პიაცაზე "ჩაცუცქულები" - კვირის პალიტრა

პიაცაზე "ჩაცუცქულები"

"თვითონ არის ცხოველი და ზოოპარკიც საკუთარ ოჯახში აქვს"

სააკაშვილი დადის ბათუმში და მუსლიმანებს მართლმადიდებლებზე აქეზებს"ისეთი კეთილგანწყობა, რაც ბოლო დღეებში მხვდება ბათუმში, ოთხი წლის განმავლობაში არ მახსოვს. ეს ტელევიზორში ნახა ერთმა კაცმა, "ზოოპარკის დირექტორმა". ეტყობა, არ მოეწონა და გამოუშვა ერთ-ერთი გალიიდან თავისი ჩაცუცქული ელემენტები, მთელი ბრიგადა. გადაუხადეს სასტუმროს ფული, სამივლინებო ხარჯები და სასამართლოს 100 ლარი პრეზიდენტის შეურაცხყოფისთვის... "ზოოპარკის დირექტორს" შეიძლება ნერვები ეშლება, რომ ხალხი ქუჩაში მხვდება, მეფერება, ტაშს მიკრავს... - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა მას შემდეგ, რაც ბათუმში პიაცაზე ყოფილ პოლიტპატიმარ მელორ ვაჩნაძესა და მისი დაცვის წევრებს შორის ინციდენტი მოხდა.

მელორ ვაჩნაძე ნიშნობის შემდეგ ბათუმში საცოლესთან ერთად ისვენებს და უარყოფს სააკაშვილის გამო იქ ჩასვლას:

- პიაცაზე საცოლესა და  მის დასთან ერთად მივედი. 2 საათის მერე გამოჩნდა სააკაშვილის დაცვა. კაფეში საჭმელი შევუკვეთეთ და სანამ მოგვიტანდნენ, გარეთ სიგარეტს ვეწეოდით. უცებ მოვიდა ვიღაც უცნობი, ეს ტერიტორია დატოვეო. საჭმელს ველოდები, ვინ ხარ, არსად არ წავალ-მეთქი. პრეზიდენტის დაცვის წევრი ვარ, მალე აქ პრეზიდენტი უნდა მოვიდესო. არც შენ მაინტერესებ და არც პრეზიდენტი-მეთქი. საცოლეს ვუთხარი, მაგიდას დაჰბრუნებოდა და პრეზიდენტის დაცვის წევრთან გავაგრძელე საუბარი, რომელიც აგრესიულად მელაპარაკებოდა.

აბა, სად არის პრეზიდენტი, წასვლას რომ მთხოვ-მეთქი. შემომატრიალა და დავინახე, მიშა ჩემგან ორი მეტრის მოშორებით იჯდა... რას მერჩი, შე მშიშარა კაცო, ხმას არ გცემ, თავი დამანებე-მეთქი. პრეზიდენტი ანდრო ბარნოვსა და ვიღაც უცნობ მამაკაცთან ერთად იყო. ჩემს სიტყვებზე ბარნოვმა წამოყო თავი, არ გესმის, რომ უნდა წახვიდე, სულ პრობლემებს როგორ ქმნიო. არც ერთი არ მაინტერესებთ, თავი დამანებეთ-მეთქი. ამაზე მიშა გაბრაზდა და ხელით აჩვენა დაცვას, გაიყვანეთო. შე კურდღელო, რატომ უნდა გამიყვანონ-მეთქი.ჩემს სიტყვებზე მთელმა პიაცამ ტაში შემოჰკრა. 500-მდე კაცი მაინც იყო ამ დროს პიაცაზე და ამდენ ხალხში თავს ვერ გავალახვინებდი. დაცვა ხელს მკრავდა, მე კი შეძლებისდაგვარად ვიცავდი თავს.

- სააკაშვილმა განაცხადა, პიაცაზე ხალხი  ტაშს მე მიკრავდა და მელორ ვაჩნაძე გააძევესო.

- სასაცილოა, პირიქით, ხალხი მე დამეხმარა. როდესაც გაყვანა დამიპირეს, დაცვას წინ გადაუდგნენ. ჩემს მაგიდამდე მიმიყვანეს და არ მცილდებოდნენ. ამით პირველი დაპირისპირება დასრულდა, მაგრამ სააკაშვილის დაცვა პერიოდულად მოდიოდა ჩემთან და ცდილობდა, პროვოკაციაზე წამოვეგე. ამ ყველაფერს ჩემი საცოლე პლანშეტითა და მობილურით იღებდა.

მობილურისა და პლანშეტის წართმევა რომ დაგვიპირა სააკაშვილის დაცვამ, ხელჩართული ბრძოლა გაიმართა. 30 დაცვის წევრი მაინც მომვარდა, მე ორი კაცი დამეხმარა და ჩხუბი ატყდა. დამაკავეს. ექსპერტიზა გავიარე და აღწერილია, რა დაზიანებებიც მომაყენეს. მობილურით გადაღებული ვიდეომასალა, სადაც ჩანს, როგორ იქცევა სააკაშვილის დაცვა, პროკურატურას გადავეცი. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ჩემმა საცოლემ და მისმა დამ სარჩელი შეიტანეს პლანშეტის წართმევის გამო, რომელიც ჯერ არ დაუბრუნებიათ.

როდესაც პოლიციამ გამიყვანა, ჩემი საცოლე მაგიდასთან დაბრუნდა, რომ ჩვენი ნივთები, საფულე და მანქანის გასაღები აეღო და ამ დროს დაინახა, წართმეული პლანშეტი სააკაშვილს ეჭირა ხელში და ბარნოვთან ერთად ათვალიერებდა ინციდენტის ამსახველ კადრებს.

ამის მერე სააკაშვილმა ვიღაც რუს გოგოებთან დაიწყო თურმე ფოტოების გადაღება. ჩემმა საცოლემ სააკაშვილს პლანშეტის დაბრუნება მოსთხოვა, მაგრამ არ დაუბრუნეს და პიაცადან გაიყვანეს. ამ დროს თურმე სააკაშვილი ირონიულად იცინოდა. ეს ადამიანი მე მიწოდებს მოკრიმინალო ელემენტს და თვითონ რას სჩადის? პრეზიდენტი თავისი ქვეყნის მოქალაქეებზე არ უნდა ამბობდეს, ზოოპარკიდან გამოშვებული ცხოველები არიანო. ამის მთქმელი თვითონ არის ცხოველი და ზოოპარკიც საკუთარ ოჯახში აქვს.

პიაცაზე მომხდარის მერე მე და ჩემი მეგობარი მიშა მესხი ველოსიპედებით ვსეირნობდით და სააკაშვილს ქუჩაში შევეჩეხე. მიშა მაჭავარიანთან ერთად იყო. ჩვენს დანახვაზე მაშინვე მანქანაში შეძვრა და გაიქცა.

- სააკაშვილი ამბობს, რომ თქვენ ივანიშვილის მითითებით დაგიქირავეს სასტუმრო და დაგავალეს პრეზიდენტის შეურაცხყოფა.

- იგივე ცილისწამება გაიმეორა ბარნოვმა და ამის გამო სარჩელს შევიტან სასამართლოში. ერთი მოწმე მაინც მოიყვანოს, ვინც ამას დაადასტურებს. თვითონ მართავდნენ ასე ხალხს და უხდიდნენ ფულს. მე და ჩემი მეგობრები სააკაშვილს რესტორნებიდან მაშინ ვაგდებდით, როდესაც ძალაუფლების ზენიტში იყო. წაქცეულ მიხეილს წიხლს რატომ მივაყოლებ? ისე იჯდა პიაცაზე, კაციშვილს არ გაუხედავს მისკენ. ეს ინციდენტი რომ არ მომხდარიყო, არავის აინტერესებდა. ის უკვე წარსულია და პოლიტიკურ სანაგვეზე მოსროლილი. მაინც არ ისვენებს. როდესაც მოედნიდან გავყავდი, ბარნოვს მივაძახე, პიაცაზე ცოცხების პარტიის თავმჯდომარეები იკრიბებით-მეთქი და ერთი ამბავი ატყდა. მთელი პიაცა ტაშს უკრავდა. ეს კაცი ისევ პრობლემებს უქმნის მოქალაქეებს. 29 აგვისტოს სააკაშვილის დაცვამ სცემა და დააკავა ახალგაზრდა, რომელიც პიაცაზე სადილობდა ოჯახთან ერთად.

- რის გამო დააკავეს?

- მოსთხოვეს, ეს მაგიდა უნდა გაათავისუფლოო. ბიჭი რომ დააკავეს, ჩვენ მივედით პიაცაზე და მაშინვე გაიქცა სააკაშვილი. ხალხმა გვიამბო, შეურაცხყოფა მიაყენეს და თავმოყვარე ახალგაზრდამ ეს არ შეარჩინაო. ამის მერე სააკაშვილს მთელი პიაცა  აგინებდა და მაგიდასთან ვეღარ დაჯდა, გაიქცა - ხალხმა გააძევა პიაცადან.

ჩემი დაკავების მერე რამდენიმე ათეული ჩემი მეგობარი ჩამოვიდა, რომელთაც სააკაშვილის დაცვის ქმედება გააპროტესტეს და სასამართლო პროცესს დაესწრნენ. უკვე ყველა წავიდა ბათუმიდან. აქციაც არ გაგვიმართავს. ბათუმში ვისვენებ და აღარ ვაპირებ სააკაშვილთან კონფლიქტს. ჩემგან განსხვავებით, სააკაშვილი ბათუმს პროვოკაციების მოწყობის მიზნით ეწვია. დადის მუსლიმანებთან და მართლმადიდებლებზე აქეზებს. "ნაცმოძრაობის" კოორდინატორები ახვედრებენ ბათუმელ მუსლიმანებს და გეგმავენ აქტივობებს პრეზიდენტის მხარდაჭერით. ეს მოღალატეობრივი პოლიტიკაა, რომელიც კანონით უნდა ისჯებოდეს. სააკაშვილი ივანიშვილს აბრალებს რელიგიური შუღლის გაღვივებას მაშინ, როდესაც თვითონ აპირისპირებენ ხელისუფლებასთან მუსლიმანებს და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, რათა არჩევნებზე მათი ხმები  აიღონ. მივმართავ შს სამინისტროს, გამოაქვეყნოს პიაცაზე დამონტაჟებული ვიდეოკამერის ვიდეოფირი, სადაც ყველაფერია ასახული.

იქ ნათლად გამოჩნდება, ვინ არღვევს კანონს. ეს კადრები გააქარწყლებს ბარნოვისა და სააკაშვილის უსუსურ ბრალდებებს. მე მონა არა ვარ და სააკაშვილის უკანონო ბრძანებს არასოდეს დავემორჩილები. ჩემს შეურაცხყოფას  ვერ შევარჩენდი. 100-ლარიანი ჯარიმის კი არა, მის გამო 1 თეთრის გადახდაც ზედმეტად მიმაჩნია.  რომ მქონოდა საშუალება, ჩემთვის წყნარად ვიჯდებოდი, მაგრამ მთვრალმა სააკაშვილმა რომ იყვირა, გაიყვანეთო, მომცვივდნენ და დამიწყეს ძიძგილაობა.