"ცუდია, როცა ზემოთ ეძებ ვინმეს, რათა რამე გადააბრალო" - კვირის პალიტრა

"ცუდია, როცა ზემოთ ეძებ ვინმეს, რათა რამე გადააბრალო"

"2007 წლის შემდეგ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ჩათვალა, რომ ყველა, ვისაც ფული ჰქონდა, მისი მტერი იყო"

"უცხოელებს ვერ ვუხსნი, რას ნიშნავს, რომ მეწარმე ღამის 2 საათზე ნოტარიუსთან რიგში დგებოდა, რათა თავისი ქონება სახელმწიფოსთვის ეჩუქებინა"

"მნიშვნელოვანი ის კი არ არის, ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებმა რა გააკეთეს, არამედ ის, რა კუდი მოაბეს ამას პოლიტიკოსებმა"

"საქართველო 2015 წლიდან გახდება ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების ნაწილი"

კოაბიტაციის რეჟიმზე გადასული მთავრობა ძნელად, მაგრამ მაინც ახერხებს ფარულ თუ აშკარა ინტრიგებთან გამკლავებას. ოპოზიციის მთავარი სამიზნე ბოლო დროს ფინანსთა სამინისტრო გახდა. ხადურის უწყება ეკონომიკური საკითხების გარდა, პოლიტიკურ თამაშებშიც აღმოჩნდა ჩართული. რეზონანსული იყო მერიის თანამშრომლების გახმაურებული დაპატიმრებები და ბოლოს ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟი. ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მინარეთის საკითხის პოლიტიზებაში "ნაციონალურ მოძრაობას" ადანაშაულებს.

- სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟი დღესაც მსჯელობის საგანია. რატომ აღმოჩნდა თქვენი უწყება ამ კონფლიქტის ეპიცენტრში?

- რა თქმა უნდა, ადამიანის შეხედულებებს პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ როდესაც წესები ირღვევა, აუცილებლად დაიწყებს კანონი მოქმედებას და ეს არავის უნდა აკვირვებდეს. "ნაციონალებმა" ამ ამბის რელიგიური ნიშნით პოლიტიზება სცადეს. ცხადია, არავინ აჰყვებოდა ამ პროვოკაციას და ყველაფერი კანონიერად წარიმართა. მინარეთი უკვე დალუქულია და ველოდებით სამართლებრივი პროცედურების დასრულებას, რის შემდეგაც ამ საკითხზე საუბარი ჩემს კომპეტენციაში აღარ იქნება.

- ამბობთ, რომ "ნაციონალებმა" გამოიყენეს ეს ფაქტი, მაგრამ, მგონი, თავად მიეცით შესაძლებლობა, ესარგებლათ თქვენი შეცდომით?

- კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მნიშვნელოვანი ის კი არ არის, ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებმა რა გააკეთეს, არამედ ის, რა კუდი მოაბეს ამას პოლიტიკოსებმა. მათ ჰქონდათ ერთადერთი ამოცანა, დაეძაბათ ვითარება საქართველოში.

- როგორც მამუკა არეშიძე ამბობს, საბაჟოზე ყოფილმა მაღალჩინოსანმა დარეკა, რის შემდეგაც ტვირთი შეუმოწმებლად გამოატარეს. რამდენად სარწმუნოა ეს განცხადება?

- რაც ნოდარ ხადური საქართველოს ფინანსთა მინისტრია, ვერავინ გაბედავს საბაჟოსთვის ბრძანების მიცემას, რომელი ტვირთი უნდა გამოვიდეს და რომელი შეიზღუდოს. ასე "ნაციონალები" იქცეოდნენ, პროკურატურიდან მართავდნენ უწყებებს.

- რატომ გამორიცხავთ, რომ თანამდებობებზე დღესაც არიან პირები, რომლებიც ძველი ხელმძღვანელების დაკვეთებს ასრულებენ?

- სატელეფონო სამართალი ქვეყანაში დამთავრდა და თუ სარწმუნო ინფორმაცია გაქვთ, მოგვაწოდეთ და ჩვენ გამოვიკვლევთ.

- სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარის წერილს უპასუხა, რომ მინარეთის დადგმის გადაწყვეტილება ადგილობრივ თვითმმართველობას უნდა მიეღო და არა მის სამინისტროს. თუ ასეა, თქვენ რატომ იყავით დემონტაჟის ორგანიზატორები?

- ამ კითხვაზე პასუხს არ გაგცემთ. არა იმიტომ, რომ მე ჩემი მოსაზრება არ მაქვს, არამედ იმიტომ, რომ ამჟამად ფინანსთა მინისტრს ესაუბრებით, რომელსაც თავისი მოვალეობები აქვს.

- ჰო, მაგრამ, თქვენმა თანამშრომლებმა დაშალეს მინარეთი. რატომ გახდა საჭირო თქვენი ჩარევა?

- კარგი იქნება, თუ ადგილობრივი თვითმმართველობა ერთხელ და სამუდამოდ ისწავლის თავისი მოვალეობების კარგად შესრულებას. ცუდია, როცა ზემოთ ეძებ ვინმეს, რათა რამე გადააბრალო.

- თქვენი უწყება მეორედ გახდა საზოგადოების განსჯის ობიექტი. პირველად მერიის თანამშრომლების ხმაურიანი დაკავების დროს, ახლა მინარეთის დაშლის საკითხის გამო. ხომ არ არის ვინმე უწყებაში, ვინც ხელისუფლების დისკრედიტირებას ცდილობს?

- გამოძიებას თავისი ინტერესები აქვს და ეს სამართლიანობის აღდგენაა, რასაც საზოგადოება ელოდება. ჩვენ თუ სამართლიანობას მხოლოდ მაშინ აღვადგენთ, როცა პოლიტიკურად მისაღები იქნება, მივიღებთ უსამართლობას. ისე, მირჩევნია ეკონომიკაზე ვისაუბროთ.

- კარგი, ვისაუბროთ ეკონომიკაზე. წინა ხელისუფლება ამ სფეროშიც მწვავედ აკრიტიკებს თქვენს უწყებას. მათ რომ მოვუსმინოთ, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ქვეყანა თავზე გვენგრევა.

- "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს იმოქმედოს პრინციპით - "ჩემ შემდეგ ქვა ქვაზე არ დარჩენილა". თავად "ნაციონალების" დროს მიექანებოდა საქართველოს ეკონომიკა უფსკრულში. ქვეყანაში ერთჯერადი უაზრო ხარჯები მილიარდ ლარს შეადგენდა. ეს ფული მიზანმიმართულად რომ დახარჯულიყო, რამდენ ქალაქში მოგვარდებოდა პრობლემები.

2007 წლის შემდეგ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ჩათვალა, რომ ყველა, ვისაც ფული ჰქონდა, მისი მტერი იყო. ხშირად ვხვდები უცხოელებს და ვერ ვუხსნი, რას ნიშნავს ის, რომ მეწარმე ღამის 2 საათზე ნოტარიუსთან რიგში დგებოდა, რათა თავისი ქონება სახელმწიფოსთვის ეჩუქებინა...

- ციფრები ეკონომიკის ზრდაზე მეტყველებდა, მსოფლიო ბანკსაც ხშირად მიუთითებია ამაზე.

- იყო წლები, როცა ეკონომიკურმა ზრდამ 10%-ს გადააჭარბა. ეს შევარდნაძის პერიოდში სამჯერ დაფიქსირდა, მათ შორის 2003 წელს, როცა რევოლუცია მოხდა ქვეყანაში. ამით იმის თქმა მინდა, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ყოველთვის არ არის სანდო ინდიკატორი.

ეკონომიკური ზრდის მინიმუმ 3 წყარო არსებობს: პირველი, როცა მოსახლეობაში ფული ჩნდება და ყიდვა-გაყიდვა მატულობს; მეორე - როცა მთავრობა ბიუჯეტიდან ბევრი ფულის ხარჯვას იწყებს და მესამე - როცა ქვეყანაში ინვესტიციები შემოდის. ბოლო სამი წელია ეკონომიკური ზრდა მხოლოდ მთავრობის მიერ დახარჯული ფულის ხარჯზე ხდებოდა.

ეკონომიკის განვითარებას კარგად განსაზღვრავს მოსახლეობის ცხოვრების დონე. სამწუხაროდ, ყბადაღებული ეკონომიკური მაჩვენებლების ზრდას, რასაც სულ გვამადლიან, მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებაზე ზეგავლენა არ მოუხდენია.

- ბევრს ეგონა, არჩევნების შემდეგ საქართველოში ინვესტიციების დიდი ნაკადი შემოვიდოდა.

- წელს პირველ კვარტალში უცხოური ინვესტიციების მოცულობა უფრო მეტი იყო, ვიდრე შარშან მეორე, მესამე ან მეოთხე კვარტალში. სულ 480 მილიონ დოლარამდე უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. უკვე 28 ახალი ქარხნის მშენებლობა მთავრდება.

- გავრცელებული ინფორმაციით წინა ხელისუფლებამ 19 მილიარდი ლარი მიითვისა, როგორ აპირებთ სამართლიანობის აღდგენას ამ შემთხვევაში?

- როდესაც სამართლიანობის აღდგენაზე ვლაპარაკობთ, ერთ-ერთი საკითხი ეკონომიკური სამართლიანობის აღდგენაც არის. სამართლიანობა უნდა აღდგეს, თუმცა ერთი ადამიანის უფლებების აღდგენით სხვა, უდანაშაულო ადამიანის უფლებები არ უნდა შეილახოს.

უტა ბიწაძე