ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი - კვირის პალიტრა

ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი

ეყოფა თუ არა პუტინს ძალა, ოცნება რეალობად აქციოს

რუსეთ-ამერიკის სირიული „კოაბიტაციის“ პირობებში რუსეთთან ბრძოლის ფარვატერმა ე.წ.„ახალი ევროპის“ ქვეყნებისკენ გადმოინაცვლა. ლიტვაში, უკრაინასა და მოლდოვაში მიმდინარე პროცესები ერთმანეთზე საინტერესოა და რუსეთთან უთანასწორო, თუმცა არა - უშედეგო შერკინების საინტერესო მაგალითს გვიჩვენებს. ამ ქვეყნების და მათთან ერთად, საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის არსს არაჩვეულებრივად გამოხატავს ვიქტორ იანუკოვიჩის პარლამენტში, საკუთარ ფრაქციასთან შეხვედრისას ნათქვამი სიტყვები: "ყოველ დილას ვიწყებ ლოცვით, რათა ღმერთმა მომცეს მოთმინება და გამძლეობა ჩემს სტრატეგიულ მეზობელთან ურთიერთობის." მიუხედავად რუსეთის მხრიდან მრავალფეროვანი სანქციებისა, უკრაინამ უარი უთხრა საბაჟო კავშირს და მკვეთრად გამოხატა ევროკავშირთან ინტეგრირების სურვილი. ასეთივე პოზიცია აქვს მოლდოვასაც, რომელიც უკვე აგორებული სანქციების გარდა, რუსეთის მხრიდან საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მსგავსი სამხედრო პროვოკაციების მცდელობასაც არ გამორიცხავს.

ლიტვა კი რუსეთს სანქციების საპასუხოდ კალინინგრადთან საზღვრის ჩაკეტვით ემუქრება. მოგეხსენებათ, რუსეთის ფედერაციაში შემავალ კალინინგრადის ოლქს დანარჩენ რუსეთთან საერთო საზღვარი არ აქვს და მოსკოვის კალინინგრადთან კომუნიკაციის ყველაზე მოკლე და იაფი გზა ლიტვაზე გადის. მოგვიანებით ლიტველმა პოლიტიკოსებმა ისიც განაცხადეს, რომ კალინინგრადთან საზღვრის მოსალოდნელი ჩაკეტვა რეაქცია იქნება არა მხოლოდ ლიტვის მიმართ განხორციელებულ სანქციებზე, არამედ სოლიდარობა იმ ქვეყნების მიმართ, ვისაც სურს ევროკავშირთან ინტეგრაცია და ამიტომ რუსეთის უპრეცედენტო ზეწოლას განიცდიან. მიუხედავად იმისა, რომ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოგვიანებით ტონი შეარბილა, ევროკავშირი, თუნდაც მისი ერთი წევრის სახით, ასეთი კატეგორიული არასოდეს ყოფილა მასში გაწევრების მსურველი ქვეყნების დასაცავად.

საქართველოში ამერიკის ელჩი კი ანექსირებული ტერიტორიების გასწვრივ, დიცსა და დვანში გავლებულ მავთულხლართებს  ბერლინის კედელს ადარებს.

„ახალი ევროპის“ შერკინებას რუსეთთან დამატებით სტიმულს აძლევს ახალი ენერგეტიკული ტალღა - როგორც ვარაუდობენ, 2014 წლიდან პოლონეთი, ხოლო 2015-იდან უკრაინა დაიწყებენ ე.წ. ფიქალი გაზის მოპოვებას. ეს, ერთი მხრივ, შეამცირებს ევროპის ენერგოდამოკიდებულებას რუსეთზე, მეორე მხრივ, სერიოზულად დააზარალებს რუსეთის ბიუჯეტს, რომელიც ძირითადად, ენერგომატარებლების ხარჯზე ივსება.

ასე რომ, საეჭვოა, ეყოფა თუ არა ძალა პუტინს, თავისი ოცნება ევრაზიის კავშირის შექმნაზე რეალობად აქციოს. დრო ამ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, ჩვენს სასარგებლოდ მუშაობს: მთავარია, მაქსიმალურად უდანაკარგოდ გავიაროთ უახლოესი რამდენიმე წელი.

ეყოფა თუ არა პუტინს ძალა, ოცნება რეალობად აქციოს