ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი
23-09-2013
ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი
პაროდია ბომბებით

ბომბების სკანდალი, ბოლო კვირაა, ჩვენი ყოველდღიურობის სიმბოლოდ იქცა. ალბათ, აღარავის ეპარება ეჭვი, რომ ეს მართული პროცესია და მისი მმართველია საძებნელი. ეს ყველაფერი მიზნად ისახავს საზოგადოებაში, ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც ისეთი შთაბეჭდილების შექმნას, რომ საქართველოში ქაოსური სიტუაციაა და ხელისუფლება ვითარებას ვერ აკონტროლებს. ხელწერა „"ნაციონალებისას" ჰგავს, თუმცა, ამ შემთხვევაში ძნელი სათქმელია, მიხეილ სააკაშვილისა და დავით ბაქრაძის ფრთა ერთსა და იმავე თამაშს თამაშობს თუ - არა, ანუ ეს მხოლოდ სააკაშვილის გარემოცვის
ნააზრევია, თუ დავით ბაქრაძის საარჩევნო კამპანიის შემადგენელი„უხილავი“ ნაწილიც.

ამ ეტაპზე მე მათ შორის ტოლობის ნიშანს ვერ დავსვამდი: კოაბიტაციის რეჟიმში მჭიდროდ ჩართულ ბაქრაძის გუნდს ასეთი თავზე ხელაღებული თამაში“ ხელს არ უნდა აძლევდეს - მხოლოდ და მხოლოდ „კოაბიტაციის“ წყალობით აქვს მას საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ადგილის მოპოვების იმედი.
თუმცა, ფაქტია, რომ იმით, რაც დღეს ხდება, ნებისმიერი ოპოზიციური საპრეზიდენტო კანდიდატი ისარგებლებს. ხელისუფლებამ კი ამ „ბომბებით თამაშისთვის სასწრაფოდ თავის დაღწევის ქმედითი მექანიზმი თუ არ გამონახა, შედეგი მიღწეული იქნება - პროცესებს ხელისუფლება ვეღარ გააკონტროლებს.

პუტინმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში თანაშემწე დანიშნა

ამასობაში რუსეთი თავისი დემარშებითა და პროვოკაციებით საქართველოს ახალ ხელისუფლებას ნერვებს უმოწმებს: ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ დიცთან სადემარკაციო ხაზის გადმოწევის მცდელობებიც, რუსეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთს შორის "სახელმწიფო საზღვრის" შესახებ შეთანხმების მზადებაც, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს სანომრე ნიშნებით ავტომობილების გადაადგილების აკრძალვაც და რაც მთავარია, რუსეთის გადაწყვეტილება - სოჭის ოლიმპიადაზე აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად წარადგინოს. მრავალმხრივ გასაანალიზებელია  რუსეთის მხრიდან საქართველო-დაღესტნის გზის მონაკვეთის აღდგენის გადაწყვეტილებაც. ასევე საინტერესოა რუსი და ოსი ექსპერტების მონაწილეობით ცხინვალში ჩატარებული კონფერენციები, რომელთაც წითელ ხაზად გასდევს აზრი, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთს საქართველოს მიმართ პრეტენზიები ისევ აქვს: მათი განცხადებით, „სამხრეთ ოსეთის“ მშვიდობიანი განვითარებისთვის საჭიროა, ტერიტორიები, რომლებიც სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შედიოდა, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შემადგენლობაში დაბრუნდეს. ეს ყველაფერი მიზნად ისახავს, რომ რუსეთმა, ერთი მხრივ, საქართველოს ახალი ხელისუფლების ნერვების სიმტკიცე მოსინჯოს და მეორე მხრივ, გვაგრძნობინოს, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლების მიერ ურთიერთობის მოსაგვარებლად გადადგმული ნაბიჯები საკმარისი არ არის.

ამ ყველაფრის ფონზე ძალზე საინტერესოა, რომ ახლახან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში ვლადიმერ პუტინის თანაშემწედ დაინიშნა ვლადისლავ სურკოვი - საყოველთაო შეფასებით „"პუტინის რუსეთის" თანაავტორი და თანამედროვე რუსული მართული დემოკრატიის მამა. ეს დანიშვნა თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს პუტინისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი უკვე ოკუპირებულია და ამ თვალსაზრისით სურკოვის დახმარება პუტინს არ სჭირდება. შეიძლება თუ არა ველოდოთ რაიმე გარღვევას საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე და რას მოგვიტანს ქართველებს სურკოვის კრეატიულობა? -  ამ კითხვაზე პასუხს ახლო მომავალი გაგვცემს.
თბილისელი
23 სექტემბერი 2013 21:45
"სურკოვის კრეატიულობა" ცხადია, რომ ახალ დიდ-დიდ უბედურებებს გვიქადის.
გარღვევა შეიძლება მოხდეს მხოლოდ რუსეთის აგრესიის დასაკმაყოფილებლად. სხვა რა გარღვევას უნდა ველოდოთ სურკოვისგან.
მის დანიშვნა ძალიან ცუდი ახალი ამბავია.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები