ზვიადისთვის ხელისუფლება გოლგოთა იყო - კვირის პალიტრა

ზვიადისთვის ხელისუფლება გოლგოთა იყო

თემურ ქორიძე: "არის მოსაზრება, რომ პირველად მთავრობის სასახლიდან ისროლეს"

1991 წლის დეკემბრის ბოლოს  საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ფურცელი დაიწერა, - ქართველმა ქართველს ტყვია ესროლა.  ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრმა თემურ ქორიძემ ამ ავადსახსენებელი დღეების მნიშვნელოვანი და საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი დეტალები გაიხსენა:

- ის, რაც მოხდა 1991-1992 წლების მიჯნაზე, არ  ყოფილა ერთი დღის ან თუნდაც ერთი წლის დაპირისპირების შედეგი. როგორც ჩანს, საზოგადოების შინაგანი დაპირისპირება ჩვენი ეროვნული თვისებაა და ეს მავნე სენი განსაზღვრულ ისტორიულ ვითარებაში თავს იჩენს ხოლმე. ისტორიას თუ გადავხედავთ,  ქართველი  ერის შინაგანი ენერგიის კონცენტრაცია და კონსოლიდაცია მხოლოდ მაშინ ხდებოდა, როცა გარეშე მტრის საფრთხე შეიქმნებოდა.

1990 წლის 28 ოქტომბერს იდეალური არჩევნები ჩატარდა. ეს იმდროინდელი ხელისუფლების დამსახურებაცაა. ზოგი ამბობს, კრემლმა გაუკაფა გზა ზვიად გამსახურდიასო, სინამდვილეში კი  კრემლს იმ დროს უკვე აღარ შეეძლო პროცესების მართვა, სადავეები ხელიდან გაექცა და ნაკლებად აღელვებდა რესპუბლიკებში მიმდინარე მოვლენები. აშშ-ს არ სურდა საბჭოთა კავშირის დაშლა. ჯორჯ ბუშმა განაცხადა კიდეც, მხარს ვუჭერთ ადამიანის უფლებათა დაცვას, მაგრამ ამ ეტაპზე დამოუკიდებლობაზე ლაპარაკი უკანა პლანზე უნდა გადავიდესო. დასავლეთს აშინებდა 15 ახალი სახელმწიფოს გაჩენა მსოფლიო რუკაზე, რომელთაგან 5-6 ბირთვული ქვეყანა უნდა ყოფილიყო და ამიტომაც ცდილობდნენ მართვად კალაპოტში მოექციათ პროცესები.

სიკვდილის წინ ზვიად გამსახურდია თავის ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში ბრძანებდა, - სახელმწიფო გადატრიალების სულისჩამდგმელები ჯორჯ ბუში და ჯეიმს ბეიკერი იყვნენო.

- ვინც სახელმწიფო გადატრიალება მოახდინა, გამოდის, ბეიკერის და ბუშის აგენტები იყვნენ?

- პრობლემის ზერელე დანახვაა იმის თქმა, თითქოს ერთ პარტიაში მომხდარ განხეთქილებას გადაჰყვა ქვეყანა. ამ ტრაგიზმის მასშტაბი გაცილებით ღრმაა, ვიდრე კიტოვანის დაპირისპირება ხელისუფლებასთან.

საბჭოთა კავშირი ინგრეოდა და ამ პროცესში მოქცეული ერი, რომელსაც სახელმწიფოებრიობის  გამოცდილება არ გააჩნდა, დასავლეთის მხარდაჭერას საჭიროებდა. ამის ნაცვლად კი ცივილიზებულმა სამყარომ არცთუ თავმოსაწონებელი როლი შეასრულა. დღესაც იგივე პრობლემა გვაქვს: ხალხისა და ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულება ერთმანეთშია აღრეული. დღეს იმ ხელისუფლებას უჭერენ მხარს, რომელიც ხალხისთვის მიუღებელია.

საქართველოში რომ სხვადასხვა პოლიტიკური ინტერესი დაუპირისპირდა ერთმანეთს, რა თქმა უნდა, ყველასთვის ცხადია.  ამ პროცესებში, პირდაპირ თუ ირიბად, მონაწილეობდნენ რუსეთიც და შეერთებული შტატებიც, რადგან მათ თავიანთი ინტერესები აქვთ ჩვენს ქვეყანაში.

- ხელისუფლებაში განხეთქილების საბაბად გვარდიის სტატუსი იქცა. რა მოხდა მაშინ?

- ზვიად გამსახურდიამ გვარდია შს სამინისტროს დაუქვემდებარა. გვარდიელებმა შეურაცხყოფად მიიჩნიეს პოლიციური ფუნქციის დაკისრება. მაშინ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ვიყავით და არმიის ყოლის ლეგალური უფლება არ გვქონდა.  როდესაც მოსკოვში გკჩპ-ს გავლენა დამყარდა, საქართველოში სსრკ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჟურავლიოვი ჩამოვიდა თანმხლებ პირებთან ერთად. 19 აგვისტოს ისინი ზვიადის კაბინეტში თავზარდამცემი სახეებით შემოლაგდნენ. მათ სახეებზე იკითხებოდა, ახლა კი გიჩვენებთ სეირსო! შეხვედრას აკაკი ასათიანი და ასლან აბაშიძეც ესწრებოდნენ. ზვიადს უთხრეს, თქვენი გვარდიელები გვაღიზიანებენ, მათ ნახევარ საათში გავანადგურებთ, დაივიწყეთ დამოუკიდებლობა, საზღვრებს ჩვენ გავამაგრებთო. აზერბაიჯანში სამხედრო წვრთნები 20 წუთში უნდა დაწყებულიყო. თბილისის თავზე საჰაერო ესკადრილიას უნდა გადაეფრინა, ქუჩებში კი ტანკებს გაევლოთ. სინამდვილეში სამხედრო წვრთნები სულაც არ იყო დაგეგმილი. ჩვენ სასაკლაოს მოწყობის საფრთხის წინაშე ვიდექით. ისინი ელოდნენ, რომ ზვიად გამსახურდიას დააფრთხობდნენ, მაგრამ გამიკვირდა, იმდენად მშვიდად და გაწონასწორებულად დაიწყო ზვიადმა მათთან საუბარი. ზვიადს ელცინისგან ყოველ წუთს მოსდიოდა ინფორმაცია. გენერლების დანიშნულ დროს 4 წუთი აკლდა, როცა ამიერკავკასიის ჯარების სარდალი მივიდა ზვიადის ტელეფონთან და გასცა ბრძანება, არმიის მოძრაობა შეჩერებულიყო. ზვიადმა რუს გენერლებს აუხსნა, რომ გვარდია არ იყო საჯარისო შენაერთი და  ამით ათასობით გვარდიელის  სიცოცხლე იხსნა. ბიჭებს იარაღი არ ჰქონდათ და ზვიადი ხომ ვერ ეტყოდა გენერლებს, ჩემი გვარდიელები გამოვლენ ქუჩაში და კუდით ქვას გასროლილებენო. მოგვიანებით ზვიადმა კიტოვანი მოხსნა, სამთავრობო ცვლილებები მოახდინა და ბევრი უკმაყოფილოც გაიჩინა. დაპირისპირება გაძლიერდა.

- 1991 წლის 21 დეკემბერს ზვიად გამსახურდიას ვადამდე საპარლამენტო არჩევნები რომ დაენიშნა, სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყებოდა?

- საზოგადოებაში იმდენად გაღრმავებული იყო უფსკრული, მას ვადამდე არჩევნები ვერ ამოავსებდა. მოგვიანებით ზოგიერთი წერდა, ზვიად გამსახურდია მაშინ რომ გადამდგარიყო, ხელში აყვანილს დავაბრუნებდით ხელისუფლებაშიო. თუ ეს უნდოდათ, რაღად დაამხეს?

21 დეკემბერს მძიმე ვითარება შეიქმნა. ბატონი თენგიზ სიგუა და ოპოზიცია 1-ლი სკოლის წინ ატარებდნენ აქციას. ბატონმა სიგუამ მოუხმო ზვიად გამსახურდიას, გამოდი და ერთად მივმართოთ ხალხსო. ერთგვარი სახალხო სასამართლოს გამართვას გულისხმობდა. მერე მან რამდენჯერმე გამოაცხადა, თქვენთან გადმოვალო, მაგრამ ეტყობა, არ გამოუშვეს.  მერე მე მივმართე ოპოზიციონერებს, მოვდივარ-მეთქი. ზვიადი წინააღმდეგი იყო, მაგრამ ვუთხარი, რასაც ოპოზიცია ითხოვს, დავეთანხმოთ, გადავედი. დაძაბული ვითარება იყო, ოპოზიციონერები კბილებს აღჭიალებდენენ. ბატონ სიგუას ველაპარაკე. დავპირდი, რომ ღამის 12 საათამდე შეიკრიბებოდა უზენაესი საბჭო, სადაც გამოცხადდებოდა ახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი,  დაინიშნებოდა პრეზიდენტის ნდობის რეფერენდუმი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ზვიად გამსახურდია იმ ღამესვე  დაითხოვდა მთავრობას და ოპოზიციასთან დაიწყებდა მოლაპარაკებას კოალიციური მთავრობის შექმნაზე. ხელისუფლება აყენებდა კიდევ ერთ პირობას: ორივე მხარის შეიარაღებულ ძალებს უნდა დაეტოვებინათ თბილისი და არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარებულიყო. ბატონმა თენგიზმა მაშინ მომიგო, გამსახურდია რის გამსახურდია იქნება, თუ ამ პირობებს დათანხმდებაო. საუბრის დროს  ჩვენთან შემოდიოდნენ ბატონი ნოდარ ნათაძე, ელდარ შენგელაია და სხვები. მათი პოზიცია ცალსახა იყო: ზვიადს გადავუვლითო! საღამოს 7 საათი იქნებოდა, ჩამოვედი ავტობუსიდან და ოპოზიციას მივმართე, ახლა ერთმანეთის პირისპირ ერთმანეთზე უკეთესი საქართველო დგას-მეთქი. ამას რომ ვამბობდი, ცრემლები მახრჩობდა. ეტყობა, ჩვენმა მოწინააღმდეგეებმაც იგრძნეს  გულწრფელობა. უხმოდ გააკეთეს დერეფანი და გამატარეს. წამიერად თავში გამიელვა აზრმა, რომ ქვეყანა გადარჩა და უცებ რომელიღაც ქალბატონის გამყინავი ხმა გაისმა, ზვიად გამსახურდია, ვერ ეღირსები, რომ ახალი წელი მიულოცო საქართველოსო. როგორც ჩანდა, ეს პროცესები მართული იყო. არ დაგვავიწყდეს, რომ 22 დეკემბერს საბჭოთა კავშირი დაიშალა და სწორედ იმ  დილით  დაიწყო სროლა.

ზვიადს ბრალად უყენებდნენ, შენ გამო არ ცნობენ საქართველოს დამოუკიდებლობასო. მახსოვს, 1991 წლის ნოემბერში ზვიადთან კულტურის სფეროს წარმომადგენლები მოვიდნენ და საშინელი, დამამცირებელი  რამ შესთავაზეს: ძალიან დაღლილი ხარ, ამდენი ბრძოლით ფსიქიკაც გადაღლილი გაქვს, წადი ერთი წლით ევროპაში, დაისვენე და მერე გააგრძელე ქვეყნის მართვაო. ზვიადმა უპასუხა, ჩემი ბრალი არ არის,  რომ საქართველოს არ აღიარებენ. 6 თვე მაცალეთ. ამასობაში საბჭოთა კავშირი დაინგრევა, ყველანი აღიარებენ საქართველოს და ამის შემდეგ წავალო. საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება მართლაც  22 დეკემბერს დაიწყო.

- ოპონენტებთან ზვიად გამსახურდიას კატეგორიულობა ხომ არ გახდა დაპირისპირების გაღრმავების მიზეზი?

- ზვიადზე საუბრისას არ უნდა დავივიწყოთ, რომ ის  კონსტანტინე გამსახურდიას შვილი იყო, ამ უკანასკნელს კი ყოველთვის ლამის ცოცხლად ჭამდნენ. კონსტანტინესადმი სიძულვილი ზვიადზეც გადავიდა. აკაკი გაწერელია წერდა, საქართველოში ზვიადი ზოოლოგიურად სძულთო. ასეთი ზიზღი, როგორც წესი, მასისგან განსხვავებული პიროვნებებისადმი უჩნდებათ ხოლმე. ის, რომ ზვიადი სამშობლოსათვის თავშეწირული იყო, სხვათა გაღიზიანებასა და გაბოროტებას იწვევდა. პიროვნების განვლილი  გზა უსათუოდ შემოწმდება დასასრულის ჟამს.

ხომ დამტკიცდა, რომ ზვიადი საქართველოსთვის ბრძოლის საქმეს შეეწირა, სამშობლოსთვის დაიფერფლა? რა შეცდომებსა და გადაჭარბებებზე შეიძლება ვილაპარაკოთ ასეთ დროს?

- პირველად ვინ გაისროლა რუსთაველის პროსპექტზე?

- არის მოსაზრება, რომ მთავრობის სასახლიდან გაისროლეს. დავუშვათ, მაგრამ თუ ოპოზიცია მშვიდობიანი იყო, როგორ  ისროლეს საპასუხოდ?

- სროლა რომ დაიწყო, რა ხდებოდა პრეზიდენტის კაბინეტში?

- პირველი ტყვიები ზვიადის კაბინეტს მოხვდა. უკანა ფლიგელში გადავედით და იყო მოლაპარაკებები ოპოზიციასთან.

რაღაც პერიოდში ზვიადმა პალტო ჩაიცვა, კაშნე მოიხვია, ჩანთა აიღო, ქვედა სართულზე ჩავიდა, მანქანასთან მივიდა, თითქოს წასვლას აპირებდა. ჩაფიქრებულმა გაიარ-გამოიარა. უცებ ტელეფონზე დაურეკეს, საუბრის შემდეგ კი წასვლა გადაიფიქრა.

ზვიადს ძალაუფლებისათვის არასოდეს უბრძოლია. პრეზიდენტ სააკაშვილისაგან  განსხვავებით, რომლისთვისაც პრეზიდენტობა მარადიული დღესასწაულია, ზვიადისთვის ხელისუფლება გოლგოთა იყო.