სად მიდის ჭელის მინარეთის კვალი?! - კვირის პალიტრა

სად მიდის ჭელის მინარეთის კვალი?!

საქართველოსთანა ქვეყანაში რელიგიურ ან ეთნიკურ დაპირისპირებაზე საუბარი ის ნაღმია, რომელსაც მარტივად შეუძლია ააფეთქოს სახელმწიფო და პირიქით, ყველა რელიგიისა თუ ეთნოსის პატივისცემა ის ერთადერთი ფუნდამენტია, რომელსაც შეიძლება დაეფუძნოს სტაბილური და წარმატებული ქართული სახელმწიფო. ამიტომ რომელიმე რელიგიური სიწმინდის შეურაცხყოფა ნებისმიერი საბაბით - ქვეყნის უსაფრთხოების საფუძვლებს ასუსტებს.

რასთან გვქონდა საქმე ჭელის მინარეთის ინციდენტში?! მედიაში აქა-იქ გაჟონილი მრავლისმთქმელი ინფორმაცია საინტერესო ვარაუდის საფუძველს იძლევა. საანალიზოდ მხოლოდ რამდენიმე ფაქტს მოვიყვან: 1. ქართულ სააგენტოებს მოჰყავთ თურქული პრესის ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ჭელის მინარეთი თურქული მხარის დაფინანსებით აშენდა; 2. თავად მინარეთის დადგმაში ჩართული პირები აცხადებენ, რომ მინარეთი მართლაც ნებართვის გარეშე იყო დადგმული, რადგან მათ ვერ მოასწრეს ნებართვის აღება, თუმცა შემდგომ აპირებდნენ; 3. მინარეთის ჭელაში დაბრუნების გადაწყვეტილებას მოჰყვა აშკარად არაჯანსაღი და კარგად ორგანიზებული მოსახლეობის აჟიოტაჟი, ამჯერად უკვე მართლმადიდებელთა მხრიდან, რომლებიც, საყურადღებოა, რომ საპატრიარქოს წარმომადგენლებსაც კი არ ემორჩილებოდნენ. ზუსტად ამ დღეებში რუსულ საიტებზე ჩნდება ინტერვიუები დამაფიქრებელი ინფორმაციით: მაგ., პოლიტ.რუ-სთან“საუბარში პოლიტმეცნიერების ანალიტიკოსი ვიტალი არკოვი აცხადებს, რომ „უახლოეს პერიოდში აჭარა შეიძლება კავკასიის ახალ ცხელ წერტილად იქცეს... თუ ქართველი ძალოვანები მუსლიმანების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას გადაწყვეტენ, სიტუაციაში მეზობელი თურქეთი აუცილებლად ჩაერევა.

უდავოა, რომ ყველაფერი ეს არა მხოლოდ საანალიზო თემები, არამედ გამოწვევაა საქართველოს ხელისუფლებისთვის. როგორ უპასუხებს და რამდენად მზად იყო ამ გამოწვევისთვის ხელისუფლება, ეს სხვა საკითხია. თუმცა, ვფიქრობ, პასუხი უნდა გაეცეს სხვა კითხვებსაც: შესაძლებელია თუ არა, რომ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების გააქტიურებას საქართველოში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება მოჰყვეს? თუ ასეა, ამ ამოცანის შესრულება შეუძლებელია თავად ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მონაწილეობის გარეშე: საკითხავია, ვის აქვს დღეს საქართველოში იმის რესურსი, რომ ასე "კვალიფიციურად" მართოს პროცესები -  საკულტო ნაგებობის უნებართვო დადგმით დაწყებული და  დამთავრებული მართლმადიდებელი მოსახლეობის კარგად ორგანიზებული საპროტესტო აქციით, რომლებიც არ ემორჩილებოდნენ არც ხელისუფლებას და არც საპატრიარქოს? ამ კითხვებზე პასუხის გაცემის გარეშე ჩვენ მორიგი, მსგავსი სახის „ინციდენტებისგან დაზღვეული ვერ ვიქნებით. ეს „ინციდენტები“ კი საქართველოს ერთიანი საზოგადოებრივი სხეულის დაშლისკენაა მიმართული.

სირიის კრიზისი - შორია საქართველომდე?!

მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბაშარ ასადის რეჟიმმა ქიმიური იარაღი გამოიყენა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიაში სამხედრო ოპერაციის ჩატარება გადაწყვიტა. გაერომ სასწრაფოდ გაგზავნა ექსპერტები სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების ნამდვილობის დასადგენად. ბრიტანეთის პარლამენტი არ დაელოდა გაეროს დასკვნას, ისე განაცხადა უარი, გვერდით დაუდგეს აშშ-ს ამ სარისკო ოპერაციაში. სხვა ევროპელი ლიდერები, მათ შორის, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, მოუწოდებენ ბარაქ ობამას, ყველა მოქმედება შეათანხმოს გაეროს უშიშროების საბჭოსთან. თავის მხრივ, ობამა აცხადებს, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს სირიაში ვითარების განმუხტვის უნარი არ შესწევს. ამიტომ ის ერთპიროვნულად არის მზად ასადის რეჟიმის სამხედრო ობიექტებისთვის წერტილოვანი დარტყმების მისაყენებლად. CNN-თან ბოლო ინტერვიუში ობამა აცხადებს, რომ ამერიკის სამხედრო ოპერაცია იქნება ხანმოკლე და მისი მიზანი არ არის არც ასადის რეჟიმის დამხობა, არც არსებულ ძალთა ბალანსის შეცვლა და არც სამოქალაქო ომის დასრულება. ამ ეტაპზე სირიაში აშშ-ის სამხედრო ოპერაციის  მიზანია ქიმიური იარაღის შემდგომი გამოყენებისა და რეგიონში გავრცელების პრევენცია, რაც უნდა მოხდეს მხოლოდ წერტილოვანი სარაკეტო დარტყმებით ასადის სამხედრო ობიექტებზე. ამ ეტაპზე სრულიად გამორიცხავენ ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაციის ალბათობას.

როგორია საქართველოს უშუალო მეზობლების - თურქეთისა და რუსეთის რეაქცია სირიაზე აშშ-ის შესაძლო დარტყმაზე?

თურქეთში, სირიის საზღვართან ახლოს, არის„ნატოს სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზა, მაგრამ რადგან „ნატო“ ამ ეტაპზე არ აპირებს ჩართვას სირიის მმართველი რეჟიმის საწინააღმდეგო ოპერაციაში, ამდენად, ამ ბაზის გამოყენებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. თუმცა, თურქეთი ემზადება სირიიდან მოსალოდნელი ქიმიური შეტევის მოსაგერიებლად. ადრე ოფიციალური ანკარა აცხადებდა, რომ ქვეყანა გაერთიანდება ნებისმიერ საერთაშორისო კოალიციაში, რომელიც მიმართული იქნება სირიის მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ. მაგრამ ამჯერად დასავლური მედია ასადის რეჟიმის დასამხობად დაგეგმილ ოპერაციაში ამერიკის მოკავშირედ მხოლოდ საფრანგეთს ასახელებს.

რუსეთი სიტყვიერად კატეგორიულად ეწინააღმდეგება ყოველგვარ სამხედრო ჩარევას სირიის საშინაო პოლიტიკაში. დასავლელი პოლიტოლოგების შეფასებით, სირია ახლო აღმოსავლეთში რუსეთისთვის თითქმის იგივეა, რაც იყო სერბეთი ბალკანეთში(!). რუსეთს, რომელიც საერთაშორისო არენაზე, ირანთან ერთად, ყოველთვის ბაშარ ასადის მთავარ მოკავშირედ ითვლებოდა, სირიაში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ერთადერთი სამხედრო-საზღვაო ბაზა ჰყავს. თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრის პირით რუსეთმა განაცხადა, რომ არ აპირებს ბრძოლას სირიისთვის და ეს ბუნებრივიცაა რუსეთის დღევანდელი სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალიდან გამომდინარე. უფრო მეტიც, ზოგიერთი რუსი ექსპერტი მიიჩნევს, რომ მათი დასავლელი კოლეგები გადაჭარბებულად აფასებენ სირიის როლს რუსეთის საგარეო სტრატეგიაში. ისინი ამბობენ, რომ რუსეთმა მშვიდად უნდა უყუროს, როგორ ჩაეფლობა აშშ მორიგ "ახლოაღმოსავლურ ჭაობში", რასაც შედეგად დასუსტებული აშშ და რუსეთში ნავთობდოლარების ჭარბი შემოდინება მოჰყვება, რადგან ახლო აღმოსავლეთში კრიზისის გამწვავება ბუნებრივად გამოიწვევს ნავთობზე ფასების ზრდას.

როგორც ვხედავთ, საქართველოს ორივე დიდი მეზობლის ინტერესები პირდაპირ არის გადაჯაჭვული სირიაში მიმდინარე პროცესებთან.

როგორი შეიძლება იყოს სირიაში მიმდინარე მოვლენების გამოძახილი საქართველოსთვის? რამდენად რეალურია იმის ალბათობა, რომ რუსეთმა დათმოს სირია, მაგრამ აშშ-ს„"სამაგიერო" სხვა რეგიონში და სხვა სახით გადაუხადოს? სიმპტომატურია, რომ დასავლურ პრესაში უკვე გაჩნდა სირია-სერბეთის პარალელები, როგორც რუსეთის ინტერესების ორი უმნიშვნელოვანესი ფორპოსტისა მსოფლიოს ორ სხვადასხვა რეგიონში. შეიძლება ითქვას, რომ 2008 წლის აგვისტოში დიდწილად საქართველომ გადაიხადა იმის ფასი, რომ რუსეთმა ვერ შეძლო სერბეთის ინტერესების დაცვა კოსოვოს საკითხში. ყოველ შემთხვევაში, კოსოვოს სტატუსი იქცა რუსეთისთვის საერთაშორისო პრეცედენტად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების პროცესში(!).

რამდენად შესაძლებელია, რომ საქართველო რუსეთისგან სოჭის ოლიმპიადის გადაგორების შემდეგ "შურისძიების" მორიგ აქტს ელოდოს და როგორი შეიძლება იყოს ის? ეს ის კითხვებია, რომლებზე პასუხების ვერსიებიც უკვე უნდა ჰქონდეს საქართველოს ხელისუფლებას.

თუმცა, სანამ სირიაზე მხოლოდ წერტილოვან დარტყმებზეა საუბარი და არა ფართომასშტაბიან სახმელეთო ოპერაციაზე, საქართველოს "დასჯის" სცენარებიც არარეალურია.