მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები
07-10-2013
მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები
ნუ დასცინი სხვასაო, გადაგხდება თავსაო, ანუ მიგვჯირყნეთ, პრემიერო!

წინა კვირას ექსპერტებს დავცინოდი და ამჯერად ივანიშვილის ბიზნესცენტრში მისაჯირყნად ჟურნალისტები დაგვიბარეს. სიმართლე გითხრათ, როდესაც პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციიდან მაცნობეს, რომ მეორე დღეს ივანიშვილთან სხვა ჟურნალისტებთან ერთად შეხვედრაზე ვიყავი მიწვეული, გულმა რეჩხი მიყო. დიდხანს ვიფიქრე, წავსულიყავი თუ არა. ერთი კვირით ადრე მისი და ექსპერტების შეხვედრა მქონდა ნანახი და ვიცოდი, რაც გველოდა, თუმცა ბოლოს ვიფიქრე, სახლში დარჩენა ყველაზე იოლი გამოსავალი იქნება-მეთქი და წასვლა გადავწყვიტე. სიმ
ართლე გითხრათ, არ ვნანობ, რადგან არ ვფიქრობ, რომ ჟურნალისტები იმ შეხვედრაზე მიგვჯირყნეს. მცდელობა კი იყო ნამდვილად, მაგრამ, ჩემი აზრით, არც ჟურნალისტები აღმოვჩნდით ჯაბანნი. უბრალოდ, ეს ყველაფერი გარედან შეიძლება არცთუ სასიამოვნო საცქერი იყო - მაყურებელი თითქმის ოთხი საათი უყურებდა პრემიერ-მინისტრისა და ჟურნალისტების ჩხუბს. რა თქმა უნდა, როგორც ქართველ
ექსპერტებს, ისე ქართველ ჟურნალისტებსაც უამრავი პრობლემა გვაქვს, პროფესიონალიზმისა და კომპეტენტურობის პრობლემა დღეს ყველა სფეროშია, მაგრამ რამდენად არის პრემიერის საქმე ოთხი საათის განმავლობაში ამის გარჩევა, თან ანალიტიკური სამსახურის მიერ მომზადებული ამონარიდებით? ეს ხომ გაფუჭებული ტელეფონი გამოდის? თუ ჟურნალისტების გაკრიტიკებას აპირებთ და ამისთვის იცლით, მაშინ კეთილი უნდა ინებოთ და თავიდან ბოლომდე ნახოთ მათი გადაცემები. ასე კონტექსტიდან ამოგლეჯილი, სხვის მიერ მოწოდებული ციტატებით ამა თუ იმ ჟურნალისტის პროფესიონალიზმზე როგორ უნდა გააკეთოთ დასკვნა? ასეთი კრიტიკა ხომ ისეთივე არაკვალიფიციური გამოდის, როგორ არაკვალიფიციურ კრიტიკაშიც ჩვენ გვედავებით?

ესეც არ იყოს, თქვენი წარმოდგენა ჟურნალისტიკაზე ძალიან ზედაპირულია. ჟურნალისტებს მოუწოდებთ, რომ ყველაფერზე საკუთარი პოზიცია ჰქონდეთ და ხანდახან მინისტრებიც შეაქონ, რადგან ზოგი მათგანი თურმე კრიტიკაზე ძალიან ნერვიულობს და შეიძლება თანამდებობიდანაც წავიდეს. ბატონო პრემიერო, ჟურნალისტიკაში სხვადასხვა ჟანრი არსებობს და ყველა ჟანრისთვის სხვადასხვა სტანდარტია. რეპორტიორებს საკუთარი პოზიციის გამოხატვა არ შეშვენით. ისინი მართლაც ფოსტალიონებივით არიან, მხოლოდ ინფორმაცია მიაქვთ მაყურებლამდე თუ მკითხველამდე. სხვა სტანდარტია ტოქშოუსა და საავტორო გადაცემების წამყვანებისთვის; სხვა - მესვეტეებისთვის და ე. წ. ბლოგერებისთვის. რადგან მე ამ გაზეთში სვეტს ვაკეთებ, პოზიციასაც გამოვხატავ. რაც შეეხება მინისტრების ქებას, ამას ჟურნალისტს ვერავინ დაავალებს. ჟურნალისტიკას "მოდარაჯე ძაღლს" უწოდებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველანაირ გადაცდომას უნდა დაუდარაჯდე და ამხილო, რადგან კარგ საქმეს არავინ მალავს, დამალული მხოლოდ ცუდია. რაც კარგი კეთდება, არც ამაზე უნდა დახუჭო თვალი, რა თქმა უნდა, მაგრამ კარგი საქმეების გაპიარება უპირველესად სამინისტროების პიარსამსახურებს ევალება, ისინი ხელფასს ამაში იღებენ და თუ ცუდად მუშაობენ, ეს ჩვენი ბრალი არ არის. პირადად მე, არც კარგზე ვხუჭავ თვალს და არც ცუდზე, მაგრამ უფრო მეტად მაინც კრიტიკას ვუთმობ ადგილს, რადგან, როგორც მოგახსენეთ, კარგზე პოლიტიკოსები თავადაც ყვირიან.
სწორედ ამ მიდგომიდან გამომდინარე, რომ თუ ჟურნალისტი თავისუფალია, ცდილობს, დამალული გამოჩხრიკოს, დამალული კი მხოლოდ ცუდია, მათი საქმიანობით კმაყოფილი არც ერთი ქვეყნის მთავრობა არ არის. ქართველ ექსპერტთა დიდ ნაწილსა და ჟურნალისტებზე უკეთესი წარმოდგენის (თუ უფრო უარესის არა) არც "ნაციონალების" ლიდერები იყვნენ, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდნენ. თუმცა მათ ჩვენთან საბრძოლველად სხვა გზა აირჩიეს, - ნაწილი ჩარეცხეს, ნაწილი კი დაიქვემდებარეს; ვისაც ეს ვერ მოუხერხეს, მათ სტუდიებში სპეცრაზმით შეცვივდნენ. ახლა თუ ვინმე მკითხავს, რა ჯობია, სპეცრაზმის შემოვარდნა თუ ასე სახალხოდ გაკრიტიკებაო, რა თქმა უნდა, მეორეს ავირჩევ. თუ მხოლოდ ასეთი არჩევანი გვაქვს, მაშინ მიგვჯირყნეთ, ბატონო პრემიერო!      

მესია თუ სამოქალაქო აქტივისტი?

მთავარი კითხვა, რაც, ბატონო პრემიერო, თქვენთან მაქვს, ასეთია: რატომ გაქვთ პრეტენზია ყველას აღზრდაზე? პარასკევს ოზურგეთში გამართულ შეხვედრაზე თქვენ განაცხადეთ: "სამოქალაქო სექტორში "გადავდივარ იმიტომ, რომ ყველამ იგრძნოს თავისი წილი პასუხისმგებლობა, რათა გაიზარდოს პროფესიონალიზმი, რაც გვაკლია ყველა დარგში". როგორ შეიძლება ერთმა კაცმა იცოდეს ყველაფერი?!

თქვენ ამბობთ, თანამდებობიდან იმიტომ მივდივარ, რომ მესიად არ ვიქცეო. თუმცა მესიები არ ყოფილან ქვეყნის მეთაურები. ისინიც ხალხში გადიოდნენ და იქიდან ცდილობდნენ საზოგადოების შეცვლას. განა თქვენც ამას არ ამბობთ? საზოგადოების ნაწილი გავხდები (თუმცა ისედაც ხართ) და შევეცდები, ერთ 20 წელიწადში თქვენგან ევროპული საზოგადოება მივიღოო. ჩემი აზრით, სწორედ ესაა მესიანიზმი, როდესაც ერთ კაცს აქვს პრეტენზია, რომ მთელ საზოგადოებას შეცვლის. თუმცა ამაში დიდ პრობლემას ვერ ვხედავ, რადგან თანამდებობიდან მიდიხართ და სამოქალაქო სექტორში რას გააკეთებთ, ეს თქვენი არჩევანია. პრობლემა მაშინ იქმნება, როდესაც ხელისუფალს უნდება ხალხის შეცვლა.

დასასრულ: როდესაც ივანიშვილს ვაკრიტიკებ, სულ ვფიქრობ, რა იქნებოდა დღეს, ეს კაცი პოლიტიკაში რომ არ მოსულიყო? ალბათ, ხვდებით, რასაც ვგულისხმობ და დარწმუნებული ვარ, ჩემსავით არც თქვენ გინდათ ამის წარმოდგენა. შეუძლებელია მისი ამ ნაბიჯის გადაფასება, შეუძლებელია განვითარების შანსის დაუნახაობა, რომელიც ქვეყანას მისმა ამ ნაბიჯმა გაუჩინა, მაგრამ... მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სხვა ყველაფერზე თვალი უნდა დავხუჭოთ და მას მხოლოდ მადლობა ვუხადოთ. ეს მხოლოდ იმიტომ არ უნდა გავაკეთოთ, რომ ერთი მარაზმატიკული რეჟიმის მმართველობის მაგივრად მეორე არ მივიღოთ.
zekidze
21 ოქტომბერი 2013 14:30
მერაბ ეხლა გგონია განვითარების სტადიაზე ვართ? :D:D:D ნუ ეტენები ბიძინას ტეხნიკურად კბენ და თან ეტენები :D
ძმა
12 ოქტომბერი 2013 23:15
უთხარით მაგ კაცს (ბიძინას), რომ ზემოდან არ იწყება დემოკრატია არასდროს და არცერთ ქვეყანაში. სირცხვილია ამის განცხადება.
rezo
09 ოქტომბერი 2013 17:18
ლალო,არავის ჭირდება დიქტატორისგან გათავისუბლება,ხალხს დაპირებულის მიღება ურჩევნია,დიქტატორისგან გათავისუფლებას.დაპირებების შესრულება კი არ გამოზდით.ისე მეტი არც არაფერი გაუკეთებია ამ ახალ მთავრობას,გარდა იმისა რომ ერთი ორი კაცი დაიჭირეს და მაგათაც როგორც ჩანს მალე გამოუშვენებ.ერთი წელი გავიდა და საერთოდ არაფერი შეცვლილა,საერთოდ არაფერი.

რედაქტორის რჩევით