მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

განკითხვის დღე

შუა კვირაში ჩვენ ერთდროულად რამდენიმე ქართული ტელევიზიის ეთერით ვიხილეთ ყველაზე რეიტინგული და ყველაზე ხანგრძლივი პოლიტიკური ტოქშოუ, რომელიც პრემიერ-მინისტრს მიჰყავდა და რომელსაც პირობითად შეგვიძლია სახელად "მომაწექი-მოგაწვები" ვუწოდოთ. ტოქშოუ "მომაწექი-მოგაწვები" თითქმის 4 საათი გაგრძელდა. ასეთი ხანგრძლივი და ამდენსტუმრიანი გადაცემა ჯერ ქართულ ტელესივრცეში არც ერთ ტელეწამყვანს არ გაუკეთებია. ოთხსაათიანი შოუ ჩვენთვის თვით მთავარ შოუმენს, სააკაშვილსაც არ შემოუთავაზებია. ივანიშვილმა მისი რეკორდიც მოხსნა.

ტოქშოუ ერთდროულად სკანდალურიც გამოვიდა და ანალიტიკურიც. სკანდალური იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ექსპერტებს ნამდვილად განკითხვის დღე მოუწყო. პრემიერ-მინისტრმა დაიბარა ექსპერტები და საჯაროდ, მთელი ქვეყნის დასანახად "მიჯირყნა". ამ ეთერის მთავარი კითხვა ასე შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ: განა ყველა ექსპერტი, ექსპერტია?! ზოგი ამბობს, ექსპერტებზე ზეწოლა და მათი დაშინება უნდოდაო. ეს რომ ასე ყოფილიყო, მაშინ შეხვედრა არა პირდაპირ ეთერში, არამედ დახურულ კარს მიღმა გაიმართებოდა, სადაც ადამიანების დაშინება გაცილებით იოლია. ასე რომ, დაშინების მცდელობას გამოვრიცხავ. როგორც ზემოთ ვთქვი, პრემიერს უნდოდა, ხალხისთვის ეჩვენებინა: ნახეთ, რას წარმოადგენენ ის ექსპერტები, რომლებიც ყოველდღე მაკრიტიკებენ, თქვენ კი უჯერებთ, სინამდვილეში საკუთარი აზრის არგუმენტირებულად დაცვაც არ შეუძლიათო (რამდენად გამოუვიდა ეს ყველაფერი, უკვე სხვა საკითხია). ამ შეხვედრის მიხედვით, მისი დამოკიდებულება ექსპერტების მიმართ დაახლოებით ასეთი იყო: ყოველდღე ათას სისულელეს რომ პრუტუნებთ და თქვენს სიტყვებზე პასუხისმგებლობას არ იღებთ, ეგრე სადაა, ძმაო. სიტყვა "ძმაო" შემთხვევით არ მიხსენებია. იმ შეხვედრაში იყო ერთი მომენტი, როდესაც ივანიშვილმა  სიტუაცია მართლაც საქმის გარჩევას დაამსგავსა, საბედნიეროდ, ეს დიდხანს არ გაგრძელებულა, ივანიშვილი მიხვდა, რომ მეტისმეტი მოსდიოდა და ტონი შეარბილა.

უცნაური მხოლოდ ის იყო, რომ შეხვედრიდან გამოსული ყველა ექსპერტი აცხადებდა, კმაყოფილი ვარ შეხვედრითო. თავად შეხვედრაზე მათ პრემიერისთვის თავი არ დაუხრიათ და დიდი კამათიც გაუმართეს. ყველა ცდილობდა, დაემტკიცებინა, რომ რაც თქვა, არგუმენტირებული იყო. კაცმა რომ თქვას, ქართველი ექსპერტების ერთი ნაწილი მართლაც იმსახურებდა ასეთ "მიჯირყნას", რამეთუ ხშირად ბევრი მათგანი მართლაც ანგარიშს არ უწევს საკუთარ ნათქვამს და შესაბამისად, მას ფასსაც უკარგავს, მაგრამ რამდენად არის ეს პრემიერ-მინისტრის საქმე? იქნებ უნდოდა, ხალხს ენახა, რომ ყველა კითხვაზე აქვს პასუხი (სხვა საკითხია, რამდენად დამაკმაყოფილებელია ისინი)? ან იქნებ მან უკვე დაიწყო საზოგადოების აღზრდა, რის გაკეთებასაც თანამდებობიდან წასვლის შემდეგ აპირებს? ხომ ამბობს, საზოგადოებაში ბევრი პრობლემაა და ამას უნდა მივხედოო. ჰოდა, იქნებ ექსპერტებიდან დაიწყო ჩვენი გამოსწორება?

თავად გაიმეორა რამდენჯერმე: მე კრიტიკას კი არ ვეწინააღმდეგები,  მინდა, ეს კრიტიკა კვალიფიციური იყოს, რათა თქვენს სიტყვას ფასი ჰქონდესო. მიზანი მართლაც კარგია, უბრალოდ, პრემიერ-მინისტრისგან ამის გაკეთება ქმნის უხერხულობას, თუმცა თუ მეორე მხრიდან შევხედავთ ამ საკითხს, შეიძლება ასეც ვთქვათ: სააკაშვილსაც იგივე რომ ექნა და თუნდაც ასეთი უცნაური ფორმით ჰქონოდა დიალოგი თავის ოპონენტებთან, იმათთან, ვისი აზრიც არ მოსწონდა და პირდაპირ ჩასარეცხად არ გაემეტებინა, შეიძლება მისი საქმე ისე ცუდად არც წასულიყო, როგორც წავიდა.

"ყველაზე ნიჭიერი კაცი"

ასე თუ გაგრძელდა, ერთ დღეს შეიძლება აღმოჩნდეს, რომ მიხეილ სააკაშვილიც სისტემის მსხვერპლია. აბა, ადეიშვილი თუა მსხვერპლი, მიშამ რა დააშავა? ზოგჯერ მგონია, რომ ივანიშვილს მიშა პიროვნულად ეზიზღება და მზადაა მის გარდა ყველას მიუტევოს.  სხვა რა დასკვნა უნდა გამოიტანო მისი ნათქვამიდან? ექსპერტებთან შეხვედრაზე ყველაზე სკანდალური მაინც ადეიშვილის ქება იყო. ""მერაბიშვილი მუდმივად მაოცებდა ხოლმე თავისი ეკონომიკური ანალიზით და როდესაც ვეკითხებოდი, საიდან იცოდა ამდენი, მპასუხობდა, ადეიშვილია ჩემი მასწავლებელიო. ამიტომ სულ მაინტერესებდა მისი გაცნობა და ვერ მოვახერხე. სასამართლო, პროკურატურა და ყველაფერი მისი დალაგებულია. პოლიციაც მან დაულაგა მერაბიშვილს.  ისეთი პრინციპულია, არაფრის გაგონება არ უნდაო. მე ამ ყველაფრის მჯერა და იმ იდეოლოგიამ და ერთი კაცის გადაწყვეტილებებმა ბევრი აიძულა, ისე მოქცეულიყო, როგორც შესაძლოა, არ უნდოდა", ზურაბ ადეიშვილი ჩემი მთავრობის პირობებში სახელმწიფოში ყველაზე კარგი ჩინოვნიკი იქნებოდა, ადეიშვილი ძალიან საინტერესო ადამიანია და წინა ხელისუფლებაში ყველაზე ნიჭიერი კაცი იყო".

რა გითხრათ? მხოლოდ შემიძლია ვიკითხო: განა ლავრენტი ბერია არ იყო ნიჭიერი კაცი? ეჭვი მაქვს, გერინგიც და გებელსიც ძალიან ნიჭიერები იქნებოდნენ. არა, ადეიშვილს მათ კი არ ვადარებ, მხოლოდ ზოგადად ვამბობ:  თუ ივანიშვილის ლოგიკით მივუდგებით, თავისუფლად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ისინიც შესაბამისად სტალინმა და ჰიტლერმა აქციეს მონსტრებად, თორემ ივანიშვილის ხელში შეიძლება კარგი ჩინოვნიკები გამოსულიყვნენ. თეორიულად ყველაფერია დასაშვები. აგერ უსუფაშვილმა ასე გაამართლა პრემიერი: ადეიშვილი კი არა, სანამ ჟვანიას ხელში იყო, სააკაშვილიც კარგი ბიჭი იყო, ის რომ გარდაიცვალა, მერე აურიაო. კი მაგრამ, როგორ შეიძლება ადეიშვილი მსხვერპლი იყოს, როდესაც სააკაშვილთან ერთად ისიც სისტემის შემოქმედი გახლდათ? ყველაფრის ერთი კაცისთვის დაბრალება, არა მგონია, სამართლიანი იყოს. ზუსტად აღარ მახსოვს, ვინ, მაგრამ ერთმა ცნობილმა რუსმა იკითხა: ყველაფერს სტალინს რომ აბრალებთ, "დანოსებსაც" ის წერდაო?

სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ივანიშვილმა თავის ნათქვამს დაამატა: ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ ადეიშვილმა პასუხი არ უნდა აგოს დანაშაულზეო. კი დაამატა, მაგრამ მისი ქება ბევრს მაინც ცუდად ენიშნა, თან თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ იუსტიციის ყოფილ მინისტრს ინტერპოლიც კი არ ეძებს...