არასამთავრობო ორგანიზაციის - "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" - ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე მიიჩნევს, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა სასწრაფოდ უნდა გამოიკვლიონ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიმდინარე პროცესები. იგი ცსკ-ის ყოფილ თავმჯდომარეს, ზურაბ ხარატიშვილს და მის გუნდს, რომელიც ჯერ კიდევ ამ ორგანიზაციაში მუშაობს, კორუფციაში სდებს ბრალს და აცხადებს, რომ ასეთი შემადგენლობით ცსკ-ის ნდობა არ შეიძლება. ნანა კაკაბაძე მათ ადანაშაულებს სახელმწიფო ბიუჯეტის გაფლანგვასა და პირადი გამორჩენის მიზნით საგრანტო კონკურსის ჩატარებაში.

ნანა კაკაბაძე: - ვიდრე ე.წ. საგრანტო, სინამდვილეში კი ცსკ-ის მენეჯერებისა და "ნაციონალების" დასაფინანსებლად გამოგონილი კონკურსის შედეგებზე ვიტყოდე რამეს, აღვნიშნავ, რომ წარმოუდგენელია, ისეთი პატარა ქვეყნის, როგორიც საქართველოა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბიუჯეტი 30 მლნ ლარი იყოს. ამხელა თანხის  გამოყოფა (სხვაობა წინა წლებთან შედარებით ძალიან თვალში საცემია. 2003 წლის რევოლუციამდე ცსკ-ის დაფინანსება 250.000 ლარს არ აღემატებოდა, რევოლუციიდან დღემდე კი დაფინანსება 30 მილიონია. კითხვა სწორედ დღევანდელი ბიუჯეტის გამო ჩნდება) გვაფიქრებინებს, რომ ამ ორგანიზაციაში ფული რაღაცის დასაფარად იხარჯება. ეჭვს აძლიერებს ის დოკუმენტური მასალაც, რომელიც ხელთ გვაქვს და რომელსაც, ალბათ, უფრო გულდასმით გაეცნობიან სამართალდამცავი ორგანოები. მათ ეს მასალები უკვე მივაწოდეთ. როდესაც ხარჯთაღრიცხვაში ჩავიხედე, გავოგნდი. რაში ხარჯავენ ფულს? ყავა, კონიაკი, საჩუქრები...

დღეში 500 ლარის ღირებულებისას მხოლოდ ყავას ყიდულობენ!!! ნუთუ ეს ეჭვს არ უნდა იწვევდეს? ან იქნებ არ ვიცით, რატომ დაანიშნინა მერაბიშვილმა ხარატიშვილი  ცსკ-ის თავმჯდომარედ? ეს კაცი არის კარგი ფინანსისტი, რომელსაც სხვადასხვა ორგანიზაციაში განხორციელებულ მაქინაციებს "აპრავებინებდნენ". ხარატიშვილი იყო "ნაციონალური მოძრაობის" ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შავი ბუღალტერი. მერე რა, რომ არჩევნების არაფერი გაეგებოდა და ისე წავიდა თავმჯდომარის პოსტიდან, ვერც ვერაფერი გაიგო. ეს საქმე, ძირითადად, მიბარებული ჰქონდა მის მოადგილეს - გიზო მჭედლიძეს. ნახეთ, როგორი ხელფასი ჰქონდა ხარატიშვილს (ოფიციალურად 4.700 ლარი თვეში, დანამატებით 30-35.000 ლარი) და როგორ იღებდა ყოველთვე პრემიების სახით შვიდმაგს. რატომ? რას აკეთებდა ასეთს? ან რა უფლება ჰქონდა, სახელმწიფოს ფული თავის ჭკუაზე განეკარგა? დღეს ცსკ-ის თავმჯდომარეზე უფრო მაღალაღანაზღაურებადი თანამდებობა არ არსებობს. წარმოიდგინეთ, 11 ტონა საწვავი ირიცხება ცსკ-ის ანგარიშზე და არ იციან, სად დახარჯონ. სააკაშვილის მთავრობა ყველას ჯიბეში უძვრებოდა, თეთრებს უთვლიდა და ვითომ ხარატიშვილთან შეეშალა და ამდენი საწვავი შეცდომით გამოუყო?

- რით დაიმსახურა ხარატიშვილმა, რომ, როგორც თქვენ ამბობთ, მის კორუმპირებულობაზე თვალი დახუჭეს? ან იქნებ თვლით, რომ "ატკატები" კეთდებოდა?

- მას უნდა გაეყალბებინა არჩევნები, თანაც ისე, რომ ვერავინ შედავებოდა.   ამისთვის ხარატიშვილისა და მისი ბანდის ჯილდო, ალბათ, მათი თავაშვებულობისთვის ხელშეწყობა და ფინანსების ხელგაშლილად განკარგვის უფლება იქნებოდა. ეს კარგად ჩანს იმ დოკუმენტებში, რომლებიც ხელთ მაქვს და რომელთა მი=ხედვით დგინდება, რისთვის დაიხარჯა ამდენი ფული. მართალია, ხარატიშვილი აღარ არის თავმჯდომარე, მაგრამ იქ რჩება სისტემა და ყველა ის ადამიანი, ვინც ამ სისტემას მასთან ერთად ქმნიდა. დეპარტამენტები და სამმართველოები ხელოვნურად შექმნეს იმისათვის, რომ სახელფასო ნიხრი გაეზარდათ. აბა, ვის გაუგია სამკაციანი  დეპარტამენტი?

- საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით გაქვთ მტკიცებულებები, რომ ცსკ-ში დღესაც კორუფცია მძვინვარებს?

- საგრანტო კომისიამ - კოლექტიურმა ორგანომ, დაარღვია პირობა და გრანტები გამოუყო ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც მონაწილეობას არ იღებდნენ არც ერთ სადამკვირვებლო მისიაში. ამასთან, დაფინანსებულ ორგანიზაციათა შორის არის ისეთიც, რომელსაც შეწყვეტილი აქვს უფლებამოსილება - რეგისტრაცია შეჩერებულია რაღაც ხარვეზის გამო. მიუხედავად ამისა, ორგანიზაციამ "ახალგაზრდა ევროპელი დემოკრატები" მიიღო 30.000 ლარის გრანტი. ნახეთ, რა ხდება სხვა ორგანიზაციების შემთხვევაში: აღსანიშნავია, რომ "განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის" ერთ-ერთი დამფუძნებელი არის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი თამარ ჩუგოშვილი, რომელსაც 50.000-ლარიანი გრანტი გამოეყო. ის იყო ერთ-ერთი აქტიური პერსონა "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდულ, "პატრიოტთა" ბანაკებში.

"სამოქალაქო ინიციატივა, სამართლიან არჩევნებსაც" 50 ათასი გამოეყო, მისი დამფუძნებელი დიმიტრი ახალაშვილი კი არის ცსკ-ის საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი. საქმე გვაქვს ინტერესთა კონფლიქტთან. ახალაშვილი ასევე არის დამფუძნებელი სხვა, ასევე გრანტირებული არასამთავრობო ორგანიზაციისა.

საგრანტო პირობებში საკონსულტაციოდ მითითებულია საკონტაქტო პირი  ზურაბ ლუაშვილი, რომლის მეუღლე თამარ ცირეკიძე გახლავთ კიდევ ერთი გრანტით "დაჯილდოებული" ორგანიზაციის - "საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრის" ერთ-ერთი დამფუძნებელი. სხვათა შორის, ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი იყო თავად ზურაბ ლუაშვილი, მაგრამ ბოლო დროს ცოლს გაუცვალა თანამდებობა, ანუ, გრანტი მისცა თავის ორგანიზაციას.

"ევროკავკასიური თანამშრომლობის ასოციაცია" ზუგდიდში ჯერ კიდევ წინა საუკუნეშია დაფუძნებული, მაგრამ მისი აქტივობა არსად ჩანს. მეტიც, ოფისი არ აქვს, ერთი განცხადებაც არ გაუკეთებია და რა თქმა უნდა, არც ერთ არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ 30 ათასი ლარი მაინც მიიღო რეგიონებში საარჩევნო გარემოზე დასაკვირვებლად. ეჭვს იწვევს "გენდერული კულტურის ცენტრიც", რომელსაც მხოლოდ ერთი წევრი ჰყავს - დამფუძნებელი სოფო ბანძავა. ეს ორგანიზაციაც მხოლოდ ფურცელზე არსებობს და 30 ათასი ლარი მიიღო. ვიმეორებ, ეს არის სახელმწიფოს, ხალხის ფული და ხალხმა უნდა იცოდეს, როგორ აპირებენ ქაღალდზე არსებული ორგანიზაციები საარჩევნო გარემოზე დაკვირვებას და მის გაუმჯობესებას? რითი დაამტკიცებენ, რომ ისინი სწორედ "ატკატებისთვის" არ დააფინანსეს?

ამათგან ველით არჩევნებზე სამართლიან დაკვირვებას? ან იქნებ ვინმეს ჰგონია, რომ გიორგი მელაძის და თეა თუთბერიძის ორგანიზაცია - ფონდი "ალპე" - იქნება ობიექტური? "ალპე" გიგი უგულავას ორგანიზაციაა, რომელმაც თავის დროზე პროექტი "კმარა" განახორციელა. ასეთი უამრავი ფაქტი მოგვეპოვება.

ვიმეორებ, ეს ხალხი ბიუჯეტის ფულს იჯიბავს და ასე იბრძვის საკუთარი ინტერესების და ძალაუფლების განსამტკიცებლად. რაც მთავარია, გამოძიება მალე უნდა დაიწყოს - არჩევნები კარს არის მომდგარი.