"კობამა თქვა, კობა შინ არ არისო...” - კვირის პალიტრა

"კობამა თქვა, კობა შინ არ არისო...”

"ნოტარიულად დამტკიცებული "ატკატები"

სამაჩაბლოს ტრაგიკული მოვლენებიდან უკვე წელიწად-ნახევარზე მეტი გავიდა. თითქოს ლტოლვილების პრობლემა მოგვარებულია და მათ ხელისუფლებამ მზრუნველი კალთა გადააფარა. ყოველ შემთხვევაში, ტელეთერით გაშუქებულ სიუჟეტებს რომ უყურებ, ასე იფიქრებ.

ამას წინათ კანდელაკის ქუჩაზე ერთმა გაპარტახებულმა შენობამ მიიქცია ჩემი ყურადღება. შენობიდან კანალიზაციის ისეთი  სუნი გამოდიოდა, ვიკითხე, აქ რა დაწესებულებაა-მეთქი. მიპასუხეს, აქ სამაჩაბლოდან დევნილი ლტოლვილები არიან შესახლებულიო. იმ ანტისანიტარიასა და იმ არაადამიანურ პირობებზე, რაც შენობაშია, ლაპარაკს აღარ გავაგრძელებთ, ახლა ლტოლვილების გულისტკივილი გვინდა გაგიზიაროთ.

გია ცოტნიაშვილი, სამაჩაბლოდან დევნილი, ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი: - მე ნაციონალების სიაში პირველი ნომერი ვიყავი, ამიტომ კარგად ვიცნობ სიტუაციას. ჩვენი რეგიონების აწიოკება დიდი ხნის წინ დაიწყო. 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მინდა გავიხსენო. მაშინ ხელისუფლების დაჯგუფებები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ოქრუაშვილსა და სააკაშვილს შორის  შეთანხმება იყო, გამგეობაში ოქრუაშვილის ხალხი  უნდა ყოფილიყო, საკრებულო კიდევ ბოკერია-ლომაიას ხალხით დაკომპლექტებულიყო. ბოკერიამ და ლომაიამ ყველაფრის ხელში აღება მოინდომეს და ოქრუაშვილს იგნორირება გაუკეთეს. ბუნებრივია, არჩევნებში "ნაციონალებმა" გაიმარჯვეს, მაგრამ ოქრუაშვილის არც ერთი  კაცი არ შეიყვანეს საკრებულოში. გადაირია ოქრუაშვილი და იძულებული გახდნენ, ხელმეორედ დაენიშნათ არჩევნები, რომ მისი კანდიდატები შეეყვანათ საკრებულოში. მათ შორის სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ სამხედრო პოლიცია, სამშვიდობო ძალები, ლტოლვილთა კომიტეტი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ამას შედეგად ის მოჰყვა, რომ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ სამჯერ არჩეულ კაცს ამ თანამდებობაზე ერთი დღეც კი არ უმუშავია. მის მაგივრად ახლაც სხვა მართავს სიტუაციას.

- თვითონ არაფერს ამბობს?

- ისიც ნაციონალია და თავიანთ ნებაზე ატრიალებენ. ამ არეულობას დაემატა "ფანდარასტის" პროგრამა, ამოივლიდნენ დოლ-გარმონის ჭყვიტინით, დროშების ფრიალით და რუპორებში "კოკოითი ფანდარასტი" ხან ერედვიდან ყვიროდნენ და ხან ერგნეთიდან! ამათი უგუნური პოლიტიკით ვინ დარჩა გამოფანდარასტებული, კი ხედავთ. ამას დაემატა ისიც, რომ სამაჩაბლოში ძალზე საეჭვო რეპუტაციის ხალხი დანიშნეს თანამდებობებზე და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის იდეა შემოაგდეს. მას შემდეგ დაიწყო ჩვენი ტანჯვა-წამება. აბა, რომელ ჭკუათამყოფელს უნდოდა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია?

- რეფერენდუმი ხომ ჩაატარეს და მოსახლეობამ მხარი დაუჭირა ადმინისტრაციის შექმნას?

- რეფერენდუმი ერქვა იმას? ზოგს ბინის ქირა გადაუხადეს, ზოგს დაჭერილი შვილისა და ქმრის ციხიდან გამოშვებას დაჰპირდნენ. ზოგს რას და ზოგს რას, ასე მიაცემინეს ხალხს სამხრეთ ოსეთის შექმნისთვის ხმა. მაშინ ვუთხარი, ამას ნუ აკეთებთ, დაღუპავთ ქვეყანას-მეთქი. არ შემხვედრია ჩვენს მხარეში ქართველი, ვინც სამხრეთ ოსეთის შექმნის იდეას იზიარებდეს. რაიმეს იტყვი და მტერი ხარ, არადა, უცოდინარობითა და უმწიფრობით დაღუპეს ხალხი და ქვეყანა. ხალხს რომ ჯარმა გამოასწრო კი იცით. ერედველმა ოთარ ქრისტესიაშვილმა ხელის ურიკაზე დასვა ავადმყოფი მეუღლე და ბომბების ცვენაში გამოიყვანა სამშვიდობოს, სერგო ცოტნიაშვილს კი ფეხებმა უღალატა და ოთხი კილომეტრი ფორთხვით და გორაობით გამოაღწია სამშვიდობოს. ჩვენი ტანჯვა-წამება ამით არ დასრულებულა. რასაც დღეს ლტოლვილებს გვიშვრებიან, ომზე მეტი საშინელებაა. ომის დროს საკომლო ჩანაწერები, საბუთები სულ დაიწვა. არავითარი დოკუმენტაცია არ არსებობს და ხან ორსულიან ოჯახს ცალ-ცალკე ორ ბინას აძლევენ  და 5-6 სულიან ოჯახებს კი ერთ პატარა კოტეჯში ყრიან. თავიდან კი გამარჯვება იზეიმა ხელისუფლებამ, მაგრამ ეს ხალხი რომ მოაწყდა, შეშინდა. რა უნდა გაეკეთებინათ, არ იცოდნენ და დახუჭეს თვალები, დაიბანეს ხელები და ყველაფერი გადააბარეს თვითმმართველობის ორგანოებს. საკრებულოების თანამშრომლები უნდა დამსხდარიყვნენ და შეემუშავებინათ გეგმა, დოკუმენტი, თუ  რა პრინციპით გასცემდნენ სახლებსა და კომპენსაციებს. ახლა კი ყოველდღიურად 200-კაციანი რიგი დგას გამგეობაში და არის ერთი ქაოსი. გამგეობის ხელმძღვანელები კითხულობენ, ეს ჩვენი მომხრეა თუ მოწინააღმდეგეო და ამის მიხედვით იძლევიან კომპენსაციებს. ორი სულია ოჯახში, მაგრამ "ნაციონალების" მომხრეა? ესე იგი  ყველაფერი ეძლევათ, მოწინააღმდეგეა? - მაგას არაფერიც არ მისცეთ.

- ხალხი არ ჩივის?

- სად უნდა იჩივლოს? მე ამ წუთშიც ვჩივი. ჩემი კომპენსაციის საქმე ასე იყო: დავწერე განაცხადი 10 ათას ლარზე. განაცხადი შევსებულია, ხელში მიჭირავს ცნობა.  თანხის მოცემა გადაწყვეტილი იყო, დამტკიცებული და გადაგზავნილი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში. ველოდებოდი, როდის დაჯდებოდა თანხა ანგარიშზე. როგორც შევიტყვე, ჩაატარეს სხდომა, ამას ფული არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ, ეგ ჩვენი მომხრე არ არისო. განადგურდა სასწრაფოდ ჩემი საბუთები, მაგრამ ყველა მათგანი რეგისტრირებულია და მეორე პირი ხომ მე მქონდა? კი ბატონო, ვიჩივლებ, მაგრამ სად? უამრავი წერილი მაქვს მიწერილი ცალკე გამგეობაში და ცალკე ლტოლვილთა სამინისტროში, რა იქნა ჩემი საბუთები-მეთქი? პასუხს არავინ მცემს და იჩივლე, რამდენიც გინდა. უამრავია, ერთი თეთრი რომ არ მიუღია, ისეთი. თუ კომპენსაციის სათხოვნელად მიხვალ, გაგიხსენებენ, შენ ამაზე ის რომ თქვი, ეს რომ თქვი, ამიტომ კომპენსაცია არ გეკუთვნისო.

მალხაზ ჭოველიძე, სამაჩაბლოდან დევნილი: - რატომ არ მაძლევენ კომპენსაციას ხუთსულიანი ოჯახის პატრონს? კარგად ვიცი, ვის და რატომ აძლევენ. ხალხი გადანომრილი ჰყავთ.

- "გადანომრილი" რას ნიშნავს?

- ყველა სოფელსა და დასახლებაში ჰყავთ ასინეთები. ყველაფერი იციან, ვის რა შეხედულება აქვს, ვინ ვის როგორ უყურებს, მუშაობს თუ არ მუშაობს და ასე შემდეგ. ბრმად თუ ენდობი და მისდევ ადმინისტრაციის ნება-სურვილს, ხომ კარგი, ყველაფერს მოგცემენ, არა და ვაი შენი ბრალი. ისეთი შეგრძნება მაქვს, ხელში დიდი ჯოხი უჭირავთ და ხალხს ჯოჯოხეთისკენ მიერეკებიან.

გია ცოტნიაშვილი: - ამას წინათ მოგვადგნენ, ვისაც გსურთ, აზრი გამოთქვითო. ზოგმა თქვა, ორ-სამსულიან ოჯახებს რო ცალ-ცალკე თანხებს აძლევთ, ჩვენ რა დავაშავეთო? მერე პარლამენტის წინ პატარა მიტინგიც მოაწყვეს. ეს არ ესიამოვნა ადმინისტრაციას. ერთ-ერთ ლტოლვილს, სამი შვილის მამას, "ზონდერები" მიუგზავნეს და სასტიკად გაუსწორდნენ, ნებით ვერაფერს გაგებინებთ, ძალა მოგიხდებაო.

ჩვენება მისცა და გამომძიებელმა უთხრა, გადავგზავნი პროკურატურაშიო. იმან კიდევ, რა აზრი აქვსო. რა იცი, იქნებ დრო შეიცვალოს და იდოს მაინც ეს საქმეო, უპასუხა გამომძიებელმა.

ჩვენი სახლებიდან გამოგვრეკეს და ახლა ხმის ამოღების საშუალებაც უნდა მოგვისპონ. კრიტერიუმი არ არსებობს, ვის რის მიხედვით აძლევენ დახმარებებს. თავისი სულელური პოლიტიკით ისე მოგვიწყვეს საქმე, ერთ დღეში ხო დაგვაცლევინეს ყველაფერი, ახლა აქაც ერთ უბედურებას ატრიალებენ. მას შემდეგ, რაც წვრილფეხობა ქრთამის აღებაზე დაიჭირეს, ახალი სქემა გამოიგონეს. ლტოლვილებს ჰპირდებიან, რომ ამ ფულს ააღებინებენ განსაზღვრული გასამრჯელოს, ესე იგი "ატკატის" სანაცვლოდ. ქრთამზე დაჭერისა ეშინიათ მაინც. ხალხი გამწარებულია, ისედაც ერთმანეთში ხომ ქიშპი აქვთ და ერთიმეორეს ჩასაფრებული არიან. ამიტომ წინასწარ მიჰყავთ ნოტარიუსში ლტოლვილები, ადებინებენ სასესხო ხელშეკრულებას, ვითომ ლტოლვილს კონკრეტული საქმის გამკეთებლის ვალი აქვს. როცა საქმეს ჩაუწყობს და ფულს ააღებინებს, "ატკატს" იღებს. ქრთამზე რომ დაიჭირო ასეთი კაცი, ვერაფერს დაუმტკიცებ, ნოტარიულად დამტკიცებულ ვალის ხელშეკრულებას დაგიდებს წინ, ჩემი ვალი ჰქონდა ამ კაცს და რას მერჩითო? ეს ფულის გამოძალვის ახალი მეთოდია. როგორც ამბობენ, მარჯანიშვილის ქუჩაზე განთავსებულ სანოტარო ბიუროებს ძალიან გაუმრავლდათ სამუშაო. რომ მოინდომონ, ამის დადგენა ნამდვილად არ გაუჭირდებათ სამართალდამცავებს. ერთი კაცის ვალი რომ ათობით ლტოლვილს ექნება, ხომ გასაგებია ყველაფერი? ამის შესახებ შევატყობინე ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, მაგრამ ვინ არის პატრონი?..

ჩვენ ვეცადეთ ამ საკითხებზე კომენტარი ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ კობა სუბელიანისაგან მიგვეღო, მაგრამ ვიღაცამ, სავარაუდოდ, ბატონმა მინისტრმა, გვიპასუხა, კობა არა ვარ, ცოტა ხანში დარეკეთო. მას შემდეგ ჩვენს სატელეფონო ზარებს აღარავინ პასუხობდა.