"ეს არის წმინდა წყლის მაქინაცია" - კვირის პალიტრა

"ეს არის წმინდა წყლის მაქინაცია"

"დღეს შეუძლებელია, ერთმანეთისგან გამიჯნო ქონება, რომელსაც "რუსთავი 2" თავისი შემოსავლებით ყიდულობდა და ქონება, რომელიც სახელმწიფოს ფულით უკანონოდ შეიძინა "საქართველომ"

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შესწავლის საფუძველზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, სავარაუდოდ, რამდენიმე ათეულ ადამიანს დაიბარებს დაკითხვაზე. კომისიის თავმჯდომარის, თინა ხიდაშელის განცხადებით, დასაკითხთა შორის იქნებიან ყოფილი ჩინოსნები და მედიის წარმომადგენლები, ასევე, საქართველოს პარლამენტის წევრი დავით ბეჟუაშვილი. თინა ხიდაშელის განცხადებით, კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასაც.

"ქალბატონი ხიდაშელი არ არის საგამოძიებო კომისია, ის არის კომისიის თავმჯდომარე და მის დაბარებულზე ვერ ვივლით", - განაცხადა გვარამიამ.

თინა ხიდაშელი:

- კომისიის შესწავლილი მასალებით დგინდება, რომ ტელეკომპანია "საქართველო" უკანონოდ ფინანსდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ეს დაფინანსება არაპირდაპირი გზით სარგებელს აძლევდა "რუსთავი 2"-ს. დაახლოებით 26 მლნ ლარია დახარჯული. ყველაფერი, რაც ამ წლებში შეიძინა "საქართველომ" - ლაპარაკია უზარმაზარ ქონებაზე - "რუსთავი 2"-ს ეკუთვნის.

როდესაც ამ ორ ტელეკომპანიაში უკანონობა ხდებოდა, ბატონი ნიკა მაშინ ხელმძღვანელი არ იყო, ამიტომ პასუხის გაცემა მოუწევს ისეთ საკითხებთან დაკავშირებითაც, რომელთანაც თავის დროზე პირდაპირი შეხება არ ჰქონია.

- რა დარღვევები გამოავლინა კომისიამ?

- ერთ-ერთი საჩივრის მიხედვით, "რუსთავი 2"-ის რამდენიმე გასართობი შოუ ფინანსდებოდა სახელმწიფო სახსრებით. "რუსთავი 2"-ისგან ვითხოვთ შესაბამის დოკუმენტაციას, რომ დადგინდეს ამ ინფორმაციის ნამდვილობა. ამასთან, გვარამიას ვთხოვდი ინფორმაციას სარეკლამო ბაზართან დაკავშირებით. რადგან ვერ მიხვდა, რას მოვითხოვდი, კიდევ ერთხელ, ამჯერად თქვენი გაზეთის საშუალებით განვუმარტავ, რომ საქმე ეხება მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლის, ბატონი ჩიქოვანის ბიზნესინტერესებს სარეკლამო ბაზარზე. უამრავი ჩვენება და საჩივარი გვაქვს, რომელთა მიხედვით, "რუსთავი 2" ემსახურებოდა ჩიქოვანის კერძო ინტერესებს.

გვარამიამ ამ კითხვებზე არ გვიპასუხა და რადგან, როგორც თვითონ ამბობს, ჩემს თხოვნას არ ცნობს, კომისიის წევრების, 14 კაცის ხელმოწერილ წერილს ვაახლებ. თუ ასე გააგრძელებს, პროკურატურასაც მივმართავ და ნებართვას გვარამიას არ ვთხოვ. ჩემთვის შეურაცხყოფის მოყენების ნაცვლად იქნებ გვიპასუხოს, საქართველოს ბიუჯეტიდან წლების განმავლობაში უკანონოდ რატომ ფინანსდებოდა ტელეკომპანია "საქართველო", თანაც თავდაცვის სამინისტროს ხაზით. "საქართველო" "რუსთავი 2"-ის შენობაში იყო და დღეს, ფაქტობრივად, შეუძლებელია, ერთმანეთისგან გამიჯნო ქონება, რომელსაც "რუსთავი 2" თავისი შემოსავლებით ყიდულობდა და ქონება, რომელიც სახელმწიფოს ფულით უკანონოდ შეიძინა "საქართველომ", შემდეგ კი მაქინაციების საშუალებით "რუსთავი 2"-ს გადაულოცა.

- რა მაქინაციებს გულისხმობთ?

- შარშან ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, როდესაც "ნაციონალები" მიხვდნენ, რომ სახელმწიფოს ფულს თავის ჭკუაზე ვეღარ განკარგავდნენ და "საქართველოს" მზეც ჩაესვენებოდა, სასწრაფოდ გადაწყვიტეს, დაეკანონებინათ ყველაფერი, რაც წლების განმავლობაში იშოვეს, ანუ "საქართველომ" "რუსთავი 2"-ის 51 %-იანი წილი იყიდა, ოღონდ ფული კი არ გადაიხადა, მართვაში მონაწილეობის უფლება მიიღო სახელმწიფოს ბიუჯეტით ნაყიდი ქონებით. ქონების უზარმაზარ ჩამონათვალში არის შენობა და მიწა, რომელიც სახელმწიფოს ფულით, დაახლოებით 6 მილიონი ლარით, "საქართველომ" "რუსთავისგან" იყიდა, მაგრამ შარშან ესეც უკან დაუბრუნა.

- ვინ იდგა ამ მაქინაციების უკან?

- ყარამანიშვილები, რომელთაც ერთდროულად ეკუთვნოდათ "საქართველოც" და "რუსთავი 2"-იც, ანუ ყარამანიშვილმა "საქართველოს" სახელით თავისთვის იყიდა თავისივე "რუსთავი 2". ეს გააკეთა იმიტომ, რომ სახელმწიფოს ფულით ნაყიდი ქონება გადაეცა "რუსთავი 2"-ისთვის, ანუ საკუთარი თავისთვის. ეს არის წმინდა წყლის მაქინაცია.

როდესაც გვარამია იყო მთავარი პროკურორი, რამდენიმე ტელევიზიას ერთდროულად მართავდნენ ყარამანიშვილები, ბეჟუაშვილი, გეგეშიძე და სხვები. ერთდროულად იყვნენ დამფუძნებლებიც და დირექტორებიც, ხანდახან დირექტორობას უცვლიდნენ ერთმანეთს, მაგრამ დამფუძნებლად რჩებოდნენ იქ, სადაც მანამდე დირექტორები იყვნენ. ერთი და იგივე ხალხი ტრიალებდა წრეზე.

ყველა ფინანსური ნაბიჯი, რომელსაც ტელეკომპანია "საქართველო" დგამდა, მოტივირებულია "რუსთავი 2"-ისთვის არაპირდაპირი სარგებლის მიღებით, ანუ აშკარაა სახელმწიფო ბიუჯეტიდან "რუსთავი 2"-ის არაპირდაპირი დაფინანსება, რომ არაფერი ვთქვათ პირდაპირ დაფინანსებაზე.

- გამოდის, რომ სამი საზოგადოებრივი მაუწყებელი გვქონდა: "საქართველო", "რუსთავი 2" და პირველი არხი?

- "ალანია" გამოგრჩათ. ეს ტელეკომპანია უკანონოდ მაუწყებლობდა და როდესაც ამის თაობაზე კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეობისას გიორგი არველაძეს მიმართეს, ჟურნალისტებს პასუხად მისწერა, რომ ის არ იცნობს ასეთ ტელევიზიას, არადა, "ალანია" უკვე ორი წელი გადიოდა ეთერში. ანძის ხელმძღვანელმაც დაგვიდასტურა, რომ "ალანიასთვის" გადამცემების დაყენება უშიშროებამ ითხოვა. "ალანია" ორი წლის განმავლობაში არ იხდიდა გადასახადებს და ყველა ტრანზაქცია, რაც კი ხდებოდა, უკანონო იყო. ხელფასიც ქეშით გაიცემოდა.