"აზრზე მოდით!" - კვირის პალიტრა

"აზრზე მოდით!"

"კოლექტიური შიზოფრენია შეგეყარათ თუ კოლექტიური ღალატის ბუზი დაგაჯდათ შუბლზე?"

"ვიწრო ინტერესებმა, არასწორმა საკადრო პოლიტიკამ და გადაწყვეტილებებმა იმედგაცრუება გააჩინა"

"დიდი კონფლიქტის შემთხვევაში რუსები საქართველოში შემოიჭრებიან და ნახევარ საათში ქვეყანას შუაზე გაწყვეტენ"

"რა ხდება მსოფლიოში, აზრზე ხართ?! ამ პოლიტიკურ იწილო-ბიწილოში რომ გართულხართ და ერთმანეთის ძირის გამოთხრაზე ენერგიას არ იშურებთ, სირია-ირანის მიმართულებით რომ ძალისმიერი მოქმედებები დაიწყოს, საქართველოს სახელმწიფოებრიობა რომ შეიძლება შეეწიროს, უშვებთ ამ აზრს? ახლა მაინც ვიმსჯელოთ იმ საშიშროებაზე, რომელიც გარდაუვალი ხდება. კოლექტიური შიზოფრენია შეგეყარათ თუ კოლექტიური ღალატის ბუზი დაგაჯდათ შუბლზე? აზრზე მოდით! შეწყვიტეთ 22-წლიანი ლანძღვა-გინება... საშიშროებაა წინ", - ასე მიმართა სოციალური ქსელით ანალიტიკოსმა დემურ გიორხელიძემ ხელისუფლებასა და პასუხისმგებლობის მქონე ყველა პოლიტიკურ ჯგუფს.

დემურ გიორხელიძე: - მთელი მსოფლიო ახლო აღმოსავლეთზე ლაპარაკობს, ჩვენს ქვეყანაში კი, რომელიც ამ გეოსტრატეგიული სივრცის ნაწილია, ჩამიჩუმი არ ისმის. გამაოგნა იმ პრობლემის იგნორირებამ, რომელიც შეიძლება დაუდგეს სახელმწიფოს, თუ რეგიონული მასშტაბის კრიზისი დაიწყო. ამაზე საუბრის ნაცვლად ლაპარაკია 2-3 საპრეზიდენტო კანდიდატს შორის დაპირისპირებაზე... სირიაში ომის პარალელურად ირანსა და ისრაელს შორის შეიარაღებული დაპირისპირება რომ  დაიწყოს, რუსებიც გააქტიურდებიან თავიანთი პოზიციის განსამტკიცებლად და საქართველოსაც გამოიყენებენ... თუკი სირიაში საომარი მოქმედება დაიწყება (საბედნიეროდ, ახლა მოლაპარაკებისკენ წავიდა პროცესი), ირანი დაარტყამს ისრაელს. 350 ათასი კბილებამდე შეიარაღებული რუსი ჯარისკაცი რატომ დგას ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქში? ცხინვალში რუსების შემოსვლას ის მიზანი აქვს, რომ დიდი კონფლიქტის შემთხვევაში რუსები საქართველოში შემოიჭრან და ნახევარ საათში ქვეყანა შუაზე გაწყვიტონ.

წლევანდელი არჩევნები თვალებგადმოკარკლული იდიოტის, ყოფილი ბელადის გარეშე ტარდება და ქართველ ხალხს მოუწევს ეძებოს არა მხსნელი მესია, არამედ საღად მოაზროვნე. მთავარია, გავიაზროთ, თუ პოლიტიკური ელიტა არ შეიცვალა, ქვეყანაში არაფერი შეიცვლება. 22 წელია ერთი პოლიტიკური ელიტის ფარგლებში ხდება გადანაცვლებები. Mმხსნელის ძებნის დრო მთავრდება.

- რა ხდება კულისებში? როგორც ვიცი, ვერც კოალიციაშია კარგად საქმე.....

- შეცდომა იყო გარედან თავსმოხვეული კოაბიტაცია, რომელიც მიზნად ისახავდა იმ პარტიის ბირთვის გადარჩენას, რომელმაც მომავალში განსაზღვრული ფუნქცია უნდა შეასრულოს  პოლიტიკაში. კოაბიტაცია არ იყო საჭირო, რადგან არავის აქვს უფლება, პარტიას აუკრძალოს არსებობა, თუ მის მიმართ რაიმე სასამართლო განაჩენი არ არის გამოტანილი. რა საჭირო იყო მთავრობის ზრუნვა პარტიის გადარჩენაზე, როდესაც პარტიის გადამრჩენი ამომრჩეველია? კოაბიტაციის ხელოვნურმა პროცესმა კოალიცია "ქართული ოცნება" დააზარალა და ფეხზე დააყენა "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც კარგად გამოწრთობილი ჯგუფია, დიდ რესურსებს, საინფორმაციო ტექნოლოგიებს ფლობს და არც მხარდაჭერა აკლია გარედან.

საზოგადოებამ არ იცის, რომ 2007 წლიდან, როდესაც "ნაცმოძრაობის" ავტორიტეტის გაუარესება დაიწყო და კრიზისი აშკარა იყო, ოპოზიციის გამოსვლები, დასაწყისში ხელისუფლების ორგანიზებული იყო.

- 2007 წელს ოქრუაშვილის ოპოზიციაში წასვლას და ამის მერე აქციებს გულისხმობთ?

- ოქრუაშვილი არაფერ შუაშია. აქციები დაიწყო სხვა ოპოზიციონერმა (ამჟამად კოალიციაში მყოფმა. მეტად არ დავაკონკრეტებ).

რადგან ხელისუფლებას უჭირდა, საჭირო იყო კრიზისის ხელოვნურად შექმნა, რაც "ნაცმოძრაობას" საშუალებას მისცემდა, ვითარება შეეცვალა. ოპოზიონერი ლიდერების შეცდომისა და კრიზისის გადალახვის შემდეგ ხელისუფლება გამყარდა...

- რა გამოდის, ივანიშვილის ამოცანა მხოლოდ სააკაშვილის პოლიტიკური არენიდან გაყვანა იყო?

- "ნაციონალური მოძრაობა" იმდენად მიუღებელი იყო ხალხისათვის, მას მაინც გაუშვებდნენ, მაგრამ შეიძლება ეს უფრო მწვავე ფორმით მომხდარიყო. ივანიშვილმა შეასრულა ქართველი ხალხის დაკვეთა. სააკაშვილის შეცვლა აუცილებელი იყო, რადგან ძლიერდებოდა ანტიდასავლური განწყობები. მთავარი იყო პოლიტიკიდან მიშას გაყვანა ისე, რომ საგარეო ორიენტაცია არ შეცვლილიყო. ივანიშვილმა თავიდანვე თქვა, რომ პოლიტიკაში არ დარჩებოდა, რადგან Hჰქონდა ლოკალური მიზანი - სააკაშვილის პოლიტიკიდან გაყვანა, ეს შეასრულა.

ივანიშვილი გარდამავალი ფიგურაა, რომელმაც ქართველი ხალხისა და "ნაცმოძრაობის" დაპირისპირება არ მიიყვანა უკიდურესობამდე და ამაში დიდია მისი ისტორიული მისია. Aახლა პოლიტიკური ცხოვრების სხვა ეტაპი მოდის. სამწუხაროდ, სახელმწიფოს მმართველობა კლანის "ბლატის" დონეზეა ჯერაც. ისევ ის სისტემა მუშაობს, რაც "ნაცმოძრაობამ" დაამკვიდრა...

1992 წლიდან მოყოლებული ვერ მოხდა პოლიტიკური ძალების კონცენტრირება საიმისოდ, რომ შეცდომების დამშვები პოლიტიკური ძალა გაეყვანათ თამაშიდან და პოლიტიკური ელიტა შეცვლილიყო.

- ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებიც ვერ შეცვლის პოლიტიკურ ელიტას?

- საპრეზიდენტო არჩევნები არ წყვეტს ამოცანას. პრეზიდენტობის სახელისუფლებო კანდიდატი მხოლოდ იმიტომ არის #1 კანდიდატი, რომ ვიღაც ავტორიტეტმა დაასახელა. ეს არჩევნები დაასრულებს მხსნელისა და ბელადის მოლოდინს. ხალხმა საკუთარ წიაღში უნდა მოძებნოს პასუხისმგებლობის მქონე ავტორიტეტები. რა გამოდის, ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც დაასახელებს ხელისუფლება, #1 კანდიდატი უნდა გახდეს?.. ხელისუფლება სუსტი აღმოჩნდა, სისუსტე კი არაკომპეტენტურობამ იცის. ვიწრო ინტერესებმა, არასწორმა საკადრო პოლიტიკამ და გადაწყვეტილებებმა იმედგაცრუება გააჩინა. ლიდერებმა, რომლებიც  ივანიშვილის გვერდით აღმოჩნდნენ, არასწორი მიზანი დაისახეს: ვიწროპარტიულ ინტერესებზე ფიქრობენ და არა ფუნდამენტურ საკითხებზე. ქვეყანაში არსებული კრიზისის დასაძლევად საჭირო იყო მთელი ქვეყნის ინტელექტის მობილიზება, მაგრამ კოალიციის ლიდერებს არ ეყოთ გამჭრიახობა და საკუთარი თამაშები წამოიწყეს, ამიტომაც დღეს ისინი გაჭედილები არიან... ამაში კოალიციის ლიდერების შეცდომას ვხედავ და არა ივანიშვილის.