მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები
26-08-2013
მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები
ქარვასლა

გახსენი, დახურე... გახსენი, დახურე... რა, ქარვასლაა?! –ასეთი იყო ჩემი პირველი ემოცია, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ივანიშვილი "მე-9 არხს" მეორედ დახურავს, თუ მყიდველი არ გამოუჩნდა. პირველად ეს 2004 წელს მოხდა, როდესაც პირველ აპრილს სამსახურში მისულ თანამშრომლებს კარზე დახვდათ გაკრული განცხადება ტელევიზიის დახურვის შესახებ. როგორც ამბობენ, თავიდან მათ ეს ყველაფერი საპირველაპრილო ხუმრობა ეგონათ, თუმცა მერე გაარკვიეს, რომ სახუმაროდ საქმე სულაც არ ჰქონდათ. მერე პოლიტიკაში შემოსულმა ივანიშვილმა განაცხადა, ძალიან ვნანობ, მაშინ ეს
არხი რომ დავხურე, ეს ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა იყოო და თავიდან გახსნა. უამრავი ადამიანი მივიდა სამუშაოდ ამ არხზე და "ინფო 9"-ზე. მერე ამ არხზე რაღაც გაუგებრობა მოხდა, მენეჯმენტი შეიცვალა და თანამშრომლების ნაწილი წავიდა, ახლები მოვიდნენ. ამბობენ, არხზე დაახლოებით 600-მდე თანამშრომელი მუშაობს. ახლა ისინი სრულ გაურკვევლობაში
არიან.

თუ ამ საკითხს ივანიშვილის პოზიციიდან მივუდგებით, შეიძლება მას გაუგო კიდეც. ამ არხმა და განსაკუთრებით "ინფო 9"-მ წინასაარჩევნოდ თავისი მოვალეობა მშვენივრად შეასრულა და ახლა მათი შენახვის და ფულის ხარჯვის საჭიროება აღარაა. მისი ტელევიზიაა და წამგებიან ბიზნესს უნდა შეინახავს, უნდა - არა. თავად ამბობს, ამ არხს 10 თვეა, მხოლოდ იმიტომ ვინახავ, რომ ჟურნალისტებს ვუფრთხილდებოდიო. პრაგმატულად თუ მივუდგებით, ასეა, მაგრამ აბა, ახლა მეორე მხრიდან შევხედოთ. ორივე შემთხვევაში გამოდის, რომ ტელევიზია მისთვის მხოლოდ პოლიტიკური იარაღი იყო და მეტი არაფერი. ორივე შემთხვევაში  ასეულობით ადამიანი მოტყუებული დარჩა, როდესაც ეგონათ, რომ სტაბილური სამსახური ექნებოდათ. ივანიშვილი ამ ადამიანებთან მორალურად ბოლომდე მართალი მაშინ იქნებოდა, თუ  ყველას, ვინც "მე-9 არხზე" სამუშაოდ მიდიოდა, წინასწარ ეცოდინებოდა, რომ ეს დროებითი პროექტი იყო; თავად ივანიშვილი ამტკიცებს, "ინფო 9"-ის თანამშრომლებმა იცოდნენ, სააგენტო დროებითი პროექტი რომ იყოო. კი ბატონო, მაგრამ "მე-9 არხის" თანამშრომლებს ვინმემ უთხრა, როდესაც სამსახურში მიდიოდნენ, ან სხვა ტელევიზიებიდან გადადიოდნენ, ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება დაგხუროთო?

მაგრამ ეს რომ ეთქვათ, მაშინ ხომ იქ სამუშაოდ, ნორმალური არავინ მივიდოდა? ამიტომ გამოდის მათთან ივანიშვილი მტყუანი. დღეს კი იმის მაგივრად, რომ მათ ბოდიში მაინც მოუხადოს, იქით უტევს. მათ გადაწყვეტილებას არხის მაუწყებლობის შეჩერების შესახებ უპასუხისმგებლოს უწოდებს და ამბობს, რომ არაპროფესიონალები არიან, რადგან არც ერთი "ბი-ბი-სიდან" ან "სი-ენ-ენიდან" არ გადმოსულა. რა გამოდის, თუ "ბი-ბი-სიზე", ან "სი-ენ-ენზე" არ მუშაობ, არაპროფესიონალი ხარ? ამ არხზე ჟურნალისტების პროფესიული დონე სხვადასხვა იყო, მაგრამ ყველა ერთ ქვაბში არ უნდა მოხარშო. ეს ადამიანები ხელფასს სწორედ მუშაობაში იღებდნენ. სხვა საკითხია მათი მუშაობა ზოგს რომ  მოსწონდა და ზოგს არა, მაგრამ იმის თქმა, რომ ყველანი ქუჩიდან მოვიდნენ, მუშაობა აქ ისწავლეს და ახლა ამაზეც მადლობა მითხრან, პრეტენზიებს კი ნუ აყენებენო, გაუმართლებელი მგონია, მით უმეტეს, რომ თავად "მე-9 არხის" ჟურნალისტებს  მკვეთრი განცხადებები ნამდვილად არ გაუკეთებიათ და ვინ მიაწოდა ივანიშვილს ასეთი ინფორმაცია, ესეც საინტერესოა. ახლა ასეთი ვითარება გვაქვს: - ამ არხის თანამშრომლებმა გაწეული სამსახურისთვის მადლობის მაგივრად მიიღეს უმუშევრად დარჩენის პერსპექტივა, დამატებით შეურაცხყოფა პრემიერისგან და დაცინვა სააკაშვილისგან - ივანიშვილმა გამოგიყენათ და გამოწურული ლიმონივით მოგისროლათო.
რა თქმა უნდა, მედიაც ბიზნესია, მაგრამ არ შეიძლება მას ისე მიუდგე, როგორც ქარვასლას.

სუპერდემოკრატი

ბოლო რამდენიმე დღეა მიშა ისეთი საყვარელი გახდა, მეტი რომ არ შეიძლება. ჯერ "მე-9 არხის" დახურვის პერსპექტივის გამო ხომ აღშფოთდა, ეს რა წესია, რაც მეტი ტელევიზია იქნება, მით უკეთესი, ჩემს დროს ტელევიზიები იხსნებოდა, ბიძინას დროს კი იხურებაო. თან ეს ყველაფერი ისე წარმოთქვა, სახეზე ნერვიც კი არ შესტოკებია. წინა კვირას არა მარტო რიტორიკა ჰქონდა დემოკრატიული, არამედ ქმედებაც. ცესკოს თავმჯდომარედ იმ კანდიდატურას წარვადგენ, ვისაც არასამთავრობო სექტორი წარმომიდგენს, მზად ვარ ჩემი გამკრიტიკებელნიც კი წარვადგინო არასამთავრობო სექტორიდანო. მერე, როდესაც არასამთავრობოებმა თამარ ჟვანიას კანდიდატურა დაასახელეს, მიშამ თქვა, საერთოდ არ ვიცნობ ამ ქალს, მაგრამ რადგან არასამთავრობო სექტორი ენდობა, მეც ვენდობიო. მოკლედ, დემოკრატი კი არა, სუპერდემოკრატი იყო - ისეთი აზრები აფრქვია, შევარდნაძის დროინდელი ოპოზიციონერი მიშა გამახსენდა. მაშინაც ასეთი დემოკრატი იყო, ამით მოხიბლა ბევრი. როგორც ვატყობ, სააკაშვილს ოპოზიციონერობა უხდება, ხოლო ხელისუფლება წყენს.

ჯიპები და ბავშვები

წინა კვირას სოციალურ ქსელში მარგველაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრის დროს გადაღებული ეს ფოტო გავრცელდა. თითქოს არაფერი, ჩვეულებრივი წინასაარჩევნო შეხვედრაა. ასეთი ბევრი გვინახავს, მაგრამ პრობლემა სწორედ ესაა, რომ ბევრი გვინახავს და აღარ გვინდა ვნახოთ იგივე. რა უბედურებაა ეს, - პატარა ბავშვების პოლიტიკაში გამოყენება. რა იციან ამ პატარებმა, ვინაა მარგველაშვილი, ასე გაბრწყინებული სახეებით რომ ხვდებიან? ისინი ხომ აქ ვიღაცამ მოიყვანა და დაახვედრა მარგველაშვილს. ჩვენ სააკაშვილს ვაკრიტიკებდით, სკოლაში ბავშვებს ტაშისკვრით რომ ახვედრებდნენ და "ოცნებაც" იმავეს აგრძელებს?! მოკლედ, ისევ "ლენინს უყვარდა ბავშვები" გრძელდება. ან ეს შავი ჯიპები რა უბედურებაა, ყველა მაღალჩინოსანი რატომ დადის უზარმაზარი შავი ჯიპით? ის კი არა, წინადღეს, "კავკასიაში" ზაქარია ქუცნაშვილი სტუმრად ორი გრანდიოზული შავი ჯიპით მოვიდა. ბოლოს და ბოლოს, თუ ჯიპებს ვერ ეშვებით, ფერი მაინც შეცვალეთ. მაგალითად, რატომ არ შეიძლება სამთავრობო ჯიპი წითელი იყოს, რომ ყველა ცნობდეს?! "გრეხია?!"
nato
30 აგვისტო 2013 02:03
ერთი რამე მიკვირს მერაბ!ყველა რომ ერთსა და იმავეს გაიძახის ივანიშვილს მე-9 არხი ჭირდებოდა და ახლა არ ჭირდებაო,კი მაგრამ ბიძინას ჭირდებოდა და ჩვენ-მთელ საქართველოს,არა???რა საყოველთაო უმადურობაა ამ ჩვენს ქვეყანაში გამეფებული......თუ ვინმეს ჭირდებოდა თავისუფალი,სიმართლის მთქმელი ტელევიზია,ეს ჩვენ ვიყავით და არა ბიძინა ივანიშვილი,რომრლმაც ჩვენი ლაჩრობის დასათრგუნავად სხვა უამრავ რამესთან ერთად ეს მე-9 არხი გვაჩუქა(ჩუქებაა,აბა რა?ერთი წელი ტელევიზია 12 მილიობს რომ დაგიხარჯავს და არაფერს არ დაგიბრუნებს)
1
29 აგვისტო 2013 12:45
მე-9 არხის ჟურნალისტები თუ მოტყუვდნენ მერე რა, 600 თანამშრომელი ყოფილა. მთელი ამომრჩევლები რომ მოტყუვდნენ ეგაა საწყენი. კომენტარების უმეტესობას ვეთანხმები, ისევე როგორც სტატიას. მაგრამ ერთი კომენტარის არ იყოს, პაგავარილი ი რაზაშლის... ქართულად კი რომ ვთქვათ, "მეფე იყო და ბრძანებდა, იქმოდა რასაც ინებდა". დროა ვინმემ გააღვიძოს ბიძო.
andro
29 აგვისტო 2013 01:59
იარონ ჯიპებით რადგან მოსწონთ, ოღონდ საქმე გააკეთონ. სად არის ლარნახევრიანი ბენზინი, ან განახევრებული კომუნალური გადასახადები, ან რატომ ამოიღეს საგადასახადო კოდექსიდან ჩანაწერი საშემოსავლოს ჯერ 18% და მერე 15% დაყვანაზე ნაცვლად არსებული 20% ? ამაზე დაწეროს ჟურნალისტმა მეტრეველმა, ეს უფრო აქტუალურია ვიდრე შავი ჯიპები და სადღაც მიყვანილი ბავშვები.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები