"ხალხი ვა-ბანკზე უნდა წავიყვანოთ" - კვირის პალიტრა

"ხალხი ვა-ბანკზე უნდა წავიყვანოთ"

"არ შეიძლება, იარაღი ბრძოლამდე დავყაროთ"

საგარეო საქმეთა ექსმინისტრ სალომე ზურაბიშვილის წიგნი "საქართველოს ტრაგედია 2003-2008" ხელისუფლების გვარიანი შეშფოთების მიზეზი გახდა. ითქვა, რომ წიგნში მოყვანილ ფაქტებს რუსეთი საქართველოს დასადანაშაულებლად გამოიყენებს. რა ამოცანა ჰქონდა სკანდალურ წიგნზე მუშაობისას საგარეო საქმეთა ექსმინისტრს და ბრძოლის რა ეტაპს იწყებს ოპოზიცია, სალომე ზურაბიშვილთან ინტერვიუში შეიტყობთ:

- ამ წიგნში ყველაფერზეა ლაპარაკი, რაც 2003-დან 2008 წლამდე ხდებოდა. აქედან რუსეთი რას გამოიყენებს და რას არა, არ ვიცი. ტალიავინის ანგარიშიც სათავისოდ გამოიყენეს რუსებმა და სააკაშვილმა. მიშამ თქვა, მე გამამართლესო, რუსებმა კი, ეს დასკვნა ჩვენთვის სასარგებლოაო. ასე რომ, იმის მიხედვით, ვინ როგორ წაიკითხავს, ნებისმიერი ტექსტის გამოყენება შეიძლება. ჩემს სიტყვებზე პასუხს ვაგებ, რაც იმ წიგნში აღვწერე, სრული სიმართლეა. ეს არის ის, რაც გავიარე, ვიფიქრე  და ვნახე ხელისუფლებაში ყოფნისას. არგუმენტი, - სიმართლის თქმა არ შეიძლება,  რადგან შეიძლება მტერმა გამოიყენოსო, ჩემთვის მიუღებელია. სიმართლე იმისთვის გვჭირდება, რომ შეცდომები გავითვალისწინოთ და მომავალში  აღარ გავიმეოროთ.

- მაგრამ ხელისუფლება აცხადებს, რომ თქვენს წიგნში მოხვდა საიდუმლო ინფორმაციაც.

- არ ვიცი, რას მედავებიან. წიგნში ვწერ 2004 წელზე, როდესაც ცხინვალზე პირველი შეტევა იყო. ესეც რუსების პროვოცირებული იყო და მაშინაც გაიყო მთავრობაში აზრი.  ნაწილს მიაჩნდა, რომ შეიძლებოდა ცხინვალის პრობლემის სწრაფი ოპერაციით გადაჭრა, მეორე ნაწილს (რომელში მეც ვიყავი) კი მიაჩნდა, რომ ეს სახიფათოა. ვამბობდით, რომ შესაძლოა, ლოკალურად რაღაც მოვიგოთ, მაგრამ საერთაშორისო მხარდაჭერას დავკარგავთ. ამ საკითხზე გადაწყვეტილება ჩემი თანდასწრებით არც მიღებულა, რადგან ასეთი საკითხების გადაწყვეტა უშიშროების საბჭოზე კი არა, სხვა დონეზე ხდებოდა.

- სად და ვინ იღებდა გადაწყვეტილებებს?

- არავინ იცის. ჩვენ ხომ რეალურად არ გაგვაჩნია უშიშროების საბჭო. დღესაც საბჭოს სხდომაზე პატიჟებენ ოპოზიციონერებს, რომლებიც გუშინ ჩემსავით რუსეთის აგენტებად იყვნენ მონათლული. მათ სხდომაზე იწვევენ, მაგრამ საჭიროდ არ მიაჩნიათ, ან ბოდიში მოუხადონ, ან საქმეები შეწყვიტონ მათზე. რა უშიშროების საბჭოა ის, რომელიც კამერების წინ ტარდება?

დღეს სიმართლე ოპოზიციასაც სჭირდება. ოპოზიციამ თუ არ დაინახა, სად რა შეგვეშალა, რა საფრთხე გვემუქრება და შელამაზებული სურათით  ვიმსჯელეთ, რომელიც რეალობასთან ახლოსაც არ არის, ვერაფერს მივაღწევთ. ასევეა ქვეყანაც. გვინდა, საქართველო გამოვიდეს უმძიმესი კრიზისიდან? გვინდა, რომ სეპარატისტულ რეგიონებთან ურთიერთობის აღდგენის შანსი გაჩნდეს?  გგონიათ, ეს სიმართლის გარეშე მოხდება? თუ ოსებსა და აფხაზებს ვეტყვით, ყველაფერში მართალი ვიყავითო, გგონიათ მოხერხდება ჩვენი ურთიერთობა?

- მაგრამ ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა სეპარატისტ ლიდერებთან ლამის დანაშაულად და ქვეყნის ღალატად ცხადდება.

- თავი დაანებონ მოღალატეებსა და უცხოეთის აგენტებზე ლაპარაკს. დემოკრატიულ ქვეყნებში აგენტებზე არავინ ლაპარაკობს. ეს ტოტალიტარული რეჟიმების ხელწერაა. სააკაშვილს ვურჩევდი, თავი დაანებოს ამ თემებზე ლაპარაკს, რომელიც ბრალმდებელზე უფრო მეტყველებს, ვიდრე ადრესატზე. რუსული ბაზები ჩემი მინისტრობის დროს გავიდა საქართველოდან და სააკაშვილმა ისევ დააბრუნა. აქედან გამომდინარე, ვინ არის ჩვენ შორის რუსეთის აგენტი?

- დღეს ოპოზიციაში შეურიგებელთა და არჩევნების მომხრეთა ბანაკებია. თქვენ რომელში ხართ?

- ორივეში ერთდროულად. ამ ორ გზას შორის წინააღმდეგობა არ არის. ვერ შევურიგდები საქართველოს ნგრევას. ეს რეჟიმი არჩევნებით უნდა შეიცვალოს. საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებებს ბოლო უნდა მოეღოს, ქვეყანა ამას ვერ გადაიტანს. ამიტომაც ვემხრობით არჩევნების გზას.

- მაგრამ ოპოზიცია აცხადებდა, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გაყალბდაო. ახლა რისი იმედი გაქვთ?

- გაყალბების თაობაზე მაშინ ვთქვით, როდესაც ფაქტი მოხდა. ადგილობრივ არჩევნებამდე თუ ვიტყვით, არჩევნები გაყალბდებაო, ამით მოვისპობთ ჩვენს ერთადერთ იარაღს. არ შეიძლება, იარაღი ბრძოლამდე დავყაროთ. ბრძოლა ყოველთვის გამართლებულია. მეტადრე კი მაშინ, როდესაც ქვეყანა ინგრევა. არ შეიძლება თქმა, რადგან უთანასწორო ბრძოლა გველის, უარი ვთქვათო. უთანასწორო ბრძოლების მეტი რა უნახავს საქართველოს? ჩვენი წინაპრები ხომ ყოველთვის ღვთის იმედით მიდიოდნენ ბრძოლაში? ვინც ამბობს, ბრძოლას აზრი არა აქვს, არჩევნები მაინც გაყალბდებაო, ის ხელისუფლებას ეხმარება.

- ნინო ბურჯანაძე ფიქრობს ასე და ამიტომ ხელისუფლებას ემხრობა?

- ნინოს ავუხსნი, რატომ სჯობს  არჩევნებში მონაწილეობა. გასაგებია მისი ემოცია და ინსინუაციები. მას არა აქვს ბრძოლის ის გამოცდილება, რაც ჩვენ გავიარეთ, და ამიტომ ეჭვობს. დარწმუნებული ვარ, ნინო ბურჯანაძე აზრს შეიცვლის.

დღეს საუკეთესო კანდიდატი ყველა მოცემულობით ირაკლი ალასანიაა, მაგრამ უნდა დავრწმუნდე, რომ თუკი არჩევნებს გაგვიყალბებენ, ირაკლი ამას არავის შეარჩენს.

- კონსერვატორები და რესპუბლიკელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ერთიანი კანდიდატის გამო. ასეთ დროს ერთიან სტრატეგიაზე ლაპარაკი ნაადრევი ხომ არ არის?

- ერთიანი სტრატეგიისათვის ყველამ რაღაც უნდა დათმოს. ვფიქრობ, პრაიმერი საჭირო არ არის, მაგრამ არ ვეტყვი კონსერვატორებს, ყველაფერი დათმეთ და ალიანსში შემოდით-მეთქი. ისეთი სტრატეგია  უნდა მოვიფიქროთ,  სადაც ყველას წუხილი აისახება. თუ ვინმე აცხადებს, შემოდით ჩვენთან და დათმეთ ყველაფერიო, მას ჩვენი ერთიანობა არ უნდა.

- ლევან გაჩეჩილაძის როლი როგორი იქნება საერთო სტრატეგიაში?

- ლევანმა თვალი უნდა გაუსწოროს სიმართლეს, როდესაც ამდენჯერ მიეცა შანსი, ასეთივე შანსი შეიძლება აღარ მიეცეს. ლევანმა უნდა დაუთმოს ირაკლის. განა რას თმობს, ეს ხომ საპრეზიდენტო არჩევნები არ არის? ირაკლი დასავლეთისთვის ყველაზე სასურველი კანდიდატია და  თუ გაუყალბებენ არჩევნებს, ამას რეაგირება მოჰყვება. თუ სხვას გაუყალბებენ, ეს დასავლეთისთვის ნაკლებმნიშვნელოვანია. ლეგიტიმურობის ის ნაწილი, რაც გარედან მოსაპოვებელია, ამ გზით უნდა მოვიპოვოთ.

- ლევან გაჩეჩილაძე აქციების  მესამე ტალღაზე ლაპარაკობს.

- ხელოვნური რაღაცების არ მჯერა. ოპოზიციის სტრატეგია არ შეიძლება მხოლოდ ქუჩაში გამოსვლა იყოს. ეს იქნება გადამწყვეტი ბრძოლა, ბოლო შანსი. თუ არ გავიმარჯვეთ, ვერ დავდებ თავს, რომ ამ ხელისუფლების ხელში საქართველო დიდხანს იარსებებს. ეს არ იქნება მხოლოდ ადგილობრივი არჩევნები, ეს იქნება ჩვენი ბოლო კანონიერი ბრძოლა.

- ბრძოლას ფინანსები სჭირდება.

- ფული საჭიროა, მაგრამ გადამწყვეტი არ არის. სტრატეგიის ერთიანობა უფრო მნიშვნელოვანია. იყო პერიოდები, როცა ოპოზიციას ფული ჰქონდა, მაგრამ სტრატეგია არ იყო სწორი და მხოლოდ ფულმა ვერ მოიტანა გამარჯვება. ხალხი ვა-ბანკზე უნდა წავიყვანოთ და ამისათვის საჭიროა, თავად ვიყოთ გამარჯვებაში დარწმუნებული.