ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი
16-09-2013
ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი
ჩვენთვის ახლა მთავარია, დრო მოვიგოთ!..

ამერიკამ და ევროპამ ტრადიციული და არაფრისმთქმელი აღშფოთება-შეშფოთების ლექსიკა გვერდზე გადადეს და მკაცრად მიმართეს რუსეთს, შეწყვიტოს ზეწოლა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მსურველ ქვეყნებზე. დასავლეთის გამკაცრება უკრაინის, მოლდავეთისა და სომხეთის მიმართ რუსეთის მართლაც უპრეცედენტო აშკარა თუ ფარულმა მუქარამ განაპირობა.

თუ უკრაინაში ეს სავაჭრო-ეკონომიკური სანქციების გატარებით გამოიხატა, მოლდავეთში რუსეთის ვიცე-პრემიერმა და იმავდროულად მოლდოვა-დნესტრისპირეთის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა დმიტრი როგოზინმა სანქციების მთელი სპექტრი დააანონსა: 1. მოლდაველი შრომითი მიგრანტების რუსეთიდან
გაძევება; 2. მოლდავური ღვინისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტებისთვის რუსეთის ბაზრის დაკეტვა; 3. დნესტრისპირეთთან საბოლოოდ დამშვიდობება; 4. მოახლოებულ ზამთარში მოლდავეთისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტა; ანუ მოლდავეთს წინ ელოდება ყველაფერი ის, რაც ჩვენ უკვე გავიარეთ - საქართველოში რუსეთს ყველა ეს რესურსი ამოწურული აქვს.
სომხეთმა ვერ გაუძლო რუსეთის ზეწოლას,
ფაქტობრივად, ზურგი აქცია ევროკავშირს და რუსეთის საბაჟო კავშირში გაწევრებაზე განაცხადა თანხმობა. უკრაინა სულ რამდენიმე თვის წინ აცხადებდა, რომ როგორც ევროკავშირთან, ასევე საბაჟო კავშირთან თანაბრად სურდა ურთიერთობა და მათ შორის არჩევანის გაკეთებას არ აპირებდა. თუმცა რუსეთის მუქარის შედეგად, უკრაინის თითქოსდა "პრორუსმა" პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა საბაჟო კავშირს ზურგი აქცია და ფსონი ევროკავშირზე დადო, რაც რუსეთისთვის დიდი დარტყმა იყო. ვნახოთ, რას იზამს მოლდავეთი.

თუმცა მთელ ამ ისტორიაში ჩვენთვის მთავარი კითხვა ჯერ არ დასმულა: მაშინ როცა რუსეთი ასე აშკარად ებრძვის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის ყველა მოსურნეს, არაფერი ისმის საქართველოზე. დავიჯეროთ, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, რუსეთს არ ანაღვლებს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება და საქართველოს არჩევანის სრული თავისუფლება მიეცა? არადა, გვახსოვს, როგორი "სადამსჯელო ოპერაცია" მოჰყვა 2008 წლის აგვისტოში ჩვენი ნატოსთან "დაახლოების" სურვილს. მაშ, რატომ არაფერი ისმის რუსეთიდან საქართველოსთვის ახალი სანქციების დაწესებაზე? რისი მოლოდინი აქვს რუსეთს?! 

ჩვენი გადასახედიდან, მთავარია, დრო მოვიგოთ, რუსეთი გარდაუვალი ცვლილებების წინაშე დგას: სულ რამდენიმე დღის წინ ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები რუსეთში ოპოზიციისთვის - დამაიმედებელი, ხელისუფლებისთვის კი დამაფიქრებელი შედეგით დამთავრდა. რუსეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან ქალაქებში, როგორიცაა ეკატერინბურგი და პეტროზავოდსკი, არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა, მოსკოვის მერის არჩევნებში კი ოპოზიცია მეორე ადგილზე გავიდა.

ნაკლებად დამაიმედებელია სიტუაცია რუსეთისთვის უმნიშვნელოვანეს ენერგორესურსების ფრონტზეც: როგორც თჰე ჭალლ შტრეეტ ჟოურნალ იუწყება, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს პროგნოზზე დაყრდნობით, აშშ უკვე წელს გაუსწრებს რუსეთს თხევადი საწვავის წარმოებაში, ნავთობის, ბენზინისა და ბიოსაწვავის ჩათვლით. მეორე მხრივ, აშშ-მა გადატრიალება მოახდინა ე.წ. ფიქალი გაზის წარმოებაში, რაც დღემდე ტექნოლოგიურად ძალზე ძვირი და ამდენად, არამომგებიანი იყო. ასე რომ, ამერიკას სულ უფრო ნაკლებად სჭირდება ახლო აღმოსავლეთის გაზი, რაც რეალურ საფრთხეს უქმნის რუსეთის ეკონომიკას. თავის მხრივ, პოლონეთმა და უკრაინამაც დაიწყეს თავიანთი თხევადი გაზის საბადოების ათვისება, რაც მათ დამოკიდებულებას რუსულ ენერგომატარებლებზე კიდევ უფრო შეამცირებს. ასე რომ, რუსეთს არცთუ მარტივი პოლიტიკური და ეკონომიკური მომავალი ელოდება, მის მიერ ინიცირებული საბაჟო კავშირი კი, თავად რუსი ექსპერტების შეფასებით, რუს ოლიგარქებს საშუალებას აძლევს, გააკონტროლონ, დაეპატრონონ და შეიძინონ ყველაფერი, რაც კი ბელორუსიასა და ყაზახეთში და ახლა უკვე სომხეთში ღირებული და მნიშვნელოვანია. ამ საბაჟო კავშირის მთავარი აზრი მხოლოდ ეს არის და არა წევრი ქვეყნების ეკონომიკების განვითარებისთვის თანაბარი ხელშემწყობი პირობების შექმნა.

ჩვენთვის მთავარია, რუსეთის დღევანდელი დუმილი მის აშკარა მუქარაზე უფრო სახიფათო არ აღმოჩნდეს - ეს არის დღევანდელობის ყველაზე აქტუალური საკითხი, რომელზე პასუხიც ხელისუფლებასაც და საზოგადოებასაც მზად უნდა გვქონდეს.
bero
27 სექტემბერი 2013 14:12
ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების აუცილებლობას ალტერნატივა არ გააჩნია, ეს დადასტურებულია ჩვენი ხალხის მიერ პლებისციტზე და ცალკეული პიროვნებების სხვაგვარ მოსაზრებებს ასრულება არ უწერია. მხედველობაში მყავს ბურჯანაძის, ნოღაიდელის, კუკავას, დავითაშვილის და სხვა მათგვარად მოაზროვნეების მხარდამჭერები.
yuriburi
18 სექტემბერი 2013 15:05
როცა ავტორი ამბობს: "ამერიკამ და ევროპამ ტრადიციული და არაფრისმთქმელი აღშფოთება-შეშფოთების ლექსიკა გვერდზე გადადეს და მკაცრად მიმართეს რუსეთს, შეწყვიტოს ზეწოლა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მსურველ ქვეყნებზე." აქ ტონზე ეტყობა ავტორს რომ ამით უსაზღვროდ ბედნიერი უნდა ვიყოთ, ამ დროს რატომ უმალავთ ხალხს, თქვენ ექსპერტები მაინც რომ მალე ევრო კავშირიდან გარმანია აპირებს გასვლას! მიზეზები ბევრია: ბრიუსელის კორუმპირებული და მოუქნელი "მენჯმენტი", რომლის მსხვერპლი გახდა მტლიანად გაკოტრებული ერთ დროს ცხოვრების დონით პირველი ისლანდია, ირლანდია, პორტუგალიას, საბერძნეთსა და ესპანეთს დიდი კაბალური ვალები აქვთ, რატომ? ეს ვრცელი ანალიზის საკითხია, ჩვენ ფაქტის წინაშე ვართ! აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ეკონომიკა უნგრეთისა და ესტონეთის(ამ უკანასკნელს ფინეთი, შვედეთი და გერმანია კურირებს) გარდა გაკოტრებულია ევროკავშირის არასწორი პოლიტიკით! რომელ კავშირში შეყავთ საქართველო ნეტავ? როცა ჭკვიანები და მაძღრები გადიან, ამ კავშირიდან ჩვენ რას მივიღებთ თუ საკუთარ თავს უკეთესად არ მივხედავთ? 20 წელია უკვე ჰოლანდიაში ვცხოვრობ, სადაც ცხოვრების დონე საშუალო და დაბალი ფენისთვის 3-ჯერ დაეცა, მდიდრები კი 10-ჯერ უფრო გამდიდრდნენ. აქ 1992-1999წ.წ. 16,5 მილიონ მოსახლეზე 250 ათასი უმუშევარი იყო, დღეს 2,5 მილიონია... აი რა მოუტანა ევრო კავშირმა ჩამოთვლილ განვითარებული ქვეყნების ხალხს!!! მე არ მგონია უკვე თითქმის დაშლილ კავშირში ვინმემ საქართველო ან მოლდავეთი შეიყვანოს სიღარიბისა გამო, თუმცა რომც მიგვიღონ აქედან ხალხი ვერაფერ ხეირს ვერ ნახავს, რამდენიმე ათეული მილიარდერი კი ალბათ უფრო გამდიდრდება... იური ბურკაძე
kafka
17 სექტემბერი 2013 14:15
ამხანაგო ლაგაზიძე! ცოდნის ან ინფორმაციის რა წყაროებით სარგებლობდით, როცა მეცნიერებაში ახალი სიტყვის თქმა დააპირეთ? "თხევადი გაზის საბადოების ათვისება"!!!!! "ევრიკა"!" ხომ შესძახეთ?
ინფორმაციისათვის: ბუნებაში გაზი (აირი) თხევად ფორმაში სადღაც კოსმოსში თუ არსებობს.ბუნებრივი (გაზი) აირი რომ თხევად მდგომარეობაში გადავიდეს, იგი უნდ მოხვდეს ისეთ პირობებში, სადაც ტემპერატურა - (მინუს) 160 გრადუსია. დედამიწაზე, მადლობა ღმერთს ასეთი ადგილი ჯერ არ არის.
ამხანაგო ლაგაზიძე,
უფრო ყურადღებით მოეკიდეთ თქვენს მიერ დაწერილ (ალბათ უფრო სწორია დაბეჭდილ) მასალას. ყოვლად დაუშვებელია, რომ ჟურანლისტმა, და მით უმეტეს მომომხილველმა, განზრახ შეცდომაში შეიყვანოს მკითხველ. თუ ეს განზრახ არ კეთდება, მაშინ მტკიცდება, რომ მიმომხილველი უწიგნური პრემიერის გუნდიდან არის.

რედაქტორის რჩევით