მერაბ ბერძენიშვილი: "ხელისუფლებამ საკუთარ შვილებს ძალადობა და სისასტიკე შთააგონა" - კვირის პალიტრა

მერაბ ბერძენიშვილი: "ხელისუფლებამ საკუთარ შვილებს ძალადობა და სისასტიკე შთააგონა"

"ავის მომასწავებელი წინათგრძნობა მაქვს"

ცნობილმა ფილოსოფოსმა, პროფესორმა მოისეი კოგანმაც კი აღიარა, რომ ქართველებს მერაბ ბერძენიშვილის სახით მსოფლიო ისტორიულ კულტურაში ერთ-ერთი დიდი მოქანდაკე-მონუმენტალისტი გვყავს. ჩვენ კი, რატომღაც მისი მარადიული ძეგლებისთვის ხელის ხლება გადავწყვიტეთ! ჯერ იყო და დავით აღმაშენებლის ძეგლის თბილისის შემოსასვლელში გადატანამ კინაღამ მოინელა დიდოსტატი. 21 დეკემბერს (სტალინისა და მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეს!) კი ქუთაისში "გამარჯვების მემორიალის" ("ბოროტებაზე გამარჯვება") აფეთქება იგეგმებოდა. სასოწარკვეთილი მოქანდაკე კი იმ იმედს ებღაუჭებოდა, რომ მემორიალის მკვიდრად ნაშენი თაღები აფეთქების ტალღას დიდხანს გაუძლებდა.

...დაძაბულობამ პიკს მიაღწია. "ვითარების განსამუხტად" მემორიალი 19 დეკემბერს, ნიკოლოზობის დღესასწაულზე ააფეთქეს. მაშინ, როცა ამას არავინ ელოდა. აფეთქებას სამწუხაროდ, მსხვერპლი მოყვა.

ამ დღეების განმავლობაში მწერლები, პოეტები, მსახიობები, მუსიკოსები, მოქანდაკეები, მხატვრები მერაბ ბერძენიშვილთან მიდიან და მის მწუხარებას მდუმარედ იზიარებენ...

თავად მერაბ ბერძენიშვილს კი სატანჯველის გამოსახატავად სიტყვები არ ჰყოფნის. დუმილი კი, მოგეხსენებათ, ხშირად ყვირილზე უფრო ძლიერი და შემზარავია.

პაატა კოღუაშვილი, პოლიტოლოგი: "მოქანდაკე ვეღარ ამოძრავებს მარჯვენას, რომლითაც უზადოდ  ძერწავდა "ტიხრებს"! ხელი გაჩერებული აქვს, გაყინული!…მერაბ ბერძენიშვილი ცუდად არის!"

KvirisPalitra.Ge

”ხელისუფლებამ მემორიალი დაანგრია. ხელისუფლებამ ჩაიდინა გაუგონარი ბოროტება. ხელისუფლებამ დაუშვა შეცდომა, რადგან წარმოჩნდა მისი სიბეცე და ქვის ხანის აზროვნება. არც კი იციან, რას ამსხვრევენ. არც ის იციან, ამ ძეგლ-მემორიალს რა მხატვრული ღირებულება გააჩნია და რა რეზონანსი ჰქონდა. არც იციან, რომ საკუთარ შვილებს ძალადობა და სისასტიკე შთააგონეს... როცა მემორიალი გაიხსნა, ბავშვებმა მტრედები ააფრინეს. მტრედებმა ცას მიაშურეს. მხოლოდ  ორი მტრედი არ აფრენილა, ერთი ბრინჯაოს "მზეჭაბუკს" დაასკუპდა მხარზე, მეორე კი - მე. ამ დროს ჩემთან ერთად 20-30 კაცი იდგა... ეს იყო ნამდვილი სასწაული. გახსოვდეთ: ”ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!" ტყუილად არაფერი ხდება.” - ეს სიტყვები თავად მემორიალის შემოქმედს, მერაბ ბერძენიშვილს ეკუთვნის.

თავის დროზე (1981 წლის 5 ნოემბერს) "დიდების მემორიალი"  ფაშიზმზე გამარჯვების ნიშნად აღიმართა, თუმცა  მერაბ ბერძენიშვილს  დღემდე სჯეროდა და სჯერა, რომ მონუმენტს უფრო გლობალური მნიშვნელობა ჰქონდა. გამარჯვებული მზეჭაბუკი სატევრით ხელში - სიკეთის ბოროტებასთან ბრძოლის სიმბოლოდ აღიქმებოდა, ხოლო თაღებზე გამოსახული გახლდათ ქართული ხალხური სიბრძნის ნიმუშები, როგორც  ბოროტების ძლევის ზეიმის მანიშნებელი.

სპილენძისა და ბრინჯაოსგან მემორიალის ძარცვა ადრეც მიმდინარეობდა. ბოლო სამი წელიწადია, რაც მზეჭაბუკს ჯერ სატევარი "გამოსტაცეს" ხელიდან, შემდეგ გულიც "ამოაგლიჯეს"... დიდოსტატმა კი დაიკვნესა: "ასე მგონია, ის გული მზეჭაბუკს კი არა, მე ამომიღეს მკერდიდან!"

- ეროვნული ღირსებისა და პატივის აყრას სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი არ მოჰყოლია. მაგრამ, სადღა არის ეს ე.წ. სამოქალაქო საზოგადოება "ვარდივით ხავერდოვან" პერიოდში?! - კითხულობდნენ" ინტელიგენციის წარმომადგენლები, რომლებიც თავის თავს უკვე "ჩარეცხილებს" უწოდებენ.

განა შარშან, ზუსტად  ერთი წლის წინ მოქანდაკე ვახტანგ ონიანი არ წუხდა ძლევამოსილი "ამირანის" ხევში "გადაჩეხვის" გამო?! როცა უზარმაზარ მონუმენტს ძვრა ვერ უყვეს, ნაწილებად დაჭრეს და ისე გადაყარეს!..

განა მოქანდაკე "კვირის პალიტრასთან" საუბარში არ აცხადებდა, - მერაბ ბერძენიშვილის "მემორიალსაც" იგივე ბედი მოელისო?!

თემურ ნანეიშვილი, ფილოსოფოსი: "პრომეთე რომ დაგვიდგეს ჯერ თბილისში და შემდეგ ბორჯომში გადაიტანეს, რად გვინდა პრომეთე, როცა  ამირანი გვყავს!".

რეზო ესაძე, კინორეჟისორი: "ხელისუფლების ყველა ქმედება, რისი მომსწრენიც გავხდით ამ ბოლო  წლებში, სულ მაეჭვებდა. მაგრამ როდესაც  ახლა "გამარჯვების მემორიალს" აფეთქება დაუპირეს, მივხვდი, ოცნებობენ, - ხალხი ისეთ მდგომარეობაში ჩააყენონ, ისე ააბობოქრონ, რომ მიზეზი იპოვონ მათთვის ტყვიების დასაშენად. საშინელი წინათგრძნობა მაქვს, - მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რათა უკიდურესობამდე მიიყვანოს დაძაბულობა! ქართველი ხალხი ან სიჩუმეში გაიხრწნება, ან ხმას ამოიღებს და  ყველაფერი ცუდად დამთავრდება!".

ჯანსუღ ჩარკვიანი, პოეტი: "ამათ ჩვენ იმიტომ ვეზიზღებით, რომ საკუთარი წარსული სძაგთ, რომელსაც ჩვენ მუდმივად ვახსენებთ!..".

მერაბ ბერძენიშვილი: "სიტყვა ეროვნულობა ბევრს ღიმილსა ჰგვრის, - არ ესმით და არა აქვთ გაცნობიერებული მისი მნიშვნელობა. ეს ის ხალხია, რომელთა წყალობით მიმბაძველობამ წალეკა  ყველაფერი. დღეს მსოფლიო ერთ ხმაში მღერის, მძვინვარებს უსახური, უღიმღამო ხელოვნების გაფეტიშება, განსაკუთრებით ჩვენში. ეს მწარე შეცდომა წარმოჩნდება მაშინ, როცა ამერიკელი თუ იაპონელი მომღერლისგან "შევისწავლით" ხასანბეგურასა და ჩაკრულოს, როგორც "უნიკალურს", უცხოეთიდან შემოტანილსა და ვაგლახ, აღარ გვეცოდინება, რომ ის ოდესღაც თავად გავაჩუქეთ".

ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ, რომ პარლამენტის შენობის განთავსების გამო ძეგლს სხვაგან გადაიტანდნენ. თუმცა, მხატვრებისა და სპეციალისტების აზრით, ეს შეუძლებელი იყო. სპილენძისა თუ ბრინჯაოს ფიგურებით გაწყობილი რკინაბეტონის თაღების აღდგენა, მარტივად რომ ვთქვათ, წინასაახალწლო "ზღაპარს" ჰგავდა. მხოლოდ "მზეჭაბუკის" სხვა ადგილზე გადატანა კი სრულყოფილ კომპოზიციას ვეღარ შექმნიდა.

სხვათა შორის, ოფიციალური  მოსკოვი ამ ფაქტს გამოეხმაურა და "მემორიალის" დანგრევა ცინიზმად შეაფასა.…კაცმა არ იცის, მტრულად განწყობილი სახელმწიფო ქართველთა ეროვნულ ღირსებებზე თამაშს როგორ გამოიყენებს.…

დღეს კი ქართველი ინტელიგენციის წარმომადგენელთა გაფითრებული სახეების დანახვისას  ვფიქრობ, - ნუთუ ასე ძნელია ამ ხალხის ნიჭის, უნარის, განათლების კვლავ ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოყენება?! ქართული კულტურის ძეგლების დადგმა საბჭოთა რეჟიმის პირობებში თუ ხერხდებოდა, დღეს რაღა დაგვემართა, ეროვნულ საგანძურს რად დავერიეთ?! ხომ შეიძლებოდა ამ (თუ სხვა) საკითხის ცოტა ხნით ადრე საზოგადოების სამსჯავროზე გამოტანა, განხილვა სხვადასხვა ვარიანტისა. იქნებ ყველაფერი ისეც წასულიყო, როგორც ძლიერთა ამა ქვეყნისათა ("დრონი მეფობენ და არა მეფენი") განუზრახავთ, მაგრამ რატომღაც ეს ავადმყოფობა არაფრად ჩაგდებისა და ანგარიშგაუწევლობისა, სულ უფრო იკიდებს ფეხს ჩვენი ხელისუფლების ტვინში რასაც, ერთი სიტყვით, "ცინიზმი" ჰქვია... ვფიქრობ და ვერ ამომიხსნია, ვის და რაში უნდა აძლევდეს ხელს ხალხთან ასეთი დამოკიდებულება.

ეროვნული ფესვების, ძეგლების, ტრადიციების უარყოფა ღრმა უფსკრულისკენ მიგვაქანებს. იქიდან ამოსვლა კი თვით "მითური ამირანისთვისაც" ძნელია.…

საქართველოს საგარეო უწყებამ მოსკოვის ზემოთ აღნიშნულ გამოხმაურებას შემდეგი შეფასება მისცა: - ეს მემორიალი საჭიროებს შესაბამის სარეაბილიტაციო სამუშაოს ჩატარებასო(!). როგორც ეტყობა, რეაბილიტაცია ჩატარებულია.

გამოდის, ქართველი საზოგადოების პროტესტი არად ჩააგდეს და მხოლოდ მოსკოვის გამოხმაურება ემცხეთათ? რატომ, კრემლში უფრო ანგარიშგასაწევი ხალხი ზის, ვიდრე საკუთარი ხალხია?! - ასეთი უამრავი კითხვა გაჩნდა. თუმცა, საღამოს დატრიალებულმა ტრაგედიამ ყველას თავზარი დასცა.

გავრცელებული ინფორმაციით, 11 წლის ნინო ჯინჭარაძე საცხოვრებელი სახლის ეზოში იყო, როცა აფეთქების შედეგად ასხლეტილმა ნამსხვრევმა იმსხვერპლა. დაიღუპა გოგონას დედაც, არიან მძიმედ დაშავებულებიც. კომპანია "საქმფეთქმრეწვის" წარმომადგენლებმა მემორიალთან ახლოს მცხოვრებთ ეზოში გამოსვლა ურჩიეს, თუმცა სწორედ ისინი დაშავდნენ, ვინც აფეთქების მომენტში სახლებიდან გამოიყვანეს. ლამის 75-მეტრიანი მონუმენტის რკინაბეტონის თაღების ნგრევა მხოლოდ აფეთქების უძლიერეს ტალღას თუ შეეძლო. სავარაუდოდ, უსაფრთხოების ზომების დაუცველობა სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა.

თემურ შაშიაშვილი: - ქუთაისიდან დამირეკეს და თავზარდამცემი რამ მითხრეს, ბავშვის ტვინი ასფალტზეა შერჩენილი. ჩემი ინფორმაციით, არცთუ დიდი ხნის წინ ამ გოგონას  ოჯახი ავარიაში მოყვა და ბებია და მამიდა გარდაიცვალა, ახლა კი ერთად - დედა-შვილი. გამოდის, სულ დაიქცა ოჯახი... ეს წმინდა სისხლია, რომელმაც შეიძლება ხელისუფლება შეიწიროს. ჩანს, ეს სააკაშვილმაც იგრძნო და დანიაში ვიზიტი მომხდარი ტრაგედიის  გამო შეწყვიტა, თითქოს მონუმენტის აფეთქების ბრძანებასთან დაკავშირებით ის არაფერ შუაში ყოფილიყო.

მიხეილ ნიკოლოზის ძემ და  ნიკოლოზის მამამ მიაღწია იმას, რომ წმინდა ნიკოლოზის დღესასწაულზე დაანგრია ქართულ ფილოსოფიურ ტრაქტატად წოდებული ძეგლი და სხვისი შვილი იმსხვერპლა. როგორც ცნობილია, მონუმენტის აფეთქება 21 დეკემბრისთვის იგეგმებოდა, ძეგლის აფეთქება სწორედ ჩვენი პროტესტის გამო დააჩქარეს...

ტრაგედიის შემდეგ მერაბ ბერძენიშვილთან კიდევ ერთხელ დაკავშირებას შევეცადეთ. ბატონი მერაბი  მომხდარს ათმაგად განიცდის და…მხოლოდ ამას ამბობს, - უმსხვერპლოდ ძეგლის აფეთქება სანატრელი დამირჩა და, სამწუხაროდ, ესეც ვერ მოახერხესო. ბატონი მერაბი დარწმუნებული იყო, "ბოროტებაზე გამარჯვების" ხელყოფას შედეგად კარგი არაფერი მოჰყვებოდა...

- ბატონი მერაბი ბოდიშს უხდის მკითხველს, რადგან ცუდად არის და საუბარი აღარ შეუძლია, - გვითხრეს ბერძენიშვილების ოჯახში.

დიდოსტატის ცხოვრებაში 19 დეკემბერი ყველაზე მძიმე წმინდა ნიკოლოზობის დღე აღმოჩნდა...…