მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები
23-09-2013
მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები
VIP-ის ქოლგა და ლინგვისტიკაში დაკარგული

გასული კვირა ნამდვილად დათარსული გამოდგა აჭარის პირველი პირებისთვის. ჯერ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეზე ვთქვათ: ავთანდილ ბერიძე პირველად დაახლოებით ერთი თვის წინ მოხვდა სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებლების ყურადღების ცენტრში, როდესაც ბათუმელმა ლეიბორისტებმა მისი კორტეჟის მანქანა ბათუმის ბულვარში გადაიღეს, სადაც ავტომობილით შესვლა აკრძალულია. ამას ისიც დაემატა, რომ მისმა პრესმდივანმა ცეცხლზე ნავთი დაასხა, როცა განაცხადა:

ავთანდილ ბერიძე VIP-ია (Very Important Person - ფრიად მნიშვნელოვანი პერსონა, მაღალი თანამდებობის პირი)
და მის მანქანას ყველგან შესვლის უფლება აქვსო. ჰოდა, როგორც მნიშვნელოვან პერსონას ეკადრებოდა, გასულ კვირას კინოფესტივალის გახსნაზე ქოლგით და ქოლგის დამტარებლით მივიდა. ქოლგა ბათუმისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ ქოლგის დამტარებელი მათთვისაც ახალი ხილი აღმოჩნდა.  სოციალურ ქსელებში ატყდა ერთი ამბავი, ვინ ჰგონია თავი ავთანდილ ბერიძესო. ბატონმა ავთანდილმა ჩვენს
გაზეთს ამის საპასუხოდ უთხრა: დიახაც VIP-ი ვარ. ასეთი აჭარაში სამნი ვართ: მე, აჭარის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ქოლგა კიდევ, როცა ხელები დაკავებული გაქვს, შეიძლება სხვამაც დაგიჭიროსო. ამ სურათზე ბატონ ავთანდილს ხელები ზურგს უკან აქვს და არკვიე ახლა შენ, დაკავებულია ისინი თუ თავისუფალი, მაგრამ ალბათ, ყველანი ხვდებით, აქ საქმე ხელებში კი არა - თავშია.

მის დასახელებულ მეორე ვიპსაც არ დაემართა კარგი საქმე. აჭარის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს ვგულისხმობ. აჭარის ტელევიზიასთან ინტერვიუში თქვა, რომ ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი "რამდენიმე კვირის წინ რუსეთში იმყოფებოდა". ატეხა "ნაციონალურმა მოძრაობამ"  ერთი ამბავი, საქართველოს მთავრობის წევრები მოსკოვში  ჩუმად დადიანო. გადაირია კვირიკაშვილი,  საქართველოდან ფეხი არ გამიდგამსო. ბოლოს გამოვიდა ხაბაძის თანაშემწე ლევან ჯაში და განაცხადა: "არანაირი მინისტრის ვიზიტი არ მომხდარა მოსკოვში, უბრალოდ, იყო ტექნიკური, ლინგვისტური შეცდომა..." რას ნიშნავს ამ კონკრეტულ შემთხვევაში ლინგვისტური შეცდომა? სახელი ბრუნვაში ჩასვა არასწორად თუ ზმნის დრო შეეშალა? ან იქნებ სიტყვა "იმყოფებოდა" სხვა რამე ეგონა? ხომ უნდა განემარტა ეს ბატონ თანაშემწეს? ასეთივე ლოგიკით მას შეეძლო ეთქვა, ბატონ თავმჯდომარეს გეოგრაფიული შეცდომა მოუვიდაო და ჩვენ ვიფიქრებდით, რომ მას რუსეთი საქართველოს რომელიმე რეგიონი ჰგონია.

დასასრულ, ბატონ ბერიძეს და ბატონ ხაბაძეს მინდა ერთი მისამღერი შევთავაზო. დანარჩენი ტექსტი თავად მოიფიქრონ. კარგი იქნება, თუ ერთად შეასრულებენ რომელიმე ქართულ მოტივზე: მეც ვიპი და შენც ვიპიო / უკეთესი ვინ იპოვოთ აჭარაში სხვა ტიპიო.

ფუნები, ფუნები, ფუნები ჩქარა!

პოლიეთილენის პარკში გახვეული გამხმარი ფუნით შეიარაღებული პუბლიცისტი ისეთი ღრიალით გაემართა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" შესასვლელისკენ, მინიმუმ კამიკაძე ტერორისტი გეგონებოდათ, რომელმაც რამდენიმე წამში თავი უნდა აიფეთქოს, თუმცა ის არა კამიკაძე, არამედ კაკაბაძე იყო. ირაკლი კაკაბაძემ ფუნა ტელევიზიის შესასვლელთან დაახეთქა და ასე გააპროტესტა ეთერში ეკა კვესიტაძის და დავით პაიჭაძის შესაძლო დაბრუნება. ერთი აკაკი წერეთელი იყო, რომელიც ამბობდა, ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველოო და მეორე ირაკლი კაკაბაძეა, რომელიც ამბობს, ფუნის ღირსი ხარ, შენ, მაუწყებელოო. დღეიდან სამუდამოდ დამკვიდრდება ფუნის სახე ქართულ პოლიტიკაში. სიტუაციის მთელი ტრაგიკომიკურობა კი ის არის, რომ ტელევიზიასთან შეკრებილი ხალხი ჟურნალისტების გაშვებას ან გადაცემის დახურვას კი არ აპროტესტებდა, არამედ პირიქით - მათ შესაძლო დარჩენას. არ ვიცი, სადმე ასეთი მოთხოვნით გამართულა თუ არა აქცია, თუმცა რა გვიკვირს - ჩვენს "საზოგადოებრივ მაუწყებელს" ისეთი ჯადო აქვს, ფუნითაც ვერ ახსნი. ვერც ერთ საკითხზე ვერ თანხმდება მთელი ქართველი ერი ისე, როგორც იმაზე, რომ "საზოგადოებრივ მაუწყებელს" ჯადო აქვს და მას არაფერი ეშველება. უკვე რამდენიმე თვეა, გრძელდება ეს იწილო-ბიწილო. ბორდმა ჯერ თავად აირჩია გიორგი ბარათაშვილი დირექტორად, შემდეგ მოხსნა. ბარათაშვილმა სასამართლოში იჩივლა, სასამართლომ აღადგინა, ცოტა ხანი იმუშავა ამ კაცმა და ბორდმა ისევ მოხსნა, ახლა კი იგი ისევ სასამართლოში ჩივის. ამასობაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად სამეურვეო საბჭომ თამაზ ტყემალაძე დანიშნა და დირექტორის თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. თავიდან ყველას ეგონა, ბარათაშვილი მეორედ იმიტომ მოხსნეს, რომ კვესიტაძე-პაიჭაძის გაშვება დააპირაო, თუმცა მათმა დანიშნულმა მოვალეობის შემსრულებელმაც იგივე გააკეთა. კვესიტაძე ის ჩიტი არ არის, ასე მარტივად დანებდეს: ააწრიალა მთელი საერთაშორისო საზოგადოება, ატეხა ხმაური და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ: საზმაუს შენობაში "რუსთავი 2"-ის კამერით შევარდნილი კვესიტაძე, კაბინეტში დამალული თამაზ ტყემალაძე, ბრიფინგზე მივარდნილი ირაკლი კაკაბაძე, კორკოტა და ბოლოს - ფუნა...
უცნაური სიტუაციაა: "პირველ არხს" არავინ უყურებსო და ამავე დროს, ყველა მისი პატრონია. რა თქმა უნდა, არგუმენტები არსებობს, როგორც კვესიტაძე-პაიჭაძის საწინააღმდეგოდ, ისე - მათ სასარგებლოდაც. რომელი უფრო მეტია, ეს სხვა საკითხია. რა თქმა უნდა, მაყურებლების დიდი ნაწილი ამ ჟურნალისტებს არ ენდობა. ეს უნდობლობა ობიექტური გარემოებით არის გამოწვეული თუ სუბიექტურით, ეს მედლის მეორე მხარეა, მაგრამ მათ ადგილზე ვინც უნდა მოიყვანო, ყოველთვის გამოჩნდება მაყურებელთა ჯგუფი, რომელსაც მის ობიექტურობაშიც შეეპარება ეჭვი. დღეს საქართველოში ისეთი ჟურნალისტის მოძებნა, ვისზეც ყველა იტყვის, ნეიტრალურიაო, ძნელი იქნება, ამიტომ ეს პროცესი უკვე კუდიანებზე ნადირობას ემსგავსება: გავყაროთ ის ჟურნალისტები, ვინც, ჩვენი აზრით, "ნაციონალებისთვის" იყო მისაღები და მივიღოთ ის, ვინც მისაღებია "ოცნებისთვის." ასე რომ არ გამოსულიყო, ალბათ, ჯობდა, კვესიტაძე-პაიჭაძეც დარჩენილიყო და ახალი ხალხიც მოეყვანათ. "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ერთ-ერთი ფუნქცია ხომ ისიც არის, რომ საზოგადოების ყველა ფენის ინტერესი დააკმაყოფილოს. თუმცა მთავარი პრობლემა სხვა რამ არის: ახალი კანონი, რომლის ამოქმედების შემდეგ მაუწყებელს უკვე ახალი ბორდი ეყოლება, მიღებისთანავე უნდა შესულიყო ძალაში, უმრავლესობას კი შეეშინდა, ტელევიზიის ხელში ჩაგდების მცდელობა არ დაგვბრალდესო და მისი ამოქმედების ვადა 2014 წლის 1-ლი იანვრისთვის გადადო. შედეგად, მივიღეთ კრიზისი და ფუნა. იანვრიდან კი ახალი იწილო-ბიწილო დაიწყება.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით