"განცხადებები, ხალხი "ოცნებიდან" ბურჯანაძესთან მიდისო, პიარფანდია"
23-09-2013
"განცხადებები, ხალხი "ოცნებიდან" ბურჯანაძესთან მიდისო, პიარფანდია"
"გიორგი მარგველაშვილის კონკურენტები მეორე ადგილისთვის იბრძვიან, რათა ძირითადი ოპოზიციური ძალის ადგილი დაიმკვიდრონ"

გახდება თუ არა გიორგი მარგველაშვილის წარმატების საწინდარი ის საარჩევნო პროგრამა, რომელიც სპორტის სასახლეში გააცნო ამომრჩეველს, ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს, დავით საგანელიძეს ვესაუბრეთ:


- დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელობა. სამი მიზეზის გამო ოპტიმისტური განწყობა მაქვს: პირველი - გიორგი პატრიოტი, ღირსეული, სუფთა წარსულის კაცია. ასეთი კაცი წარმომედგინა ქვეყნის პრეზიდენტად და, როგორც იქნა, ასეთ
კანდიდატს ვეღირსეთ; მეორე - მას "ქართული ოცნების" რეიტინგის ფონზე გამარჯვების დიდი შანსი აქვს. მესამე ფაქტორი ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც გვერდზე გადადო პირადი ინტერესები, ხალხთან დადგა და ისეთი ნაბიჯები გადადგა, რომელიც თავიდან ბევრმა ვერ გაიგო, მაგრამ ბოლოს აღმოჩნდა, რომ მართებული ყოფილა.   ივანიშვილის სიტყვას დიდი ძალა აქვს, როდესაც
ამბობს, მე თუ მენდობით, გიორგისაც უნდა ენდოთო. ყოველივე ამის გათვალისწინებით Gგიორგის რეალური კონკურენტი არც ჰყავს.

- სალომე ზურაბიშვილი ამ არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებს, რადგან არ მიეცა უფლება, კენჭი ეყარა...
- კარგი იქნებოდა, ქალბატონ სალომეს ამ არჩევნებში მიეღო Oმონაწილეობა, თუნდაც იმიტომ, რომ სალაპარაკო არ გამხდარიყო. კანონი, რომელიც მას არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავს, სასწრაფოდ უნდა გამოსწორდეს. ქალბატონი სალომე ჭკვიანი, გამოცდილი პოლიტიკოსია და ფლობს პიარმეთოდებს. კარგად იცოდა, რომ კანონი არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავდა, მაგრამ მაინც მოინდომა კენჭი ეყარა. როდესაც კანონი არ გაძლევს ამის უფლებას, არასწორია სპეკულირება - შეეშინდათ, რომ კენჭი მეყარაო. წარმოგიდგენიათ, რომ ივანიშვილი ან მარგველაშვილი ვინმეს ეტყოდნენ, სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეთო? ასეთი განცხადებები  პიარფანდია.

- ამბობთ, რომ გიორგი მარგველაშვილს რეალური ოპონენტი არ ჰყავს, მაგრამ ადამიანები ამბობენ, კოაბიტაციის შიშით ხალხი ნინო ბურჯანაძისკენ გადაიხარაო.
- განცხადებები, ხალხი "ოცნებიდან" ბურჯანაძესთან მიდისო, ასევე პიარფანდია. "ქართული ოცნების" მხოლოდ ორმა წევრმა დატოვა პარტია. მარგველაშვილის კონკურენტები რეალურად მეორე ადგილისთვის იბრძვიან, რათა ძირითადი ოპოზიციური ძალის ადგილი დაიმკვიდრონ. მადლობა მინდა გადავუხადო ნინო ბურჯანაძის პარტიის იმ წევრებს, რომლებმაც 2012 წლის არჩევნებში ხმა "ქართულ ოცნებას" მისცეს, მაგრამ დღეს, ბუნებრივია, ისინი ბურჯანაძეს დაუჭერენ მხარს. ეს ხალხი "ქართული ოცნებიდან" კი არ გადასულა ბურჯანაძესთან, მასთან იყვნენ და არიან.

- ასევე პიარფანდია გავრცელებული მოსაზრებაც, ბიძინა ივანიშვილის სასურველი საპრეზიდენტო კანდიდატი ბურჯანაძეა და მარგველაშვილი ფორმალურად დასახელდაო?
- ეს უკვე შავი პიარია. როდესაც ასეთი მოსაზრება გესმის, სჯობს, გაიცინო. მარგველაშვილის პროგრამის პრეზენტაციაზე ბატონმა ბიძინამ თქვა, დაანებეთ თავი ამ ზღაპრებს, თუ ჩემი გჯერათ, ეს კაცია ჩემი კანდიდატი. თუ გიორგის აძლევთ ხმას, ე.ი. ხმას მე მაძლევთო...

- თუმცა "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შედეგებზე შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს თქვენი გუნდის შეუსრულებელმა დაპირებებმა.
- ჩვენ არა გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა და ნებისმიერ კანონს, რომელიც არ მოსწონს პრეზიდენტს, ვეტოს ადებს. მთავრობის ყველა ინიციატივას სააკაშვილი ლანძღავს და როგორ შეიძლება ინვესტიციების შემოდინებაზე ლაპარაკი? რომელი ინვესტორი დააბანდებს ისეთ ქვეყანაში ფულს, რომლის პრეზიდენტი აგონიაშია და არავინ იცის, რას მოიმოქმედებს. სანამ კოაბიტაცია არ დასრულდება, ქვეყანაში მაღალი პოლიტიკური რისკები იქნება.

ზოგი დაპირების შესრულებას პრობლემები შეუქმნეს მონოპოლიებმა, რომლებიც არსებობდა ნავთობის, საკვების თუ სხვა სტრატეგიული პროდუქტების ბიზნესში.

მონოპოლიების დანგრევა არ ნიშნავს, რომ მაშინვე გამოჩნდება 10-15 კომპანია, რომლებიც ამ ბიზნესს გადაინაწილებენ და ჯანსაღი კონკურენცია შეიქმნება. მონოპოლიების ერთბაშად დანგრევა ქვეყანაში პროდუქტებისა და ნავთობის დეფიციტს შექმნის და ამიტომაცაა ეს გარდამავალი პერიოდი რთული.  ახალი ბიზნესისა და ჯანსაღი კონკურენციის შექმნას დრო სჭირდება. ამიტომაც ნურავის უკვირს, რომ ჯერ ვერ გადაწყდა დასაქმების პრობლემა. ხომ ხედავთ, სადაც სახელმწიფო ჩაერია, იმ სფეროებში სწრაფია წარმატებაც. აგრარულ სფეროში არ იყო მონოპოლიები და დღეს სახნავი მიწების 95% დახნულია. გლეხმა შხამქიმიკატები და იარაღები შეიძინა. მომავალ წელს შედეგს მოვიმკით... არ არის შედეგი, რომ ყველა ადამიანი დაზღვეულია? შეიძლება დაზღვევის პაკეტი ვერ პასუხობს ყველა მოთხოვნას, მაგრამ რაც მთავარია, არავის ეშინია, უცებ რამე რომ მომივიდეს, სახლის გაყიდვა მომიწევსო. გაიზარდა სოციალური დახმარება და პენსიები, უამრავი რამ გაკეთდა განათლების სფეროშიც...

- "ნაციონალური მოძრაობა" გაკრიტიკებთ ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერების გამო.
- ამას ახორციელებდნენ ის კომპანიები, რომლებიც ტენდერებს არასწორად იგებდნენ. უმეტესობას კეზერაშვილის, ჩოჩელის ან სააკაშვილთან დაახლოებული რომელიმე პირის კომპანიები იგებდნენ. ისევ მათ უნდა გაეგრძელებინათ ეს პროექტები, როდესაც ამ კომპანიებში ხდებოდა ფულის "გაპრავება", "ატკატები" და ამ ფულით ფინანსდებოდა პარტიული აქტივობები. ამიტომაც შეჩერდა. ამას მოჰყვა დასაქმების პრობლემა, შემცირდა ფულის ბრუნვა ბანკებშიც, მაგრამ შევძელით, რომ არ მოხდა ლარის დევალვაცია და Kკურსი დავიჭირეთ.

- ბიძინა ივანიშვილის განცხადება თანამდებობიდან წასვლაზე ხომ არ დააზარალებს გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შედეგს?

- ალბათ, არა... შეიძლება ბევრს გაუჩნდეს ნიჰილიზმი, ოცნებას ბიძინა შემისრულებდა და არ ვიცი, მისი გუნდი ამას რამდენად შეძლებსო. მომავალი პრემიერისთვის ძალიან რთული იქნება ივანიშვილის შეცვლა, მაგრამ მეორე მხრივ, ეს კაცი ამბობს, ყოველთვის ვებრძოდი მესიანიზმს, ერთ კაცზე დამოკიდებულ ქვეყანასა და სტრუქტურებსო. როგორც ვიცი, ბატონი ბიძინა ბიზნესში ყოველთვის არაორდინარულ სვლებს აკეთებდა და ეს გზა აირჩია პოლიტიკაშიც. სწორად გათვლის, ალბათ, ხელისუფლებიდან წასვლასაც და დავინახავთ, რომ ესეც გაამართლებს.
badri
24 სექტემბერი 2013 18:32
ყველას იმედი გაქვონდა ბატონი ბიძინასი,დაპირებები, დაპირებებად დარჩა. თავისი გაისწორეს უმეტესმა პოლიტიკოსებმააააააა, და რა, ხალხი არავის ახსოვს,
valiko
24 სექტემბერი 2013 17:44
ნეტავი იმ ქვეკანაში მაცხოვრა სადაც მოსახლეობის ნახევარს მაინც პოლიტიკა და პოლიტიკოსები აგარ დააინტერესებს,აი მაშინ ვიგრზნობთ ცინსვლას და ყველა თავის საქმეს მიხედავს!!!
leila
24 სექტემბერი 2013 17:28
ივანიშვილის სასურველი კანდიდატი ვინც იყო, წარადგინა კიდეც. ქალბატონ ნინოს კი საკმარისი ავტორიტეტი აქვს და არ ჭირდება გამოგონილი "პიარები"

რედაქტორის რჩევით