მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - "ვეფხისტყაოსანი" ქუჩებში" - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - "ვეფხისტყაოსანი" ქუჩებში"

საწინააღმდეგო შედეგი

მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა თავის ბოლო პრესკონფერენციაზე განაცხადა, ევრაზიულ კავშირს ვაკვირდებით და თუ რამე საინტერესო იქნება, ვიფიქრებთ, რატომაც არაო, დიდი გამოცნობა არ სჭირდებოდა, ამას რა შედეგი მოჰყვებოდა: ატყდა ვაი-უშველებელი, ახლა ხომ მაინც გამოჩნდა, რუსეთისკენ რომ მიგვაქანებსო. ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ მანამდე რუსეთმა სომხეთი დაითანხმა საბაჟო კავშირში გაწევრებაზე, რამაც ევროპა გააბრაზა: ან ევროკავშირთან უნდა გააფორმოთ ხელშეკრულება, ან რუსეთის საბაჟო კავშირთან, ერთად არ გამოვაო. ივანიშვილი იძულებული გახდა, როგორც ხშირად მომხდარა, განმარტებები გაეკეთებინა, - მე ნათლად ვთქვი, ევრაზიულ კავშირზე მაშინ ვიფიქრებთ, თუ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს არ შეეწინააღმდეგება, ჩვენი ეროვნული ინტერესი კი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრებააო, ასეთ შემთხვევაში რატომაც არაო.

ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ასეთი რამ წარმოუდგენელია. მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც სომხეთს ნათლად უთხრეს, უნდა აირჩიოო. მაშინ რაზე ლაპარაკობს ივანიშვილი? რაში დასჭირდა ასეთი განცხადებები, როდესაც რუსეთი ცდილობს ყველა ქვეყანაზე, რომელიც ევროკავშირთან აღმოსავლეთპარტნიორობის პროგრამაშია ჩართული, ზეწოლა მოახდინოს. სომხეთზე უკვე ვთქვით, უკრაინა ჯერ ვერ გატეხა, მაგრამ ძალ-ღონეს არ იშურებს. ხან რითი აშანტაჟებს, ხან რითი და ამ დროს საქართველოს ლიდერი ამბობს ევრაზიულ კავშირზე, რატომაც არაო. და ეს ვილნიუსის სამიტის წინ, სადაც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების პარაფირება უნდა მოხდეს. გაჩნდა საშიშროება, რომ ივანიშვილის ამ განცხადების შედეგად ევროპასთან ჩვენს ურთიერთობას საფრთხე შეექმნებოდა.

თუმცა შედეგი საპირისპირო მივიღეთ. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების არა მხოლოდ პარაფირებაზე, არამედ ხელმოწერის დაჩქარებაზე გადაწყვეტილება უკვე არსებობს. რა მოხდა? ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ რუსეთის აქტიურობამ ჩვენს სასარგებლოდ იმუშავა, - სომხეთის ამბის შემდეგ ევროპაში იფიქრეს, ემანდ საქართველოც არ გამოგვეცალოს ხელიდანო და ხელმოწერის დაჩქარება შემოგვთავაზეს. მით უმეტეს, რუსეთის აქტიურობას ბალტიისპირეთში ვიზიტის წინ ივანიშვილის ზემონახსენები განცხადებაც დაემატა. ახლა საკითხავი ის არის, როდესაც ივანიშვილი იმ განცხადებას აკეთებდა, ეს ყველაფერი გათვლილი ჰქონდა თუ შემთხვევით გამოუვიდა.

ვერტმფრენების ომი და ჩაშვებული სარკოზი

გასულ კვირას სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის ვერტმფრენების ომი გაიმართა. არა, ერთმანეთს ვერტმფრენებით კი არ დაერივნენ, უბრალოდ, ვერტმფრენების გამო წაიკიდნენ. სააკაშვილმა ერთი ამბავი ატეხა, ივანიშვილის მთავრობა ჩემს სიმწრით ნაყიდ სამხედრო ვერტმფრენებს ყიდისო. ეს ვერტმფრენები ქართულ შეიარაღებულ ძალებს შევუძინეთ, რათა ჩვენი თავდაცვისუნარიანობა გაზრდილიყო, ახალი ხელისუფლება კი აპირებს, ვიღაც პეტერბურგელ ბიზნესმენს მიჰყიდოსო. ივანიშვილის მთავრობამ საპასუხოდ ჟურნალისტები ვერტმფრენების სანახავად წაიყვანა და აღმოჩნდა, რომ ამ "სამხედრო" ვერტმფრენს შეიარაღების მაგივრად, ხელსაბანები, დივან-საწოლები, კარადები და სხვა კომფორტული მოწყობილობები ჰქონდა. სააკაშვილმა თავი იმართლა: ეს ჩემი კომფორტისთვის კი არ გავაკეთე, რუსეთის გამო საფრანგეთი სამხედრო შეიარაღებას ვერ მოგვყიდდა, ჰოდა, ვითომ სამოქალაქო ვერტმფრენებს ვყიდულობდითო. პირადად იყო ამ საქმეში ჩართული პრეზიდენტი სარკოზიო. მოკლედ, ხელსაბანებითა და კარადებით შეუნიღბავთ ვერტმფრენი. ისე, საინტერესოა, ბიზნესკლასის ვერტმფრენი სამხედროდ როგორ უნდა გადააკეთო? გარდა იმისა, რომ იმ "სუპერპუმაში", რომელსაც სამხედრო დანიშნულებისა არაფერი ეტყობოდა, ეკონომიკის სამინისტროს მტკიცებით, იმხელა ფულია გადახდილი, მყიდველს ვერ პოულობენ.

მოკლედ, ლამის მთელი კვირა გაგრძელდა ომი და შედეგად ის მივიღეთ, რომ, თუ სამხედრო ვერტმფრენებს მართლაც ხელსაბანებით ჩაუტარეს "მასკიროვკა", გამოდის, სააკაშვილმა სარკოზი და საფრანგეთი რუსებთან ჩაუშვა.

"ვეფხისტყაოსანი" ქუჩებში

მართალია, ეს გადაწყვეტილება თბილისის საკრებულომ 2012 წლის მაისში მიიღო, მაგრამ სოციალურ ქსელებში ფართო განხილვის საგანი წინა კვირას გახდა. გადაწყვეტილება ისეთია, აუცილებლად უნდა გაგაცნოთ: "საკრებულოს წევრების თანხმობის შედეგად, ვაკე-საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღმის უსახელო ქუჩებს, მასთან არსებულ ჩიხებსა და შესახვევებს "ვეფხისტყაოსნის" პერსონაჟების შემდეგი სახელები მიენიჭათ: პირობითად 48-ე ქუჩას - ნურადინ-ფრიდონის ქუჩა, 52-ე ქუჩას - მელიქ-სურხავის ქუჩა, 53-ე ქუჩას - მულღაზანზარის ქუჩა, 54-ე ქუჩას - გულანშაროს ქუჩა, 55-ე ქუჩას - ფატმანის ქუჩა, 56-ე ქუჩას - როსტევანის ქუჩა, 58-ე ქუჩას - უსენის ქუჩა, 59-ე ქუჩას - ასმათის ქუჩა, მე-60 ქუჩას - თინათინის ქუჩა, 68-ე ქუჩას - დავარის ქუჩა, 73-ე ქუჩას - შერმადინის ქუჩა, 74-ე ქუჩას - ნესტან დარეჯანის ქუჩა, 78-ე ქუჩას - ავთანდილის ქუჩა, 79-ე ქუჩას - ტარიელის ქუჩა, 87-ე ქუჩას - ხატაეთის ქუჩა, 94-ე ქუჩა - "ვეფხისტყაოსნის" ქუჩა, 95-ე ქუჩას - ჭაშნაგირის ქუჩა, 98-ე ქუჩას - ფარსადანის ქუჩა, ხოლო 106-ე ქუჩას - რამაზის ქუჩა ეწოდა", - მოკლედ, თუ რამე საკუთარი სახელი იყო "ვეფხისტყაოსანში", ყველა გამოუყენებიათ. ბარემ ჭაშნაგირის მოჭრილი თითის ქუჩაც ყოფილიყო?

მოკლედ, ამ უბანში ჩხუბი რომ მოხდება, იტყვიან: გუშინ მულღაზანზარელები ხატაელებს შეებნენო; ასმათის ქუჩის მცხოვრებნი ფატმანის ქუჩის ბიჭებს წაეკიდნენო. საინტერესოა, ეს იდეა ვის მოუვიდა თავში? ალბათ, საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, მწერალ ზაალ სამადაშვილს. უდავოდ საინტერესო წამოწყებაა. სხვა ნაწარმოებებიც შეიძლება ამ მიზნით გამოვიყენოთ. მხოლოდ ერთი შენიშვნა მაქვს: დადებითი და უარყოფითი პერსონაჟები მაინც გაერჩიათ? ვის რად უნდა დავარის ქუჩაზე ცხოვრება? ამიტომ იქაურები ვიღაცებმა რომ არ აშაყირონ, მე თუ მკითხავთ, დავარისქუჩელებმა ქუჩის შესასვლელში ასეთი წარწერა უნდა დაკიდონ: "ყველამ თავის ბოზ მამიდას მოუაროს!"