მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

დასაწყობებული პრობლემა

ამას ჰქვია - შარო, საიდან მოდიხარო? საიდან და, უჭკუო ჩინოვნიკებისგანო. არაფრის გამო ასეთი ამბის ატეხა გაგონილა? ქრისტიანებიც წყნარად იყვნენ და მუსლიმანებიც. არავინ არაფერს ჩიოდა. შეიძლება, სოფელ ჭელაში აღმართული მინარეთი ვიღაცას არ მოსწონდა, მაგრამ ამის გამო აქციები არ გაუმართავთ და გზები არ გადაუკეტავთ. ახლა კი რა ხდება? მუსლიმანები ცალკე მართავენ აქციებს, ქრისტიანები - ცალკე. ხელისუფლება საკუთარი ხელით შექმნილ ჩიხში აღმოჩნდა, საქართველოს კი კიდევ ერთხელ დააბრალეს რელიგიური შეუწყნარებლობა. სხვადასხვა რუსულ ფორუმზე უკვე დაიწყეს მოწოდებების გავრცელება: "საზიზღარი ქართველები ჩვენს მუსლიმან ძმებს ჩაგრავენ!" "არ შევარჩინოთ მუსლიმანების ჩაგვრა ქართველებს!" და ა.შ. შეიძლება ვიღაცას ჰგონია, რომ მინარეთების მოშლით ქართულ საქმეს აკეთებს, სინამდვილეში კი ეს ჩვენს ქვეყანას უდიდესი საფრთხის, ტერორიზმის წინაშე აყენებს და არეულობის საფრთხის. გარედან მომავალ საფრთხეს რომ თავი დავანებოთ, ამან შეიძლება შიგნითაც არიოს სიტუაცია.

90-იან წლებში აფხაზებსა და ოსებთან ურთიერთობის დაძაბვას, რუსეთის ფაქტორთან ერთად, ჩვენმა შეუწყნარებლობამაც შეუწყო ხელი. გაისმოდა: "აფხაზი ერი არ არსებობს!" "საქართველო ქართველებისთვის!" ამის მთქმელს ეგონა, ეროვნულ საქმეს აკეთებდა, ჩვენ კი ომი, უამრავი დაღუპული და დაკარგული ტერიტორიები მივიღეთ. ურაპატრიოტიზმს ყოველთვის ასეთ შედეგი მოაქვს.

ხელისუფლებამ რაღაც გაუგებარი საბაჟო პროცედურების დარღვევა მოიგონა და 4 000-ლარიანი დარღვევის სანაცვლოდ იმხელა სპეცოპერაცია ჩაატარა და იმდენი ხარჯი გასწია, რომ 4 000 ლარი იმასთან რა მოსატანია. ჩემთვის ეჭვგარეშეა, ის ჩინოსანი, ვინც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, უნდა დაისაჯოს, რადგან პრობლემა არაფრისგან შექმნა. ამას რა გაგრძელება მოჰყვება, არავინ იცის.

ასევე გაუგებარია ჩემთვის ივანიშვილის დუმილი! ასეთ მნიშვნელოვან პრობლემაზე პრემიერ-მინისტრს ხმა არ ამოუღია! მხოლოდ არჩილ ხაბაძის პირით დაჰპირდა მუსლიმანებს, მინარეთი დაბრუნდებაო. მინარეთი კი დაბრუნდა, მაგრამ საწყობში შენახული ვის რად უნდა? ეს მინარეთის კი არა, პრობლემის "დასაწყობება" გამოდის.

ზებრა ზოოპარკის დირექტორის წინააღმდეგ

იყო და არა იყო რა. იყო ერთი ზებრა, რომელსაც თავი ცხენი ეგონა, თან - არაბული ულაყი. რაც მთავარია, მარტო მას კი არ ეგონა, ზოოპარკის ბევრი ბინადარი ფიქრობდა ასე. მოკლედ, ზებრა ცხრა წელი ცხენობდა და დაჭენაობდა თავის ნებაზე. რასაც უნდოდა, იმას აკეთებდა. ყველა მის ჭკუაზე დადიოდა. ყველა ფაშატი მისი იყო, ყველა მომვლელი მას ეალერსებოდა. მისთვის საუკეთესო თივა მიჰქონდათ. როცა უნდოდა, მაშინ ჭიხვინებდა და რაც უნდოდა, იმას ჭიხვინებდა. ყველას ყურები ჰქონდა მისი ჭიხვინით გამოჭედილი, მაგრამ უბატონოდ ხმას ვინ გასცემდა?! რამდენიმე ისეთი“"პადელნიკი" ჰყავდა, ყვავსაც კი დაარწმუნებდა, რომ თეთრი იყო და ბულბულის ხმა ჰქონდა. ჰყავდა კიდეც რამდენიმე ყვავი, რომლებსაც თავი ბულბული ეგონათ. თუმცა ეს ის შემთხვევა არ იყო, ავთანდილი რომ ამბობს ფატმანზე: "რა ყვავი ვარდსა იშოვის, თავი ბულბული ჰგონია". ამ ყვავებს უვარდოდ სჯეროდათ საკუთარი ბულბულობის და ზებრის ცხენობის. მართალია, მის უჩვეულო ზოლიანობას ბევრი ამჩნევდა, მაგრამ ის რაღაც მანქანებით ახერხებდა ყველას დარწმუნებას, რომ ცხენი იყო, არაბული ულაყი. როგორც კი მის ცხენობაში ვინმეს ეჭვი შეეპარებოდა, აყრანტალდებოდნენ ყვავები, თავს დააცხრებოდნენ, დაკორტნიდნენ, თუ ეს არ შველოდა, მოთაფლავდნენ ან შეაშინებდნენ და ყველაფერი თავის კალაპოტში დგებოდა. ცხოვრობდა ასე ბედნიერად ზებრა, ვიდრე ზოოპარკს ახალი დირექტორი არ დაუნიშნეს. ახალმა დირექტორმა ზებრას ეშმაკობა გაუგო და აფერისტობისთვის მისი დაპატიმრება მოითხოვა. აი, აქ კი აღშფოთდა ზებრა, ყვირილი მორთო: მე ზებრა კი არა ვარ, გალიაში რომ გამომკეტოთო, ცხენი ვარ, ცხენიო! მაგრამ მისი აღარავის სჯეროდა.

ალბათ, ხვდებით, ეს ზღაპარი რამაც შთამაგონა. წინა კვირას ივანიშვილმა თქვა, სააკაშვილს შეიძლება ციხეში მოუწიოს წასვლამო. მიშა გამოვარდა და - მაგის ზებრა კი არა ვარ, გალიაში რომ ჩამსვას, მაგ ზოოპარკის დირექტორმაო. მერე ხალხი კითხულობდა, თუ ივანიშვილი ზოოპარკის დირექტორია, ჩვენ ვინღა  გამოვდივართო? მაგრამ სააკაშვილს თავისივე ნათქვამი ისე მოეწონა, მეორე დღესაც  ზოოპარკის დირექტორი ეძახა ივანიშვილს. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ, ვინ ვის აჯობებს - "ზებრა ზოოპარკის დირექტორს, თუ დირექტორი - ზებრას".