ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი - კვირის პალიტრა

ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი

ჩვენთვის ახლა მთავარია, დრო მოვიგოთ!..

ამერიკამ და ევროპამ ტრადიციული და არაფრისმთქმელი აღშფოთება-შეშფოთების ლექსიკა გვერდზე გადადეს და მკაცრად მიმართეს რუსეთს, შეწყვიტოს ზეწოლა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მსურველ ქვეყნებზე. დასავლეთის გამკაცრება უკრაინის, მოლდავეთისა და სომხეთის მიმართ რუსეთის მართლაც უპრეცედენტო აშკარა თუ ფარულმა მუქარამ განაპირობა.

თუ უკრაინაში ეს სავაჭრო-ეკონომიკური სანქციების გატარებით გამოიხატა, მოლდავეთში რუსეთის ვიცე-პრემიერმა და იმავდროულად მოლდოვა-დნესტრისპირეთის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა დმიტრი როგოზინმა სანქციების მთელი სპექტრი დააანონსა: 1. მოლდაველი შრომითი მიგრანტების რუსეთიდან გაძევება; 2. მოლდავური ღვინისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტებისთვის რუსეთის ბაზრის დაკეტვა; 3. დნესტრისპირეთთან საბოლოოდ დამშვიდობება; 4. მოახლოებულ ზამთარში მოლდავეთისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტა; ანუ მოლდავეთს წინ ელოდება ყველაფერი ის, რაც ჩვენ უკვე გავიარეთ - საქართველოში რუსეთს ყველა ეს რესურსი ამოწურული აქვს.

სომხეთმა ვერ გაუძლო რუსეთის ზეწოლას, ფაქტობრივად, ზურგი აქცია ევროკავშირს და რუსეთის საბაჟო კავშირში გაწევრებაზე განაცხადა თანხმობა. უკრაინა სულ რამდენიმე თვის წინ აცხადებდა, რომ როგორც ევროკავშირთან, ასევე საბაჟო კავშირთან თანაბრად სურდა ურთიერთობა და მათ შორის არჩევანის გაკეთებას არ აპირებდა. თუმცა რუსეთის მუქარის შედეგად, უკრაინის თითქოსდა "პრორუსმა" პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა საბაჟო კავშირს ზურგი აქცია და ფსონი ევროკავშირზე დადო, რაც რუსეთისთვის დიდი დარტყმა იყო. ვნახოთ, რას იზამს მოლდავეთი.

თუმცა მთელ ამ ისტორიაში ჩვენთვის მთავარი კითხვა ჯერ არ დასმულა: მაშინ როცა რუსეთი ასე აშკარად ებრძვის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის ყველა მოსურნეს, არაფერი ისმის საქართველოზე. დავიჯეროთ, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, რუსეთს არ ანაღვლებს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება და საქართველოს არჩევანის სრული თავისუფლება მიეცა? არადა, გვახსოვს, როგორი "სადამსჯელო ოპერაცია" მოჰყვა 2008 წლის აგვისტოში ჩვენი ნატოსთან "დაახლოების" სურვილს. მაშ, რატომ არაფერი ისმის რუსეთიდან საქართველოსთვის ახალი სანქციების დაწესებაზე? რისი მოლოდინი აქვს რუსეთს?!

ჩვენი გადასახედიდან, მთავარია, დრო მოვიგოთ, რუსეთი გარდაუვალი ცვლილებების წინაშე დგას: სულ რამდენიმე დღის წინ ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები რუსეთში ოპოზიციისთვის - დამაიმედებელი, ხელისუფლებისთვის კი დამაფიქრებელი შედეგით დამთავრდა. რუსეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან ქალაქებში, როგორიცაა ეკატერინბურგი და პეტროზავოდსკი, არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა, მოსკოვის მერის არჩევნებში კი ოპოზიცია მეორე ადგილზე გავიდა.

ნაკლებად დამაიმედებელია სიტუაცია რუსეთისთვის უმნიშვნელოვანეს ენერგორესურსების ფრონტზეც: როგორც თჰე ჭალლ შტრეეტ ჟოურნალ იუწყება, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს პროგნოზზე დაყრდნობით, აშშ უკვე წელს გაუსწრებს რუსეთს თხევადი საწვავის წარმოებაში, ნავთობის, ბენზინისა და ბიოსაწვავის ჩათვლით. მეორე მხრივ, აშშ-მა გადატრიალება მოახდინა ე.წ. ფიქალი გაზის წარმოებაში, რაც დღემდე ტექნოლოგიურად ძალზე ძვირი და ამდენად, არამომგებიანი იყო. ასე რომ, ამერიკას სულ უფრო ნაკლებად სჭირდება ახლო აღმოსავლეთის გაზი, რაც რეალურ საფრთხეს უქმნის რუსეთის ეკონომიკას. თავის მხრივ, პოლონეთმა და უკრაინამაც დაიწყეს თავიანთი თხევადი გაზის საბადოების ათვისება, რაც მათ დამოკიდებულებას რუსულ ენერგომატარებლებზე კიდევ უფრო შეამცირებს. ასე რომ, რუსეთს არცთუ მარტივი პოლიტიკური და ეკონომიკური მომავალი ელოდება, მის მიერ ინიცირებული საბაჟო კავშირი კი, თავად რუსი ექსპერტების შეფასებით, რუს ოლიგარქებს საშუალებას აძლევს, გააკონტროლონ, დაეპატრონონ და შეიძინონ ყველაფერი, რაც კი ბელორუსიასა და ყაზახეთში და ახლა უკვე სომხეთში ღირებული და მნიშვნელოვანია. ამ საბაჟო კავშირის მთავარი აზრი მხოლოდ ეს არის და არა წევრი ქვეყნების ეკონომიკების განვითარებისთვის თანაბარი ხელშემწყობი პირობების შექმნა.

ჩვენთვის მთავარია, რუსეთის დღევანდელი დუმილი მის აშკარა მუქარაზე უფრო სახიფათო არ აღმოჩნდეს - ეს არის დღევანდელობის ყველაზე აქტუალური საკითხი, რომელზე პასუხიც ხელისუფლებასაც და საზოგადოებასაც მზად უნდა გვქონდეს.