ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი - თორმეტი ექსპერტული სკამი - კვირის პალიტრა

ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი - თორმეტი ექსპერტული სკამი

ბიძინა ივანიშვილის შეხვედრას ექსპერტებთან პირდაპირ ეთერში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. შეფასებების მთელი პალიტრა ვიხილეთ: დაწყებული უარყოფითით და დამთავრებული დადებითით. საზოგადოების კრიტიკის ობიექტი ამჯერად შეხვედრის ორივე მხარე აღმოჩნდა: როგორც პრემიერი, ასევე ექსპერტები. მინდა შთაბეჭდილებები გაგიზიაროთ:

1. აღმოჩნდა, რომ ძნელი ასატანი ყოფილა კრიტიკა. დღემდე ჩვენ მხოლოდ კრიტიკოსების როლში ვიყავით და არა კრიტიკის სუბიექტები, რაც ერთგვარად ხელშეუხებელ ელიტურ კლუბად გვაქცევდა, სადაც ჩვენ გაკრიტიკების და ნაკლები პასუხისმგებლობის იმპერატიული უფლება გვქონდა. სწორედ ეს მაღალი რეგისტრის პასუხისმგებლობა სჭირდება ჩვენს საზოგადოებას და უპირველეს ყოვლისა,  ჩვენ, რომლებსაც საშუალება გვაქვს, გავლენა მოვახდინოთ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე;

2. ჩემი კოლეგების უმეტესობამ შეძლო თავისი ადამიანური და პროფესიული ღირსების დაცვა მათთვის სრულიად უჩვეულო გარემოში;

3. მათ, ვინც ყალყზე შემდგარი შეხვდა ამ შეხვედრას და ექსპერტების ჩამოლაბორანტებაზე დაიწყეს ლაპარაკი, მოგიწოდებთ გადახედოთ შეხვედრაზე წარმოდგენილი ბევრი ექსპერტის ადამიანურ და პროფესიულ ბიოგრაფიას. სულ ცოტა, უხერხულია მათ მიმართ საზოგადოების აგრესია;

4. თუმცა, არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩემი გაოგნება იმით, რომ ჩვენ შეხვედრაზე არ დავსვით ან არასრულად დავსვით საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პრობლემები და არ გამოვიყენეთ იშვიათი შანსი, ეს საკითხები უშუალოდ პრემიერთან განგვეხილა: კერძოდ, მცოცავი ანექსია; მინარეთის თემა თურქეთთან ურთიერთობის კონტექსტში და რელიგიური და ეკონომიკური ექსპანსიის ალბათობა; საბაჟო კავშირში გასაწევრებლად მოსალოდნელი ზეწოლა და ამ კონტექსტში საქართველო-აზერბაიჯანის პარტნიორობის როლი და რამდენიმე სხვა. გასაგებია, რომ ეს საჯაროდ განსახილველი თემები არ არის, მაგრამ საზოგადოებას ხომ უნდა ეგრძნო, რომ ჩვენ ამ პრობლემებზე ვფიქრობთ და გადაჭრის გზების ძიებაზე ვზრუნავთ?!

5. ჩვენი ფუნქცია ხომ მარტო კრიტიკა არ არის, არამედ უპირველესად ინიციატივების შეთავაზება, სამწუხაროდ, ამ მხრივაც ვერ ვისახელეთ დიდად თავი. იქნებ მართლაც, მოუმზადებლები ვიყავით მისული?!

6. მეორე მხრივ, გასაგებია ის აღშფოთებაც, რაც ამ შეხვედრის ტონალობამ გამოიწვია - ჩვენ იმდენად მწარე გამოცდილება გვაქვს, თუ როგორ ჩაირეცხა სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის პირველ წლებში საზოგადოებრივი აზრის ლიდერები ყველა სფეროში, ჩაიკეტა ან ჩანაცვლდა ყველა საკომუნიკაციო არხი და მათ ნაცვლად "ნაცმოძრაობის" რუპორები შემოგვაჩეჩეს, რომ იმავეს გამეორების შიშმა შეიპყრო საზოგადოება. თუმცა, ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, "ჩავირეცხებით" თუ არა, ეს დიდწილად ჩვენს პროფესიონალიზმზე, საზოგადოებრივ პოზიციასა და საზოგადოების მიმართ თანაგანცდის და პასუხისმგებლობის გრძნობაზეა დამოკიდებული. თანაც პოლიტიკურ სივრცეში აღარ არსებობს ძალა, რომელიც ამას გაბედავდა: პოლიტიკური ველი, მათ შორის, ხელისუფლებაც, ბევრი პატარა და სუსტი პარტიით არის წარმოდგენილი, რომელთა ხელისუფლებაში ყოფნის წინა პირობა ურთიერთდათმობასა და ბალანსზეა აგებული. ასეთ პირობებში თავისუფალი აზრის შეზღუდვის რესურსს, სურვილის შემთხვევაშიც, ძნელად გამონახავენ.

პრემიერი ივანიშვილი კი სამოქალაქო საზოგადოებაში მიდის: ყველა ზემოთქმულ მოსაზრებაზე შეგვიძლია ბევრი ვიდავოთ, თუმცა ერთი რამ ცხადია - ამ შეხვედრით ბიძინა ივანიშვილმა ნაბიჯი გადადგა სამოქალაქო საზოგადოებისკენ, უფრო ზუსტად, თავისი სივრცე მონიშნა. და უკვე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორ შფოთს შეიტანს იქ. ფაქტია, ივანიშვილთან ერთად საზოგადოებრივი სივრცე გაცილებით მრავალხმიანი იქნება...