ზურაბ ნოღაიდელი: "კოკოითიმ ვაჟკაცობა გამოიჩინა"(?) - კვირის პალიტრა

ზურაბ ნოღაიდელი: "კოკოითიმ ვაჟკაცობა გამოიჩინა"(?)

"კოკოითი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს"

ტირძნისიდან გატაცებული ვიქტორ ბუჩუკურის, ლევან ხმიადაშვილის და გიორგი არჩვაძის გათავისუფლებას "მოძრაობა სამართლიანი საქართველოს" ლიდერი საკუთარ დამსახურებადაც მიიჩნევს. მისი აზრით, ამ საკითხში რუსეთმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ვისი დახმარებით გადავიდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის მარიონეტული რეჟიმის კონტროლირებად ტერიტორიაზე ზურაბ ნოღაიდელი და რაზე ისაუბრეს მან და კოკოითიმ, ამაზე თავად ყოფილი ექსპრემიერ-მინისტრი გვესაუბრა.

- ჩემი ცხინვალში ჩასვლის მთავარი მიზანი ტირძნისელი მოსწავლეების გათავისუფლება იყო. ჩემი აზრით, ედუარდ კოკოითიმ მიიღო   სწორი და ვაჟკაცური გადაწყვეტილება. ამას  იმიტომ ვამბობ, რომ მას ქართული მხარის მიერ  დაკავებული ოსების ახლობლები, მშობლები, ნათესავები სთხოვდნენ, ქართველი ტყვეები არ გაეთავისუფლებინათ. ასეთი დაახლოებით, 35 ოჯახი გახლდათ. კოკოითი კი მათი ნების საწინააღმდეგოდ წავიდა.

- ქართული მხარის მიერ დაკავებულ ოსებზე ლაპარაკობთ თუ უგზო-უკვლოდ დაკარგულებზე?

- დაზუსტებული ინფორმაცია არა მაქვს. დეტალებს ახლა ვარკვევ.

- ალბათ მხოლოდ მოზარდების გათავისუფლებაზე არ გისაუბრიათ...

- ეს მთავარი თემა იყო. ჩვენ ამ საკითხზე ვმსჯელობდით ჯერ კიდევ მოსკოვში, კვირის დასაწყისში. შევხვდით სამთავრობო პარტიის "ედინაია რასიას", რუსეთის პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლებს და მოვითხოვეთ მოზარდების გათავისუფლების საქმეში  შუამავლობა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან.

რუსეთის როლი ამ საქმეში ძალზე მნიშვნელოვანი იყო. ცხინვალში ევროკომისარ თომას ჰამარბერგთან ერთად იმყოფებოდა ადამიანის უფლებათა დამცველი რუსეთის ფედერაციაში, ვიქტორ ლუკინი. კოკოითის ხელისუფლების ე.წ. სახალხო დამცველმა, დავით სანაკოევმა შემომთავაზა, ჩავრთულიყავი საშუამავლო  მოლაპარაკებებში.

დილის 10 საათზე უკვე ცხინვალში ვიყავი. ცოტა ხნით შეგვაყოვნეს და შემდეგ უპრობლემოდ შეგვიშვეს. ჩასვლისთანავე შევხვდი ედუარდ კოკოითის. ამ საკითხზე უნდა დაგვეწყო მოლაპარაკებები, მაგრამ ედუარდ კოკოითიმ საუბრის დასაწყისშივე განაცხადა, - სამივე ბავშვს (არა მხოლოდ ორ ტირძნისელ მოზარდს, არამედ მანამდე დაკავებულ 17 წლის გიორგი არჩვაძესაც) ვათავისუფლებო. ამის შემდეგ ვისაუბრეთ ქართველებსა და ოსებს შორის ურთიერთობის აღდგენის აუცილებლობაზე(?!).

ცხინვალიდან ბავშვებთან ერთად გადმოვედით ქართველთა კონტროლირებად ტერიტორიაზე. თომას ჰამარბერგმა და მე გადმოვიყვანეთ ისინი. მოზარდები უკვე საკუთარ სახლებში არიან...

- რუსეთის ჩარევის გარეშე ცხინვალში გადასვლას მოახერხებდით?

- პაატა ზაქარეიშვილმა და ვახო კომახიძემ როგორ შეძლეს ცხინვალში ვიზიტის ორგანიზება არ ვიცი, ჩვენ კი ამ საკითხზე მუშაობა სწორედ მოსკოვში დავიწყეთ. მთავარი როლი, რა თქმა უნდა, რუსეთმა ითამაშა.

- ტირძნისელი მოზარდების ინფორმაციით, ცხინვალის იზოლატორში კიდევ არიან ქართველები. მათი ბედით თუ დაინტერესდით?

- მართალი გითხრათ, პირველ ეტაპზე მხოლოდ ტირძნისელი მოზარდების საკითხით  დავინტერესდით. ახლა დანარჩენი ქართველების ბედსაც გავარკვევ. ჩემი ინფორმაციით, ცხინვალის იზოლატორში 14 ქართველი ისევ რჩება.

- კიდევ რა საკითხზე ესაუბრეთ კოკოითის?

- კოკოითი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს. ჩვენ განსხვავებული მოსაზრება გვაქვს. ორივენი მივედით იმ დასკვნამდე, რომ ხალხებს შორის უნდა დაიწყოს ურთიერთობის აღდგენა.

პირველ რიგში უნდა გამოირიცხოს ძალის გამოყენებისა და ომის განახლების საფრთხე, შეწყდეს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მუქარა. ძალის გამოყენებამ საქართველო დაშალა და დაანგრია. შესაბამისი მექანიზმები უნდა შემუშავდეს და გარანტიები ამოქმედდეს საიმისოდ, რომ ომი აღარ  განახლდეს. შემდეგ უკვე შესაძლოა ეკონომიკური კავშირების, სავაჭრო ურთიერთობების საკითხებსაც მივხედოთ. ოსმა თუ არ დაინახა, რომ საქართველო არის მასზე მზრუნველი სახელმწიფო, ტერიტორიების გაერთიანებას ვერასდროს შევძლებთ.

- როგორ გამოიყურება ომის შემდეგ ცხინვალი?

- დავათვალიერე ცხინვალი და თამარაშენი, რამაც ჩემზე მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა. ომის კვალი ცხინვალსა და თამარაშენს მძიმედ ატყვია. მიწასთან გასწორებულია საცხოვრებელი სახლებიც.

- კოკოითის ხელისუფლებამ   თავის საიტზე გამოაქვეყნა, რომ პაატა ზაქარეიშვილი სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების პოზიციებს აგვისტოს ომთან დაკავშირებით სრულიად იზიარებს. გამორიცხავთ, რომ მათ თქვენ შესახებაც იგივე ინფორმაცია გაავრცელონ?

- მე და კოკოითის ომზე არ გვისაუბრია. რაც შეეხება იმას, რომ სააკაშვილი არის ამ ომის წარმართვაში მთავარი დამნაშავე, ამას წყალი არ გაუვა. ეს არის ჩემი პოზიცია და სულ არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა იმას, თუ ვინ დაიწყო სროლა. მე არ ვაპირებდი კოკოითისთან საუბრისას გუშინდელი ჭრილობები გამეხსნა, ეს არაკონსტრუქციულობის მანიშნებელი იქნებოდა.