"გამორიცხულია, რომ ალასანიამ წამოაყენოს თავისი კანდიდატურა"
02-09-2013
"გამორიცხულია, რომ ალასანიამ წამოაყენოს თავისი კანდიდატურა"
მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ალასანიამ საქვეყნოდ მიულოცა გიორგი მარგველაშვილს "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელება, მაინც არ წყდება ალასანიას საპრეზიდენტო ამბიციებთან დაკავშირებული ინსინუაციები. საზოგადოების ნაწილი მაინც ელის, რომ ალასანია ბოლო მომენტში გამოაცხადებს, კენჭს ვიყრიო. ამ მოლოდინის მქონეთ ეს მოსაზრება განსაკუთრებით მაშინ განუმტკიცდათ, როდესაც ალასანიამ ევროპასა და აშშ-ში მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა. ითქვა, დასავლეთს საპრეზიდენტო არჩევნებში პოლიტიკური მხარდაჭერის მიღების მიზნით სტუმრობდაო.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე: - გამორიცხულია, რომ ირაკლიმ წამოაყენოს საკუთარი კანდიდატურა.
ეს პროგნოზი აცდენილია რეალობას. "ქართული ოცნება" არჩევნებზე გამოდის ერთიანი კანდიდატით - გიორგი მარგველაშვილით, რომლის გამარჯვებაში ეჭვი არავის ეპარება.

- როდესაც ალასანიამ გერმანიაში მოინახულა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ითქვა, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის უწმინდესისგან კურთხევის მიღება უნდოდაო.
- ეს ფანტაზიებია. გულწრფელად გეტყვით, ადამიანებს, რომლებიც მხარს უჭერენ ალასანიასა და მის
გუნდს, სურდათ, ირაკლი ყოფილიყო საპრეზიდენტო კანდიდატი და ალბათ, ფიქრობენ, იმიტომ შეხვდა პატრიარქს, რომ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავსო, რაც სიმართლე არ არის. ისევე როგორც ის, რომ ირაკლი მხარდაჭერის მოპოვების მიზნით სტუმრობდა აშშ-ს. ალასანიას აქვს მკაფიო პოზიცია, რომ ჩვენი პარტია არის კოალიციის მნიშვნელოვანი სუბიექტი და ჩვენი საერთო კანდიდატი მარგველაშვილია. ერთგული ვრჩებით იმ შეთანხმებისა, რაც გვაქვს. არასდროს დაგვიმალავს ისიც, რომ ირაკლი კარგი საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება, მაგრამ ეს სხვა დროს... ახლა მას სხვა დღის წესრიგი აქვს, ის თავდაცვის მინისტრია და სერიოზულად მუშაობს ამ სფეროში.

- ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ კოალიციის დაშლას ვარაუდობენ. ადგილობრივ არჩევნებზე კოალიციის წევრები ერთად გახვალთ თუ ცალ-ცალკე?

- ნაადრევია ამაზე ლაპარაკი. ჯერ საპრეზიდენტო არჩევნები ჩავამთავროთ. შემდეგ შეიქმნება ახალი პოლიტიკური დღის წესრიგი და ადგილობრივი არჩევნებისთვის მომზადება დაიწყება. თუ გადავხედავთ ევროპულ გამოცდილებას, საპარლამენტო კოალიციებში შემავალი პარტიები ადგილობრივ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობენ. საფრთხეს ვერ ვხედავ იმაში, რომ კოალიციის წევრმა პარტიებმა ცალ-ცალკე მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში.

div>
რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?