რატი სამყურაშვილი: მანქანაში საინექციოდ გამზადებული შპრიცი აღმოგვიჩინეს (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

რატი სამყურაშვილი: მანქანაში საინექციოდ გამზადებული შპრიცი აღმოგვიჩინეს (ექსკლუზივი)

ყოფილი დეპუტატის, რატი სამყურაშვილის ერთდღიანი დაკავების შემდეგ ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ის პოლიციამ სასტიკად სცემა და ძალადობის კვალი სახეზეც ეტყობოდა. "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ საუბარში რატი აცხადებს, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა. "გაირკვა სიმართლე და გამათავისუფლეს," -ამბობს ის.

სამყურაშვილი ოთხ მეგობართან ერთად 5 სექტემბერს გვიან ღამით დააკავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

-მანქანით მოვდიოდით. ორმა საპატრულო პოლიციელმა შემოწმების მიზნით გაგვაჩერა. მანქანაში მსხდომთაგან ერთ-ერთს აღმოუჩინეს ნარკოტიკული საშუალება, საინექციოდ გამზადებული შპრიცი. ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე გაირკვა, რომ შპრიცში მოთავსებული იყო 0, 00111 გრამი ჰეროინის შემცველობის სითხე. 260-ე მუხლით წაგვიყენეს ბრალი, ნარკოტიკული ნივთიერების მფლობელის დადგენის მიზნით ხუთივე დაგვაკავეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაგვიყვანეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ მე და სამი ადამიანი ვართ უდანაშაულო და გამოგვიშვეს. ავტომობილში ვიყავი მძღოლთან და სამ მეგობართან ერთად.

-ესე იგი, პოლიციას ძალა არ გამოუყენებია?

-გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ჩემსა და საპატრულო პოლიციას შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, მცდარია. ადგილზე იყო ასეთი ვითარებისთვის დამახასიათებელი დაძაბულობა, ხმაური, მაგრამ ყველაფერი მოხდა კანონის ფარგლებში. რა თქმა უნდა, ფაქტი ძალიან უსიამოვნოა, მაგრამ რა გაეწყობა?! როგორც იტყვიან, რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს...

-რამდენ ხანში გამოგიშვეს?

-გამოძიებამ მალე დაადგინა მფლობელის ვინაობა, შპრიცის მფლობელმა თვითონ აღიარა, რომ ჩვენ არაფერ შუაში ვიყავით, ამიტომაც 48 საათში დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო გაგვათავისუფლეს. ნარკოტიკის მფლობელი 7 სექტემბერს, გირაოს შეფარდების შემდეგ გამოუშვეს. ალბათ, მდგომარეობა ასე არ გამწვავდებოდა, მას რომ შპრიცი ავტომობილში არ დაედო. დაბნეულმა ჩათვალა, რომ მანქანაში შპრიცს არავინ ნახავდა და უკანა სავარძელზე დადო.

-შეიძლებოდა პოლიცია ინფორმირებული ყოფილიყო?

-არ მგონია. წინასწარ ინფორმირებული რომ ყოფილიყვნენ, მეტი მოვიდოდა ალბათ, და არა მხოლოდ ორი.

-ის თქვენი მეგობარი ნარკოტიკს რომ მოიხმარდა, იცოდით?

-კი, მაგრამ გვეგონა, თავი დაანება. თურმე ისევ განუახლებია.

-გავრცელდა ინფორმაცია, რომ კახი კალაძის ახლობელი ხართ. მისი ჩარევა ხომ არ დაგჭირდათ?

-აქამდე არ მისულა საქმე, სამაგისო არაფერი მომხდარა, რომ მისთვის მეცნობებინა. მერე კი შეიტყო ყველაფერი, მაგრამ ჩემგან არ გაუგია. ზუსტად ვიცოდი, როგორც დამთავრდებოდა ყველაფერი, ადვოკატიც არ მყოლია, არ მჭირდებოდა.

-რას ფიქრობთ, ნარკომანია ავადმყოფობაა თუ კრიმინალი?

-ავადმყოფობა. აი, ჩემი მეგობარიც არის ამ უბედურებაში გახვეული, თან -არაერთი, სამწუხაროდ. ეს ყველა ქვეყანაში პრობლემაა. ჩვენთან თითქოს რაღაც პერიოდის განმავლობაში ჩაცხრა, მაგრამ ვერ აღმოიფხვრა. ეს არის ავადმყოფობა და არა -კრიმინალი.