"ყოფილი ხელისუფლების გამდიდრებული ჩინოვნიკები დღეს სხედან ვილებში და ხითხითებენ" - კვირის პალიტრა

"ყოფილი ხელისუფლების გამდიდრებული ჩინოვნიკები დღეს სხედან ვილებში და ხითხითებენ"

"საპრეზიდენტო არჩევნები გენერალური რეპეტიცია იქნება ადგილობრივი არჩევნების წინ, მნიშვნელოვანია, ვინ გავა მეორე ადგილზე"

ვანო მაჭავარიანი: "ქართული ოცნებისთვის" მიშა მაჭავარიანის ძმა ვარ, "ნაციონალებისთვის" კი გიორგი მარგველაშვილის ბავშვობის მეგობარი"

"თუ 3-4 წლის განმავლობაში არ აღდგა სამართლიანობა, მერე ნუღარ მისცემენ ხმას "ქართულ ოცნებას"

"მერაბიშვილსა და ახალაიას რასაც ბრალად უყენებენ, იმაზე მტკიცებულებების მოპოვება პროკურატურისთვის ძნელია, ეს კი პრობლემებს უქმნის "ქართულ ოცნებასაც" და "ნაციონალურ მოძრაობასაც", რომელსაც წარმოუდგენელია, განტევების ვაცი არ სჭირდებოდეს. თუ პროკურატურა კონკრეტული პირების ბრალეულობას დაამტკიცებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ ფინანსურ კორუფციაში, "ნაციონალურ მოძრაობას" შესაძლებლობა მიეცემა, უარი თქვას ძველ მანკიერ მემკვიდრეობაზე და ახალი ცხოვრება დაიწყოს. მაგრამ ეს არ ხდება მიზეზთა გამო, საზოგადოება კი მიიჩნევს, ეს კოაბიტაციის შედეგიაო",”- განაცხადა "კვირის პალიტრასთან" საქართველოს ყოფილმა ელჩმა იაპონიაში, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საგარეო პოლიტიკის ანალიზის ჯგუფის ხელმძღვანელმა ვანო მაჭავარიანმა:

- საზოგადოებას სააკაშვილის მმართველობასთან ერთად უსამართლობის აღმოფხვრაც სურდა...

- რადგან ხელისუფლებას მძიმე მემკვიდრეობა დახვდა, ძნელი აღმოჩნდა დაპირების შესრულება. ეს კი არ მოეწონათ რადიკალებს, რომლებიც გაგორებულ თავებსა და პოლიტიკურ სისხლის გუბეებს ითხოვენ. პროკურატურის წინაშე დგას ამოცანა, ბრალდება დააფუძნოს არა დასმენებზე, არამედ მტკიცებულებებზე. თუმცა დღეს რა ქვეყანაც გვაქვს, ის პროკურატურა და სასამართლო გვყავს. ბაჩო ახალაიას ყოველგვარ ცოდვაში დასდეს ბრალი, მაგრამ ბრალდებები იმდენად უსუსური იყო, ვერ გამყარდა მტკიცებულებებით, გარე დამკვირვებელი იფიქრებდა, ახალაიას ბრალდებულად გამოყვანა პოლიტიკური დაკვეთა იყოო. იგივე პრობლემაა მერაბიშვილის საქმეშიც.

ეს კოაბიტაციის კი არა, უფრო დაბალი ხარისხის სამართლებრივი პროცესის ბრალია. კონკრეტული პირების დანაშაულების გარდა, საინტერესოა, თუ როგორ გამდიდრდნენ მინისტრები, მათი მოადგილეები, დეპარტამენტის ხელმძღვანელები თუ პარლამენტის წევრები. თურმე მთავრობაში ყოფნის შემდეგაც ფლობენ უზარმაზარ ობიექტებს, მიწის ნაკვეთებს. მაგალითად, ჯანმრთელობის დაცვის ყოფილი მინისტრის, ანდრია ურუშაძის სამეგობროსა და ნათესავების ხელში აღმოჩნდა ბევრი კლინიკა, ყოფილ პრემიერ გილაურს კი აქვს უზარმაზარი მიწის ნაკვეთები, არის აგრეთვე ენერგეტიკული მიმართულების ბიზნესპროექტების მონაწილე. რატომ ამას არ იძიებენ? რატომ არ ისჯებიან რამდენიმე მილიონად შეფასებული ქონების ერთ ლარად გადაცემისთვის ან როდესაც ასი ათასად გადაცემულ ქონებას მალევე რამდენიმე მილიონად ყიდდნენ? ეს არ არის პოლიტიკური კორუფცია? რატომ არის უფრო პრიორიტეტული კერძო პირებისთვის ქონების დაბრუნება, ვიდრე ეს საქმეები?

კერძო პირებისთვის ჩამორთმეული ქონების ნაწილი უკვე კეთილსინდისიერ მყიდველს აქვს და ამიტომ ლაპარაკია, რომ სახელმწიფომ გადაუხადოს კომპენსაცია დაზარალებულებს, რაც 10 მილიარდამდე ადის. ეს საფუძვლიანად შესასწავლი საკითხია. ხელისუფლებაში ყოფნის დროს გამდიდრებული ყოფილი მაღალჩინოსნები ახლა სხედან ვილებში და ხითხითებენ, უკანონოდ შეძენილი ქონება ხახვივით შეგვრჩაო, რადგან სხვა პირებზე ჰქონდათ გაფორმებული და ახლა მათ ნაცვლად პასუხისმგებლობა "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ ლიდერებს უწევთ. "ნაცმოძრაობის" ლიდერებს სურთ, მაგრამ ვერ ახერხებენ ახალი პოლიტიკური ცხოვრების დაწყებას, რადგან ამ ეტაპზე დისტანცირებას ვერ აკეთებენ იმ პირებისგან, რომლებიც სამართლებრივად იდევნებიან. ყველა ელოდება ოქტომბრის არჩევნებს. დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ გახდება პრეზიდენტი. ვფიქრობ, გიორგი მარგველაშვილი ქვეყნის სტაბილურობისა და აღმავლობის ხელშემწყობი იქნება. მე "ქართული ოცნების" წევრებისთვის მიშა მაჭავარიანის ძმა ვარ, "ნაციონალებისთვის" კი გიორგი მარგველაშვილის ბავშვობის მეგობარი. მე და გიორგი 5 წლიდან ერთად ვიყავით ბაღში, ერთ სკოლაში ვსწავლობდით და სტუდენტობაც პრაღაში ერთად გავატარეთ. გიორგი ნიჭიერი და რაციონალურად მოაზროვნე ადამიანია. ის არ არის ბურჯანაძესავით დაყოფაზე ორიენტირებული. გიორგი ამბობს, ერთად გავაგრძელოთ გზა საქართველოს მომავლისკენო, მაშინ როდესაც ბურჯანაძის მუქარა ორიენტირებულია საზოგადოების გახლეჩაზე.

- ბურჯანაძე ხალხს დამნაშავეების დასჯას ჰპირდება.

- თუ 3-4 წლის განმავლობაში არ აღდგა სამართლიანობა, მერე ნუღარ მისცემენ ხმას "ქართულ ოცნებას". უპასუხისმგებლოა მოთხოვნა, დღესვე ციხეში ჩაყარეთ ვიღაც-ვიღაცებიო. ცოტა დროა გასული "ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლიდან, რომ მას პრეტენზიები წაუყენონ.

- როგორც ჩანს, ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ კოალიციაში ერთიანობის პრობლემა დადგება.

- კოალიცია თავის დროზე ივანიშვილის გარშემო შეიქმნა. როდესაც ის პოლიტიკიდან წასვლაზე ლაპარაკობს, ისმის კითხვა, ვინ იქნება შემდეგი ლიდერი - პრეზიდენტი თუ ახალი პრემიერი? მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი არც ერთ პარტიასთან არ ასოცირდება და ალბათ, ამ ნიშნითაც შეარჩია ის ივანიშვილმა, რომელსაც პოლიტიკიდან წასვლა ტრიუმფატორად უნდა.

- მარგველაშვილზე ითქვა, მართვადი იქნებაო.

- გიორგი მალე გამოაჩენს თავის პოლიტიკურ ტალანტს. აქამდე პრინციპულად ამბობდა უარს პოლიტიკაში ჩართვაზე, სანამ არ დაინახა ლიდერი, რომელსაც ენდობოდა. თუ დაიწყება ვაჭრობა თანამდებობებისა და ძალაუფლების რესურსების გადანაწილებაზე, რთულ ვითარებაში აღმოვჩნდებით და პრეზიდენტს მოუწევს ჩარევა. პოლიტიკაში ჩახედული ადამიანები სვამენ კითხვებს: სად მიდის ივანიშვილი, ვინ იქნება ეროვნული ლიდერი, რა ბედი ელის "ნაცმოძრაობას" მას შემდეგ, რაც სააკაშვილი აღარ იქნება პრეზიდენტი? შესაძლოა, რაღაც ფორმით სააკაშვილი ისევ მობრუნდეს პოლიტიკაში, მაგრამ საზოგადოებამ ამ ეტაპზე მისი პოლიტიკური კარიერა დაასრულა და "ნაციონალურ მოძრაობას" არ უნდა მას გადაჰყვეს. უკვე ჩანს, რომ მათი ლიდერი აღარ იქნება სააკაშვილი. ასევე მნიშვნელოვანი იქნება, რა ადგილს მიუჩენს საზოგადოება რადიკალურ ოპოზიციას, ე.წ. მესამე ძალას. საპრეზიდენტო არჩევნები გენერალური რეპეტიცია იქნება ადგილობრივი არჩევნების წინ და მნიშვნელოვანია, ვინ გავა მეორე ადგილზე.

- ბიძინა ივანიშვილისადმი სიმპათიის მიუხედავად, რატომ არა ხართ მის გუნდში?

- ბიძინამ შემომთავაზა, მაგრამ არ ჩავთვალე ეს სწორად, როდესაც ჩემი ძმა "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი იყო, მე საგარეო პოლიტიკაში ვმუშაობდი. დღესდღეობით საგარეო პოლიტიკურ და ეკონომიკურ თემებზე ხშირად მაქვს საუბარი გიორგისთან და ვისურვებ ჩვენი თანამშრომლობა ამ მიმართულებით გაგრძელდეს.