"თავდაცვისა და შს მინისტრებს შორის რაღაც უკმაყოფილებაა" - კვირის პალიტრა

"თავდაცვისა და შს მინისტრებს შორის რაღაც უკმაყოფილებაა"

"კოალიციაში დაპირისპირებაა და რაც უნდა უარყოს ეს კოალიციის ლიდერმა, ის თანდათან უფრო თვალსაჩინო გახდება"

'ივანიშვილს არ მოეწონა ჩემი ფრაზა: "ფარული ქაოსის რეჟიმში ვცხოვრობთ და ღია ქაოსში გადავალთ", მაგრამ ვფიქრობ, ეს გარდაუვალია"

გასული კვირის ერთ-ერთი მწვავე პოლიტიკური თემა თავდაცვისა და შს სამინისტროებს შორის დაპირისპირება იყო. ამ დაპირისპირებაზე ვარაუდი ირაკლი ალასანიას სატელევიზიო განცხადებამ გააჩინა, არ გამოვრიცხავ, რომ "ჯიჰადის ვიდეოების" გამოძიებაში თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლები ჩაერთონო. ექსპერტების აზრით, ამით ალასანიამ ღარიბაშვილის უწყების მუშაობის ეფექტურობა დააყენა ეჭვქვეშ, რასაც მეორე დღესვე მოჰყვა შს სამინისტროს ინფორმაცია, - "ჯიჰადის ვიდეოების" საქმე ჯერ კიდევ ერთი თვის წინ გვქონდა გახსნილიო, რასაც მოჰყვა "ნაციონალური მოძრაობის" კითხვა, თუ საქმე გახსნილი იყო, რატომ არაფერი იცოდა თავდაცვის მინისტრმა, როდესაც მუქარის ერთ-ერთი ადრესატი ჩვენი ჯარისკაცები იყვნენო. რა გამოავლინა რეალურად  ამ შემთხვევამ, უწყებებს შორის ნაკლები კოორდინაცია თუ მთავრობის წევრების დაპირისპირება? - ამ კითხვით მივმართეთ ექსპერტს კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძეს:

- ფაქტია, რომ "ჯიჰადის ვიდეოების" საქმეზე გამოძიების ამ ფრაგმენტის გამოქვეყნება ალასანიას განცხადებამ დააჩქარა. ამას ითხოვდა საზოგადოების დიდი ნაწილიც. ამ შემთხვევამ ცხადყო, რომ უწყებებს შორის, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებრობაა. კარგად ვიცით, რომ ზოგიერთ საკითხზე უთანხმოებაა კოალიციაში შემავალ პარტიებს შორისაც. ეს კონკურენციის გამოა და ვფიქრობ, ადგილობრივ არჩევნებს უკავშირდება. ადგილობრივი არჩევნების მოახლოებასთან ერთად პარტიებს შორის კონკურენცია გაიზრდება. ყველა მოინდომებს, რაც შეიძლება მეტი თავისი წარმომადგენელი გაიყვანოს საკრებულოებში და აქ უკვე კოალიციის ინტერესებს პარტიული გადაასწრებს. ვიცი, რომ ალასანია და ღარიბაშვილი 10 დღის წინ შეხვდნენ ერთმანეთს და ცხადია, "ჯიჰადის ვიდეოებზეც" ისაუბრებდნენ. არ ვიცი, რა გახდა ალასანიას ამ განცხადების მიზეზი, თუმცა ჩანს, რომ თავდაცვისა და შს მინისტრებს შორის რაღაც უკმაყოფილებაა. დაპირისპირებაა კოალიციაშიც და რაც უნდა უარყოს ეს კოალიციის ლიდერმა, ის თანდათან უფრო თვალსაჩინო გახდება.

- შეიძლება ისიც დავუშვათ, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ კოალიციაში დაპირისპირება უფრო გამწვავდება?

- რასაკვირველია. ბიძინა ივანიშვილს არ მოეწონა ჩემი ფრაზა: "ფარული ქაოსის რეჟიმში ვცხოვრობთ და ღია ქაოსში გადავალთ", მაგრამ ვფიქრობ, ეს გარდაუვალია. მნიშვნელოვანია, რომ ივანიშვილი მხოლოდ პრემიერის პოსტიდან კი არა, პოლიტიკიდან მიდის და ვერ იქნება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე. ეს მის პარტიაშიც შეიტანს დაძაბულობას. არ ვამბობ, რომ ივანიშვილის პარტია დაიშლება, მაგრამ დაძაბულობა დაიწყება და ის უფრო გამწვავდება კოალიციაში. ადგილობრივი არჩევნების წინ კოალიციას ერთიანობა სჭირდება, მაგრამ შიდაკონკურენცია უკიდურესად გამძაფრდება. კონკურენციის გაზრდა და დაძაბულობა ხელს შეუშლის ქვეყნის მშენებლობას და სწორედ ეს იქნება ქაოსის ერთი ნაწილი. ქაოსის მეორე ნაწილი ივანიშვილის წასვლის შემდეგ დაიწყება. შეიქმნება ახალი ფსიქოლოგიური ფონი. პირები, რომლებიც ხელისუფლებაში რჩებიან, პასუხისმგებელი ხდებიან ხელისუფლებაზე, იმ პროცესებზე, რომლებიც ქვეყანაში განვითარდება. პირს, რომელიც პრემიერის სავარძელში ჩაჯდება, ახალ გარემოში მოუწევს მუშაობა. ჩამოთვლილ პირებს, რომლებიც, შეიძლება პრემიერად დასახელდნენ (ღარიბაშვილი, კვირიკაშვილი, სერგეენკო), მიუხედავად უამრავი დადებითი თვისებებისა, გაუძნელდებათ ვითარების მორგება საკუთარ თავზე, რადგან არც ერთი არ არის პოლიტიკოსი. ყველა კონკრეტული დარგის სპეციალისტია. თანაც ივანიშვილის შეცვლა გაუჭირდებათ და ეს გახდება ქაოსის მეორე ნაწილი.

საქართველოში არასოდეს მომხდარა პოლიტიკური მემკვიდრეობითობით ძალაუფლების გადაცემა და ესეც დაძაბულობას ქმნის. არ არსებობს საშუალო კლასი, რომელსაც შეუძლია საკუთარი მხრებით დაიჭიროს სახელმწიფო; არ არსებობს პროფესიული ბიუროკრატიული აპარატი, ჩინოვნიკები, რომელთაც შეუძლიათ შეინარჩუნონ სისტემა და ამიტომაც ვვარაუდობ ქაოსს.

- როგორც კავკასიის საკითხების მცოდნეს, მინდა გკითხოთ, ზოგიერთის მსგავსად თქვენც დაინახეთ ჩრდილოკავკასიელი ვაჰაბიტების კვალი ე.წ. "ჯიჰადის ვიდეოებში"?

- შს სამინისტრომ FBI-სთან ერთად კარგად იმუშავა და წარმოადგინა ამ საქმის ტექნიკური მხარე. ახლა გვაინტერესებს, ვინ დგას სამარ ჩოკუტაევის უკან და რა მიზანი ამოძრავებდა მას. ვერსია შეიძლება უამრავი იყოს. Aარ დაგვავიწყდეს, რომ ისლამისტებმა ესპანელები ასეთი ვიდეოების ციკლით აიძულეს გაეყვანათ თავიანთი კონტინგენტი ერაყიდან. Mმაგრამ ჩვენ შემთხვევაში რატომ იყო მხოლოდ ორი ერთმანეთის მსგავსი ვიდეორგოლი? რატომ მოხდა ისე, რომ ვიდეორგოლი, რომელიც მაღალ პროფესიულ დონეზე განათავსეს, შინაარსობრივად კუსტარულია და ქართული მენტალიტეტის მცოდნის გაკეთებულია. რაზე იყო ეს დეტალი ორიენტირებული? რატომ დაემთხვა ვიდეორგოლის ინტერნეტში გაშვება ავღანეთში ქართულ ბაზაში აფეთქებას?

შს სამინისტროს ადგილზე რომ ვყოფილიყავი, შეიძლება კონკრეტული ადრესატი, ყირგიზეთის მოქალაქე არც დამესახელებინა, რადგან ჯერ გამოძიება ისევ მიმდინარეობს. ფაქტია, შს სამინისტროს განცხადების მერე

ჩოკუტაევმა დახურა თავისი გვერდი "ფეისბუკზეც" და "ვ კონტაკტე"-შიც.

ამ გვერდებზე არსებული ინფორმაცია კი არის გადმოწერილი, მაგრამ ფაქტია, ჩოკუტაევმა კვალის წაშლა დაიწყო. ვეჭვობ, ეს საქმე ბევრად წინ არის წაწეული, ვიდრე ჩვენ გვეუბნებიან. ბუნდოვანებაა იმ ორ კომპანიასთან დაკავშირებითაც, სადაც ვიდეორგოლები აიტვირთა. ჩემი ინფორმაციით, მათი როუტერი ისეთ დროს გამოიყენეს, როდესაც ოფისში და კომპიუტერთან არავინ ყოფილა.

"ნაციონალები" ამბობენ, რომ ეს ვიდეორგოლი პრეზიდენტის წინააღმდეგ იყო, ხელისუფლებას კი მიაჩნია, რომ ეს კლიპი "ნაციონალებმა" გააკეთეს საზოგადოების დასაშინებლად, მაგრამ ამ ვერსიების დამადასტურებელი არც ერთი საბუთი არა მაქვს. მაგრამ ვიცი, რომ ეს ვიდეორგოლები ორიენტირებული იყო საზოგადოების დაზაფვრაზე, მაგრამ რადგან მას არ მოჰყვა სხვა ვიდეორგოლები, ეს ორ რამეს მაფიქრებინებს: შს სამინისტრო პირველივე დღეებში გავიდა ცხელ კვალზე და ამის გამო შეაჩერეს ვიდეოების გაშვება, ან ვიღაც პატარა კუსტარული ჯგუფი მუშაობდა ქართველი საზოგადოების დაშინებაზე.