ვახტანგ გორგასლის ძეგლის განცხადება - კვირის პალიტრა

ვახტანგ გორგასლის ძეგლის განცხადება

მივმართავ ჩემ მიერ 1500 წლის წინ დაარსებული ქალაქის თავს, ბატონ გიგი უგულავას. ვხედავ რა, თქვენი ხელისუფლების სწრაფვას ძეგლების აღება-ადგილმონაცვლეობის საქმეში, თადარიგს წინასწარ ვიჭერ. სადაც დავით აღმაშენებელი გაუყენეთ დიღმის გზას, რა გარანტია მაქვს, რომ ერთ მშვენიერ დღეს მეც არ მომადგებით? დამეთანხმეთ, ასეთი გარანტია არ არსებობს. ხომ შეიძლება მეტეხის ციხესთან ვინმეს სასტუმროს აშენება ან შადრევნის დადგმა მოუნდეს. მით უმეტეს, რომ თქვენი ხელისუფლება, სწორედ შადრევნებისა და სასტუმროების მშენებლობისადმი იჩენს განსაკუთრებულ ვნებას. ვნებაატანილ ხალხს კი რას გაუგებ... ამიტომ წინასწარ მოგმართავთ თხოვნით: არ გადამდგათ! აქაურობა ძალიან მომწონს. უკვე რამდენიმე ათეული წელია, აქ ვარ და შევეჩვიე.  ბოლოს და ბოლოს, სწორედ აქ არის გოგირდის წყლები, სადაც ჩემი ხოხობი დაიხრჩო. არც გლდანი და არც ვარკეთილი მე არ აღმომიჩენია. ამიტომ ხელი არ მახლოთ! საინტერესო ამბავი კი ჭირს ჩემს ერს: გორის ცენტრიდან მუზეუმში სტალინის ძეგლის გადადგმა უნდა ხელისუფლებას და ვერ აკეთებს, იმიტომ, რომ შეიძლება ამას გორში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვეს. გამიგია, ეროვნული მოძრაობის დროს, როდესაც სტალინის ძეგლის აღება პირველად დააპირეს, გორელები მას ღამეს უთევდნენეო. ილია ჭავჭავაძის ძეგლს კი ბათუმში ქომაგად მხოლოდ რამდენიმე კაცი გამოუჩნდა. თქვენც იმ ძეგლებთან ხართ მაგრები, ვისაც ბევრი დამცველი არა ჰყავს.  ვიცი, ჩემს დასაცავადაც შეიძლება დიდად არ შეწუხდნენ, და სტალინის ძეგლის მსგავსად ღამე არ გამითიონ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, თადარიგი წინასწარ დავიჭირო. მოკლედ, გაფრთხილებთ, ხელი არ მახლოთ! ზოგჯერ ძეგლებიც შეიძლება საშიშნი აღმოჩნდნენ. ჩემო გიგი, გაიხსენე დონ ჟუანის ამბავი: იგი სწორედ ძეგლმა გამოასალმა სიცოცხლეს!

ჭაღები

უამრავ სახლში მიცხოვრია. ბავშვობის დიდი ნაწილი ნაქირავებიდან ნაქირავებში ხეტიალში მაქვს გატარებული. არც ერთ ბინაში, სადაც კი მდგმურად ვყოფილვარ,  ჭაღი არ ეკიდა. მახსოვს მხოლოდ ჭერიდან ჩამოშვებული თეთრი მავთული შავი ელექტრომასრითა და 100-ვატიანი ნათურით. მახსოვს, მამაჩემი ამ ელექტრომასრას ("პატრონას" რომ ვეძახდით) გარედან "კულოკს", ანუ მუყაოს მომცრო ყუთს  მოახვევდა, ბავშვს 100-ვატიანმა ნათურამ ძილი არ დაუფრთხოსო. ეს იყო ჩვენი ჭაღი. მოგვიანებით ბინაც მივიღეთ. თუმცა ჭაღი არც იქ ჩამოგვიკიდია. უბრალოდ, ამის ფული არ გვქონდა. ისევ ძველებურად ეკიდა თეთრი მავთული შავი ელექტრომასრითა და ასვატიანი ნათურით. მას აქეთ ბევრმა წყალმა ჩაიარა, კიდევ რამდენიმე სახლი გამოვიცვალე. ერთ დღესაც ჩემმა ცოლმა (მას ბავშვობაში უჭაღობის პრობლემა ნამდვილად არ აწუხებდა) მისაღები ოთახისთვის ისეთი ჭაღი მოიტანა, გული კინაღამ გამისკდა. მარწმუნებდა, ეს თანამედროვე ჭაღია, ყველაზე ორიგინალურიო. წარმოიდგინეთ, ჭერზე მიკრული მართკუთხა დაფა, საიდანაც ხუთი სხვადასხვა ზომის მავთული ეშვება, რომლებზეც პატარა ნათურებია ჩამოკიდებული. თავიდანვე ვერ ავიტანე ეს ჭაღი. ის სულაც არ ჰგავდა იმ ჭაღებს, რომლებიც ბავშვობაში ჩემი ნათესავებისა თუ მეზობლების სახლებში მენახა, - ჩეხური, ბროლის ფოთლებით... არ გამიმართლა, ისეთი ჭაღები მოდიდან გადასული  აღმოჩნდა.

სამაგიეროდ, ხელისუფლების მიერ რუსთაველის პროსპექტზე დაკიდებული ჭაღები ჰგავს ჩემი ბავშვობის დროინდელ ნაოცნებარს. თანაც იმდენია, რომ შემიძლია ბავშვობაში რაც ჭაღების ყურება დამაკლდა, ერთდროულად ავინაზღაურო. დავდგე და ვუყურო ხან ერთს, ხან მეორეს. სწორედ ამის გაკეთებას ვაპირებდი, როდესაც პრესაში ატყდა ერთი ამბავი, ეს რა არისო, რა უგემოვნებააო, ამაში ფული როგორ დახარჯესო, ჩვენ ხომ ომწაგებული და გაჭირვებული ქვეყანა ვართო. გაზეთმა "ყველა სიახლემ" დაიანგარიშა, რამდენი დაუჯდება ქალაქის ბიუჯეტს 2 თვე განათების საფასური. აღმოჩნდა, რომ - 140 ათასი. გული ლამის გამისკდა. საერთოდ დავკარგე ამ ჭაღებით ტკბობის სურვილი. ღირს კი ამ ყველაფერში ქალაქმა 140 ათასი დახარჯოს? - დასვეს გაზეთებმა კითხვა. კაცმა რომ თქვას, მართლებიც არიან.  მე როცა მიჭირდა, სახლში ჭაღის დაკიდება არც მიფიქრია. მქონდა ჭერიდან ჩამოშვებული თეთრი მავთული, შავი ელექტრომასრით, 100-ვატიანი ნათურითა და მასზე შემოხვეული მუყაოს "კულოკით". ან თუ მაინცდამაინც ჭაღები უნდოდათ, მოდური მაინც შეერჩიათ, მართკუთხედი დაფებითა და იქიდან ჩამოშვებული სხვადასხვა ზომის მავთულებით. არა რა, ჩვენმა მთავრობამ ვერც ფულის ყაირათიანად ხარჯვა ისწავლა და ვერც გემოვნება გაიუმჯობესა. ახლა, განათების ხარჯებს პენსიონერი მომღერლების ჩამოყვანაზე დახარჯული ფულიც დაუმატეთ! გვიჭირს, ბატონო, და არ გვეზეიმება - ასეთია დღეს ქართველი საზოგადოების ერთი ნაწილის განწყობა. თუმცა ხელისუფლებამაც რა ქნას - მართლა "კულოკშემოხვეულ" ნათურებს ხომ არ დაკიდებს რუსთაველზე? მოკლედ, საჩოთირო ვითარებაა.