"ვინ იხეირებს: დავით ბაქრაძე თუ ბურჯანაძე?" - კვირის პალიტრა

"ვინ იხეირებს: დავით ბაქრაძე თუ ბურჯანაძე?"

"ვითარების არევამ შესაძლოა, ყველა ამ კანდიდატს გამარჯვების თანაბარი შანსი მისცეს"

"მარგველაშვილი-ბურჯანაძის ორთაბრძოლა უპირველესად "ნაცმოძრაობას" აძლევს ხელს"

"ხელისუფლებას ის ფირები კი არ უნდა გაენადგურებინა, არამედ ეთქვა, ვის რითი აშანტაჟებენ ამჟამინდელ მთავრობაში"

"არჩევნების წინ კომპრომატების ომი გაჩაღდება. ამან კი შეიძლება წყალი "ნაციონალური მოძრაობის" წისქვილზე დაასხას!" - ამბობს მოძრაობა "ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე. რა კომპრომატებზეა ლაპარაკი და რომელი ფირების ასლებია გატანილი საზღვარგარეთ, სანდრო ბრეგაძე "კვირის პალიტრას" ესაუბრა:

- გასული არჩევნების წინ ნაჩვენებმა პატიმართა წამების ამსახველმა სკანდალურმა ვიდეოფირმა დიდი გავლენა მოახდინა მოსახლეობის განწყობაზე. ამჟამად ამბობენ, რომ ახალი ხელისუფლების დროს პატიმართა წამების ამსახველი ვიდეომასალა გამოქვეყნდება.

შესაძლოა, ეს მართალიც არის, რადგან წელიწადი გავიდა და ვერ მოხერხდა სასჯელაღსრულების სისტემისა და სამართალდამცავი ორგანოების გაწმენდა "ნაციონალური მოძრაობის" ზონდერებისა და ახალაიას კადრებისგან. ისინი დღესაც მუშაობენ "ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ. მათი კომპრომატებით მართვის ბერკეტები ისევ აქვთ ბაჩო ახალაიას, მეგის ქარდავას, სოსო თოფურიძეს.

- ლაპარაკია იმაზეც, რომ ასეთი ვიდეოფირის გავრცელება საპრეზიდენტო არჩევნებში ნინო ბურჯანაძის შანსს უფრო გაზრდის.

- მარგველაშვილი-ბურჯანაძის ორთაბრძოლა უპირველესად "ნაცმოძრაობას" აძლევს ხელს, რომელიც უკან არაფერზე დაიხევს. მე რესპუბლიკური პარტიის პოზიცია უფრო მაკვირვებს. ისინი დეკლარირებულად აცხადებენ, რომ ურჩევნიათ, მარგველაშვილის შემდეგ მეორე ადგილზე დავით ბაქრაძე გავიდეს. აშკარაა, პარტია "ნაცმოძრაობის" ლოიალურ ფრთასთან სულიერად ახლოს არის. ჩემი ინფორმაციით, ასეთი განცხადებები მათი გეგმიდან გამომდინარეობს, - კერძოდ, ეს ორი პოლიტიკური ძალა გაერთიანების შედეგად შექმნის პროდასავლურ კოალიციას. ეს კი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, სავარაუდოდ, ძალიან მალე მოხდება.

ამიტომ კიდევ ხაზს ვუსვამ, ახლა "ნაციონალებს" პროვოკაციული სიტუაციები სჭირდებათ, ეს კი კომპრომატებისა და სენსიტიური თემების წინ წამოწევით გახდება შესაძლებელი. მე მხოლოდ რესპუბლიკელებს არ მივიჩნევ "ნაცმოძრაობის" ხელშემწყობად, "ქართული ოცნებაც" საკმაოდ ჭრელია, მასში ყოფილი მმართველი პარტიის სხვა გულშემატკივრებიც მოიძებნებიან. ჩემი აზრით, კომპრომატებითა და პროვოკაციული მასალების გავრცელებით ვითარება თუ არ დაიძაბა, მაშინ პირველ ადგილს მარგველაშვილი დაიკავებს, მეორეს - ბურჯანაძე, მესამეს - "ნაცმოძრაობა". ვითარების არევამ შესაძლოა ყველა ამ კანდიდატს გამარჯვების თანაბარი შანსი მისცეს. ჩემი აზრით, არა მხოლოდ დღევანდელ ციხეში ვითარების ამსახველ ფირს წარმოადგენენ, არამედ სხვა კომპრომატებსაც. ვგულისხმობ იმ ფირებს, რომლებიც შსს-მ გასულ კვირას გაანადგურა.

ასპროცენტიანი ინფორმაცია მაქვს იმის თაობაზე, რომ ამ ფირების ნაწილის ასლები საზღვარგარეთ მყოფი დათა ახალაიას, "მასტერას", მეგის ქარდავას და კიდევ რამდენიმე პირის ხელშია, ზედ კი ყოფილი ოპოზიციის წევრების (ეს არის 2007-დან 2012 წლამდე გადაღებული ვიდეომასალა) სიბინძურეა ასახული.

სწორედ ამის გამომზეურების შიშით დაიწყო ძველი და ახალი ჩინოვნიკების კოაბიტაცია.

ალბათ, ახლა ისიც გასაგებია თქვენთვის, თუ რატომ აღარ ეძებენ ინტერპოლით ზურაბ ადეიშვილს და რატომ არ მოაქვს შედეგი მის თანამშრომლობას გამოძიებასთან... ამიტომ ხელისუფლებას ის ფირები კი არ უნდა გაენადგურებინა, არამედ ეთქვა, ვის რითი აშანტაჟებენ ამჟამინდელ მთავრობაში. ეს იქნებოდა პრევენციული განცხადება. მაგრამ არც ეს და არც კომპრომეტირებული მთავრობის წევრების დათხოვნა არ მოხერხდა. ახლა იმაზე გვიწევს მსჯელობა, თუკი მაკომპრომეტირებელი მასალები ინტერნეტში გამოქვეყნდა, ამით საბოლოოდ ვინ იხეირებს: დავით ბაქრაძე თუ ბურჯანაძე?